ანგარიშები
პრესა ჩვენ შესახებ
ჩვენი ფერმერები
ბლოგი
ვიდეოგაკვეთილები
ირიგაცია
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის პიროპლაზმოზი

(ნაბარევი, ციება, დასიცხვა, ტკიპარა)

პიროპლაზმოზი (Piroplasmosis არის სეზონური (საძოვრის პერიოდი), ჩვეულებრივ სპორადულად, უფრო იშვიათად ენზოოტურად (კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ტკიპების რაოდენობა ყოველწლიურად მკვეთრად იცვლება) მწვავედ მიმდინარე დაავადება, რომელიც ვლინდება მუდმივი ტიპის ციებ-ცხელებით, ანემიით, სიყვითლით, მუქი წითელი შარდის გამოყოფით. ეკონომიკური დანაკარგი ენზოოტიის პერიოდში წარმოიშვება დაავადებული ცხოველების დახოცვისა და ლაქტაციის  პერიოდში რძის პროდუქტიულობის დაქვეითების შეჯამებით.

პიროპლაზმოზი მწვავე ფორმით მიმდინარე მძიმე დაავადებაა, რომლის აღმძვრელია Piroplasma Bigeminum, მისი მკურნალობის დაწყება აუცილებელია დროულად, პირველი კლინიკური ნიშნის გამოვლენისთანავე.

რა უნდა ვიცოდეთ პიროპლაზმოზის შესახებ: დაავადების გადამტანია ერთმასპინძლიანი ტკიპა Boophilus Calcaratus. (პიროპლაზმებს გადასცემს ნიმფობის ფაზაში). უფრო იშვიათად ორმასპინძლიანი – Rhipicephalus bursa (იმაგოს ფაზაში) და სამმასპინძლიანი – Haemphyasalis punctata (იმაგოს ფაზაში).

 გამომწვევის არსებობის ხანგრძლვობა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ორგანიზმში 6-12 თვეა, თუმცა ზოგჯერ _ 12-16 კვირა.

 დაავადება გავრცელებულია დედამიწის ყველა კონტინენტის უპირატესად სამხრეთ ზონებში, სადაც გვხვდება გადამტანი ტკიპები. მიმდინარეობს ორი ან სამი ენზოოტური აფეთქების სახით (გაზაფხულზე, ზაფხულში და შემოდგომაზე), სპორადული შემთხვევები შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში.

დაავადება იწვევს:

1.            ღრმა ცვლილებებს ერითროციტებში (ერითროციტები იშლება).
2.            ვითარდება ანოქსემია (სისხლში ჟანგბადის ნაკლებობა).
3.            იწყება ცხოველების ინტოქსიკაცია
4.            ირღვევა თერმორეგულაცია, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობა.
5.            საქონელს ეწყება სტრესი, უნვითარდება კუნთების კანკალი, წინაგულებისა და პარკუჭების ატონია.
6.            შეიძლება განვითარდეს კიდურების პარეზი.


კლინიკური სიმპტომები:


1.            ცხოველს უქვეითდება მადა, დათრგუნულია.
2.            ლორწოვანი გარსები ყვითელია.
3.            ავადმყოფი ცხოველები ჯოგს ჩამორჩება, ხშირად წვანან
4.            რძის გამოყოფა მკვეთრად მცირდება.
5.            სუნთქვა გახშირებულია.
6.            სხეულის ტემპერატურა მატულობს 41-42 0с –მდე.
7.            მე-2-3 დღეს უვლინდებათ ლორწოვანი გარსის სიყვითლე.
8.            ვითარდება ყაბზობა და ფაღარათი.
9.            შარდის გამოყოფა ხშირდება.
10.          მძიმე შემთხვევაში შარდი იძენს სისხლნარევ შეფერილობას.

დაავადების ინკუბაციური პერიოდი 8-15 დღე.

ავადმყოფ ცხოველს თუ დროზე არ აღმოვუჩენთ დახმარებას, იგი იღუპება 5-7 დღეში.



