ანგარიშები
პრესა ჩვენ შესახებ
ჩვენი ფერმერები
ბლოგი
ვიდეოგაკვეთილები
ირიგაცია
კვებისთვის რძის პროდუქტების მნიშვნელობა და პრობლემები ადგილობრივ ბაზარზე


რამდენად მნიშვნელოვანია მოსახლეობის სრულყოფილად კვებისთვის რძის პროდუქტები (რამდენია ნორმა, როგორ არის ჩვენთან, რა პრაქტიკაა უცხოეთში)?


რძე მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, მას აქვს მაღალი კვებითი ღირებულება, შეიცავს 200-მდე ადამიანის სიცოცხლისათვის აუცილებელ ნივთიერებებს: 20-მდე ამინომჟავას, 60-მდე ცხიმოვან მჟავეებს, შაქრების მაღალ სპექტრს, დიდი რაოდენობით მინერალურ და სხვა ნივთიერებებს, რომლებიც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.


რძის პროდუქტების სამკურნალო და დიეტური თვისებები განაპირობებს მის ფართოდ გამოყენებას ადამიანთა კვებაში. მასში დიდი რაოდენობითაა რძე მჟავა ბაქტერიები, ასევე ანტიბიოტიკური ნივთიერებები, რომლებიც ფლობენ ბაქტერიოსტატიკურ და ბაქტერიოციდულ მოქმედებას ნაწლავის ლპობით და პათოგენურ მიკროფლორაზე.

მიმოვიხილოთ რძის კომპონენტები.

რძის ცილა - შეიცავს მაღალი ათვისების (96-98%) დაბალანსირებულ ამინომჟავებს. ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი ამინომჟავები: მეთიონინი, ტრიფტოფანი, ლეიცინი, იზოლეიცინი, ვალინი და ფენილალანინი უფრო მეტია რძის ცილაში, ვიდრე ხორცში, თევზში და მცენარეულ პროდუქტებში.


რძის ცხიმი - ძროხის რძის ცხიმის ბიოლოგიური ღირებულება განპირობებულია უჯერი და ნაჯერი ცხიმოვანი მჟავებით, ფოსფოლიპიდებით. მნიშვნელოვანია მასში არსებული ნახევრად უჯერი მჟავები, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ ნივთიერებათა ცვლაში, მონაწილეობენ უჯრედშიდა ცვლებში, შედიან ნერვული უჯრედების შემადგენლობაში, არეგულირებენ ქოლესტერინის დონეს სისხლში და სხვა. რძის ცხიმი მატარებელია ცხიმში ხსნადი A,D,E ვიტამინების, რომლებიც სხვა ცხიმებში შედარებით ცოტა არის.
რძის ცხიმის ათვისებას (98%) განაპირობებს დნობის დაბალი ტემპერატურა 28-360C.

რძის შაქარი - ლაქტოზა, არის შესანიშნავი წყარო გულის, ღვიძლის, თირკმელის მუშაობისთვის. ლაქტოზა იშლება რძემჟავამდე, ხელს უწყობს ნაწლავური მიკროფლორის ცხოველმყოფელობას, რომელიც აფერხებს ლპობით პროცესებს.ორგანიზმში ათვისება 98%.
მინერალური მარილები - რძე შეიცავს 50-მდე ელემენტს, მათ შორის კალცს ადვილად ასათვისებელ ფორმაში, კარგად დაბალანსირებულს ფოსფორთან. 0.5 ლ უზრუნველყოფს ადამიანის დღეღამურ მოთხოვნილებას კალცზე, რძე ხელს უწყობს მჟავატუტოვან წონასწორობას ქსოვილებში, ასევე სისხლში ოსმოსური წნევის შენარჩუნებას. რძე წყაროა ცხიმში ხსნადი და უხსნადი ვიტამინების.


რძე შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთერებებს - ჰორმონებს, ფერმენტებს, პროსტოგლანდინებს და სხვა. რომლებიც ხელს უწყობენ ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების მიმართ. ჩვენს წინაპრებს კარგად ჰქონდათ შემუშავებული რძისა და რძის პროდუქტების საკვებად გამოყენების ტექნოლოგია პურეულთან მიმართებაში.

განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს, რომ ვერავითარი რძის შემცველელი, თუნდაც აღდგენილი რძე, ვერ შეცვლის ძროხიდან მიღებულ ნატურალურ რძეს, მით უმეტეს, რძესთან, კარაქთან, არაჟანთან, ხაჭოსთან და ა.შ მიმსგავსებული პროდუქტები, რაც მომხმარებლის მოტყუება არის. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს მცენარეული ცხიმ-შემცვლელი რძე და რძის პროდუქტები.


რაც შეეხება რძის პროდუქტების მოხმარებას, ევროპის ქვეყნებში მოთხოვნა რძეზე და რძის პროდუქტებზე 223ლ-დან 290 ლ-მდეა: ამერიკა, კანადა - 270ლ, 260 ლ. ჩვენთანაც დაახლოებით იგივე მაჩვენებელია.


საქართველოში რძის წარმოება  ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს საშუალოდ 124-150 ლ რძეს, ხოლო ევროპის ქვეყნებში 320-330 ლ, კანადაში 265 ლ, ავსტრალიაში 500 ლ, რუსეთში 228 ლ (მოთხოვნა 246ლ), ბელორუსიაში 625 ლ - მოთხოვნა 252 ლ, რუსეთში 246 ლ.
აქვე აღვნიშნავ, ძალიან მოქმედებს რძის ხარისხსა და შემადგენლობაზე ძროხის მიერ მიღებული საკვები. ამ მხრივ, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ საძოვარზე ნაბალახევი მეწველი ფურიდან მიღებული რძე, მართლაც გამორჩეულია თავისი შემადგენლობით.

