ანგარიშები
პრესა ჩვენ შესახებ
ჩვენი ფერმერები
ბლოგი
ვიდეოგაკვეთილები
ირიგაცია
სუფრის ყურძენი
 
ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვანი ბუნებრივი ეკოლოგიური პირობები სრულ შესაძლებლობას ქმნის მრვალდარგოვანი სოფლის მეურნეობის ფართოდ განვითარებისათვის. აქედან ერთ-ერთი მაღალრენტაბელური წამყვანი დარგი სწორედ მევენახეობაა,  რომელიც საქართველოს
მოსახლეობის ეკონომიკური
და კულტურული
კეთილდღეობის ძირითადი წყაროა.
 

საქართველოში ვენახები ძირითადად მეღვინეობის მიმართულებით არის გაშენებული, თუმცა ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზარზე არსებულმა მოთხოვნამ ყურძნის ვენახების სამრეწველო დანიშნულებით გაშენების მოტივაცია მოგვცა. საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების აზრით, სუფრის ყურძნის განვითარება ადგილობრივი მევენახეების წარმოების ეკონომიკური შემოსავლების ზრდის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. ვაზის სასუფრე ჯიშების სამრეწველო ნარგაობას მხოლოდ 1050 ჰა უჭირავს, ამიტომ აუცილებელია გავზარდოთ სუფრის ყურძნის მომცემი ვენახების  ფართობები  რათა შევძლოთ  მსოფლიო ბაზარზე გასვლა.
 
ძირითადად გავრცელებული 14 სასუფრე ყურძნის ჯიშიდან  ნაწილი აბორიგენულია, ნაწილი კი მეზობელი ქვეყნებიდან ან ევროპიდან შემოტანილი, კერძოდ: ქართული საადრეო, განჯური, ყარაბურნუ, ხალილი, კოლხური, სახალხო თეთრი, შასლა თეთრი, გორულა, ალექსანდრული მუსკატი, წითელი ბუდეშური, თბილისური, ცხენის ძუძუ, მუსკატური რქაწითელი და ცხენის ძუძუ აფხაზური. აქვე ვკითხულობთ: ვაზის სტანდარტული სორტიმენტი მოიცავს აბორიგენულ და ინტროდუცირებულ (ვიტის ვინიფერას) ჯიშებს, აგრეთვე ფილოქსერაგამძლე სახეობათა შორის საძირე ჰიბრიდებს. საქართველოს კანონით, ვაზის ჯიშების შერჩევა თვითოეული რეგიონის ან მიკროზონისთვის ხდება დადგენილი ჯიშების ჩამონათვლიდან. ქართული სასუფრე ჯიშებიდან გამოსარჩვია: აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებისთვის: (ქართული საადრეო, განჯური, გორულა), ხოლო დასავლეთ საქართველოსთვის 5 ჯიში (ზემოთ დასახელებულის გარდა შასლა თეთრი, ცხენის ძუძუ, აფხაზური და ყურაბურნუ).
 
ქართული საადრეო
 
•    მეტად ადრეული სიმწიფის პერიოდის ჯიში
•    საშუალო ან საშუალოზე მაღალი ზრდის მაჩვენებელი
•    საშუალო მოსავლიანი
•    საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე 7,5-8 ტონა
•    მტევნის საშუალო მასა 90-150 გრამი
•    მტევანის ფორმა კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური
•    მარცვალი თხელკანიანი, წვნიანი და საშუალო ზომის
•    მარცვალში 2-4 წიპწა
•    სრული სიმწიფის პერიოდში მარცვალი - მომწვანო, მომწვანო-ქარვისფერი
 
განჯური
 
•    საშუალო სიმწიფის პერიოდის ჯიში
•    საშუალო მოსავლიანი
•    მოსავლიანობა ჰექტარზე საშუალოდ 7,5-8,5ტონა
•    მტევანის ფორმა ცილინდრულ-კონუსური ან კონუსური
•    მარცვალი საკმაოდ სქელკანიანი, ხორციანი და წვნიანი
•    მტევნის საშუალო წონა 210-215გრამი
•    მარცვალში 1-4 წიპწა, უფრო ხშირად 2
•    მარცვალი ღია მოყვითალო შეფერილობის

