ანგარიშები
პრესა ჩვენ შესახებ
ჩვენი ფერმერები
ბლოგი
ვიდეოგაკვეთილები
ირიგაცია
ბოცვრის დაავადებები
 
ინფექციური რინიტი
 
რინიტის დროს აღინიშნება ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ჰყპერემია. ბოცვერს აცემინებს, თათებით ისრესს ცხვირს. ცხვირიდან გამოეყოფა სეროზული, მოგვიანებით კი ლორწოვანი გამონადენი. რინიტის სამკურნალოდ დღეში 1-2-ჯერ ყოველ ნესტოში შეჰყავთ 5-6 წვეთი ეკმონოვოცილინი (1 ნაწილი პრეპარატი + 2 ნაწილი ფიზიოლოგიური ხსნარი ან ანადუღარი წყალი) ანდა ფურაცილინის 1% ხსნარი, შერეული პენიცილინის ხსნართან, რომელიც შეიცავს 15-20 ათ. ერთ. 1 მგ-ზე.

ინფექციური სტომატიტი (“სველი დრუნჩი”)

ინფექციური სტომატიტი (“სველი დრუნჩი”). აღმძვრელი - ვირუსი. ავადდება ძირითადად მოზარდეული წოვების პერიოდიდან (20-25 დღე) 2 თვემდე. ზრდასრული ბოცვრები იშვიათად ავადდებიან. დაავადების სეზონურობა არ აღინიშნება. დასნებოვნების წყაროს წარმოადგენენ ავადმყოფი ცხოველები. დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს შენახბის ანტისანიტარიული პირობები, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებები, მომატებული ტენიანობა, ბოცვრების შექუჩებული შენახვა. საინკუბაციო პერიოდი 2-4 დღეა.
დაავადების ნიშნები. დაავადების დასაწყისში აღინიშნება პირის ღრუს ლორწოვანი გარსის გაწითლება, შემდეგ ენაზე ჩნდება თხელი მოთეთრო აპკები, რომლებიც ერთმანეთს ერწყმის და ქმნის მთლიან ნადებს, ნორმალური ლორწოვანასგან გამოყოფილს მოწითალო არშიით. შემდგომში ენაზე წარმოიქმნება წყლულები. პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანებას თან სდევს ჭარბი ნერწყვდენა. ნერწყვდენის დაწყებასთან ერთად ბაჭიები ხდებიან ნაკლებმოძრავები, ცუდად ჭამენ და სვამენ და შედეგად სწრაფად ხდებიან. ხშირად აღენიშნებათ ფაღარათი. დაავადების მძიმე მიმდინარეობის შემთხვევაში ბოცვრები იღუპებიან მე-4-5 დღეს.

პროფილაქტიკა და მკურნალობა. ავადმყოფ ცხოველებს უტარებენ იზოლაციას, გალიებსა და ინვენტარს ადეზინფიცირებენ. ავადმყოფ და მათთან ერთად მყოფ ბოცვრებს მკურნალობენ. ყოველდღიურად 2-3 დღის განმავლობაში პირში აყრიან თეთრი სტრეპტოციდის ან სულფადიმეზინის ფხვნილს დოზით 0,1-0,2 გ, ბიომიცინს დოზით 0,01 გ, პენიცილინს - 0,05-0,1 გ. პირის ღრუში უსვამენ სპილენძის შაბიამნის 2% ხსნარს ან სტრეპტოციდის ემულსიას დღეში 1-2-ჯერ 3-4 დღის განმავლობაში, ანდა შემდეგი შემადგენლობის მალამოს: პენიცილინი - 200 ათ. ერთ., ლანოლინი - 30 გ, თეთრი სტრეპტოციდი - 2 გ, თეთრი ნეიტრალური ვაზელინი - 170 გ, აგრეთვე კუნთში ერთჯერადად შეჰყავთ პენიცილინი დოზით 25-50 ათ. ერთ. ანდა ოქსიტეტრაციკლინი - 30-50 ათ. ერთ. 1 კგ ცოცხალ მასაზე.

კოლიბაქტერიოზი

კოლიბაქტერიოზი. აღმძვრელი - ნაწლავის ჩხირი. დაავადებისადმი ყველაზე მიდრეკილნი არიან ახალგაზრდა ბოცვრები. დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს საკვები, წყალი, რომელიც შეიცავს ფეკალიებს, სადაც ბუდობს ნაწლავის ჩხირის პათოგენური შტამები. დაავადების წარმოქმნას ხელს უეყობს ორგანიზმის დასუსტება ცუდი კვების შედეგად, უხარისხო საკვები, კოქციდიოზი, ჰელმინტოზები და სხვა ფაქტორები.
დაავადების ნიშნები. კოლიბაქტერიოზის დროს აღინიშნება დათრგუნული მდგომარება, ბოცვრები ცუდად ჭამენ საკვებს, უჩნდებათ ფაღარათი, სწრაფად ხდებიან და 2-8 დღეში იღუპებიან. გაკვეთისას ვლინდება ძლიერი ცვლილებები ნაწლავში: ლორწოვანი გარსი ჰიპერემირებულია, შეშუპებულია, ლორწოვანაში და სეროზული გარსის ქვეშ სისხლჩაქცევებია. ნაწლავის სანათურში ხშირად ნახულობენ სისხლიან ლორწოს. განსაკუთრებით ძლიერი ცვლილებები აღინიშნება კოლინჯსა და ბრმა ნაწლავში, სადაც ლორწოვანა ძლიერ სივდება და ალაგ-ალაგ აშრევდება კიდეც.

ლისტერიოზი

ლისტერიოზი. აღმძვრელია მიკრობი ლისტერია. ავადდებიან მრავალი სახის ცხოველები და ადამიანი. ლისტერიოზი შეიძლება გაჩნდეს წელიწადის ყველა დროს. ბოცვრებში ავადდებიან ძირითადად მაკე მდედრები. დასნებოვნების წყაროს წარმოადგენენ ლისტერიოზით დაავადებული ცხოველები, რომლებიც გამოყოფენ ინფექციას ცხვირიდან გამონადენთან, შარდთან, განავალთან, აბორტირებულ ნაყოფთან ერთად, აგრეთვე თაგვისებრი მღრღნელები, რომლებიც ლისტერიებით აბინძურებენ საკვებს, წყალს, ქვეშაგებს.

დაავადების ნიშნები. დაავადება მიმდინარეობს ზემწვავე, მწვავე, ქვემწვავე, ქრონიკული და ატიპიური ფორმით. ზემწვავე მიმდინარეობისას მაკე მდედრი ბოცვრები უეცრად იღუპებიან ბაჭიების დაყრის დღეს ხილული კლინიკური ნიშნების გარეშე. ყველაზე ტიპიურია მწვავე ფორმა, რომლის დროსაც მაკეობის მეორე ნახევარში მდედრებს ეშლებათ მუცელი. ამ დროს აღინიშნება არა ყველა ნაყოფის, არამედ მხოლოდ ნაწილის გამოდევნება. საშვილოსნოში დარჩენილი ნაყოფები ხელით ისინჯება. აბორტის შემდეგ მდედრი ბოცვრები უარს ამბობენ საკვებზე, ხდებიან, ბალანი აბურძგნული აქვთ. საშოდან გამოიყოფა ჭუჭყიან-ყავისფერი გამონადენი. დაავდება გრძელდება 2-4 დღეს და თითქმის ყოველთვის სრულდება დაღუპვით. ქვემწვავე და ქრონიკული ფორმის დროს აბორტები არ ხდება, მაგრამ საშვილოსნოში ჩნდება ანთებითი პროცესები, ნაყოფების დაღუპვა და მათი გახრწნა. მდედრი ბოცვრების უმეტესობა იღუპება მე-10-15 დღეს, ზოგჯერ 1-2 თვის შემდეგ. ატიპიური ფორმის დროს მდედრები გამოდევნიან ყველა ნაყოფს ან მოიგებენ მკვდარ ან ცოცხალ ბაჭიებს, რომლებიც იღუპებიან პირველ 6-7 დღეში. გაკვეთისას საშვილოსნოში აღმოაჩენენ გახრწნილ ნაყოფებს. ღვიძლი გადიდებულია, მომჩვარულია, წერტილოვანი ნეკროზული დაზიანებებით, ელენთა გადიდებულია, შეშუპებულია, ნეკროზის წვრილი წერტილოვანი კერებით.

პროფილაქტიკა და მკურნალობა. ყველა ავადმყოფ თუ დაავადებაგადატანილ ბოცვერს გამოარიდებენ საერთო ჯოგიდან და დაკლავენ, გვამებსა და აბორტირებულ ნაყოფებს დაწვავენ. ხორცის გამოყენება ნებადართულია მხოლოდ დაკვლის ადგილზე ორსაათიანი ხარშვის შემდეგ. ტყავებს ადეზინფიცირებენ. ატარებენ ინვენტარისა და გალიების დერატიზაცია-დეზინფექციას. მომსახურე პერსონალმა უნდა დაიცვას პირადი ჰიგიენის ზომები. მეურნეობას ადებენ კარანტინს, რომელიც იხსნება 2 თვეში დაავადების ლიკვიდაციისა და დასკვნითი დეზინფექციის ჩატარების შემდეგ. სპეციფიკური პროფილაქტიკისათვის დადებითი შედეგით გამოცდილია “აუფ”-ის შტამისაგან დამზადებული ვაქცინა. ვაქცინის ოპტიმალურ მაიმუნიზებელ დოზებს წარმოადგენს: კუნთში ერთჯერადი შეყვანისას - 10 მლრდ მიკრობული სხეული, ორჯერადისას - 4 და 6, კანქვეშ შეყვანისას - შესაბამისად 20 და 10-20, აეროგენურისას - 10 მლრდ მიკრობული სხეული. იმუნიტეტი წარმოიქმნება ვაქცინაციიდან 3-5 დღეში, მისი ხანგრძლივობაა 5 თვემდე. მკურნალობა შემუშავებული არ არის.

