ანგარიშები
პრესა ჩვენ შესახებ
ჩვენი ფერმერები
ბლოგი
ვიდეოგაკვეთილები
ირიგაცია
ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების ფარგლებში შემუშავდა და 2015 წლის 1 ივლისიდან ძალაშია კარტოფილის კიბოს კონტროლის წესი. კარტოფილის კიბო საშიში საკარანტინო ობიექტია. საქართველში ის გავრცელებულია მაღალმთიან აჭარასა და სვანეთში.  აღნიშნული წესი არეგულირებს დაავადების გამომწვევი პათოგენის ფიტოსანიტარიულ კონტროლს და  მისი გავრცელების პრევენციას.

წესი ვრცელდება სასურსათო,  სარგავი და სათესლე კარტოფილის პირველად  წარმოებაზე, გადამუშავებასა და  დისტრიბუციაზე.   

წესის თანახმად, მოხდება პათოგენის ფიტოსანიტარიული კონტროლი და მისი გავრცელების პრევენცია. კარტოფილის   წარმოების ადგილებში  ჩატარდება  სახელმწიფო კონტროლი.

თუ მცენარეზე გამოვლინდება დაავადების ნიშნები ან ნიადაგში აღმოჩნდება პათოგენის  სულ მცირე ერთი სიცოცხლისუნარიანი სპორანგიუმი, ტერიტორიაზე გამოცხადდება მცენარეთა კარანტინი,  მოხდება საკარანტინო და ბუფერული ზონის დემარკაცია.

საკარანტინო ზონაში დაწესდება აკრძალვა და შეზღუდვა, რაც მინიმუმამდე დაიყვანს  პათოგენის გავრცელების რისკს. ფერმერი ვალდებულია დაიცვას კანონით გათვალისწინებული წესები.

საკარანტინო ზონაში აკრძალულია:

•    ნებისმიერი დანიშნულების კარტოფილისა და სარგავი მასალის მოყვანა
•    ნაკვეთის კულტივირების გარეშე  ბალახის საფარის ქვეშ დატოვება;
•    ზონიდან დაუშვებელია გაურეცხავი და მიწიანი ტექნიკისა და სამუშაო იარაღების  გამოტანა და შემდგომი გამოყენება.
•    საკარანტინო ზონაში  დასაშვებია სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანა თესლბრუნვის წესების დაცვით, გარდა კარტოფილისა და სხვა კულტურების სარგავი მასალისა.

 ბუფერულ ზონაში აკრძალულია:

•    პათოგენისადმი არარეზისტენტული ჯიშის დათესვა;
•    სასურსათო და სათესლე  კარტოფილის შენახვა იმავე საცავში, სადაც ინახებოდა პათოგენით დასნებოვნებული კარტოფილი.
•    დასაშვებია კარტოფილის მხოლოდ  რეზისტენტული   ჯიშების და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანა თესლბრუნვის წესების დაცვით.
•    საკარანტინო და ბუფერულ ზონებში ფიტოსანიტარიული სახელმწიფო კონტროლი უნდა ჩატარდეს შესაბამისი მეთოდოლოგიით სულ მცირე წელიწადში ერთხელ.
•    საკარანტინო ზონაში პათოგენის განადგურების მიზნით ტუბერები  უნდა დამუშავდეს  ორთქლში გატარებით, ჩამქრალი კირით ან სპეციალურად ამ მიზნისათვის განკუთვნილი სადეზინფექციო ხსნარით, ან გადამუშავდეს. სტოლონები და ღერო-ფოჩები  უნდა შეგროვდეს, ჩაიყაროს ორმოში, დაიფაროს ნიადაგის ფენით ან დაიწვას.
•    საკარანტინო ზონაში აკრძალვებისა და  შეზღუდვების  მოხსნა ხორციელდება სრულად ან ნაწილობრივ ინფიცირების ბოლო გამოვლენიდან  5-დან 20 წლის შემდეგ პათოგენის არსებობაზე ნიადაგის შესაბამისი კვლევების საფუძველზე.
•    კარანტინის  სრული მოხსნის შემდგომ არარეზისტენტული კარტოფილის პირველი მოსავალი ექვემდებარება სახელმიფო კონტროლს.
•    აკრძალვის სრულ მოხსნამდე აკრძალულია სასურსათო, სათესლე, სანერგე  დანიშნულების კარტოფილისა და  სხვა კულტურების სარგავი მასალის მოყვანა.
 
 
Copyright © 2017 AGRO.ge | All Rights Reserved. TOP.GE     Created By: Pro-Service