როგორი  ვითარებაა  რძის  პროდუქტების  ადგილობრივ  ბაზარზე  (ფერმერების პრობლემა -  დემპინგურ ფასად უცხოეთიდან შემოტანილი, იაფი რძის ფხვნილი და მასზე დამზადებული რძის პროდუქტები) ?



დღეს რძის პროდუქტების ადგილობრივი ბაზარი, მარკეტები და სხვა ტიპის სარეალიზაციო ობიექტები გადავსებულია უცხოეთიდან შემოტანილი თუ აქ წარმოებული არანატურალური რძის პროდუქტებით. სამწუხაროდ, საქართველოში არსებული საკმაოდ კარგი საწარმოები ცდილობენ მომხმარებელი შეიყვანონ შეცდომაში, ამას მოწმობს ის წვრილად დაბეჭდილი განმარტებები, რომლებიც მათ მიერ წარმოებულ პროდუქციას აკრავს.

ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს (უმჯობესია საერთოდ აიკრძალოს) რძეში და რძის პროდუქტებში, მცენარეული ცხიმების - ტრანსცხიმების გამოყენება. მოსახლეობის უმრავლესობა ალბათ, ვერ ერკვევა, რა განსხვავება არის კარაქსა და სპრედს შორის. სპრედი შეიცავენ ტრანსცხიმებს, ამ ცხიმების შემცველი რძის პროდუქტები კი, როგორც ცნობილია, მავნეა ადამიანის ორგანიზმისთვის, მათი გამოყენება ზრდის გულის კორონარული დაავადების რისკს, ამცირებს ორგანიზმის იმუნიტეტს, ზრდის დიაბეტის, უნაყოფობის, დეპრესიის, ალცჰეიმერის, ათეროსკლეროზის და ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს და ა.შ.

დღეს, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მოსახლეობაში გაზრდილი ავადობის ერთ-ერთი მიზეზი საკვებში არსებული ტრანსცხიმებია.


2004 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მოუწოდა ყველა ქვეყანას ადამიანის პოპულაციის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის ხმარებიდან ამოიღონ ტრანს-ცხიმების შემცველი პროდუქტები.


საქართველო დაგვიანებით, ახლახან შეურთდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მოწოდებას და  კანონმდებლობაში  შეიტანა რიგი დადებითი ცვლილებები ტრანს-ცხიმების გამოყენების შესახებ. ვფიქრობ, სახელმწიფო გადადგამს კიდევ უფრო მეტ ქმედით ნაბიჯს სიტუაციის გამოსასწორებლად. მიმაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი უპირველესი საკითხია ჩვენი მოსახლეობისათვის. მაგალითად, როდესაც დანიამ აკრძალა ტრანსცხიმების გამოყენება რძის და სხვა პროდუქტებში, მოსახლეობაში სიკვდილიანობა 30%-მდე შემცირდა.

საქართველოს მიღებული აქვს დოკუმენტები: ტექნიკური რეგლამენტი რძისა და რძის ნაწარმის შესახებ, რეგულირების სფეროში მოექცა 122 ტერმინი, მაგრამ ამ ტერმინების მოსახლეობამდე მიტანას სჭირდება დიდი მუშაობა. მხოლოდ მცირე ზომის ეტიკეტებზე დატანილი წვრილად ნაბეჭდი ინფორმაციებით ამინდი ვერ შეიქმნება.

რაც შეეხება იაფი რძის ფხვნილისგან დამზადებულ ე.წ. რძეს და რძის პროდუქტებს, აქაც დაზღვეული არ ვართ, რადგან დაბალი ხარისხის დაბალფასიანი რძის ფხვნილიც მცენარეულ ნაერთებს შეიცავს.

საერთოდ ჩემი მიდგომა ასეთია: რძის ფხვნილისგან აღდგენილი რძე, მსგავსია ყურძნის ჭაჭაზე დამზადებული ღვინის.


როგორ  არის  უზრუნველყოფილი  ქართული  ბაზარი  ადგილობრივი, ხარისხიანი ნედლი რძის პროდუქტებით?


2014 წელს 656,2 მლნ. ლიტრი რძე ვაწარმოეთ, აქედან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს იმერეთს 119.8 მლნ. ლ. ქვემო ქართლს 114,8მლნ.ლ, სამეგრელო ზემო სვანეთს 107,2 მლნ.ლ და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ცხვრისა და თხის რძის წარმოებამ შეადგინა 9,9 მლნ.ლ. რძე და ეს ბოლო ათ წელიწადში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მივესალმებოდი თხის რძის წარმოების ხელშეწყობას საქართველოში.


2014 წელს იმპორტირებულმა რძის პროდუქტები 71 ათას ტონაზე მეტი იყო. ქართული ბაზარი დაახლოებითი 40-45 %-ით არის უზრუნველოყოფილი ნედლი რძის პროდუქტით (რამდენად ხარისხიანია, არ ვიცი) რაც ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით მოთხოვნილების ნახევარია.

 

მიხეილ ჭიჭაყუა,

ბიოლოგიის დოქტორი,

"მომავლის ფერმერის" მთვარი ვეტკონსულტანტი


 
Copyright © 2017 AGRO.ge | All Rights Reserved. TOP.GE     Created By: Pro-Service