მიქსომატოზი

მიქსომატოზი. აღმძვრელია ვირუსი. მიქსომატოზისადმი მგრძნობელნი არიან გარეული და შინაური ბოცვრები. ინფექციის წყაროს წარმოადგენენ მიქსომატოზით დაავადებული და დაავადებაგადატანილი ბოცვრები და კურდღლები. დაავადების აფეთქებები უფრო ხშირად აღინიშნება ზაფხულში და შემოდგომაზე. ვირუსის ძირითადი გადამტანებია მწერები (კოღოები, მოსკიტები) და ექტოპარაზიტები (ტილები, რწყილები, ტკიპები). მექანიკური გადამტანები შეიძლება იყვნენ ფრინველები, ცხოველები, ადამიანი, აგრეთვე ინფიცირებული საკვები, მოვლის საგნები. საინკუბაციო პერიოდი 2-20 დღეა.

დაავადების ნიშნები. დაავადება მიმდინარეობს ორი ფორმით: კლასიკური (შეშუპებითი) და კვანძოვანი (ატიპიური). კლასიკური ფორმის დროს ვლინდება ორმხრივი კონიუნქტივიტი, რომელიც გადადის ბლეფაროკონიუნქტივიტში (ამ დროს ქუთუთოები უსივდებათ, აღინიშნება თვალებიდან ჯერ სეროზული, შემდეგ კი ჩირქოვანი გამონადენი). ვლინდება ჩირქოვანი გამონადენი ცხვირის ღრუდან (რინიტი). თავზე, მკერდზე, ზურგზე უჩნდებათ შეშუპებები, რომლებიც ერთმანეთს ერწყმის და ბოცვერს აძლევს მახინჯ ფორმას (გასიებული თავი, ყურები). აღინიშნება შეშუპება სასქესო ორგანოებისა და ანალური ხვრელის არეში. დაავადება გრძელდება 4-10 დღეს და ჩვეულებრივ მთავრდება სიკვდილით. ცალკეული ინდივიდები შეიძლება გამოჯანმრთელდნენ, თუმცა ხდებიან ვირუსის მატარებლები. სხეულის ტემპერატურა მატულობს 40-41,5°C-მდე. კვანძოვანი ფორმისას დაავადება მიმდინარეობს უფრო მსუბუქად. ბოცვრებს თავზე, ყურის ნიჟარებზე, ზურგზე, ქუთუთოებზე უჩნდებათ გამონაყარი (კვანძები), რომლებიც მე-10-14 დღეს ნეკროტიზირდება. გამოჯანმრთელებისას ნეკროზის კერები ხორცდება 2-3 კვირის განმავლობაში.

პროფილაქტიკა და მკურნალობა. ბოცვრებში მიქსომატოზის ნიშნების მქონე დაავადების გამოვლენისას ვეტერინარულმა სპეციალისტმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ამის შესახებ რაიონის (ქალაქის) მთავარ ვეტერინარულ ექიმს. ვაქცინაციას უტარებენ 45 დღიდან მოყოლებული და უფროსი ასაკის. კარანტინს არაკეთილსაიმედო პუნქტიდან მოხსნიან 15 დღეში დაავადების ბოლო შემთხვევიდან და მასში ბოცვრების განადგურებიდან (დაკვლიდან). კარანტინის მოხსნის შემდეგ აკრძალულია ბოცვრების შემოყვანა 2 თვის განმავლობაში, ხოლო საშიშ ზონაში _ 1 თვის განმავლობაში. შემოსაყვანი ბოცვრები ექვემდებარებიან ვაქცინაციას მიმწოდებელ მეურნეობებში, რომლებიც აკეთებენ შესაბამის ჩანაწერს ვეტერინარულ დოკუმენტში. მსხვილ მებოცვრეობის ფერმებს აკომპლექტებენ მხოლოდ რესპუბლიკის, მხარის, ოლქის ვეტერინარული ორგანოების ნებართვით. მკურნალობა მიქსომატოზის დროს შემუშავებული არ არის.

პასტერელოზი (ჰემორაგიული სეპტიცემია)

პასტერელოზი (ჰემორაგიული სეპტიცემია). გამოწვევი - პასტერელა. პასტერელოზისადმი მგრძნიბიარენი არიან ყველა ასაკის ბოცვრები. ინფექციის წყაროა ავადმყოფი ბოცვრები და პასტერელოზისადმი მგრძნობიარე სხვა სახის ცხოველები (მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ღორები, ცხვრები, ბატები, ფრინველები და სხვ.). ინფექციას შეიძლება ავრცელებდნენ ადამიანები (ტანსაცმელთან, ფეხსაცმელთან ერთად), ფრინველები, მღრღნელები. საინკუბაციო პერიოდი - 5-10 საათი.

დაავადების ნიშნები. ავადმყოფი ბოცვრები დათრგუნულნი არიან, უარს ამბობენ საკვებზე, სუნთქვა გახშირებულია, ტემპერატურა მატულობს 41-41,5°C-მდე, დაავადების ბოლოსთვის იკლებს 33-36°C-მდე, ხშირად აღენიშნებათ სეროზული გამონადენი ცხვირის ღრუდან და ფაღარათი. 1-3 დღეში ბოცვრები იღუპებიან. გაკვეთისას გამოავლენენ წერტილოვან სისხლჩაქცევებს ფილტვებში, ჩიჩახვის ჯირკვალში, გულში და ლიმფურ კვანძებში, ხშირად ღვიძლში, ნაწლავებში, თირკმლებში, შარდის ბუშტში. ელენთის ზომები გადიდებულია. დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს ზოლისებრი სისხლჩაქცევები სასუნთქი მილის რგოლებს შორის.

პროფილაქტიკა და მკურნალობა. ავადმყოფ ბოცვრებს კლავენ ან უტარებენ იზოლირებას, გალიებსა და ინვენტარს ადეზინფიცირებენ, ნაკელს, ქვეშაგებს, გალიებიდან ამოღებულ საკვებს ანადგურებენ. დაკლული ბოცვრების ტყავებს უტარებენ დეზინფექციას. დაკლული ბოცვრების ხორცი 1-საათიანი ხარშვის შემდეგ შეიძლება გამოიყენებოდეს ადამიანების საკვებად. შინაგან ორგანოებს ანადგურებენ. ბრძოლისა და პროფილაქტიკის სპეციფიკურ საშუალებებად იყენებენ ბოცვრების პასტერელოზის საწინააღმდეგო ვაქცინას. საინკუბაციო პერიოდში მყოფი ბოცვრების დახოცვის თავიდან ასაცილებლად ვაქცინაციის წინ კუნთში ერთჯერადად შეჰყავთ 1 მლ ტერამიცინის 20% ხსნარი 1 კგ ცოცხალ მასაზე ანდა ორჯერადად 8-10 საათის ინტერვალით - ბიომიცინი იმავე დოზით. შემდეგ დეზინფექციას უტარებენ ყველა გალიას, ინვენტარს, აღჭურვილობას ერთი დღე-ღამის განმავლობაში, რადგანაც პასტერელებზე ანტიბიოტიკების მოქმედების ვადა 24 საათია. მეორე დღეს ყველა ბოცვერს (ავადმყოფების გარდა) უტარებენ იმუნიზებას ექსტრაქტ-ფორმოლის ვაქცინით. ვაქცინა შეჰყავთ ორჯერადად 7 დღის ინტერვალით შემდეგი დოზებით: 40 დღიდან სამ თვემდე ასაკის ბოცვრებს პირველ დღეს 1 მლ, 7 დღეში - 2 მლ, სამ თვეზე უფროსებს = შესაბამისად 1,5 და 3 მლ. იმუნიტეტი დგება ვაქცინაციიდან მე-5-10 დღეს და გრძელდება არანაკლებ 15 თვისა. 40 დღეზე უმცროსი ასაკის ბოცვრებს ჯერ შეუყვანენ შრატს სასოფლო-სამეურნეო ცხოველების ჰემორაგიული სეპტიცემიის წინააღმდეგ დოზით 4 მლ 1 კგ ცოცხალ მასაზე, ხოლო 40 დღის ასაკის მიღწევის შემდეგ უტარებენ ვაქცინაციას. ბორცვრების აღნიშნულ ვაქცინაციას და შრატის შეყვანას აგრეთვე ატარებენ საფრთხის ქვეშ მყოფ მეურნეობებში. არაკეთილსაიმედო მეურნეობებს ადებენ კარანტინს. მას მოხსნიან 14 დღეში ავადმყოფი ბოცვრის დაღუპვის ან დაკვლის ბოლო შემთხვევისა და დასკვნითი დეზინფექციის ჩატარების დღიდან.

მკურნალობა: კუნთში ოქსიტეტრაციკლინის ერთჯერადი შეყვანა დოზით 20 მგ 1 კგ ცოცხალ მასაზე ანდა ბიომიცინის ორჯერადი შეყვანა იმავე დოზით 8-10 საათის ინტერვალით. საბოცვრეებში სამკურნალოდ იყენებენ ოქსიტეტრაციკლინის, ლევომიცეტინის ან ბიომიცინის აეროზოლებს კონცენტრაციით 1,5-2,0 გ 1 კგ ჰაერზე. დამუშავებას ატარებენ დღე-ღამეში ერთხელ 5 დღის განმავლობაში 1 საათიანი ექსპოზიციით. გარდა ამისა, სამკურნალოდ შეიძლება რიგი პრეპარატების დამატება საკვებში 5 დღის განმავლობაში: ოქსიტეტრაციკლინი, ნეომიცინი და ნატრიუმ სულფაპირიდაზინი დოზით 20 მგ და ნარევები - 20 მგ ოქსიტეტრაციკლინი 300 მგ ნორსულფაზოლით; 20 მგ ტეტრაციკლინი 100 მგ სულფაპირიდაზინით; 20 მგ ლევომიცეტინი 100 მგ სულფაპირიდაზინით 1 კგ ცოცხალ მასაზე.

