ანგარიშები
პრესა ჩვენ შესახებ
ჩვენი ფერმერები
ბლოგი
ვიდეოგაკვეთილები
ირიგაცია
 ქართული ხორბლის უნიკალურობა და პოტენციალი
 
 
საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, პრობლემატურია ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფა. როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, 2030 წლისთვის მსოფლიო სასურსათო კრიზისის საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს. უკვე ბევრი ქვეყანა მუშაობს იმაზე, რომ იმ დროისათვის ხორბლის წარმოება 20%-ით გაზარდონ. ეტაპობრივად გაიზრდება ხორბლის ფასიც. აშშ-ის ფონდებმა 100 მლნ დოლარი გამოყვეს, რათა 1 ჰა-ზე ხორბლის მოსავლიანობამ 28 ტონას მიაღწიოს. საქართველოს აქვს პოტენციალი მეხორბლეობა უმაღლეს დონეზე განავითაროს და არათუ საკუთარი მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს, არამედ - ქართული ხორბალი ექსპორტზეც გაიტანოს. სწორედ ხორბლის წარმოებაზეა დამოკიდებული სოფლის მეურნეობის სხვა დარგების განვითარება. იგივე, მეცხოველეობაში თვითღირებულების დიდი წილი სწორედ საკვებზე მოდის, საკვებ რაციონში კი ძირითადი კომპონენტი ხორბალია.
 
საქართველოს მოსახლეობა წელიწადში 700  000 – 800 000 ტონა ხორბალს მოიხმარს. ქვეყანაში კი ხორბლის წარმოების მაჩვენებელი მხოლოდ 8% წარმოადგენს, დანარჩენი ნაწილი უცხოეთიდან შემოდის. დღეს   ხორბლის  ნათესი  ფართობი  80  000 ჰა-ს  არ  აღემატება, ქვეყანა იმპორტზეა დამოკიდებული. მაშინ როცა, ერთ სულ  მოსახლეზე წლის განმავლობაში საჭიროა 120  კგ  ხორბალი, ჩვენში 18 კგ იწარმოება. მცირეა  ნათესი   ფართობები  და   დაბალია   მოსავლიანობა.
 
მოსავლიანობისა და ხარისხის გარანტია ხარისხიანი, სერთიფიცირებული სათესლე მასალა. ამ კუთხით 1 წელზე მეტია აქტიურად მუშაობს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის თესლისა და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერთიფიცირების კვლევის სამსახური. სერთიფიკატის აღება დღესდღეობით ნებაყოფლობითია, ამ საკითხზე შემუშავდა კანონპროექტი და სავარაუდოდ, შემოდგომიდან შევა ძალაში. მარცვლეული კულტურა გადის საერთაშორისო სტანდარტებისა და მოთხოვნების მიხედვით შემოწმებას. პროცედურები იწყება საველე ინსპექტირებით. ხდება ფერმერის რეგისტრაცია, განაცხადის წარდგენა, სათესლე მასალის ნიმუშის აღება. მოწმდება მისი ხელშეკრულება ჯიშის მფლობელთან. საველე ინსპექტირების ჩატარება მიმდინარეობს გაზაფხულზე, მოწმდება ჯიშური სიწმინდე მინდორში, დგება ოქმები. მოსავლის აღების შემდეგ კი ხდება მისი დაფასოება, დამუშავებული პარტიებიდან ნიმუშების აღება და ხარისხზე ლაბორატორიული შემოწმება. საველე ინსპექტირების ოქმებისა და ლაბორატორიული ანალიზის შედეგების მიხედვით გაიცემა თესლის ხარისხის სერთიფიკატი.
 
 
აღნიშული სერთიფიკატი  საქართველოში ხორბლის სათესლე მასალაზე აღებული აქვს 4 კომპანიასა და 2 კერძო მეწარმეს. სერთიფიკატი კონკურენტუნარიანობის მაჩვენებელია და თავისთავად, უპირატეს მდგომარეობაში აყენებს მეწარმეს. მნიშვნელოვანია, რომ ფერმერების მხრიდან, ამ კუთხით დაინტერესებაა, რაც ხელს შეუწყობს ფალსიფიცირებული სათესლე მასალისგან ბაზრის გასუფთავებას.
 
საქართველო, მსოფლიო საბუნებისმეტყველო   მეცნიერების  მიერ   აღიარებულია   ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრად. მსოფლიოში არსებული ხორბლის 27 სახეობიდან 14 საქართველოშია აღწერილი. ესენია დიკა, ასლი, თავთუხი, დოლისპური, იფქლი და სხვა. როგორც ჩვენში, ისე მთელ მსოფლიოში გავრცელებულია ორი სახის - რბილი და მაგარი ხორბალი. რბილი ხორბალი წარმოდგენილია როგორც საშემოდგომო, ისე საგაზაფხულო ფორმებით. მაგარი ხორბალი უმეტესად აღმოსავლეთ საქართველოში მოჰყავთ, როგორც საშემოდგომო კულტურა.
 