მკურნალობა:

1.            ცხოველებს უნიშნავენ სრულ მოსვენებას.
2.            საკვებად აძლევენ კარგი ხარისხის თივას, ადვილად მოსანელებელ წვნიან საკვებს, საკმაო ოდენობის წყალს, წვრილად დაჭრილ ძირებს ან ფოთლებს, კომბოსტოს, რძეს, რძის შრატს.
3.            რეკომენდირებულია სამკურნალოდ გამოვიყენოთ პრეპარატი პიროტექსი B-12, პიროტექსი პლიუსი, დოზირება: პრეპარატი იხსნება 12,5-15მლ საინექციო ხსნარში (ვღებულობთ 7% ხსნარს), და კეთდება 1მლ 20კგ. ცოცხალ წონაზე კუნთში, დოზა 3,5 მგ მოქმედი ნივთიერება, 1კგ ცოცხალ წონაზე.
შეიძლება გამოვიყენოთ პიროტექსი-საინექციო (1მლ 15კგ ც.წ-ზე კუნთში). დაგვიანებულ შემთხვევაში, პიროტექსის ინექცია სასურველია გავიმეოროთ 24 საათში.
4.            ვნიშნავთ სიმპტომატურ საშუალებებს: საჭმლის გადამამუშავებებლი ორგანოების მოწესრიგებისათვის - გლაუბერის მარილს ( 400-600გრ  - 10 ლ. წყალში), ან სხვა საშუალებებს.
5.            გულსისხლძარღვთა და ნერვული სისტემებისათვის – კოფეინი, ვიტამინები, მიკროელემენტები, ნახშირწყლები და სხვ.

მკურნალობის დროს აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება პირველ რიგში ცოხნის აღდგენას, საჭმლის მომნელებელი სისტემის სწრაფ გაუმჯობესებას, შემდეგ მეწველი საქონლის წველადობას,  ეს შეიძლება მიაღწიოთ პრეპარატების “დასი”-ს, “ოლიგოფოსი”-სა  და “ლაივ-ისააკი”-ს გამოყენებით ინსტრუქციის მიხედვით.

პროფილაქტიკა:

ენზოოტურ კერებში დაავადების აფეთქების დასაწყისში ცხოველებს ეძლევათ პიროტექსი B-12, პიროტექს პლიუსი, თხევადი პიროტექსი, ტრიპანოსტოპი, ან სხვა საშუალებები, რომლებსაც უნარი აქვთ ორგანიზმი დაიცვას დაავადებისაგან 2-3 კვირის განმავლობაში.

მეურნეობებში უნდა ჩატარდეს ბრძოლა ტკიპებთან, უმთავრესად აგროტექნიკური და მელიორაციული ღონისძიებებით ტკიპების Boophilus Calaratus სტაციებისა და ბიოტოპების მოსპობის გზით.

საქართველოში – დაავადების პირველი აფეთქება აპრილი-მაისი, მეორე – ივლისი, მესამე - აგვისტოს ბოლოდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე.

დიფერენცირება:

პიროპლაზმოზის დიფერენცირება აუცილებელია ჯილეხისაგან და ლეპტოსპიროზისაგან.

ჯილეხის (ციმბირული წყლული) დროს სისხლი მუქი ფერისაა, არ დედდება, ცხოველს აქვს ქოშინი, იგი დათრგუნულია ძლიერი ციებ-ცხელების გამო, ქიმიოპრეპარატები არაეფექტურია, ცხოველი სწრაფად კვდება.

ლეპტოსპიროზისა და პიროპლაზმოზის საერთო ნიშანი ჰემოგლობინურია. ლეპტოსპიროზის დროს სიყვითლე მკვეთრად არის გამოხატული, მკურნალობის შემდეგ სიყვითლე კვლავ აღინიშნება. ნორმალური ტემპერატურის დროს შეიძლება გამოვლინდეს სისხლიანი შარდი.

ყველაზე კარგი დაცვა დაავადებისგან არის პროფილაქტიკა!

 

მიხეილ ჭიჭაყუა ,"ასოციაცია მომავლის ფერმერი".
მთავარი ვეტექიმი, ბიოლოგიის დოქტორი

 
Copyright © 2017 AGRO.ge | All Rights Reserved. TOP.GE     Created By: Pro-Service