ანგარიშები
პრესა ჩვენ შესახებ
ჩვენი ფერმერები
ბლოგი
ვიდეოგაკვეთილები
ირიგაცია
მეცხვარე ფერმერებს - ცხვრის ზოგიერთი დაავადების პრევენციისთვის
 
ბოლო დროს, დეკემბერ-იანვარში მეცხვარე ფერმერები მოგვმართავდნენ დახმარების თხოვნით. მათი ინფორმაციით, ცხვარი, განსაკუთრებით ბატკანი ავადდება უცნობი ინფექციით და ხშირ შემთხვევაში კვდება. ეღუპებათ ასევე დადოლებული ცხვარი და რამდენიმე დღის ბატკანი.

"მომავლის ფერმერის" ვეტ.სპეციალისტებმა ჩაატარეს მოკვლევა და გამოიკვეთა დაავადების სამი განსხვავებული მიმდინარეობა.

1-ლი -  როდესაც ავადდება ბატკანი 3 დღიდან, ერთ შემთხვევაში ტუჩებთან და პირის  კუთხეებთან წარმოიქმნება მცირე ზომის წითელი ლაქები. შეიმჩნევა ჩირქიანი  ბუშტუკებიც და ა.შ. ასევე, ჰიპერემული კერები ტუჩებისა და პირის ღრუს შიგნითა ზედაპირზე, ენაზე, რბილ სასაზე, ზოგჯერ დაწყლულებული და ნეკროზული სახით.
ჩვენი ვარაუდით, დაავადება გარეგანი კლინიკური ნიშნებით წააგავს  ცხვრისა და თხის კონტაგიოზურ ექტიმას. ტუჩების (ლაბილარული) და სტომატიტური ფორმა ცალკე და ორივე ერთადაც შეგვხვედრია.

კლინიკურად გამოვრიცხეთ ყვავილი, თურქული და ნეკრობაქტერიოზი. ყვავილი, როგორც წესი, მიმდინარეობს უფრო მწვავედ ეგზანთემის გენერალური ნიშნებითა და მაღალი სიკვდილიანობით. თურქულის დროს კი ცხვარს ტუჩების კანი არ უზიანდება და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის მდგომარეობა განსხვავებულია. ასევე, არ არის ნეკრობაქტერიოზი, რადგან ამ დაავადების დროს ტუჩის კანი და თავის სახის ნაწილის დაზიანება არ აღინიშნება, ასევე ნეკრობაქტერიოზის დროს ცხოველი შეიძლება ხელახლა დაავადდეს.
 
 

ზუსტი დიაგნოზისთვის აუცილებელია ლაბორატიული კვლევები. ვირუსის გამოსაკვლევად მასალა უმჯობესია ავიღოთ პუსტულების ჩამოყალიბებამდე.
ამ დააავდების შემთხვევაში, სიკვდილიანობა ცხვარში 5-10%, ბატკანში 90%-მდე. დაავადებაგადატანილი ცხოველი ჩამორჩება ზრდასა და წონაში, კარგავენ რეზიტენტობას.

როგორ მოვიქცეთ?

ავადმყოფი ცხვრის სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანებისას, 7-10 დღე პირის ღრუს დამუშავებისას გამოიყენეთ იოდზეფის 5 %-იანი  ხსნარი და გლიცერინი, თუთიის და  დინდგელის  მალამო. თუ დავიცავთ სანიტარულ -ჰიგიენურ წესებს დაავადება არ გართულდება და ბატკანი გამოჯანმრთელდება.

ნეკრობაქტერიოზით გართულების შემთხვევაში გამოიყენეთ ამოქსაცილინი 15%-იანი, პენბექსი, პრიმაფული ან მსგავსი პრეპარატები (ოქსიტეტრაციკლინისა და პენიცილინის ჯგუფი). სასურველია პრეპარატი შეიცავდეს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს და შეიძლება ცალ-ცალკე  გამოყენებაც. ანტიბიოტიკი + ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები.  

ავადმყოფი ცხოველი  გამოაცალკევეთ  და უმკურნალეთ, გამოვაცხადოთ შიდა კარანტინი. თუ შესაძლებელია ჯანმრთელ ცხვარსა და თხას ჩაუტარდეს აქტიური იმუნიზაცია, ცხვრისა და თხის კონტაგიოზური ექტიმის ვაქცინით (ვაქცინა არსებობს, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოში არ არის). ცხვრის ნამყოფ ადგილებში ტარდება რეგულარული დეზინფექცია შე
მდეგი საშუალებებით:  ფორმალინის 2%-იანი ხსნარი, იოდზეფი, ეკოციდი, 4%-იანი ნატრიუმის ტუტის ცხელი (60-65%) ხსნარი. ნაკელის გაუსნებოვნება სასურველია ბიოთერმული წესით. საძოვარი, სადაც ავადმყოფი ცხოველი ძოვდა 2 წელი დაავადების წყაროდ ითვლება და მისი გამოყენება მიზანშეწონილი არ არის დეზინფექციის გარეშე.

კონტაგიოზური ექტიმით ავადდება ადამიანიც,  ამიტომ ცხოველთან ან მოვლის საგნებთან კონტაქტის დროს, ხელები საპნით დაიბანეთ და დაიმუშავეთ სადეზინფექციო ხსნარით. სასურველია, სამუშაოები რეზინის ხელათმანებით შეასრულოთ.

დაავადება გავრცელებულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.

