ანგარიშები
პრესა ჩვენ შესახებ
ჩვენი ფერმერები
ბლოგი
ვიდეოგაკვეთილები
ირიგაცია
რძის ინდუსტრიის წარმომადგენლები სერბეთის გამოცდილებას გაეცნენ

მერძევეობის დარგში არსებული გამოწვევების ფონზე საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰექსეფერის“ პროექტმა  MOLI კახეთში“ რძის ინდუსტრიაში ჩართული მეწარმეებისთვის, ასოციაციებისა და სურსათის უვნებლობის ინსპექტორებისთვის სერბეთში 1 კვირიანი სასწავლო ტური მოაწყო. აღნიშნულ სწავლებაში მონაწილეობას იღებდა „მომავლის ფერმერიც“.  სასწავლო ტურის მიზანი იყო რძის გადამამუშავებელ საწარმოებს და მათი მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენლებს ერთად შეესწავლათ სერბეთის მაგალითი მეცხოველეობის განვითარების კუთხით და რძის წარმოებასა და გადამუშავებაში ევროპული სტანდარტების დანერგვისათვის გავლილი გზა.

სასწავლო ტურის ფარგლებში ქართველი მეწარმეები და სპეციალისტები სერბეთის მეცხოველეობის სექტორის გამოცდილებას გაეცნენ. კერძოდ, გაიმართა შეხვედრები რძის ინდუსტრიაში ჩართულ ყველა მონაწილე რგოლთან: მეწარმეებთან, ფერმერებთან, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან, ლაბორატორიებთან, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან.

 

სერბეთის გამოცდილება საკმაოდ საინტერესოა საქართველოსთვის, რადგან აღნიშნული ქვეყანაც ადგას ევროკავშირთან ინტეგრაციას და რძის სექტორისთვის საკანონმდებლო დაახლოების პროგრამა მიმდინარეობს. როგორ გადაჭრეს ამ პროცესში რძის მწარმოებლებისთვის, გადამამუშავებლებისთვის და ხელისუფლებისთვის არსებული მტკივნეული საკითხები და როგორ მუშაობს დღეს მერძევეობის დარგში სურსათის უვნებლობის სისტემა -  ეს იყო ის ძირითადი თემები, რაზეც სასწავლო ტურის ფარგლებში სერბეთის კერძო და საჯარო უწყების წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებდნენ. საინტერესოა, რომ სერბეთში 48 ექსპორტიორი კომპანიაა, რომლებიც ადგილობრივი რძის პროდუქციით სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის ევროკავშირის ბაზარსაც ამარაგებენ. 

რა შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ სასწავლო ტურის მონაწილეები და რა კონკრეტულ ქმედებებს უნდა ველოდოთ მათგან?

ნიკოლოზ ბენიაიძე, „შირაქის პროდუქტების“ დამფუძნებელი, მერძევეთა ასოციაციის დამფუძნებელი: „საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრები გვქონდა. არის საკითხები, რომელთა გაზიარებაც წაგვადგებოდა, მაგალითად ის, რომ დღემდე გაურკვეველია ჩვენთან როგორ უნდა დავარეგულიროთ მიკვლევადობის საკითხები გლეხებისა და წვრილი მეწარმეებისთვის. სერბებმა შექმნეს ისეთი ჯაჭვი, სადაც თითოეული მონაწილე რგოლი ერთმანეთს აკონტროლებს და ურთიერთმონიტორინგის პროცესშია. ეს უადვილებს სახელმწიფოს მიკვლევადობას და მომხმარებელი უვნებლობის კუთხით დაცულია. მაგალითად,  გადამამუშავებელი, რომელიც იბარებს რძეს, თუ აღმოაჩენს, რომ მიღებულ რძეში არის ანტიბიოტიკის ნარჩენები სრულად ნადგურდება ამ კონკრეტულ ავზში რძე, ზარალს კი ანაზღაურებს ის ფერმერი, რომელმაც მოაწოდა ასეთი რძე. მოწოდების პროცესში, როდესაც გადამამუშავებელი იბარებს რძეს, თითოეული მომწოდებლისგან იღებს ნიმუშებსაც, რათა თუკი ავზში აღმოჩნდება კონკრეტული შეუსაბამოებები, ლაბორატორიულად დაასაბუთოს ასეთი რძის წარმომავლობა. ასევე, თავად რძის მწარმოებელი ფერმერი ვალდებულია წელიწადში რამდენჯერმე შეამოწმოს რძე რამდენიმე პარამეტრზე, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტების და რაიონების დონეზე ლაბორატორიული ინფრასტრუქტურა არც სერბეთშია მოწყობილი, ისინი კარგად იყენებენ ექსტენციის ცენტრებს და მათი გავლით ხდება ლაბორატორიაში ნიმუშების მოწოდება - ყოველდღიურ რეჟიმში მოძრაობენ ლაბორატორიის სპეცმანქანები, რომლებიც მწარმოებლის და გადამამუშავებლის მიერ ექსტენციის ცენტრში დატოვებულ ნიმუშებს აგროვებენ. პასუხები იტვირთება სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, რომელიც ხელმისაწვდომია დამკვეთი ფერმერისთვის, იმ გადამამუშავებლისთვის, რომელსაც ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ფერმერთან და სურსათის უვნებლობის მაკონტროლებელი უწყებისთვის.

