ანგარიშები
პრესა ჩვენ შესახებ
ჩვენი ფერმერები
ბლოგი
ვიდეოგაკვეთილები
ირიგაცია
ფუტკრის დაავადებები

ვაროატოზი - ფუტკრის ინვაზიური დაავადებაა. გამომწვევი მაკროსკოპული ტკიპი Varoa jacobsoni, შეუიარაღებული თვალით კარგად ჩანს, სხეული ოვალური, მოყავისფრო და ბრტყელია. მოძრაობს ოთხი წყვილი კარგად განვითარებული კიდურის საშუალებით. აქვს საჩხვლეტ-საწუწნი პირის აპარატი. ავადდება როგორც ბარტყი (პირველ რიგში სამამლე, შემდეგ სამუშე) ისე ფუტკარი. დედა ფუტკრის ბიოლოგიური განვითარების ხანმოკლე ციკლის გამო ტკიპები სადედეში ვერ ვითარდებიან. ზაფხულის მეორე ნახევარში საგრძნობლად იზრდება ტკიპების რაოდენობა და ვლინდება სამუშე ბარტყის დაზიანება.როცა ოჯახში ბარტყი არ არის ტკიპები სწყვეტენ გამრავლებას და ბარტყის გაჩენამდე პარაზიტობენ ფუტკრის სხეულზე. მცირე ღალიანობის დროს დაავადება პიკს აღწევს. ტკიპები იკვებებიან ბარტყის და ფუტკრის ჰემოლიმფით რის შედეგად იბადებიან უსიცოცხლო, მახინჯი, უფრთო ფუტკრები.ბარტყი ჭრელია.ტკიპებისაგან შეწუხებული ფუტკარი მოუსვენრობს, გუნდს ვერ ჰკრავს და გაღიზიანებულია,ზოგჯერ  ემართება ფაღარათი. ძლიერი ინვაზიის დროს ოჯახები ტოვებენ სკას და ბუდეში რჩება უფუტკროთ თფლით სავსე ფიჭები. პირველ წლებში დაავადება არ ჩაანს, მეოთხე-მეხუთე წელს კი აშკარად ვლინდება და იწვევს ოჯახის განადგურებას, ამიტომ აუცილებელია სეზონურად  პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება.

აკარაპიდოზი -  ფუტკრის ინვაზიური დაავადებაა. გამომწვევია მიკროსკოპული ტკიპი Acarapis woodi rennie, ტკიპის ლოკალიზაციის ადგილი ფუტკრის გულმკერდის პირველი ტრაქეაა. მისი შეჭრა სასუნთქი სტიგმებიდან ხდება. დაავადება ვითარდება ზამთარში ფუტკრის გუნდში ყოფნის დროს და ვლინდება ადრე გაზაფხულზე. ზამთარში გუნდი იშლება, დასაწყისში ფუტკარი გაღიზიანებულია, აღინიშნება ფაღარათი, კუჭის გასაწმენდად გამოსული ფუტკარი ვერ ფრენს,მოწყვეტით ეცემა ძირს, დამახასიათებელი კლინიკური ნიშანია გაფარჩხული ასიმეტრიულად განლაგებული ფრთები. დაავადების გამოვლენისთანავე აუცილებელია ჩატარდეს მკურნალობა.

ევროპული სიდამპლე - გამომწვევია ბაქტერია bact. Pluton და სხვა თანმხლები ბაქტერიები, ღია ბარტყის დაავადებაა, ბარტყი მოყვითალოა, გახრწნილ მასას მჟავე სუნი აქვს, ბარტყი ჭრელია. დაავადებას ხელს უწყობს ბუდის გაციება. დაავადება გვხვდება გაზაფხულზე. აღმძვრელი ბარტყის ორგანიზმში ხვდება საკვებთან ერთად.

ამერიკული სიდამპლე - გამომწვევია ბაცილა bac.lavrae, გადაბეჭდილი ბარტყის დაავადებაა, ბარტყი  ჭრელია, სახურავები ჩაჩხვლეტილი, დამპალი ბარტყი მოყავისფრო-წელვადია, აქვს სადურგლო წებოს სუნი, გამხმარი ბარტყი ქერქის სახით უჯრედის კედელზეა მიკრული. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს ცხელი ამინდები ამიტომ   გვხვდება დაავადება ზაფხულში. აღმძვრელი ბარტყის ორგანიზმში ხვდება საკვებთან ერთად.

ასკოსფეროზი ანუ ჩაკირული ბარტყი -  გამომწვევი Ascosphaera apis   სოკო პათოგენურია 3-4 დღის ასაკის ბარტყის მიმართ. ავადდება როგორც ღია ისე გადაბეჭდილი - სამუშე, სამამლე, სადედე ბარტყი. დაავადება გვხვდება მთელი სეზონის განმავლობაში. ფუტკრები თითონ არ ავადდებიან, ისინი მხოლოდ დაავადების აღმძვრელის გადამტანები არიან. სოკოს მიცელიები  სკაში შემოდის მტვერთან და ფუტკრის მიცელიებით დაბინძურებული კიდურების მეშვეობით.  დაავადება მიმდინარეობს ფარული და აშკარა ფორმით. სოკოს ორგანიზმში შეჭრის გზა გარეგანია.ბარტყი ჩაიკირება და მოგვაგონებს მოთეთრო ცარცის ნატეხს. მუმიფიცირებული ჭუპრები მუქი ნაცრისფერი ან მოშავოა, ბარტყი იღუპება ჭუპრის სტადიაში. ჩაკირული ბარტყი გვხვდება როგორც ფიჭის უჯრედებში ისე გადმოყრილი სკის ძირზე, მისაფრენზე და საფრენის წინ.

ნოზემატოზი - გამომწვევი სპორა nozema apis საკვებთან ერთად ხვდება ფუტკრის საჭმლის მომნელებელ  სისტემაში. ლოკალიზდება შუა ნაწლავში და იწვევს ნივთიერებათა ცვლის მოშლილობის შედეგად ფაღარათს. კლინიკური ნიშნები ვლინდება ზამთრის ბოლოს  და  ადრე გაზაფხულზე. დასაწყისში ფუტკარი აგზნებულია, ემართება კუჭის აშლილობა. სკის შიგნითა კედლები, ფიჭები და  ჩარჩოები დასვრილია ფეკალით. რომელთა გასუფთავებისას სპორები ხვდება ფუტკარში ალიმენტარული გზით. ჩარჩოების ამოღების დროს ფუტკარი ფიჭაზე ვერ მაგრდება და ცვივა. სკის ძირზე აღინიშნება დიდი რაოდენობით დახოცილი ფუტკარი. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს მანანა თაფლზე დაზამთრება, ხანგრძლივი ზამთარი და მაღალი ტენიანობა.

 

 

 
Copyright © 2017 AGRO.ge | All Rights Reserved. TOP.GE     Created By: Pro-Service