მე-2 - დაავადება, რომელსაც აღნიშნავენ ფერმერები და  რომელიც დადოლებულ ცხვარს და ბატკანს ემართება, ვფიქრობთ, თავისი კლინიკური გამოხატულებით არის ცხვრის ინფექციური  ანაერობული ენტეროტოქსემია.  ცხვარში კლინიკა ტიპიურია მწვავე ფორმით. ხოლო რაც შეეხება ბატკანს, აქ მიმდინარეობს ქვემწავე ფორმით, რომელიც წააგავს მწვავე ფორმას, მხოლოდ ნაკლებად არის გამოხატული. ბატკანს აღენიშნება ფაღარათი, უმადობა, წყურვილი, ვითარდება ანემიურობა, სხეულის ტემპერატურა მაღალი არ არის.

ენტეროტოქსემიის ამთვისებელია ყველა ასაკის ცხვარი, მეტადრე ავადდება კარგად გამოკვებილი გაუმჯობესებული ჯიშის, სწრაფადმზარდი მოზარდი. სავარაუდოდ, მონაცემებით და სტატისტიკის დაყრდნობით, ცხვარში, მათ შორის ბატკანში, ენტეროტოქსემია გამოწვეულია pezfzingens ტიპი D-თი.

აუცილებელია გამოითიშოს ბრადზოტი, მოწამვლა, ჯილეხი, ლისტერიოზი, ვირუსული ჰეპატიტი, პასტერელოზი. არსებული დაავადება განსაკუთრებით ეშლებათ პასტერელოზში. პასტერელოზის დროს კი აღინიშნება ორგანოების სეპტიკური პროცესი, კრუპოზული პნევმონია, ჰემორაგიური დიათეზი. ზუსტი დიაგნოსტიკისთვის ყველა შემთხვევაში აუცილებელია
ბაქტერიოლოგური და სეროლოგიური გამოკვლევები.

ბუნებრივად დაავადებამოხდილი ცხოველი (რაც იშვიათია) იმუნიტეტს ერთ წლამდე იძენს. სპეციფიკური პროფილაქტიკისთვის გამოვიყენოთ ვაქცინები, ზუსტი ინსტრუქციის დაცვით და რეკომენდებული სქემა არაკეთილსაიმედო გარემოსთვის.

გავატაროთ ვეტერინალურ-სანიტარული ღონისძიებები, აუცილებელია სრულყოფილი კვება. საბოლოო გაუმჯობესებისთვის, იმუნიტეტის მაღალი დაჭიმულობის  მიზნით, გამოვიყენოთ ვიტამინი AD3E (განსაკუთრებით ზამთარში) და სელენის შემცველი პრეპარატები. შენობას და მიმდებარე ტერიტორიას ჩავუტაროთ დეზინფექცია.

მე-3 - ჩვენი ვარაუდით, ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა ბატკნის ანაერობული დიზენტერია, ქვემწვავე ფორმით. ზოგადად, მისი გამომწვევია   CL.pezfzingens ტიპი B,  მისი არსებობა ახალშობილი ბატკნის ნაწლავის შიგთავსში ამტკიცებს ამ დაავადების არსებობას.

ზუსტი დიაგნოზისთვის აუცილებელია ლაბორატიული კვლევები. მკურნალობისთვის გამოვიყენოთ ცხვრის ინფექციურ ენტეროტოქსემიის და ბატკნის ანაერობული დიზენტერიის საწაინააღმდეგო შრატი (სამწუხაროდ, ქვეყანაში არ გვაქვს). მკურნალობა ეფექტურია დაავადების დასაწყისში. შრატი + ანტიბიოტიკი. ანტიბიოტიკებიდან კარგად მუშაობს გენტამიცინი,  ტილოზინ ტარტრატი, სულფანილამიდები  და მათი კომბინაცია.

აქვე აღვნიშნავ, რომ ხშირ შემთხვევაში დაავადებები უკავშირდება ზამთარში ცხვრის სადგომის მძიმე სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებს.  ასევე, არასათანადო კვებას, მიკროელემენტებისა და ვიტამინების ნაკლებობას. ნაწილობრივ გვშველის ის, რომ თუშური ჯიშის ცხვარი გამძლეა დაავადების მიმართ და უმჯობესი იქნება თუ ამ თვისებების გამოცდას არ დავიწყებთ.

სასურველია, ფარაში გვყავდეს ერთი ჯიშის, მაგალითად, თუშური ჯიშის ცხვარი. სამრეწველო კუთხით არ არის სასურველი სხვადასხვა ჯიშის ცხვრის ერთად ყოფნა.

მეცხვარეობის დარგის გაძღოლის მომთაბარე ფორმის დროს, რომელიც შესაბამისობაშია ქვეყნის სპეციფიკურ-ბუნებრივ და სხვა საჭირო ორგანიზებული წარმოებისთვის აუცილებელ პირობებთან, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სქესობრივ-ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ცხვრის ფარების ჩამოყალიბებასა და დაკომპლექტებას.

გავითვალისწინოთ ცხვრის სულადობის აღწარმოება და მისი ბიოლოგიური ასპექტები. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ დოლი დაიწყოს ერთდროულად ადრე გაზაფხულზე მისი ჩატარების სწორი ორგანიზაციისთვის. ხოლო როდესაც დოლი  იწყება ნაწილობრივ დეკემბერში, შემდეგ ნაწილი - იანვარსა და თებერვალში, ეს ხელის შემშლელია ფარაში პროფილაქტიკურ-ვეტერინალური ღონისძიების ჩატარებისათვის და შექმნის სერიოზულ პრობლემებს.

"მომავლის ფერმერის" ვეტ.კონსულტანტი
ბიოლოგიის დოქტორი
მიხეილ ჭიჭაყუა


 
Copyright © 2017 AGRO.ge | All Rights Reserved. TOP.GE     Created By: Pro-Service