სალმონელოზი (პარატიფი)

სალმონელოზი (პარატიფი). აღმძვრელები პარატიფის ჯგუფის მიკრობები - სალმონელებია. ავადდებიან ყველა ასაკუს ბოცვრები, უფრო ხშირად ერთიდან სამ თვემდე ასაკის მოზარდეული, აგრეთვე მრავალი სახეობის ცხოველები (მღრღნელები, ღორები, ცხვრები, ხბოები, მელიები, ყარსაღები, ნუტრიები, წაულები), ფრინველები (იხვები, მტრედები და სხვ.) და ადამიანი. ინფექციის წყაროა ავადმყოფი ცხოველები, რომლებიც ასნებოვნებენ საკვებს, წყალს, ქვეშაგებს, ინვენტარს.

დაავადების ნიშნები. ავადყოფი ბოცვრები მოთენთილები არიან, უარს ამბობენ საკვებზე, ხშირად აღენიშნებათ ფაღარათი. მაკე მდედრებს აღენიშნებათ მეტრიტები და აბორტები. დაავადება, როგორც წესი, მწვავედ მიმდინარეობს, და 2-5 დღეში (უფრო იშვიათად - 2-3 კვირაში) ბოცვრები იხოცებიან. გაკვეთისას გამოუვლინდებათ კუჭისა და ნაწლავის ლორწოვანას ანთება, ელენთის გადაგვარება და გადიდება. მდედრებში მეტრიტების დროს საშვილოსნოს ლორწოვანა ანთებულია, ხოლო სეროზული გარსის ქვეშ ჩანს წვრილი ჩირქგროვები.

პროფილაქტიკა და მკურნალობა. არაკეთილსაიმედო მეურნეობას ხურავენ საკარანტინოდ. ავადმყოფ ცხოველებს აქცევენ იზოლაციაში, გალიებსა და ინვენტარს უტარებენ დეზინფექციას. ავადმყოფ ბოცვრებს მკურნალობენ ფურაზოლიდონით, რომელსაც აძლევენ 2-ჯერ დღეში პირის მეშვეობით ანდა საკვებთან ერთად ანგარიშით 30 მგ 1 კგ ცოცხალ მასაზე 7 დღის განმავლობაში. დაკლული ავადმყოფი ბოცვრების ხორცი საკვებად დასაშვებია მხოლოდ 1,5-საათიანი ხარშვის შემდეგ. გამოფიტულ ბოცვრებს დაკლავენ და უტარებენ უტილიზებას. კარანტინს ხსნიან 30 დღეში დაავადების ბოლო შემთხვევისა და დასკვნითი დეზინფექციის ჩატარების შემდეგ.

სტაფილოკოკოზი

სტაფილოკოკოზი. დაავადების აღმძვრელია სტაფილოკოკი. სტაფილოკოკოზისადმი მგრძნობიარენი არიან ყველა ასაკის ბოცვრები. ინფექციის ძირითადი წყაროა ავადმყოფი ცხოველები. დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს შენახვის ანტისანიტარიული პირობები, შექუჩულობა, ტრავმები, დაკბენილობა და ა.შ.

კლინიკური ნიშნების გამოვლენის ხასიათის მიხედვით სტაფილოკოკოზები დაიყოფა ახალშობილი ბაჭიების სეპტიკოპიემიად (პიოდერმია), მოხეტიალე პიემიად, მასტიტად, ზოგად სეპტიცემიად.

ახალშობილი ბაჭიების სეპტიკოპიემიას თან სდევს 1-5 დღის ბაჭიებში ფეტვის მარცვლის ზომის მრავალრიცხოვანი ჩირქგროვების გამოჩენა. როგორც წესი, ასეთი ბაჭიები რამდენიმე დღეში იხოცებიან.

მოხეტიალე პიემია ხასიათდება ყველაზე ხშირად კანქვეშ (უფრო იშვიათად - ორგანოებში) ცერცვის მარცვლიდან ვაშლამდე ზომის მკვეთრად შემოსაზღვრული აბსცესების წარმოქმნით. თვალის კაკლის უკან აბსცესის წარმოქმნისას აღენიშნება თვალის ამობურცვა.

მასტიტის (სარძევე ჯირკვლის ანთება). მასტიტის მიზეზი შეიძლება იყოს კერტების დაკბენა ბაჭიების მიერ, ტრავმები ჩასადგმელი საბუდარი ყუთების კიდეებისაგან და სხვ. მასტიტის თავიდან ვლინდება სარძევე ჯირკვლის დაზიანებული წილის გაწითლებითა და შეშუპებით, შემდეგ მისი გამაგრებით. სარძევე ჯირკვალზე მიჭერით კერტებიდან გამოიყოფა სქელი რძე ჩირქის მინარევით. კანქვეშ და სარძევე ჯირკვალში ხშირად წარმოიქმნება აბსცესები.

ზოგადი სეპტიცემია. ამ დროს სტაფილოკოკები ხვდება სისხლში და ვრცელდება მთელ სხეულში, აბსცესები ჩნდება სხვადასხვა ორგანოებში (ფილტვები, ღვიძლი, თირკმლები, კუნთები). აბსცესების მოხვედრისას მუცლის ღრუში ბოცვრები იღუპებიან. დაავადებას თან სდევს გახშირებული სუნთქვა, ტემპერატურის მომატება 41-42°C-მდე, დათრგუნული მდგომარეობა.
 
სტაფილოკოკოზებთან საბრძოლველად ჩასატარებელია შემდეგი პროფილაქტიკური ღონისძიებები: ბოცვრების სისტემატური კლინიკური გასინჯვა და ავადმყოფი ბოცვრების დაუყოვნებლივ იზოლაცია, საბუდე განყოფილებების ან საბუდე ყუთების დეზინფექცია ბაჭიების მოგების წინ, მდედრებისა და ახალშობილების გასინჯვა მოგების შემდეგ პირველ 5-7 დღეში და ავადმყოფების მოცილება. საბოცვრეებში მუდმივად აკეთებენ ჰაერის ბაქტერიული დაბინძურების საკონტროლო აზომვებს და ატარებენ მის გაუსნებოვნებას რძემჟავით, წყალბადის ზეჟანგით, ქლორსკიპიდარის აეროზოლით.

სეპტიკოპიემიის დროს ბაჭიებისათვის მცირე დაზიანებების შემთხვევაში შეჰყავთ კუნთში 10-20 ათ. ერთ. ბიცილინი. ჩირქგროვებს კანზე ყოველდღე უსვამენ კარბოლმჟავის 30% ხსნარს ან ბრილიანტის მწვანეს 50% ხსნარს.

მოხეტიალე პიემიის დროს ოპერატიული გზით აცილებენ აბსცესებს კაფსულასთან ერთად, ღრუს გამორეცხავენ რივანოლის, წყალბადის ზეჟანგის, პენიცილინის ხსნარით, ჭრილობას აყრიან მადეზინფიცირებელ ფხვნილს ან უსვამენ მალამოს. თუ აბსცესის ამოკვეთა ვერ ხერხდება, სისხლდენის შეჩერების შემდეგ ამოიღებენ ჩირქს, ღრუს ამორეცხავენ, ჭრილობას დაამუშავებენ მადეზინფიცირებელი ხსნარით. კუნთში ერთჯერადად შეჰყავთ ბიცილინი დოზით 15-20 ათ. ერთ. 1 კგ ცოცხალ მასაზე ანდა 2-3 დღის განმავლობაში დღეში ორჯერ პენიცილინი ან სტრეპტომიცინი იმავე დოზით.

მასტიტის დროს სარძევე ჯირკვლის ნაკბენების, ნაკაწრებისა თუ გამაგრების მკურნალობას ატარებენ ქაფურის, იქტიოლის, პენიცილინის, სინტომიცინის, სტრეპტომიცინის მალამოს წასმითა და შეზელვით. კუნთში შეჰყავთ დღეში 2-ჯერ 2-3 დღის განმავლობაში პენიცილინი ან სტრეპტომიცინი დოზით 15-20 ათ. ერთ. ანდა ბიცილინი დღეში ერთხელ იმავე დოზით 1 კგ ცოცხალ მასაზე.
ტულარემია

ტულარემია. ბევრი ცხოველის, ფრინველისა და ადამიანის საშიში ინფექციური დაავადებაა. განსაკუთრებით ხშირად ავადდებიან მღრღნელები: თაგვები, ვირთაგვები, თრიები.

ტულარემიისადმი მგრძნობიარენი არიან ასევე ბოცვრები, ცხვრები, თხები, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხენები, იხვები, ბატები.
ინფექციური საწყისის ძირითადი გამავრცელებლები არიან თაგვისებრი მღრღნელები. ინფექციის წყაროდ შეიძლება იყვნენ: დაავადებული კურდღლები, გარეული ბოცვრები, ონდატრები, თახვები, ენოტისებრი ძაღლები, კაკბები, ქორები და სხვ. აღმძვრელებს ერთი ცხოველებისაგან მეორეებს გადასცემენ ტკიპები, კოღოები, ბუზები და რწყილები. ბოცვრებში ინფექციის საშიშ გამავრცელებლებს წარმოადგენენ ბოცვრის ტილები. დაავადება ცხოველებისაგან გადადის ადამიანზეც.