 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ სერბეთში ჯარიმდება ფერმერი 100 ევროთი, თუკი დაურეგისტრირებელი საქონელი ჰყავს, ბევრად მაღალი ჯარიმაა, ვინც ასეთი ფერმერისგან რძეს ჩაიბარებს. ფერმერი ვალდებულია ჰქონდეს ვეტერინარული სერტიფიკატი, რომელიც ცხოველთა იდენტიფიცირების პროგრამის განუყოფელი ნაწილია. აქტიურად მუშაობს მერძევეთა ასოციაცია და ვფიქრობ, ეს მოდელი ჩვენთან კარგი იქნებოდა. ჩვენი ასოციაცია აპირებს ამ მიმართლებით გააქტიურებას და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას“.

რუსუდან გიგაშვილი, „მომავლის ფერმერი“: „სერბეთს აქვს რძის სექტორის განვითარების სტრატეგია და ხედვა, რა უნდათ და საით მიდიან. საინტერესოა, რომ ამ პროცესში ჩართულები არიან კვლევითი და სამეცნიერო წრეები, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები. რამდენჯერმე გაესვა ხაზი იმას, რომ რძის ინდუსტრიის განვითარება პირდაპირპროპორციულად აისახება ეკონომიკაზე და ამაზე სერბეთში ბევრს ფიქრობენ. როდესაც რამდენიმე წლის წინ დაიწყეს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესი, მიხვდნენ, რომ სხვაგვარი მუშაობა იყო საჭირო. იქაც, როგორც ჩვენთან ბევრი წვრილი ფერმერია და ცოტაა მსხვილი. არაპროდუქტიული ჯიშებისა და მიუკვლევადი პროცესები მნიშვნელოვან ჩრდილს აყენებდა ეკონომიკას. ამ პრობლემების გადასაწყვეტად, მოიფიქრეს, რომ პირველ რიგში, უნდა წახალისებულიყო ფერმერი და გაეჩინათ მოტივაცია ნედლი რძის მწარმოებლისთვის. ამიტომ სახელმწიფომ კერძო სექტორთან აქტიური მუშაობის შედეგად გადაწყვიტა, შეეჩერებინა სხვა სახის, ხშირად არაეფექტური სუბსიდიები და ეს თანხები რძის ინდუსტრიისკენ მიემართა. ვინც გააუმჯობესებდა ჯიშს, წელიწადში 200 ევროს ოდენობით სუბსიდიას მიიღებდა, ასევე, იღებენ დახმარებას თითოეული ნაწარმოები ლიტრი რძის კუთხითაც. ამან მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია და სერბმა ფერმერებმა მასიურად დაიწყეს ჯიშების გამოცვლა - გაუმჯობესება. ასევე ნაწილობრივ სუბსიდირებულია საქონლის დაზღვევაც. ვფიქრობ, ამ მიმართულებით ფიქრი არ გვაწყენდა, მით უფრო, რომ ჩვენი აქილევსის ქუსლი, სწორედ არაპროდუქტიული ჯიშები და მაღალი რისკებია“.

 

ბესიკ თოფჩიშვილი, გადამამუშვებელი საწარმო: „პირადად ძალიან მომეწონა მიდგომა, რომ ჰასპის სტანდარტი ერთი ხელის მოსმით ყველა მწარმოებლისთვის სავალდებულო არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყანაც ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების პროგრამას ახორციელებს, არსებობს დიფერენციაცია და მცირე მწარმოებლებს მოეთხოვებათ ჰიგიენის სპეციალური წესების დაცვა და ისეთი სტანდარტის დანერგვა, რასაც მათი ჯიბე გაწვდება. ის, ვინც დღეში 1 ტონამდე რძეს ამუშავებს და ვინც 20 ტონას, განსხვავებული მიდგომაა. თუმცა, მცირეებსაც ისეთი სტანდარტი მოეთხოვებათ, რომლითაც მომხმარებელი დაცული იქნება.  ასევე სხვა მოთხოვნებია  ტრადიციული საწარმოებისთვის, რომლებიც სპეციალური რეცეპტით ამზადებენ რძის პროდუქტს“.