შასლა თეთრი

•    საშუალო სიმწიფის პერიოდის  ჯიში
•    კარგი აგროტექნიკის პირობებში ძლიერმზარდი
•   ორმხრივი შპალერული წესით ფორმირების შემთხვევაში მოსავალი 9-13ტონა
•    მტევანის ფორმა ცილინდრულ-კონუსური ან ცილინდრული
•    მარცვალი  საკმაოდ თხელკანიანი,ელასტიური, წვნიანი და ხორციანი
•    მტევნის საშუალო მასა 120-200გრამი
•    მარცვალში 2-3 წიპწა
•    სრულ სიმწიფეში მზის მხრიდან ჭორფლიანი  და ოქროსფერი

გორულა

•    საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიში
•    უხვმოსავლიანი
•    ძლერი ზრდის მაჩვენებელი
•    მოსავლაინობა ჰექტარზე 10ტ აღემატება
•    მტევანი ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური, იშვიათად ფრთიანი
•    მარცვალი სქელკანიანი, უფრო ხორციანი ნაკლებწვნიანი
•    მტევნის საშუალო მასა 215 გრამი
•    მარცვალში  1-3 წიპწა, უფრო ხშირად 2
•    სრულ სიმწიფეში მუქი მოყვითალო-მოყავისფრო წვრილი წერტილისებრი ლაქებით
 
 
დღევანდელი მონაცემებით სარეალიზაციოდ საკმარისი სუფრის ყურძენი არ გაგვაჩნია. ბაზარზე ძირითადად უცხოეთიდან, მეტწილად სომხეთიდან შემოტანილი ყურძენი გვხვდება,რომელსაც 80 % უკავია. თუმცა აქა-იქ საქართველოში მოყვანილ თითას და ჰიბრიდულ ჯიშებსაც ვაწყდებით. მათი მოთხოვნა  კი ყოველწლიურად მატულობს ფასთან ერთად.
 
ჩვენს მეზობელ სომხეთში ეს ინფასტრუქტურა კარგადაა განვითარებული, რაც ფერმერულ მეურნეობებს საშუალებას აძლევს მოიყვანონ არა მარტო ღვინის საჭირო ჯიშები, არამედ სუფრის ყურძნის  ჯიშებიც. შესაბამისად ეს უპირატესობა სომხეთს საშუალებას აძლევს ექსპორტზე იყოს ორიენტირებული.  
ქართველი ფერმერების აზრით, სუფრის ყურძნის წარმოება მათთვის მომგებიანი მაშინ იქნება, როდესაც ვენახის მიმდებარე ტერიტორიაზე მაცივრის დეფიციტი აღარ შეინიშნება და ბაზარზე მის მიწოდებას უწყვეტად შეძლებენ, რაც დიდ ინვესტიციას უკავშირდება. რამდენიმე ასეთი საწყობი არის დედაქალაქში, თუმცა მარტო თბილისში არ კმარა. გამოსავალს დავინახავთ, თუ ჩავუღრმავდებით აკადემიური დოქტორის ვაჟა გოცირიძის მიერ სუფრის ყურძის წარმოების ჯიშური კონვეიერის მეთოდს. იგი საშუალებას იძლევა, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში გაშენდეს სხვადასხვა სუფრის ყურძნის ჯიშები, რომელთა სიმწიფის პერიოდები ერთმანეთს დაცილებულია მხოლოდ 5-10 დღით. ამ პრინციპით გაშენებული ვენახი, საშუალებას იძლევა მოვამარაგოთ მომხმარებელი სამაცივრო დანადგარების გარეშე ახალი ყურძნით, 20-25 ივნისიდან 10-15 დეკემბრამდე.