ტულარემიის დიაგნოზის დასმა შეუძლია მხოლოდ სპეციალისტ ვეტერინარს. შინაურ ბოცვრებში, როგორც წესი, ვლინდება არამკაფიოდ, მოგვაგონებს სტაფილოკოკოზს, ზოგჯერ სნეულების საერთოდ არავითარი ნიშნები არ შეიმჩნევა (ფარული ფორმა). მტკივნეული პათოლოგიური პროცესი ხასიათდება ლიმფური კვანძების (ჯირკვლების) დაზიანებით. მათ ცენტრში წარმოიქმნება ჩირქგროვები, რომლებიც ხშირად სკდება. უმეტეს შემთხვევებში დაავადებული ცხოველები იღუპებიან. ტულარემიაგადატანილები იძენენ მის მიმართ ხანგრძლივ არამგრძნობელობას (იმუნიტეტს).
დახოცილი ბოცვრების გაკვეთისას ყურადღებას იქცევს კისრის, იღლიისა და მენჯის ჯირკვლების (ლიმფური კვანძების) ძლიერი გადიდება. ქსოვილები მათ ირგვლივ შეშუპებულია. თავად ლიმფური კვანძები გავსებულია სისხლით. ფილტვებში, ღვიძლში, ელენთასა და მუცლის აპკში ნახულობენ წვრილ მრავლობით ჩირქგროვებს.

დაავადების ზუსტი განსაზღვრისათვის უნდა ჩატარდეს ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა. ის აუცილებელია ყველა საეჭვო შემთხვევაში.
ტულარემიასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტიან ზომას წარმოადგენს ვეტერინარულ-სანიტარიული წესების მკაცრი დაცვა. საჭიროა ფერმაზე თაგვისებრი მღრღნელებისა და სისხლისმწოველი მწერების რეგულარული მოსპობა, პირადი პროფილაქტიკის საგულდაგულოდ დაცვა (ხელების დეზინფიცირება, ხალათებით მუშაობა, ცხოველების გაკვეთა მხოლოდ ხელთათმანებით და ა.შ.).

ტულარემიის მხრივ არაკეთილსაიმედო მეურნეობებს ადებენ 20-დღიან კარანტინს.
დასნებოვნებაზე ეჭვმიტანილ ყველა ბოცვერს უტარებენ იზოლირებას. ავადმყოფებს დაკლავენ, გვამებს ანადგურებენ ტყავებიანად. ტულარემიის მხრივ არაკეთილსაიმედო ადგილებში აკრძალულია წყლის აღება და ბალახის თიბვა.

სირსველი

ბოცვრები ავადდებიან ორი სახის სირსველით - ტრიქოფიტიითა და მიკროსპორიით. ტრიქოფიტიის ძირითადი მატარებლები არიან სახლისა და მინდვრის თაგვები, ვირთაგვები და სხვა მღრღნელები, მიკროსპორიისა - კატები. დაავადებისადმი მგრძნობიარეა ადამიანი, ყველა სასოფლო-სამეურნეო ცხოველი და მხეცი. მოზარდეული უფრო მიდრეკილია სირსველით დაავადებისადმი, ვიდრე ზრდასრულები. დაავადება საყოველთაოდ გავრცელებულია. ბოცვრების დასნებოვნების ძირითადი გზაა უშუალო კონტაქტი ავადმყოფ ცხოველებთან და დასნებოვნებულ საგნებთან (გალიები, საკვები, ქვეშაგები). დაავადება თავს იჩენს წელიწადის ყველა დროში, უფრო ხშირად - მეურნეობაში მოზარდეულის დიდი თავშეყრის დროს. საინკუბაციო პერიოდი შეადგენს 8-30 დღეს.
 
დაავადების ნიშნები. ტრიქოფიტია მიმდინარეობს კარგად გამოხატული კლინიკური ნიშნებით. ყველაზე ხშირად კანის დაზიანებულ უბნებზე (თავი, კისერი, კუდურები) აღინიშნება აქერცვლა და ბალნის ჩამოტყდომა, შემდეგ ჩნდება სიმელოტეები, რომლებზედაც წარმოიქმნება წვრილი ბუშტუკები, რომლებიც მალე ხმება და იფარება მოთეთრო-მორუხო ფუფხით. დაზიანების უბნები თანდათან იზრდება და ფართოვდება პერიფერიისაკენ.

მიკროსპორია მიმდინარეობს ფარული ფორმით. ბოცვრებში დაზიანების კერები შეიძლება აღმოვაჩინოთ ყურის ნიჟარებზე მომრგვალო ვარდისფერი უბალნო ლაქების სახით, რომლებსაც მცირედ ექერცლებათ კანი. ავადმყოფების გამოვლენა შეიძლება მხოლოდ ПРК-2, ПРК-4, Л-80 ლუმინესცენტური, ვუდის ფილტრიანი ნათურების მეშვეობით. სიბნელეში დაზიანებული ბალანი ანათებს ზურმუხტისფერ-მწვანედ. დაავადებაგადატანილ ცხოველებს ექმნებათ იმუნიტეტი.

პროფილაქტიკა და მკურნალობა. ტრიქოფიტიის ან მიკროსპორიის დროს არაკეთილსაიმედო მეურნეობებში ატარებენ ბოცვრების კლინიკურ გასინჯვას. ავადმყოფ და დაავადებაზე საეჭვო ცხოველებს კლავენ. ხორცს იყენებენ შეუზღუდავად, ტყავებს უტარებენ დეზინფექციას. ყველა დანარჩენ ბოცვერს აძლევენ საკვებთან ერთად სოკოსსაწინააღმდეგო ანტიბიოტიც გრიზეოფულფინს: ტრიქოფიტიის დროს _ დოზით 10 მგ, მიკროსპორიის დროს _ დოზით 20 მგ 1 კგ ცოცხალ მასაზე 30 დღის განმავლობაში (ორი 15-დღიანი კურსი 5-7-დღიანი შესვენებით). გრიზეოფულფინი შეიძლება დავამატოთ საკვებ ნარევებში საკვების გრანულირების დროს ან ნაზელებში. შესვენების დროს ბოვცრები უნდა გადავსვათ სუფთა, დეზინფიცირებულ სათავსში, ხოლო განთავისუფლებულს ჩავუტაროთ დეზინფექცია. მასობრივი დაავადების დროს ყველა ცხოველს სამკურნალო მიზნით აძლევენ გრიზეოფულფინს იმავე სქემით, ოღონდ დოზით 20 გ 1 კგ ცოცხალ მასაზე. ტრიქოფიტიის მხრივ არაკეთილსაიმედო მეურნეობებში გრიზეოფულფინით სამკურნალო-პროფილაქტიკური დამუშავების დასრულებიდან 10 დღეში ყველა ბოცვერს, 45 დღის ასაკიდან დაწყებული, პროფილაქტიკური და სამკურნალო მიზნით უტარებენ იმუნიზაციას “მენტავაკის” ვაქცინით 1-1 მლ. ვაქცინა შეჰყავთ კუნთში ორჯერადად, 7-10 დღის ინტერვალით. ვაქცინა მიკროსპორიების წინააღმდეგ შემუშავებული არ არის.

დეზინფიცირებულ სათავსში ცხოველების დაბრუნების წინ ატარებენ ბოცვრების კლინიკურ გამოკვლევას: ტრიქოფიტიის დროს - ვიზუალურად, ხოლო მიკროსპორიის დროს - ლუმინესცენტური ნათურის მეშვეობით. ავადმყოფ ბოცვრებს ხოცავენ. მკურნალობის სხვა მეთოდები: დაზიანებულ ადგილებზე ფუფხსა და თმებს არბილებენ მწვანე საპნის ან თუთქის ხსნარით და აშორებენ. შემდეგ ამ ადგილებს და კანს მათ ირგვლივ ამუშავებენ იოდის 10% ნაყენით, ლიზოლში სპილენძის შაბიამნის 5% ხსნარით, 1-2% ტრიქოცეტინის ვაზელინიანი მალამოთი, იუგლონის ზეთის 1% ემულსიით, სალიცილმჟავის, ლიზოლის, კრეოლინის 10% ხსნარით, ფორმალინ-ნავთის ემულსიით (2-3 ნაწილი ფორმალინი 10 ნაწილ ნავთზე), 1-2 დღეში მკურნალობას იმეორებენ. მოცილებულ ფუფხს, ბალანს ანადგურებენ. არაკეთილსაიმედო მეურნეობებს ადებენ კარანტინს, რომელსაც მოხსნიან 30 დღეში დაავადების ბოლო შემთხვევისა და დასკვნითი დეზინფექციის ჩატარების შემდეგ.

ასპერგილოზი (პნევმომიკოზი)

აღმძვრელი - ობისებრი სოკო ასპერგილუსი, რომელიც მეტად მდგრადია გარემო ფაქტორებისადმი. დასნებოვნების წყაროს წარმოადგენს ინფიცირებული საკვები, ქვეშაგები, ჰაერი. განსაკუთრებით საშიშია დაობებული მშრალი თივა, რომლიდანაც სოკოს სპორები მტვერთან ერთად ხვდება ბოცვრის სასუნთქ გზებში.

დაავადების ნიშნები. დაავადების დროს აღინიშნება პროგრესირებადი გახდომა, გახშირებული სუნთქვა, კრუნჩხვები, დადამბლავება. გაკვეთისას ფილტვებში ვლინდება დიდი რაოდენობით მორუხო კვანძები ზომით ფეტვის მარცვლიდან მუხუდოს მარცვლამდე.

