ანგარიშები
პრესა ჩვენ შესახებ
ჩვენი ფერმერები
ბლოგი
ვიდეოგაკვეთილები
ირიგაცია
25 წლის მებოცვრე ფერმერი თორნიკე ჩიხლაძე

თორნიკე ჩიხლაძე "მომავლის ფერმერია". პროფესიით მსახიობ-ფსიქოლოგმა ფერმერული საქმიანობა 2012 წელს ორი ბაჭიის შეძენით აფრიკის დასახლებაში დაიწყო. ამ ეტაპისთვის ჰყავს სამი ჯიშის ბოცვერი: ახალი ზელანდიური, სერებრისტი და კალიფორნიული. მისი აზრით,  საქართველოში არსებულ ჯიშებს შორის ისინი საუკეთესო თვისებებით გამოირჩევიან, არიან მშვიდი ხასიათის, ნაყოფიერებით გამოირჩევიან და საკვების   ნაკლები მოხმარებით ხასიათდებიან. დღეს 50-მდე დედა ბოცვერი ჰყავს და მუშაობს მხოლოდ საჯიშე ბაჭიებზე ანუ საუკეთესო ბაჭიებს ბუდიდან ცოცხლად ჰყიდის, კონსულტაციას უწევს და შეძლებისდაგვარად ეხმარება დამწყებ ფერმერებს. მას შემდეგ რაც ბოცვრის მოშენებით დაინტერესდა, თორნიკემ გადაწყვიტა ამ მიმართულებით ესწავლა და ამჟამად  აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარიის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია. ფიქრობს, რომ პროფესიული ცოდნა დიდ როლს თამაშობს ფერმის წარმატებასა და განვითარებაში.


"ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, რთულია იპოვო სამსახური, რომელიც გიზიდავს, გიყვარს და ასევე სტაბილურად უზრუნველგყოფს ფინანსურად. 2012 წელს გამიჩნდა სურვილი თავად დავსაქმებულიყავი და მომეშენებინა რომელიმე კონკრეტული სახის ცხოველი ან ფრინველი. სრულიად შემთხვევით, ჩემი ყურადღება მებოცვრეობამ მიიპყრო. თავდაპირველად ინტერნეტში არსებულ მასალებს გავეცანი და სულ მოკლე დროში თეორიული ცოდნა დავაგროვე, თუ როგორ ხდება ბოცვრის მოვლა, კვება და რა პირობების შექმნაა საჭირო მოშენებისთვის.


შევიძინე ორი ბაჭია, ე.წ. ველიკანის ჯიშის, თუმცა, ჩემ მიერ შეძენილი ბაჭიები სრულიად გაურკვეველი ჯიშის და წარმომავლობის ბოცვრები გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ გამყიდველისგან მოტყუებული დავრჩი, საექსპერიმენტოდ მყავდა ორი ბაჭია და შეიძლება ითქვას, პრაქტიკას გავდიოდი. თავდაპირველად არც შენობა მქონდა, არც გალიები და არც სხვა საჭირო აქსესუარები, რომელიც გამიადვილებდა ბაჭიების მოვლას. როდესაც პირველად ჩემმა ბოცვერმა, დილით ჩემივე დაბადების დღეს 9 ბაჭია დამახვედრა, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, სწორედ მაშინ უფრო მეტი ინტერესი და სურვილი გამიჩნდა, მქონოდა საკუთარი ფერმა.

 


რამდენიმე თვეში დაახლოებით 20-მდე ბაჭია მყავდა, რომელსაც მოგვიანებით ინტერნეტსივრცეში განთავსებული განცხადებით გავუკეთე რეალიზაცია. აღებული თანხითა და საკუთარი შრომით შევიძინე ისეთი მასალები, რითიც შესაძლებელი იქნებოდა გალიების აწყობა, მიუხედავად 6 თვიანი შრომისა, საბოლოო ჯამში გაყიდული ბაჭიებით შევძელი 50-მდე გალია დამემზადებინა, რომელიც მოგვიანებით ახალი ჯიშის ბოცვრებით შევავსე“, - აღნიშნავს ფერმერი.


თორნიკემ თავისი 4 წლიანი ფერმერული საქმიანობის განმავლობაში ბევრი ფერმერისგან მიიღო პრაქტიკული და თეორიული ცოდნა. თუმცა, მისი აზრით, მაინც არსებობს გავრცელებული მოსაზრება, რომ ფერმერობით შესაძლებელია ადამიანმა ეკონომიკური მდგომარეობა გაიუმჯობესოს, თუმცა ბოცვერი მარტივად და მასობრივად იხოცება და ა.შ. ეს ხელს უშლის ქვეყნის მასშტაბით ამ კონკრეტული დარგის განვითარებას.