ხორბლის სახალხო-სამეურნეო მნიშვნელობა თავთავიან პურეულებს შორის დიდია, რაც განპირობებულია ადვილად შესათვისებელი ცილებისა (44%) და ნახშირწყლების (80%) მაღალი შემცველობითა და საუკეთესო ცხობის უნარიანობით. ხორბლის ფქვილის ცხობის უნარიანობაზე გავლენას ახდენს წებოგვარას რაოდენობა და შედგენილობაც.
 
 
ბიოლოგიური თვისებები. ქართული ხორბლის ჯიშები თავისი თვისებებით უნიკალურია და გამოირჩევა უცხოური ჯიშებისგან. საშემოდგომო ხორბლის მარცვალი გაღივებას იწყებს +1-20C, მაგრამ ენერგიული გაღივებისა და აღმოცენებისათვის საჭიროებს 12-150C, ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის კი 22-250C. ზამთრის პირობებს იგი შედარებით კარგად უძლებს, მაგრამ მისთვის - 16-180C დამღუპველია. ტენის მიმართ ხორბალი მომთხოვნია.
 
საშემოდგომო ხორბლის ფესვთა სისტემა 1,5 მეტრის სიღრმეს აღწევს და საკმაოდ კარგად იყენებს ნიადაგის ტენს. ნიადაგის მჟავიანობა (pH) უნდა მერყეობდეს 6,0-7,5 ფარგლებში. მოითხოვს სარეველებისგან სუფთა, ტენით უზრუნველყოფილ ნოყიერ ნიადაგებს. სავეგიტაციო პერიოდი საშუალოდ 240-320 დღეს უდრის.
 
განოყიერება. საშემოდგომო ხორბალი მომთხოვნია ნიადაგის ნაყოფიერებისა და სასუქების სწორად გამოყენების მიმართ. იგი 1 ცენტნერი მარცვლის მისაღებად მოიხმარს 3,7 კგ აზოტს, 1,3 კგ ფოსფორს და 2,3 კგ კალიუმს. სასუქების გამოყენება კარგ შედეგს იძლევა დაბალი ნაყოფიერების, უსტრუქტურო, საკვები ნივთიერებებით ღარიბ ნიადაგებზე. მარცვლის მოსავალი მთლიანად დამოკიდებულია შეტანილი სასუქების ვადასა და რაოდენობაზე. აზოტის შეტანა თესვის წინ ან თესვის პერიოდშია მიზანშეწონილი, ფოსფორისა და კალიუმის ძირითადი ხვნის წინ. ორგანული სასუქის (ნაკელის) ნიადაგში შეტანა სასურველია წინამორბედი კულტურის, განსაკუთრებით სათოხნი კულტურის ქვეშ. ძირითადი ხვნის წინ შეტანილმა სრულმა მინერალურმა სასუქმა მოსავალი შეიძლება გაზარდოს 35-38% და მიაღწიოს 45-46ც/ჰა.
 
ნიადაგის დამუშავება. საშემოდგომო ხორბალი მოითხოვს ღრმად მოხნულ ნიადაგს, სადაც შედარებით მაღალ დონეზე და ინტენსიურად მიმდინარეობს მიკრობიოლოგიური პროცესები, უმჯობესდება წყლისა და ჰაერის რეჟიმი. თუ ხორბალი ანეულზე ითესება, საჭიროა გატარდეს ყველა ის ღონისძიება, რომელიც შეესაბამება ანეულის მაღალ დონეზე დამუშავებას. მათი აღმოცენებისთანავე ნაკვეთი უნდა მოიხნას სრულ სიღრმეზე და ნიადაგში ტენის შენარჩუნების მიზნით დაიფარცხოს. თუ საშემოდგომო ხორბლისათვის მრავალწლოვანი ბალახების კორდია, მაშინ კორდის დამუშავება, ძირითადი ხვნა, უნდა ჩატარდეს არაუგვიანეს აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში, სრულ სიღრმეზე. საშემოდგომო ხორბლის ნათესების დიდი ნაწილი ქარული ეროზიის ზონაში მდებარეობს, ამიტომ ნიადაგის დამუშავება მიმართული უნდა იყოს ქარული ეროზიის წინააღმდეგ.
 
თესვა. ხორბალს  თესდნენ როგორც დასავლეთ საქართველოში,  ასევე   - აღმოსავლეთში.  დღეს ეს   კულტურა  მხოლოდ  აღმოსავლეთში  მოჰყავთ,   რადგან   ეს   ნაწილი ხასიათდება  ხორბლისთვის საჭირო  აგროკლიმატური  პირობებით.   სათესლე მასალის ხარისხი დიდ გავლენას ახდენს მოსავლიანობაზე. მისი ჯიშობრივი სიწმინდე არ უნდა იყოს 99% ნაკლები, ასევე სისუფთავე, ხოლო გაღივების უნარი, არ უნდა იყოს პირველი კლასის თესლში 95%-ზე ნაკლები, ხოლო მეორე კლასის თესლში 90% ნაკლები.
 