პროფილაქტიკა. პროფილაქტიკის მიზნით უნდა გამოირიცხოს დაობებული საკვები, არ გამოიყენებოდეს დაობებული ქვეშაგები. ავადმყოფ ბოცვრებს კლავენ, შინაგან ორგანოებს ბრაკავენ, ხორცს იყენებენ შეზღუდვების გარეშე.

კოქციდიოზი

აღმძვრელი -კოქციდიები (პარაზიტული ერთუჯრედიანი უმარტივესები). ბოცვრების ორგანიზმში პარაზიტობს 10 სახეობა, რომელთაგანაც 9 ბინადრობს ნაწლავის გარსში და იწვევს ნაწლავის კოქციდიოზს, და 1 _ ღვიძლში და იწვევს ღვიXლის კოქციდიოზს. ავადდება ძირითადად 3-4 თვის მოზარდეული. უფროსი ასაკის ცხოველები და ზრდასრულები იშვიათად ავადმყოფობენ, თუმცა არიან კოქციდიების მატარებლები. ბოცვრების დასნებოვნება ხდება მხოლოდ საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან მათ მიერ საკვების, განავლის და ა.შ. შეჭმის დროს, სადაც გვხვდება მომწიფებული ოოცისტები. ინფექციის აფეთქებებს ხელს უწყობს ფერმების ანტისანიტარული მდგომარეობა, ცხოველების შექუჩებული შენახვა, მკვეთრი გადასვლა ერთი საკვებიდან მეორეზე და სხვა მიზეზები, რომლებიც არახელსაყრელ გავლენას ახდენს ორგანიზმის საერთო ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე. საინკუბაციო პერიოდი - 2-3 დღე.

დაავადების ნიშნები. ნაწლავის კოქციდიოზის დროს კლინიკურად დაავადება ვლინდება ფაღარათისა და ყაბზობის მონაცვლეობით, ხშირად აღინიშნება ნაწლავის შებერვა. ბოცვრები ცუდად ჭამენ, ზრდაში ჩამორჩებიან, ხდებიან. ბალანი აბურძგნულია, მუცელი გაზრდილია, ჩამოკიდებულია. ზოგჯერ ბოცვერი უეცრად წაიქცევა, თავს გადააგდებს უკან, ეწყება კრუნჩხვები და იღუპება. მასობრივი ხოცვა, როგორც წესი, აღენიშნებათ, როგორც წესი, მე-10-15 დღეს. დაავადების ნაკლებად მწვავე მიმდინარეობისას ეს ნიშნები უფრო სუსტადაა გამოხატული და ბოცვრების ნაწილი გადარჩება ხოლმე. გაკვეთისას წვრილ ნაწლავსა და ჭია წანაზარდში გამოვლინდება დიდი რაოდენობით წვრილი (ხაშხაშის თესლიდან ფეტვის მარცვლამდე) მოთეთრო კვანძი, რომელიც ლანდავს სეროზულ გარსში. კვანძებში არის დიდი რაოდენობით ოოცისტები. წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსი ჰიპერემირებულია, ალაგ-ალაგ აშრევებულია. ნაწლავების სანათურში, განსაკუთრებით კოლინჯსა და ბრმა ნაწლავში, თხევადი შიგთავსია, ზოგჯერ აირის ბუშტუკებით.

ღვიძლის კოქციდიოზის დროს დაავადების ნიშნები იგივეა, ოღონდ უფრო სუსტადაა გამოხატული. გარდა ამისა, აღენიშნებათ პირის ღრუს ლორწოვანი გარსისა და ქუთუთოების სიყვითლე. ბოცვრები იხოცებიან გამოხატული გამოფიტვით. გაკვეთისას ღვიძლის ზედაპირზე გამოვლინდება თეთრი (ზომით ფეტვის მარცვლიდან მუხუდოს მარცვლამდე) კვანძები. მიმდინარეობს უფრო ხშირად შერეული ინვაზიის სახით.

პროფილაქტიკა და მკურნალობა. ფერმაში უნდა მკაცრად იყოს დაცული ბოცვრების შენახვისა და კვების ვეტერინარულ-სანიტარიული რეჟიმი. მიზანშეწონილია მათი მოშენება მთლიანად ლითონის გალიებში ბადის ან ლარტყის იატაკით, საკვებურებსა და სარწყულებლებს გალიებში განალაგებენ ისე, რომ თავიდან იქნას აცილებული საკვებისა და წყლის დაბინძურება განავლით, რეგულარულად ატარებენ სათავსების, გალიების, ინვენტარის მექანიკურ დასუფთავებას შემდგომი დეზინფექციით. კოქციდიოზის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის იყენებენ: სულფადიმეტოქსინს შიგნით, დოზით 0,2 გ 1 ცოცხალ მასაზე 1-ლ დღეს და 0,1-0,1 გ შემდეგ 4 დღეს. 5-დღიანი შესვენების შემდეგ მკურნალობის კურსს იმეორებენ. 1 კგ საკვებზე გაანგარიშებით დოზა შეადგენს 3,2 გ პირველ დღეს და 1,6-1,6 გ შემდეგ 4 დღეს. ნორსულფაზოლს ფტალაზოლთან ერთად აძლევენ შიგნით ყოველდღიურად 5 დღის განმავლობაში 1 კგ ცოცხალ მასაზე გაანგარიშებით: ნორსულფაზოლი - 0,3-0,4 გ, ფტალაზოლი - 0,1 გ, ანდა 1 კგ საკვებზე - შესაბამისად 4,8 და 1,6 გ. 5-დღიანი შესვენების შემდეგ მკურნალობის კურსს იმეორებენ. ფურაზოლიდონს აძლევენ 7 დღის განმავლობაში გაანგარიშებით 30 მგ 1 კგ ცოცხალ მასაზე ანდა 0,5 გ 1 კგ საკვებზე.

ეს კოქციდიოსტატიკები გრანულირებული საკვების მომზადების არსებული ტექნოლოგით არ იშლება, ამიტომ შესაძლებელია მათი ჩართვა უშუალოდ საკვებ ნარევში გრანულირების წინ.

სულფაპირიდაზინი მონომიცინთან ერთად ანდა მონომიცინი ნორსულფაზოლთან ერთად გამოიყენება საკვებში. პრეპარატებს შეაჭმევენ ორი 5-დღიანი შუალედის განმავლობაში სამდღიანი შესვენებით შემდეგ დოზებში: სულფაპირიდაზინი - 100 მგ, მონომიცინი – 2500 ერთ., ნორსულფაზოლი - 400 მგ 1 კგ ცოცხალ მასაზე. დადებითი თერაპიული ეფექტი (ხოცვის შემცირება 5-7-ჯერ) მიიღწევა ბოცვრებისათვის იოდის ნაყენის დალევინებით, რომელსაც აძლევენ წყლის ნაცვლად დილაობის კვებამდე. გამოიყენებენ შემდეგი სქემით: მდედრ ბოცვრებს მაკეობის 25-ე დღიდან ლაქტაციის მე-5 დღემდე - 100 მლ 0,1% ხსნარი; ლაქტაციის მე-10-დან 25-ე დღემდე - 200 მლ 0,2% ხსნარი; ლაქტაციის 30-ე დღიდან 40-ე დღემდე - 300 მლ 0,1% ხსნარი. ძუძუს მოცილებულ ბაჭიებს 45-დან 60 დღის ასაკამდე აძლევენ ჯერ 70, შემდეგ კი 100 მლ 0,1% ხსნარს. ბაჭიები, რომლებსაც არ მიუღიათ იოდის ნაყენის ხსნარი დედასთან ყოფნის დროს, მოცილების შემდეგ იღებენ მას იმავე სქემით, ოღონდ დაწყებული 0,1% ხსნარიდან. მიქსტურას ამზადებენ უშუალოდ ცხოველების დარწყულების წინ. 0,1% ხსნარის მისაღებად 100 მლ წყალში ამატებენ იოდის 1 მლ 10%-იან ან 2 მლ 5%-იან ნაყენს, 0,2% ხსნარის მოსამზადებლად - ორჯერ მეტს. მიქსტურის დამზადება და განაწილება ლითონის ჭურჭელში არ შეიძლება. კოქციდიოსტატიკის სახით იყენებენ აგრეთვე რძემჟავას საკვების 0,5% გაანგარიშებით. საკვებს რძემჟავას დამატებით აძლევენ მაკე მდედრებს ბაჭიების მოგებამდე 12 დღით ადრე. მოგების მომენტიდან და ლაქტაციის 25-ე დღემდე რძემჟავას ამოიღებენ საკვებიდან, შემდეგ კი ისევ ჩართავენ და დაასრულებენ დაკვლამდე 10 დღით ადრე.

პასალუროზი

აღმძვრელი - ნემატოდა (მრგვალი ჭია) პასალურა (მახვილა), რომელიც პარაზიტობს მსხვილ ნაწლავში. ავადდებიან ყველა ასაკის ბოცვრები, ძუძუზე მყოფი მოზარდეულის გარდა. დასნებოვნების წყაროა განავლით დაბინძურებული საკვები და სასმელი წყალი. დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს შენახვის ანტისანიტარული პირობები. მახვილების სქესმწიფე განაყოფიერებული მდედრები გადაადგილდებიან ბოცვრის ანალურ ხვრელთან და მის ნაკეცებში დებენ დიდი რაოდენობით კვერცხებს, თან იწვევენ ძლიერ ქავილს.

დაავადების ნიშნები. ავადმყოფი ბოცვრები იჩენენ მოუსვენრობას, უკანალს უხახუნებენ გალიის იატაკსა და კედლებს, იღებენ მჯდომარე პოზას. ცხოველები ხდებიან, აღენიშნებათ ბალნის ცვლის შეფერხება. ორგანიზმში მახვილების დიდი რაოდენობით მოგროვებისას დაავადებას შეიძლება თან სდევდეს ფაღარათი და კოლიტი.

