ანგარიშები
პრესა ჩვენ შესახებ
ჩვენი ფერმერები
ბლოგი
ვიდეოგაკვეთილები
ირიგაცია
ნოდულარული დერმატიტი
 
ნოდულარული (კვანძოვანი) დერმატიტი ვირუსული დაავადებაა, ხასიათდება ცხელებით, ლიმფური სისტემების დაზიანებით, შინაგანი ორგანოებისა და კანქვეშა უჯრედების შეშუპებით, ნეკროზით. ყალიბდება კანქვეშა კვანძები (ბორცვები), საქონელს უზიანდება თვალი, სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემის ლორწოვანი გარსი.

დაავადება მიეკუთვნება მრპ-ის განსაკუთრებით საშიშ დაავადებას. დაავადებული ცხოველი იკლებს წონაში, წყვეტს წველადობას, არ მოდიან ახურებაში, ბუღები დროებით კარგავენ განაყოფიერების უნარს. დაავადება ძნელად გადააქვს სუფთა სისხლის საქონელს, მეწველებს და დასუსტებულს. დაავადების ადვილად გადამტანია ადგილობრივი ჯიშის საქონელი.

ბუნებრივ პირობებში დაავადება გრძელდება 2-დან 4 კვირამდე. მწვავე ფორმის დროს საწყის სტადიაში დაავადებას, როგორც ავღნიშნეთ, ახასიათებს ცხელება (ტემპერატურა ადის 40-41Oმდე), მადა უქვეითდება, აქვს ცრემლდენა, ლორწოვანი გამონადენი ცხვირიდან, 48-72 საათის შემდეგ გამოვლინდება კვანძოვანი გამონაყარი - ბორცვები კანზე, მრგვალი ფორმის, დიამეტრით 0.5-5 სმ, ბორცვების რაოდენობა მერყეობს რამოდენიმე ერთეულიდან ასეულამდე, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს კანის მთელ სიგრძეზე. ადგილობრივი ლიმფური კვანძები გამოკვეთილია, იშვიათ შემთხვევაში საქონელი ამჟღავნებს აგრესიულობას. შეიძლება გამოვლინდეს აბორტიც.

მძიმე ფორმის დროს აღენიშნება ხანგრძლივი ცხელება, მადის დაკარგვა, სიგამხდრე. ამონაბორცვები წარმოიქმნება მთელ ტანზე, გარეგან ლორწოვან გარსზე, შეიძლება დაზიანდეს ტრაქეა, საყლაპავი. ემართება ფილტვის შეშუპება და იღუპება ასფიქსიით ან ვითარდება ბრონქოპნევმონია. ქვემწვავე მიმდინარეობის დროს კანზე დაზიანება შეუმჩნეველია. დაავადება შემოიფარგლება დროებითი ცხელებით 2-5 დღე, მადა არ აქვს.

ახალდაბადებულ ხბოებში მიმდინარეობს ატიპიური ფორმა, პერიოდული დიარეით, ცხელებით, კანზე დაზიანება არ შეინიშნება. ზრდასრულ საქონელს აღენიშნება მადის დაკარგვა, პერიოდული ცხელება.

დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს უსიმპტომოდაც, მაგრამ, საქონელი არის ვირუსმტარებელი.
ბორცვაკის გაკვეთისას შემაერთებელი ქსოვილი თეთრი-მორუხო ფერის არის, სქელი კონსისტენციით, კანი და კანქვეშა უჯრედები გაჯირჯვლულია მოწითალო ფერის სითხით. ბორცვაკები ასევე აღინიშნება კუნთვან ბოჭკოებში, ფილტვებში, მაჭიკში, ფაშვში, საშვილოსნოზე, პლევრაზე, გულზე. ღვიძლში აღნიშნება სისხლჩაქცევები. პოსტმორფოლოგიური მონაცემები იცვლება დაავადების პროცესების განვითარების სტადიაზე.
ტიპიური ფორმის (ბორცვაკებით - კვანძებით) დიაგნოზირება ადვილია, ატიპიური ფორმების რთული, ამ შემთხვევაში აუცილებელია გამოიყოს ვირუსი და მოხდეს მისი იდენტიფიცირება. კლინიკური დიაგნოზი ეფუძნება ეპიზოოტოლოგიურ მონაცემებს და სიმპტომებს.
კანზე, ლორწოვან გარსზე, ბორცვაკების წარმოქმნა-რეაქცია ზედაპირზე მყოფი ლიმფური კვანძების კვანძოვანი (ნოდულარული) დერმატიტის მახასიათებელია. საბოლოო დიაგნოზი უნდა დაისვას ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე.