კახაბერ კონიაშვილი, რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია - საქრძე: „ყველაზე მეტად საინტერესო იყო კერძო სექტორის აქტიურობა - ერთის მხრივ რძის მწარმოებელი და გადამამუშვებელი საწარმოები და მეორე მხრივ, მათი ასოციაციები დიდ როლს ასრულებენ სისტემის გამართულობაში.  ასოციაციები ზრუნავენ გადამამუშვებლებისა და ფერმერების სწორ ურთიერთკავშირზე, რის შედეგადაც გადამამუშავებელმა საწარმოებმა დიდი პასუხისმგებლობა იტვირთეს. მაგალითად, ერთ-ერთი კომპანია  ახორციელებს  გრძელვადიანი სესხის გაცემას  უზრუნველყოფის გარეშე რძის ისეთი მწარმოებელი ფერმერებისთვის, რომლებსაც საქონლის ჯიშობრივი გაუმჯობესება ან  ინფრასტრუქტურის გამოცვლა სურთ.  ასევე, მუდმივად მუშაობენ ასოციაციების გავლით ფერმერების ცოდნის ამაღლებაზე. რისი საბოლოო მიზანი და  გადამამუშავებელი საწარმოს ინტერესი გამოიხატება  თითოეული ფერმერისგან  მეტი და ხარისხიანი რძის მიღებაში.   

 

ასოციაციები ზრუნავენ სექტორის პრომოუშენზე, გაძლიერებაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე, ინდუსტრიის საჭიროებების კვლევასა და ადვოკატირებაზე, სტანდარტების დანერგვაზე და სხვ. რძის გადამამუშავებელი კომპანიები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ გაერთიანებით და ასოციაციის გავლით ბევრად ძლიერები იქნებოდნენ. ჩვენ სწორედ ამ გზას მივყვებით. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ყველა მოთამაშე მივა იმ დასკვნამდე, რომ გაერთიანებისა და ერთიანი პოლიტიკის წარმოების გარეშე ამინდს ვერ შევქმნით. სწორედ ერთიანობამ აიძულა სერბეთის ხელისუფლება კონკრეტული ნაბიჯები გადაედგა. კერძოდ, როდესაც ევროკავშირის ქვეყნებმა ცნობილი მიზეზების გამო სცადეს დემპინგურ ფასად სერბეთის ბაზარზე პროდუქტების შემოტანა, დააყენა საკითხი აღნიშნული პროდუქციის იმპორტისას დროებითი ზომების შემოღების თაობაზე, რათა დაეცვათ ადგილობრივი ინდუსტრია და შესაბამისად, ხელისუფლებამ აამოქმედა ადგილობრივი ბაზრის დაცვითი მექანიზმები, იქამდე ვიდრე სიტუაცია ფასებთან დაკავშირებით არ დასტაბილურდა და კონკურეტუნარიანი ფასით არ მოხდა ევროკავშირის ქვეყნებიდან პროდუქციის იმპორტი“.

 

მიხეილ მათიაშვილი, მერძევე ფერმერი: „საინტერესოა, რომ ლაბორატორიის წარმომადგენლები თავად მიდიან საწარმოებში და ამოწმებენ ადგილზე პროდუქტს, ცალკე ხდება ვეტერინარული სამსახურის ინსპექტორების მხრიდან შემოწმება. თუმცა, ნაკლებად არიან საჯარიმო პოლიტიკაზე ორიენტირებულები, ჩვენ რამდენ მეწარმესაც შევხვდით, არცერთს არ ჰქონდა ჯარიმა დაწერილი. მათ ეძლევათ გონივრული ვადა პრობლემების გამოსასწორებლად. ისიც უნდა ითქვას, რომ სერბი მეწარმეები საკმაოდ მოწადინებული არიან მაქსიმალურად დაცული ჰქონდეთ სტანდარტები და ამისთვის ბევრს მუშაობენ. ეტიკეტირების გარეშე პროდუქტი არ ხვდება სავაჭრო დახლზე, ბაზარშიც კი სპეციალური განყოფილებებია რძის პროდუქტების რეალიზებისთვის, რომლებიც აღჭურვილია შესაბამისი შესანახი ინფრასტრუქტურით. არაეტიკეტირებული პროდუქტი ფერმერს შეუძლია გამოიყენოს შიდა მოხმარებისთვის. ცხადია პრობლემები ამ პროცესში არის და ყველაფერი იდეალურად არ არის, თუმცა, მონდომება დიდი აქვთ და სავაჭრო დახლებზე ყველაფერი მოწესრიგებულია. ასევე, არ არის გარე ვაჭრობა, რომელიც დაბინძურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა“.

 

 

 

ბეჭდვა
 
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
Copyright © 2017 AGRO.ge | All Rights Reserved. TOP.GE     Created By: Pro-Service