პროფილაქტიკა და მკურნალობა. ბოცვრების შენახვა უნდა ხდებოდეს ბადის ან ლარტყის იატაკიან გალიებში. საკვებურებსა და სარწყულებლებს გალიებში განალაგებენ ისე, რომ თავიდან იქნას აცილებული საკვებისა და წყლის დაბინძურება განავლით. ავადმყოფ ცხოველებს საკვებთან ერთად აძლევენ სულფატ პიპერაზინს ან პიპერაზინ ადიპინატს დოზით 1,5 გ 1 კგ ცოცხალ მასაზე 18-24-საათიანი მშიერი დიეტის შემდეგ.

ცისტიცერკოზი (ფინოზი)

აღმძვრელია ცესტოდის (ლენტურა ჭიები) ლარვები. ბოცვრები სნებოვნდებიან ძაღლებისაგან, რომლებიც განავალთან ერთად გამოყოფენ პარაზიტების კვერცხებს და აბინძურებენ საკვებსა და წყალს.

დაავადების ნიშნები. სუსტი ინვაზიისას კლინიკური სიმპტომები არ არსებობს. ძლიერი დასნებოვნებისას ცხოველები უარს ამბობენ საკვებზე, აღენიშნებათ დათრგუნულობა, მოთენთილობა, ხილული ლორწოვანი გარსების სიფერმკრთალე. გაკვეთისას ღვიძლში, ბადექონზე, სწორი ნაწლავის უკანა ნაწილის ირგვლივ გამოვლინდება ლარვები (ცისტიცერკები), რომლებსაც აქვს მუხუდოს მარცვლის ოდენა ბუშტუკების სახე.

პროფილაქტიკა და მკურნალობა. დასნებოვნების ძირითად წყაროს წარმოადგენენ ძაღლები, ამიტომ ყველა დარაჯი ძაღლი უნდა იყოს დაბმული და პერიოდულად (არანაკლებ წელიწადში ოთხჯერ) უტარდებოდეს დეჰელმინტიზაცია ბრომწყალბადის არეკოლინით ანდა სხვა ანტიჰელმინტიკებით. ამ დროს დეჰელმინტიზაციის შემდეგ სამი დღის განმავლობაში საჭიროა ფეკალიების შეგროვება, მათი დაფლვა ნაკელსაცავში ან დაწვა. ბოცვრებისა და კურდღლების შინაგანი ორგანოები, რომლებიც დაზიანებულია ცისტიცერკებით, შეიძლება შეეჭამოს ცხოველებს საგულდაგულო გამოხარშვის შემდეგ. დახოცილი ბოცვრების გვამები დაიწვას ან დაიფლას საქონელსამარხებში. მკურნალობა დამუშავებული არ არის.

ტკიპისმიერი მუნი (სარკოპტოზი, ნოტოედროზი)

დაავადების ნიშნები. ყველაზე ხშირად ტკიპისმიერი მუნის პირველი ნიშნები აღინიშნება თავის, კისრის შუა ნაწილის, მკერდის კანზე. ტკიპები აღწევენ ბოცვრის კანში და იწვევენ ანთებით პროცესს. თავიდან დაზიანებულ უბნებზე ჩნდება წვრილი კვანძები, რომლებიც შემდეგ იქცევა მცირე ზომის ბუშტუკებად. ფხანისას მათგან გამოიყოფა წყალწყალა სეკრეტი, რომელიც ხმება ქერქებისა და ფუფხების სახით და აწებებს თმებს. კანში სავალების გატარებისას ტკიპები აღიზიანებენ ნერვულ დაბოლოებებს და იწვევენ ძლიერ ქავილს. მნიშვნელოვანი დაზიანებების დროს ბოცვრებს ეკარგებათ მადა, ისინი ხდებიან და შეიძლება დაიღუპონ. დიაგნოზს სვამენ კლინიკური ნიშნების საფუძველზე და კანის ანაფხეკების მიკროსკოპიული გამოკვლევების შედეგების მიხედვით.

პროფილაქტიკა და მკურნალობა. მუნით დაავადებული ბოცვრების გამოვლენისას ატარებენ ყველა ცხოველის გამოკვლევას. ავადმყოფ ცხოველებს გამოაცალკევებენ და მკურნალობენ. სათავსებს უტარებენ დეზინფექციას.

ბოცვრებს აბანავებენ აბაზანებში ТАП-85 0,5% წყალემულსიის, აქტივირებული კრეოლინის 0,5% წყალემულსიის, ბენტოციდის 0,5% წყალსუსპენზიის ანდა ალუგან-კონცენტრატის 0,05% წყალხსნარის შემცველობით. ცხოველებს აბანავებენ მუნისსაწინააღმდეგო აბაზანებში 30—32 °С ტემპერატურაზე. ბოცვერს 40-60 სმ-ით ჩაძირავენ აბაზანაში, ზემოთ უტოვებენ მხოლოდ თავს. ბანაობის შემდეგ ბოცვერს ამშრალებენ და ათავსებენ სითბოში. მაკე მდედრებს ბაჭიების მოგებამდე 15 დღით ადრე და ბაჭიებს 1 თვის ასაკამდე არ აბანავებენ. ავადმყოფ და დაავადებაზე საეჭვო ბოცვრებს დაამუშავებენ ორჯერ 8-10 დღის ინტერვალით, ხოლო პროფილაქტიკის მიზნით _ ერთჯერადად. დამუშავებისათვის იყენებენ მხოლოდ ახლად დამზადებულ ხსნარებს. ცივ ამინდში ბოცვრებს ამუშავებენ გოგირდის დუსტით 80-95% სუფთა პრეპარატის შემცველობით. ამისათვის ბოცვერს ტანზე აყრიან გოგირდის ფხვნილს ბალნის გაშლით, რომ ფხვნილი მოხვდეს ცხოველის კანზე. მკურნალობის კურსს იმეორებენ 3-ჯერ დამუშავებებს შორის 3-დღიანი ინტერვალით ანდა კანის დაზიანებულ უბნებში, მიმდებარე დაუზიანებელი ზონის ჩართვით, შეაზელენ ჰიპოსულფიტის 60% ხსნარს. გაშრობის შემდეგ ასეთ უბნებს ამუშავებენ მარილმჟავის 5-10% წყალხსნარით. მარილმჟავასა და ჰიპოსულფიტს შორის ურთიერთქმედების შედეგად წარმოიქმნება გოგირდოვანი ანჰიდრიდი, რომელიც შეაღწევს ტკიპების სავალებში და ხოცავს მათ.

ყურის მუნი

დაავადების ნიშნები. ხასიათდება ქავილისა და ეგზემის გამოვლენით ყურის ნიჟარის მიდამოებში. ბოცვრები იქნევენ თავს, ყურებს იფხანენ ყოველგვარ საგნებზე. ყურის ნიჟარების შიდა ზედაპირზე გარეთა სასმენ ხვრელში წარმოიქმნება ქერქები, ფუფხი, ხოლო გართულებების დროს აღენიშნებათ რუხ-ყავისფერი ქერქებისა და ფუფხის წარმოქმნა ჩირქოვანი ექსუდატის შემდგომი გამოყოფით. მიშვებულ შემთხვევებში ხდება სადოლე აპკის გახვრეტა, ანთებითი პროცესი გადადის შუა, შემდეგ კი შიდა ყურზე. ამ უკანასკნელის დაზიანებისას აღენიშნებათ მრუდთავიანობა. ზოგჯერ ანთებითი პროცესი მოიცავს ტვინის გარსებს, იწყება ნერვული შეტევები, რომლის დროსაც ბოცვრები იღუპებიან.

პროფილაქტიკა და მკურნალობა. სამკურნალოდ იყენებენ შემდეგ პრეპარატებს: 30-50% ფენოტიაზინს, 10% ТАП-85-ს, 5% ნიკოქლორანს, 10% ბენტოციდს, 5% გექსალინს, 5% გექსატალპს.

საჭირო კონცენტრაციის აკარიციდების ნარევის მოსამსადებლად 100 გ 50—60 °С-მდე შეცხელებულ მინერალურ, ცხოველურ ან მცენარეულ ზეთს, რომელიც არ აღიზიანებს კანს და არა აქვს მკვეთრი მდგრადი სუნი, ამატებენ, გ: ფენოთიაზინს - 30-50; ТАП-85-ს - 10, ნიკოქლორანს - 5, ბენტოციდს - 10, გექსალინს - 5, გექსატალპს - 5 და საგულდაგულოდ აურევენ. აკარიციდებს უნდა მოვეპყრათ ფრთხილად. დამუშავების შემდეგ ცელიო დავიბანოთ საპნითა და თბილი წყლით. კარგ ეფექტს იძლევა აეროზოლური ქაფები - ციოდრინი, დიკრეზილი, აკროდექსი და სხვ. მათი გამოყენების ინსტრუქციები მითითებულია შეფუთვაზე. ასევე იყენებენ ბელეკონს თხევადი ზეთით (თანაბარ წილებში), გოგირდის ფხვნილს (რომელსაც მოაყრიან ყურის შიდა ზედაპირს სამჯერ 3-3 დღის ინტერვალით),ფენოტიაზინის ფხვნილს, რომელსაც აყრიან თითოეულ ყურში 0,5 გ. დამუშავებისას ყურის თითოეულ ნიჟარაში შეჰყავთ 1-2 მლ 30—35°С-მდე შემთბარი აკარიციდებისა და ბელეკონის ნარევი ან გოგირდის, ფენოტიაზინის ფხვნილები. ყურის ნიჟარების ძლიერი დაზიანების მქონე ბოცვრებს ამუშავებენ ორჯერ 8-10 დღის ინტერვალით.