მიღებულია ხორბლის 15 ან 7,5 სმ მწკრივებში თესვა, რაც ხელს უწყობს მცენარის ნორმალურ კვებას, განათების ინტენსივობას. მსუბუქ ნიადაგებზე თესლი ითესება უფრო ღრმად, მძიმე და ტენიან ნიადაგებში შედარებით ნაკლებ სიღრმეზე. საშუალოდ, მიღებულია 4-5 სმ-ის სიღრმეზე თესვა. დათესვის შემდეგ უმჯობესია ნიადაგი მოიტკეპნოს.
 
ნათესის მოვლა. ხორბლის   მოვლა - მოყვანას    ჩვენი  ხალხი   უხსოვარი   დროიდან   მისდევს.   მოვლის პირველ ღონისძიებად მიიჩნევა აღმონაცენის დაბუჩქების ფაზაში გარდიგარდმო დაფარცხვა. დაფარცხვა შეიძლება ჩატარდეს როგორც შემოდგომით, ისე - გაზაფხულზე. საგაზაფხულო პირობებში კარგ შედეგს იძლევა საშემოდგომო მორწყვაც.
ხორბლის დაავადებები. ხორბლის უმთავრესი სოკოვანი დაავადებებია: ხორბლის მყრალი, ღეროს და მტვრიანა გუდაფშუტები; ხორბლის ხაზურა, მურა და ღეროს ჟანგები;
 
ფესვის სიდამპლეები: ჰელმინთოსპორიოზი, ფუზარიოზი, ცერკოსპორიოზი, ოფიობელოზი, აგრეთვე ნაცარი, სეპტორიოზი, მარცვლის დაობება. ვირუსული და ფიტოპლაზმური დაავადებებიდან აღსანიშნავია ხორბლის ჩვეულებრივი და ზოლიანი მოზაიკა, ხორბლის ღია-მწვანე ჯუჯიანობა. ამ დაავადებების გამომწვევი მიზეზი და გამოვლინება სხვადასხვაა. მცენარის დაავადების განვითარებას შეიძლება ხელს უწყობდეს ცივი, ტენიანი ამინდი, ასევე  სუსტი განათება... დაავადებული მცენარე ხასიათდება განსხავებული ფერით, უჩნდებათ ბუშტუკები, ფოთლებზე მეჭეჭები, ღეროებსა და ფოთლებზე წარმოიქმნება მომწვანო-ყვითელი ფერის ოვალური ფორმის ლაქები...
 
ხორბლის ძირითადი მავნებლები. თავთავიანებს უამრავი ნაირჭამია მავნებელი აზიანებს: კალიები და კუტიკალიები, ჭრიჭინები, ღრაჭები, ტკაცუნები, ხვატრები, თაგვისებრი მღრღნელები – ჩვეულებრივი მემინდვრია, ტყის თაგვი, რუხი ვირთაგვა, ბრუცა. თავთავიანების სპეციალიზებული მავნებლებიდან: მარცვლოვანთა ბუგრები, კუსებური ბაღლინჯოები, ხორბლის თრიფსი, პურის ბზუალა, პურის ხოჭოები, ჭია წურბელა, ხოჭო-რწყილები, ჩვეულებრივი და ნაცრისფერი ხვატრები, ხერხიები, ბუზები – ჰესენის, შვედური, მწვანეთვალა და სხვა. მავნებლებთან ბრძოლისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ორგანიზაციულ ღონისძიებებს: თესლბრუნვების დაცვას, სხვადასხვა თავთავიანი კულტურების სივრცულ იზოლაციას, მოსავლის დროულად და შემჭიდროებულ ვადებში აღებას. ნაწვერალის გაწმენდას ნამჯისა და სხვა ნარჩენებისაგან.
 
ხორბლის ძირითადი სარეველები. ხორბლის ნათესები ხასიათდება სარეველების მრავალფეროვნებით; სარეველების მავნეობით გამოწვეული მოსავლის დანაკარგები საკმაოდ მაღალია.

მოსავლის აღება მიმდინარეობს მარცვლის სრულ სიმწიფეში, მაგრამ ჯიშების მიხედვით ხორბალს ახასიათებს ცვენადობა, ამიტომ უნდა შეირჩევს ვადა, რათა უდანაკარგოდ ავიღოთ მოსავალი.
 

თეონა ნოზაძე

„მომავლის ფერმერი“


 
Copyright © 2017 AGRO.ge | All Rights Reserved. TOP.GE     Created By: Pro-Service