დაავადების გამოსავალი ხშირ შემთხვევაში კეთილსაიმედოა, ცხოველთა სიკვდილიანობა მერყეობს 2-10%-მდე. რაც მთავარია, არსებობს დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინები, რომლებიც იმუნიტეტს იძლევა 2-3 წელი. დაავადების წარმოშობის ადგილია აფრიკა.
სპეციალური მეთოდი მკურნალობაზე არ არის შემუშავებული. შეიძლება გამოვიყენოთ სიმპტომატური მკურნალობისათვის იმუნომოდულატორები, ელექტროლიტები, ვიტამინების კომპლექსები და ანთების საწინააღმდეგო საშუალებები.

ძვირფასო ფერმერებო, აღნიშნული დაავადების სიმპტომების გაჩენისთანავე დაუკავშირდით ადგილობრივ ვეტსამსახურს.
ცხოველის გვამი იწვება და იმარხება მიწაში. რძე არ გამოიყენება - არ გაყიდოთ. ხელი შეუწყვეთ დაავადების გავრცელების შეზღუდვას. არაკეთილსაიმედო ადგილებში ჩაატარეთ დეზინფექცია და დეზინსექცია. დაავადება გადააქვს მწერებს, ტკიპებს და ა.შ.
ფერმერები, რომლებსაც ჰყავთ შემოყვანილი „ევროპული“ საქონელი, ვურჩევდი განსაკუთრებით ყურადღებას და შიდა უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას. დეზინფექციისა და დეზინსექციის ინტენსიურ ჩატარებას.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაავადების გამოვლენის და დადასტურების შემთხვევაში, დაავადება რომ არ გავრცელდეს მთელ ტერიტორიაზე, ყველაზე კარგი ღონისძიებაა საქონლის ლიკვიდაცია და ფერმერების შესაბამისი კომპენსაცია. ჩვენი ვარაუდით, ახლა რამოდენიმე ათეული პირუტყვი შეიძლება იყოს დაავადებული.

დაველოდოთ დაავადების საბოლოო დიაგნოზს. ფერმერების მიერ მიწოდებული კლინიკური სურათი, სამწუხაროდ, ემთხვევა აღნიშნული დაავადების სიმპტომებს. იმედია, ოფიციალურად მოწოდებული დიაგნოზი უფრო საიმედო იქნება.
ძალიან მნიშვნელოვანია დაავადების განვითარების საწყის სტადიაზე დიფერენცირება სხვა დაავადებისაგან, როგორიცაა სტრეპტოტრიქოზი, ონქოცერკოზი, კანის ტუბერკულიოზი, კოღოების ნაკბენი.

აქვე მოგაწვდით ინფორმაციას ამ დაავადებების შესახებ:

სტრეპტოტრიქოზი - დაავადება, რომელსაც იწვევს სოკო სტრეპტოტრიქოსი (ატიპიური აქტინომიკოზი). ხასიათდება მწვავე აქსუდატური დერმატიტით, პაპილომებით, სველი ეგზემით, მასიური ქერქოვანი ნადებით.
კანის ონქოცერკოზი - ჰელმინთური ( ნემატოდოზი) დაავადებაა, მიმდინარეობს სუბკლინიკური ფორმით, ჰელმინთის ზრდასრული ფორმა აზიანებს კუჭს, ნაღველს. მატლები კანს - გადაადგილდებიან კანში. გადაიტანება მოსკიტებით.
კლინიკური სურათი პრაქტიკულად არ ვლინდება.
კანის ტუბერკულოზი - გავრცელების ტემპის მიხედვით გამოვრიცხავდით.
 
მიხეილ ჭიჭაყუა,
"მომავლის ფერმერის" მთ. ვეტკონსულტანტი,  
ბიოლოგიის დოქტორი
 
Copyright © 2017 AGRO.ge | All Rights Reserved. TOP.GE     Created By: Pro-Service