კუჭ-ნაწლავის დაავადებები

უმეტეს შემთხვევებში ჩნდება ბოცვრების არასწორი კვების, უხარისხო (დაობებული, ამჟავებული) საკვების მიცემის, კვების რეჟიმის დარღვევის, გაციების ფაქტორების გამო. ყველაზე ხშირად ეს დაავადებები აღენიშნება მოზარდეულს ცხოვრების პირველ თვენახევარში და მოცილების შემდეგ. ამ პერიოდში ხდება კვების ტიპების: რძიანის, შერეულისა და ურძეოს მკვეთრი ცვლა, რაც მოითხოვს მოზარდეულის ჯერ კიდევ ბოლომდე ჩამოუყალიბებელი საჭმლის მომნელებელი აპარატის ღრმა გარდაქმნას.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს განეკუთვნება: ტიმპანია (მუცლის შებერილობა), მეტეორიზმი (ნაწლავის შებერილობა), კუჭისა და ნაწლავის ლორწოვანი გარსების კატარალური ანთებები (კატარები).

ტიმპანია და მეტეორიზმი

ამ დაავადებების დროს აღინიშნება გახშირებული ზედაპირული სუნთქვა, მუცელი თუ ნაწლავი ძლიერ შებერილია, ხშირად აღენიშნებათ შეკრულობა. ტიმპანიით დახოცილი ბოცვრების გაკვეთისას აღმოჩნდება, რომ კუჭი გავსებულია აირებით და 2-3-ჯერ არის გადიდებული. ფილტვები ჩვეულებრივ გაწითლებულია და ოდნავ შეშუპებული. მეტეორიზმის დროს ნაწლავი ძლიერ შებერილია, შიგთავსი მცირეოდენია ან თითქმის არ არის. ფილტვები გაწითლებულია და ოდნავ შეშუპებულია.

მკურნალობისას ბოცვრებს აძლევენ 3-5 მლ რძემჟავის 5% ხსნარს ანდა იქტიოლის 10% ხსნარს დოზით 5-8 მლ. მოყვარული მებოცვრეების მეურნეობებში დამატებითი მოძრაობისათვის რეკომენდებულია ცხოველების გამოშვება გალიებიდან.

კატარები

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კატარები იყოფა სამ ჯგუფად: მჟავე, ტუტე და გაციებისა.
მჟავე კატარი. ავადმყოფ ბოცვრებს აქვს ცუდი მადა, პერისტალტიკა გაძლიერებულია, დეფეკაცია ხშირია, განავალი თხევადია, ყავისფერ-მორუხო, ლორწოთი და აირის ბუშტუკებით, ტემპერატურა დაბალია. გაკვეთისას გამოვლინდება კუჭისა და ნაწლავის ლორწოვანი გარსების კატარალური ანთება. კუჭი გავსებულია ძლიერი მჟავე სუნის მქონე თხევადი საკვები მასით. წვრილი და მსხვილი ნაწლავის ლორწოვანა ჰიპერემირებულია, ხშირად სისხლჩაქცევებით. განავლის რეაქცია მკვეთრად მჟავეა.

ტუტე კატარი. დაავადებული ცხოველები უარს ამბობენ საკვებზე, განავალი თხევადია, მუქყავისფერი, სიდამპლის სუნით. სხეულის ტემპერატურა დაბლა იწევს.
გაკვეთისას კუჭში გამოვლინდება დიდი რაოდენობით მშრალი მოუნელებელი საკვები. ნაწლავის შიგთავსი თხევადია, მუქყავისფერი. განავლის რეაქცია ტუტეა.

გაციების კატარი. თავს იჩენს ძლიერი შემცივნებისას. ბოცვერი ცუდად ჭამს, დეფეკაცია ხშირია, განავალი თხევადია, მოყავისფრო-მოყვითალო, ზოგჯერ სისხლის მინარევით. კატარს თან სდევს რინიტი. განავლის რეაქცია ნეიტრალურია, ზოგჯერ სუსტი ტუტე.
მჟავე კატარების დროს, რომლებიც მიმდინარეობს ტიმპანიისა და მეტეორიზმის მოვლენების გარეშე, იყენებენ შიგნით დღეში ორჯერ 0,1 გ სინტომიცინს, 7-10 მლ რძის შრატი ან 0,2-0,3 გ დისულფანს.

ტუტე კატარის სამკურნალოდ ბოცვრებს აძლევენ შიგნით მანგანუმმჟავა კალიუმის ხსნარს (1:5000) 2-ჯერ დღეში 1-1,5 ჩ.კ. და ამის შემდეგ 1-2 საათში - სალოლს დოზით 0,2-0,3 გ; გაციების კატარის დროს - დღეში ორჯერ 0,1-0,5 გ ბიომიცინი; ძლიერი ფაღარათის დროს - 1-2-ჯერ დღეში თითო სუფრის კოვზი ტანინი ან მუხის ქერქის ნახარში; ყაბზობისას - გლაუბერის ან კარლსბადის მარილს (მოზარდეულს - 3-4 გ, ზრდასრულებს _ 5-6 გ), ანდა 1-1,5 ჩ.კ. აბუსალათინის ზეთი, უკეთებენ საპნის თბილ ოყნას, რომლის შემდეგაც ბოცვერს გამოუშვებენ გალიიდან და აიძულებენ იმოძრაოს. საკვებს აძლევენ ცოტ-ცოტას 8-12 საათში იმის შემდეგ, რაც ბოცვერს კუჭში გახსნის.

დაავადების გამოვლენისას რაციონიდან ამოიღებენ არახარისხიან საკვებს. კუჭ-ნაწლავის დაავადებათა პროფილაქტიკა უნდა მიმართული იყოს სწორი კვების ორგანიზებაზე. არ შეიძლება ბოცვრებს მიეცეთ დაობებული, ამჟავებული, დაბინძურებული საკვები, გროვებში დამწვარი ბალახი, მწვანე მასა, რომელიც შეიცავს შხამიან ბალახებს, დანესტიანებული გრანულები, დაობებული ნაზელები, დამპალი თივა. გადასვლა საკვების ერთი სახეობიდან მეორეზე უნდა ჩატარდეს თანდათანობით. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მეძუძური მდედრებისა და მოცილებიდან 10-15 დღის განმავლობაში მოზარდეულის კვებას. ბოცვრების შენახვა უნდა ხდებოდეს მშრალ, თბილ სათავსებში ორპირი ქარის გარეშე. სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით იყენებენ მშრალ აციდოფილინს, შერეულს საკვებთან (1 გ 100 გ საკვებზე). შეიძლება მშრალი აციდოფილინი ჩაირთოს საკვებ ნარევში მისი გრანულირების წინ ანგარიშით 20 კგ 1 ტ საკვებზე.

პოდოდერმატიტი

ბოცვრების ფართოდ გავრცელებული დაავადება მათი შენახვისას ბადის იატაკებზე. ავადდებიან ძირითადად ზრდასრული ბოცვრები, განსაკუთრებით მაღალი ცოცხალი მასის მქონენი, აგრეთვე მოზარდეული 3 თვის ასაკიდან.

დაავადების ნიშნები. ბოცვრების დაავადებისას პოდოდერმატიტით ჯერ აღენიშნებათ ბალნის ცვენა თათების უკანა ზედაპირზე (უფრო ხშირად უკანა თათებზე), შემდეგ წარმოიქმნება მშრალი ფუფხი, გადადის კოჟრებში, რომლებზეც ჩნდება ნახეთქები და წყლულები. ჭრილობებში და ნახეთქებში სტაფილოკოკების მოხვედრისას ვითარდება ჩირქოვანი წყლულები. ავადმყოფი ბოცვრები მოუსვენრად იქცევიან, მუდმივად იცვლიან ფეხს, კარგავენ მადას და ხდებიან, მეძუძური მდედრები ცუდად კვებავენ ბაჭიებს. სტაფილოკოკური სეპტიცემიის შედეგად შეიძლება დადგეს სიკვდილი.
მკურნალობა. მკურნალობისას დაავადების დასაწყისში დაზიანებულ ადგილებს უსვამენ 10% თუთია-ტყვიის მალამოს. პროცესის გამწვავებისას იყენებენ ვიშნევსკის ლინიმენტს, სინტომიცინისა და სტრეპტოციდის ემულსიას, პენიცილინის მალამოს, აგრეთვე სხვა მომწვავ და ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებებს. კუნთში შეჰყავთ 2-3 დღეში ერთხელ ბიცილინს დოზით 30 ათ. ერთ. 1 კგ ცოცხალ მასაზე ანდა ყოველდღიურად 3-4 დღის განმავლობაში 30 ათ. ერთ. 1 კგ ცოცხალ მასაზე პენივილინი ან ტეტრაციკლინი.

პროფილაქტიკა. წუნს სდებენ ავადმყოფ ცხოველებს. ბოცვრებს შეარჩევენ თათების ბალნიანობის მიხედვით. გალიებში ჩადგამენ ხის იატაკებს, ზომით 25X45 სმ, ორი მხრიდან შეთეთრებულს ჩამქრალი კირით (კირის ჩაქრობას ატარებენ შეთეთრებამდე 10-12 დღით ადრე). შესათეთრებლად ამზადებენ კირის სქელ ხსნარს, ამისთვის ერთ მოცულობა კირს შეურევენ ორ მოცულობა წყალს. შეთეთრებულ იატაკებს ჩადებენ გალიებში და დაბინძურების კვალობაზე გადააბრუნებენ. ჩამქრალ კირს გააჩნია ბაქტერიციდული მოქმედება, გარდა ამისა, ის კარგად აშრობს ნოტიო ზედაპირს. დაავადების საწყის სტადიაზე კირი ახდენს სამკურნალო მოქმედება. თათებზე წყლულები კირთან შეხებისას მოშრება და გრანულირდება.