„თუ დავიანგარიშებთ, 1 ბოცვერი წელიწადში 4 ჯერ მაინც გვაძლევს ნაყოფს, საშუალოდ 8 ბაჭიას ანუ ჯამში 32 ბაჭიას. თითოეულის საშუალო ღირებულება 30 ლარს შეადგენს. ამდენად, 1 ბოცვერი 960 ლარს გვაძლევს, ხოლო თავად დედა ბოცვერი წელიწადში საშუალოდ 60-80 ლარის საკვებს მოიხმარს. თუ 50 დედა ბოცვერი გვეყოლება, თავად დაფიქრდით რა შემოსავლის პატრონები შეიძლება გავხდეთ.


ვფიქრობ, ამ საუკუნეში იმდენად განვითარდა ტექნოლოგიები, გაადვილებულია ნებისმიერი სახის სამუშაო. მაგალითისთვის ავიღოთ ე.წ. საწყურებლები, რომელიც ბოცვერს უზრუნველყოფს მუდმივ რეჟიმში მიეწოდებოდეს სამელი წყალი, მარტივია არა?! არადა, 2 წლის წინ თითო გალიაში უკუღმა დამხობილი „პლასტმასის“ ბოთლებით მიეწოდებოდა  წყალი სათითაოდ გალიას. მათი ავსება, მით უფრო თუ დიდი ფერმა გქონდა, დამხმარე პერსონალის გარეშე სრულიად წარმოუდგენელი იყო. იგივე შეიძლება ითქვას გაგრილების, საკვებ სისტემაზე... რაც შეეხება  საჭირო პრეპარატებსა თუ მედიკამენტებს, რამდენიმე წლის წინ არ იშოვებოდა ბოცვრის ვაქცინა, ანტიბიოტიკები... დღეს ეს პრობლემაც მოგვარებულია. "მომავლის ფერმერთა" ვეტერინარებისგან მიღებული მაქვს კვალიფიციური რჩევები, რაც მნიშვნელოვნად დამეხმარა ჩემი საქმიანობის სწორად წარმართვაში. აქ არიან პროფესიონალები და ყველას ვურჩევ გაითვალისწინონ მათი რეკომენდაციები," - ამბობს ახალგაზრდა ფერმერი.


თორნიკეს აზრით, მებოცვრეობა და ზოგადად ფერმერობა რომ განვითარდეს, სასურველი და სასიცოცხლოდ მნიშნვნელოვანია სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წელიწადში ორჯერ მაინც გამოაცხადოს საგრანტო კონკურსი როგორც მცირე, ასევე დამწყები ფერმერებისთვის, რადგან მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო შეუძლებელია საკუთარი  ფინანსებით ფერმის აშენება და კეთილმოწყობა.


„ჩემი მიზანია ფერმა გავაფართოვო, ვუზრუნველყო გათბობა-გაგრილების სიტემით და უცხოეთიდან შემოვიყვანო ახალი ჯიშები. დამწყებ ფერმერებს ვურჩევ, კარგად დაფიქრდნენ უნდათ თუ არა ფერმერობა, რადგან იყო ფერმერი ნიშნავს, ფიზიკურად და გონებრივად ყოველდღე მუშაობდე. ასევე, კარგად გაეცნონ ბოცვრის მოვლის სპეციფიურობას როგორც თეორიულად, ასევე - პრაქტიკულად. ხშირია შემთხვევა, როცა დილეტანტი მოდის და მეუბნება, რომ 100 ან 200 საჯიშე ბაჭია უნდა და ამ დროს არაფერი იცის. ასე დაწყებული ბიზნესი ყოველთვის კრახს განიცდის, ამიტომ, ჯობს 5-10 ცალით დაიწყო, კარგად გაარკვიო რასთან გაქვს შეხება და შემდეგ როცა უკვე ცოდნა-გამოცდილებას დაიგროვებთ, მერე გადახვიდეთ სხვა ეტაპზე ანუ ფერმის გაფართოებაზე“,- აღნიშნავს თორნიკე ჩიხლაძე და ფერმერებს საქმის სიყვარულისკენ მოუწოდებს.


გახდი "მომავლის ფერმერი".

ბეჭდვა
 
Copyright © 2018 AGRO.ge | All Rights Reserved. TOP.GE     Created By: Pro-Service