ანგარიშები
პრესა ჩვენ შესახებ
ჩვენი ფერმერები
ბლოგი
ვიდეოგაკვეთილები
ირიგაცია
25 წლის მესაქონლე ფერმერი სოფელ მეჯვრისხევიდან
გიორგი დადიანიძე "მომავლის ფერმერია". მან ფერმერული საქმიანობა 2013 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაიწყო. ის მესაქონლე ფერმერია, მეხორცული მიმართულებით. მცირე რაოდენობით ჰყავს ფრინველი და ღორიც. მეურნეობა გორის რაიონ სოფელ მეჯვრისხევში მდებარეობს. ფერმის ძირითადი შენობა გათვლილია 140 სულზე, თუმცა ახლა მხოლოდ 70 სული საქონელი ჰყავს და ყველა ადგილობრივი ჯიშის, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ამჟამად 60 ტონა ხორცს აწარმოებს და სურს მომდევნო 3 წელში ეს მაჩვენებელი გააორმაგოს და შეძლოს, სტაბილურად, უცვლელი ხარისხის ხორცით მოამარაგოს ხორცის მსხვილი მომხმარებელი ობიექტი ან ობიექტები.

"უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მცირე კაპიტალი დამიგროვდა და ვფიქრობდი, აღნიშნული თანხა მცირე ბიზნესში ჩამედო, არჩევანი ბოლოს ამ მიმართულებაზე შევაჩერე. მიზეზი რამდენიმე იყო - მქონდა მცირე გამოცდილება ამ მიმართულებით, რადგან ნახევრად სოფელში გავიზარდე. ამასთან, თანხაც მყოფნიდა დასაწყებად და გორთან ახლოს ფერმაც ქირავდებოდა. ამ სფეროთი დაინტერესების პირველივე ეტაპზე ურთიერთობა დავიწყე ასოციაცია "მომავლის ფერმერთან". სხვადასხვა მიმართულებით მივიღე კომპეტენტური კონსულტაციები დარგის სპეციალისტებისგან და სხვადასხვა დროს, მათივე საშუალებით დავუკავშირდი ბევრ პრაქტიკოს ფერმერს და დღემდე ვაგრძლებ თანამშრომლობას", - ამბობს 25 წლის ფერმერი.

გიორგი დადიანიძე მიიჩნევს, რომ ძირითადი ბიზნეს და ეკონომიკური პრინციპების ცოდნა ყველა ფერმერისთვის აუცილებელია, რადგან მან სწორად შეაფასოს მისი ქმედებები ფულში და შეძლოს იმის განსჯა, საერთოდ ღირს თუ არა იმის კეთება რასაც აკეთებს; სწორად დათვალოს მის მიერ წარმოებული პროდუქციის თვითღირებულება, იზრუნოს თავისი მეურნეობის მაღალეფექტიანობაზე... ახალგაზრდა ფერმერის აზრით, პრაქტიკული გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მას დიდი დროს სჭირდება. სწორად დაგეგმილ მეურნეობაში კი გამოცდილება მოკლე დროში და ნაკლები შეცდომების ხარჯზე მიიღება.

გიორგის სამეურნეო საქმიანობაში ძალიან ეხმარება მამა, საქმეს ძირითადად მასთან იყოფს. გარდა ამისა, მუდმივად ჰყავს დასაქმებული ერთი ადამიანი და დაახლოებით 6 კაცს სხვადასხვა სეზონურ სამუშაოზე პერიოდულად ასაქმებს. გიორგი ფიქრობს, რომ იყო ფერმერი რთულია და დღეს ფერმერობას კიდევ რამდენიმე ფაქტორი ართულებს.

"ფერმერობა ყველგან და ყოველთვის იყო და იქნება რთული, რადგან ფერმერი არის რაოდენობით ცოტა, აწარმოებენ საკვებს ძალიან ბევრისთვის და ამაში იღებენ ძალიან მცირე შემოსავალს. დღევანდელ საქართველოში კი ამას ემატება კიდევ ბევრი ნეგატიური ფაქტორი, რაც ფერმერს საქმეს კიდევ უფრო ურთულებს. მაგალითად, გლეხური მეურნეობები, ეს უკანასკნელნი არ ითვლიან სრულყოფილად მათ მიერ წარმოებული პროდუქციის თვითღირებულებას და შესაბამისად, ყიდიან არასწორ ფასად (დაბალ ფასად), ხშირად კი ეს ფასი ფერმერის მიერ წარმოებული პროდუქციის თვითღირებულებაზე დაბალია. ეს ქმნის ძალიან არაკონკურენტულ და არაჯანსაღ გარემოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ბაზარზე.

ძალიან დიდი პრობლემაა არამდგრადი ბაზარი, ძნელია გრძელვადიან პერსპექტივაში გადაწყვეტილების მიღება, რადგან არ იცი რა იქნება მომავალ წელს, არ მუშაობს აგროდაზღვევის პროექტი, შეჩერებულია საძოვრების იჯარით გაცემა. დიდი ხანია კონკრეტული საძოვრის იჯარით გადმოცემას ვითხოვ, მაგრამ მთავრობის დადგენილებით შეჩერებულია საძოვრების იჯარით გაცემა და უარს მეუბნებიან. ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ პრობლემებისა, რაც ართულებს დღესდღეისობით ფერმერთა ყოფას", - ამბობს ფერმერი გიორგი დადიანიძე.

ახალგაზრდა ფერმერი დამწყებ მესაქონლე ფერმერებს ურჩევს, სანამ თავიანთ ყოველდღიურობას სოფლის მეურნეობის ამ დარგს დაუკავშირებენ, სწორად შეაფასონ საკუთარი მდგომარეობა, უნდათ თუ არა ეს საქმე იმდენად, რომ შეიყვარონ; აქვთ თუ არა დრო, რადგან დღე-ღამეში „25 საათს“ მოითხოვს, აქვთ თუ არა ტერიტორიული რესურსი, ადგილი, შენობა, წყალი, საძოვარი, საკვები ბაზა და რა თქმა უნდა, ფულადი სახსრები. მით უფრო, რომ დასაწყისში გარკვეული დროის მანძილზე ფულის რეინვესტირებაა საჭირო. გიორგის თქმით, სწორი დაგეგმვა და დიდი ენთუზიაზმია საჭირო ალბათ ყველგან, მაგრამ ამ სფეროში - განსაკუთრებით.

გახდი "მომავლის ფერმერი"
ბეჭდვა
 
Copyright © 2018 AGRO.ge | All Rights Reserved. TOP.GE     Created By: Pro-Service