მოყინვა

წარმოიქმნება დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებისას. ყველაზე ხშირად ბოცვრებს ეყინებათ ყურები და კიდურები. გარდა ამისა, თუ ბაჭიების დაყრის მომენტში არის ყინვები, ხოლო ბუდე ცუდადაა დათბუნებული, ბაჭიებმა შეიძლება მოიყინონ ან დაიღუპონ. განასხვავებენ მოყინვის სამ ხარისხს.

მოყინულობის პირველი ხარისხი ხასიათდება მოყინული ადგილის შესიებითა და მტკივნეულობით. მკურნალობა: მოყინულ ადგილს დაზელენ თოვლით, ბოცვერი გადაჰყავთ თბილ სათავსში, შეშრობის შემდეგ მოყინულ უბნებს წაუსვამენ 1% ქაფურის მალამოს, ვაზელინს, ბოცვრის ან ღორის ქონს.

მოყინვის მეორე ხარისხი ხასიათდება ღია ფერის სითხით გავსებული ბუშტების წარმოქმნით. რამდენიმე დღეში ბუშტები სკდება და ტოვებს დიდხანს მოურჩენად წყლულებს. მკურნალობა: ბუშტებს გაკვეთენ, მოაცილებენ სითხეს და მოყინულ ადგილებს წაუსვამენ იოდოვანი, თუთიის ან ქაფურის მალამოს.

მოყინვის მესამე ხარისხი ხასიათდება მოყინული უბნის კვდომით, შედეგად კანი და უფრო ღრმად მდებარე ქსოვილები დანაოჭდება, გამოშრება და რამდენიმე ხანში მოსცილდება. მკურნალობა: მკვდარ ქსოვილს მოჰკვეთენ, ხოლო წარმოქმნილ ჭრილობას მკურნალობენ როგორც ჩვეულებრივ ღია ჭრილობას.

პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებულია გალიების დათბუნება, მათში დიდი რაოდენობით თივის ჩაფენა, რათა ბოცვრებს შეეძლოთ მასში ჩაფლობა. ბადიან კარებს ჩამოაფარებენ ჩალის მატებს. გალიის საბუდე განყოფილებას ჩაუფენენ ბევრ ქვეშაგებს, თვალს ადევნებენ იმას, რომ ბაჭიებს ბუდეში კარგად მოფარებული ჰქონდეთ ბუმბული.

კონიუნქტივიტი (ქუთუთოების ლორწოვანი გარსის ანთება)

კატარალური კონიუნქტივიტი ხასიათდება ქუთუთოების ლორწოვანი გარსის შეწითლებითა და შესიებით, ქუთუთოების შიდა კუთხიდან გამჭვირვალე სითხის გამოყოფით (ცრემლდენა).

მკურნალობა: თვალებს ყოველდღიურად გამობანენ ბორმჟავის თბილი 2% ხსნარით და ქუთუთოებქვეშ ჩაუწვეთენ თვალის თუთიიანი წვეთების 1-3 წვეთს.

ჩირქოვანი კონიუნქტივიტი ხასიათდება იმავე ნიშნებით, რაც კატარალური კონიუნქტივიტი, მაგრამ ქუთუთოების კუთხეებიდან გამოიყოფა ჩირქოვანი სითხე, რომელიც ხშირად შრება და ქუთუთოებს აწებებს. ამ დროს ხშირად იმღვრევა და წყლულდება თვალის რქოვანა, წარმოიქმნება ლიბრი, კერატიტი. მკურნალობა: ბორმჟავას 2% ხსნარით თვალის გამობანის შემდეგ ქუთუთოებქვეშ წაუსვამენ 2-3% იოდოფორმის ან ბორის მალამოს, ხოლო რქოვანას შემღვრევისას ან დაწყლულებისას - 1% ყვითელ ვერცხლისწყლის მალამოს ანდა თვალში შეაფრქვევენ კალომელს, რომელიც სანახევროდ შაქართან დანაყილია წმინდა ფხვნილის სახით. ქუთუთოებისა და ლოყების კანი ჩამომდინარე ცრემლებითა და ჩირქით მუდმივი გაღიზიანების გამო ანთებულია. ამიტომ მას ასუფთავებენ და უსვამენ ბორის ან იოდოფორმის მალამოს.
 
სუნთქვის ორგანოების დაავადებები

ბოცვრებში ყველაზე ხშირად გვხვდება: ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება (რინიტი), ბრონქიტი, ფილტვებისა და პლევრის კატარალური ანთება. ყველა ამ დაავადების მიზეზია ბოცვრების შენახვა ორპირ ქარში, ცივი ნოტიო ამინდი, ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებები, ამიაკის მომატებული კონცენტრაცია, მტვრის დაგროვება გალიებსა და სათავსში.

რინიტი

რინიტის დროს აღინიშნება ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ჰიპერემია. ბოცვერს აცემინებს, თათებით ისრესს ცხვირს. ცხვირიდან გამოეყოფა სეროზული, მოგვიანებით კი ლორწოვანი სეკრეტი. რინიტის სამკურნალოდ დღეში 1-2-ჯერ შეჰყავთ ყოველ ნესტოში 5-6 წვეთი ეკმონოვოცილინი (1 ნაწილი პრეპარატი პლუს 2 ნაწილი ფიზიოლოგიური ხსნარი ან ანადუღარი წყალი) ანდა ფურაცილინის 1% ხსნარის ნარევი პენიცილინის ხსნართან, რომელიც შეიცავს 15-20 ათ. ერთ. 1 მგ-ზე.

ბრონქიტი, ფილტვების ანთება

ბრონქიტისა და ფილტვების ანთების დროს აღინიშნება ცხოველის დათრგუნული მდგომარეობა, მადის დაქვეითება, სუნთქვის გახშირება. მოსმენისას ისმის ხიხინები და შუილები. პლევრის ანთებისას აღინიშნება ძლიერი მტკივნეულობა გულმკერდის ყაფაზზე დაწოლისას. ბრონქიტების, პნევმონიისა და პლევრიტების დროს ბოცვრებს აძლევენ შიგნით 0,2-0,3 გ სულფადიმეზინს ერთ თავზე და კანქვეშ შეჰყავთ დღეში 2-3-ჯერ პენიცილინი 15-20 ათ. ერთ. 1 კგ ცოცხალ მასაზე, ოქსიტეტრაციკლინი - 10-15 ათ. ერთ., ბიომიცინი - 15-20 ათ. ერთ. 1 კგ ცოცხალ მასაზე. მკურნალობის კურსი - 10-15 დღე.

მზის და სითბური დაკვრა

მზის დაკვრა ხდება ცხელ დღეებში მზის პირდაპირი სხივების ხანგრძლივი ძლიერი ზემოქმედების დროს; სითბური დაკვრა გამოწვეულია ბოცვრების ორგანიზმის გადახურებით ცხელ დღეებში მათი შენახვისას დახუთულ, ცუდად ვენტილირებად სათავსებში, განსაკუთრებით მომატებული ტენიანობის დროს.

მზისა და სითბური დაკვრის დროს აღინიშნება მოთენთილობა, საკვებზე უარის თქმა, ზედაპირული გახშირებული სუნთქვა, ქუთუთოების, პირისა და ცხვირის ლორწოვანი გარსების შეწითლება. ბოცვერი გაუნძრევლად წევს გვერდზე ან მუცელზე, კიდურები პერიოდულად კრუნჩხვისებურად ეკუმშება. ზოგჯერ ის უეცრად ვარდება გვერდზე, ეწყება კრუნჩხვები და ცხოველი სწრაფად იღუპება.

ბოცვრები გადაჰყავთ დაჩრდილულ გრილ ადგილას. თავზე ადებენ ცივ საფენს, რომელსაც ცვლიან ყოველ 4-5 წუთში ერთხელ. მძიმე მდგომარეობისას კუნთში შეჰყავთ 1-2 მლ კოფეინის 20% ხსნარი. პროფილაქტიკის მიზნით მიაჩრდილავენ გალიებს, აწყობენ საჩეხებს, სახურავებს შეათეთრებენ კირით. საბოცვრეებში თვალს ადევნებენ ვენტილაციის ნორმალურ მუშაობას და აუცილებლობის შემთხვევაში აღებენ კარ-ფანჯრებს.
რაქიტი

დაავადება ჩნდება საკვებში D ვიტამინის, კალციუმისა და ფოსფორის მარილების ნაკლებობის ანდა ფოსფორ-კალციუმის ცვლის დარღვევის გამო. ავადდებიან ძირითადად ახალგაზრდა ბოცვრები. რაქიტის დროს აღინიშნება კიდურების, ხერხემლის ძვლების გამრუდება, ხშირად ძვლების გამსხვილება და მათზე შებერილობების წარმოქმნა.

ამ დაავადების თავიდან ასაცილებლად უნდა აღმოიფხვრას კვების არსებული ნაკლოვანებები. თუ დაავადება გამოწვეულია D ვიტამინის ნაკლებობით, ავადმყოფ ბოცვრებს ყოველდღიურად აძლევენ თითო ჩაის კოვზს ვიტამინიზებულ თევზის ქონს ან D ვიტამინის კონცენტრატებს; თუ დაავადების მიზეზია მინერალური მარილების ნაკლებობა, საკვებში ამატებენ ცარცს, ხორც-ძვლოვან ფქვილს, ძვლოვან ფქვილს. კარგ შედეგებს იძლევა ცხოველების ულტრაიისფერი დასხივება.



 
Copyright © 2017 AGRO.ge | All Rights Reserved. TOP.GE     Created By: Pro-Service