საღვინე და სასუფრე ჯიშები. სასუფრე ყურძენის ჯიში საღვინესთან შედარებით განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს. სპეციფიკური მხოლოდ მისი სხვლა და მოკრეფაა. დანარჩენი წამლის სახეები ერთი და იგივეა. ვინაიდან სუფრის ყურძენი ინტენსიური ზრდისაა, ისინი ისხვლება გრძლად, ვიდრე საღვინე. მაგალითად, ერთ საკავებელზე  რქაწითელს თუ გავსხლავთ 6-8კვირტზე, სუფრის ყურძენს 10-12 კვირტზე უნდა. კრეფას განსაკუთრებული სიფრთხილით მტევნის დაუზიანებლად უნდა მოხდეს და ჩალაგდეს შესაბამის ტარაში შესაბამისი ტენიანობის დაცვით.
 
სავენახე ნაკვეთის შერჩევა: მხედველობაში მისაღებია ნაკვეთის რელიეფის თავისებურება, ექსპოზიცია, ნიადაგის და კლიმატის მიკროპირობები, გრუნტის წყლის სიახლოვე ნიადაგის ზედაპირთან, მცენარეულობის საფარი, გავრცელებული სარეველა ბალახები და მავნებლები.
ნიადაგი: ვენახის გაშენებას ნიადაგის ანალიზით ვიწყებთ. ხელსაყრელია ნიადაგის არის რეაქცია, თუ ის ნეიტრალურთან ახლოსაა (PH 6.0-8.0). ნიადაგის ტიპის და მცენარის ასაკის გათვალისწინებით ხდება ორგანულ-მინერალური სასუქებით განოყიერება.
 
ვენახის გაშენებამდე გაზაფხულზე, დაახლეობით ხუთი თვით ადრე ფართობი უნდა დაპლანტაჟდეს 50-60 სმ სიღრმეზე და საჭიროების მიხედვით, ანალიზის შესაბამისად შევიდეს ორგანულ-მინერალური სასუქები 3 წლის დოზით. ამის შემდეგ ხდება ნაკვეთის ჯვარედინული გადახნა 30-35 სმ სიღრმეზე, ფართობის კულტივაცია, ფარცხვა, მოსწორება, დაგეგმარება და ორმოების მომზადება.
 
დარგვა: ვაზის 1-2 წლიანი ნერგები  ირგვება 40სმ-ის სიღრმის და 50 დიამეტრის ორმოში,  სასურველი კვების არით, გვიან შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე, მაშინ როდესაც მცენარეებში საკვები ნივთიერების გადაადგილება შეწყვეტილია.
 
ამ ბოლო დროს ხშირია ვაზის მწვანე ნერგით გაშენება, რაც მკვეთრად ამცირებს ვენახის მსხმოიარობაში შესვლის პერიოდს. ხარისხიანი ნერგი მოსავალს III-IV წელს გვაძლევს, ხოლო მწვანე ნამყენი ნერგი - 1წლით ადრე. ვაზის ჯიშების ზრდის ექსპოზიციისა და მექანიზაციის გათვალისწინებით შესაძლებელია სხვადასხვა კვების არით დარგვას მივმართოთ: მწკრივთა შორის 2-2,5მ, ხოლო მცენარეთა მწკრივთა შორის  1,5-2მ. ასეთი დარგვისას 1ჰა-ზე საჭიროა 2000-3033 ძირი ნერგი. დარგული ნერგ-კალამი იკვრება ჭიგოზე და ირწყვება დარგვისთანავე. ერთ წელიწადში 1ჰა-ზე შესაძლებელია 5-7ტ წითელი ყურძნის, ხოლო თეთრი ყურძნის 7-8 ტ მოყვანა. ვენახის საექსპლოატაციო პერიოდი 30-35 წელზე მეტია.

გასხვალა: ვენახი გაზაფხულზე, წვენთა მოძრაობის დროს უნდა გაისხლას.
 
I წელს - ძლიერ ვაზზე შეირჩევა რქა, რომელიც შტამბის სიმაღლეზე ისხვლება. ნასხლავი ტოტი სარზე პირველ მავთულამდე ვერტიკალურად, შტამბის სიმაღლეზე აიკვრება.
II წელს - ვაზზე შეირჩევა ორი რქა: ქვედა რქა ორ კვირტზე სამამულედ ისხვლება,ზედა რქა კი სანაყოფედ, კერძოდ VIII-IX კვირტზე.
 
მომდევნო წლებში - ფორმირდება ორმხრივი შპალერი.
 
სასუფრე ვაზის გაშენება შესაძლებელია, როგორც ტალავერის, ისე შპალერის სახით. ასევე, დროულად უნდა ჩატარდეს მწვანე ოპერაციები.
 
ირიგაცია: ვაზი ყინვაგამძლე მცენარეა. ის კარგათ ხარობს ზომიერად ტენიან ნიადაგებზე. ნიადაგის მორწყვაც სწორედ ამის გათვალისწინებით ხდება: ყვავილობამდე, ისრიმის ფაზაში (მწვანე მასის დამსხვილებისას) და სიმწიფეში შესვლამდე.
 
მავნებელ-დაავადებები: საქართველოში მანებელ-დაავადებებიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია ჭრაქი, ნაცარი, ტკიპა და ყურძის ჭიაა. მათ წინააღმდეგ საბრძოლველად ძირითადად გამოიყენება ქიმიური საშუალებით, თუმცა ბოლო დროს საქართველოში სულ უფრო აქტუალური გახდა  ბიოლოგიური საშუალებების გამოყენება. წამლობის წესების მკაცრად დაცვით ღონისძიებებიც შედეგიანია. სასუფრე ვაზს ძირითადად წამლობა ნაცარზე და ვაზზე ესაჭიროება. ამინდისა და გარემო პირობების მიხედვით წამლობებს შორის ინტერვალი 10-დან 2 კვირამდე უნდა იყოს, რაც კარგი შედეგის მიღებაში დაგვეხმარება.
 
კრეფა: განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს კრეფისას, მტევნის ცვილის იგივე პრუინის დაუზიანებლად. დაუშვებელია ყურძნის ძირში გადაჭრა. აუცილებელია გარკვეული სიგრძის ყურნწით დატოვება. ყურძენი ლაგდება თითოეულ ფენად შესაბამის ტარაში.
 
შენახვა: ყურძენი შესაფერის ტემპერატურის მქონე სამაცივრე ვაგონ-დანადგარებში ინახება. დაუშვებელია თუნდაც მცირე დაზიანებული ნაყოფის შენახვა.
 
სასუფრე ყურძნის ჯიშების წარმოება ფერმერისთვის საკმაოდ მომგებიანი მიმართულებაა. 1ჰა-ზე 3 წლის მოვლა-პატროობით დაახლოებით 15-16 ათასამდე დაგიჯდებათ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საშუალოდ ერთ ჰექტარზე 8-10 ტონამდე მოსავლის მიღებაა შესაძლებელი, ხოლო ერთი კგ-ს საბაზრო ფასი სეზონზე 3-5 ლარია, მოგების სახით მინიმუმ 24 000 ლარს მივიღებთ.
 
    ვენახში შესასრულებელი სამუშაოები

1    საპლანტაჟე გუთვნის მოხვნა
2    პლანტაჟის გადახვნა
3    დაფარცხვა
4    ბოძების შეძენა
5    მავთულის შეძენა
6    შპალერის მოწყობა
7    შხამ-ქიმიკანტები
8    თოხნა
9    მწვანე ოპერაციები
10  გასხვლა
11  ნერგების დარგვა
12  ნერგების შეძენა

ჩვენი ქვეყნის კლიმატური პირობები სრულ შესაძლებლობას იძლევა, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს პირობებში გავაშენოთ კონვეიერული სისტემით, სამაცივრე სისტემის გამოყენების გარეშე, სუფრის ყურძენი სიმწიფის პერიოდის თანმიმდევრობით, რომელსაც გარანტირებული მყიდველი ეყოლება. ამ პრინციპით სუფრის ყურძნის წარმოება უთუოდ აამაღლებს დარგის რენტაბელობას.
 
ნინო ჭიორელი
 
Copyright © 2017 AGRO.ge | All Rights Reserved. TOP.GE     Created By: Pro-Service