ანგარიშები
პრესა ჩვენ შესახებ
ჩვენი ფერმერები
ბლოგი
ვიდეოგაკვეთილები
ირიგაცია
საქართველოს ადგილობრივი ძროხის ჯიშების შესახებ განსაკუთრებით საინტერესო მასალებია წარმოდგენილი თბილისში 1869 წელს მოწყობილი კავკასიის მეცხოველეობის პირველი გამოფენის მასალებში, რომლის მიზანი იყო შინაური ცხოველების ადგილობრივი ჯიშების გაცნობა და მისი გაუმჯობესების გზების დასახვა. ადგილობრივი პირუტყვი პირველად იქნა 2 ჯგუფად დაყოფილი: 1. მდინარე მტკვრის დაბლობის საქონელი, რომელსაც ქართული უწოდეს და  2. მთის საქონელი -  ოსური თიანეთის.
საქართველოში ბუნებრივ ისტორიული გარემო, სადაც ხშირად ერთი ხეობის საზღვრებში იყო მოქცეული ყველა ზონა - დაწყებული სუბტროპიკულიდან და ნახევრად უდაბნოდან, და დამთავრებული მაღალმთიანი ალპურით,  მრავალფეროვანს ხდიდა დაბლობის, მთისწინა და მთის კომპლექსურ მეურნეობებს, სადაც მეძროხეობას ეჭირა განსაკუთრებული ადგილი. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ საქართველოში განვითარებულიყო დაბლობისა და მთის მეძროხეობის ყველა ფორმა.
ამჟამად საქართველოში ძროხის სამი ადგილობრივი ჯიშია შემორჩენილი - საქართველოს მთის ძროხიდან ჩამოყალიბებული ხევსურული და მეგრული წითელი, აგრეთვე საახალჯიშო შეჯვარებით მიღებული კავკასიური წაბლა.
მეგრული წითელი ძროხა შედარებით ახალი ჯიშია. ის ცნობილი მეჯოგეების, ძმები კვარაცხელიების მიერ არის გამოყვანილი XIX საუკუნის დამლევსა და XX საუკუნის დასაწყისში. მუდმივად საძოვარზე, ღია ცის ქვეშ ყოფნა, მთა-ბარობა და მკაცრი პირობებისადმი შეგუების აუცილებლობა ხელს უწყობდა აღნიშნულ პირუტყვს მაღალი რეზისტენტული თვისებების გამომუშავებაში. ასე ჩამოყალიბდა ეს უნიკალური ძროხის ჯიში, რომელიც დღეს უკვალოდ გაქრობის ზღვართან არის მისული.
ძროხის მეგრული წითელი ჯიში თავისებური ექსტერიერით ხასიათდება. ტანად ის სხვა აბორიგენულ ჯიშებზე უფრო დიდია. მათ ახასიათებთ შედარებით პატარა თავი, რქები გრძელი და წვრილია. კისერი საშუალო სიგრძით ხასიათდება, წვრილია და ტანთან მისი შეერთების ადგილი მკვეთრად არის გამოსახული. დამახასიათებელია კისერზე კანის ხშირი ნაოჭები, მკერდი საკმაოდ ღრმაა და განიერი. კიდურები წვრილი და საკმაოდ მაღალია.
ფერი ღია წითელია, კუროები უფრო მუქი შეფერილობით ხასიათდებიან, ვიდრე ფურები. ამ ჯიშის ცხოველთა ნაწილის ფერი არ არის ერთგვაროვანი: ზოგჯერ გვხვდება თეთრი ხალები.

 
ცხრილის მაჩვენებლების მიხედვით წველადობის აღნიშნული დონე დაბალია, მაგრამ მიღებულია მომთაბარეობის ძნელ, რომელიმე სხვა ჯიშის არსებობისათვის უვარგის პირობებში. პროდუქცია ძლიერ იაფია, რადგან თითქმის ყველაფერს, რაც საჭიროა მისი წარმოებისათვის, ადამიანი პირდაპირ ბუნებისაგან ღებულობს შრომის მინიმალური ხარჯვით. ძალიან მცირეა პირუტყვის საკვების დამზადებასთან, ბინათმშენებლობასთან, მექანიზაციასთან დაკავშირებული და სხვა ხარჯები, რომლებიც ძროხის სხვა ჯიშთა ფერმებისათვის აუცილებელია. ამიტომ ეს ჯიში კონკურენციის გარეშეა, სანამ საქართ-ველოში არსებობს სხვა პირუტყვისათვის მიუდგომელი ალპური საძოვრის დაშორებული მასივები, რომლებსაც ეს ჯიში მუდმივი თოვლის ზოლამდე იყენებს, და კოლხეთის საზამთრო საძოვრები, რომლებიც სხვა პირუტყვისათვის უვარგისია. ექსტრემალური შენახვის მსგავს პირობებში არა თუ სხვა ჯიშის ძროხის, არამედ მეგრული წითელი ჯიშის ნაჯვართა მოშენებაც არავის უცდია.
მეგრული წითელი ჯიშის ძვირფას თვისებას წარმოადგენს რძის მაღალი ცხიმიანობა, რომელიც საშუალოდ 4,45 პროცენტს შეადგენს, ხოლო მაქსიმალური - 6,17 პროცენტს აღწევს. მაღალი ცხიმიანობის გამოვლინებას ხელს არ უშლის მომთაბარეობის ძნელი პირობები, იმ დროს, როდესაც ფურის მაღალი წველადობის გამოვლინება იგივე პირობებში ძლიერ შეზღუდულია.
ექსტენსიურ პირობებში 18 თვის ასაკამდე გამოზრდილი და შემდეგ სუბალპურ საძოვარზე გაშვებული ამ ჯიშის მოზვრებს საშუალო დღეღამური წონამატი 570 გრ-ს უდრიდა (დამატებითი საკვების გარეშე), ხოლო იმავე ცხოველთა ჟენჟოთი ინტენსიურ სუქებაზე გადაყვანის შემდეგ დღეღამური წონამატი კიდევ გაიზარდა 180 გრ-ით.
ამ ჯიშის შემდგომი სრულყოფის მიზნით მოწყობილი იყო რამდენიმე სანაშენე ფერმა, რომელთა მუშაობას კოორდინაციას უწევდა ჯიშსაშენი. სამწუხაროდ, ამჟამად ეს ფერმები აღარ არსებობს. ჩვენი აზრით საჭიროა კერძო ფერმერთა ორგანიზაციის შექმნა, რომელიც კვლავ მოაწყობს სანაშენე მუშაობას. სანაშენე ფერმების პირობებში მეგრული წითელი ჯიშის ფურების სარძეო პროდუქტიულობა გაიზარდა საშუალოდ 1460 კგ-ს აღწევდა 4,35% ცხიმიანობით. ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს მიაღწიეს ლანჩხუთის რაიონის სოფელ აკეთის ფერმაში, სადაც 144 ხალასჯიშიანი ფურის საშუალო წლიური წველადობა 6 ლაქტაციაზე უდრიდა 1832 კგ-ს, მომდევნო ლაქტაციაზე კი -  2100 კგ-ს 4,4% ცხიმიანობით. საჭიროა ამ ჯიშის აღდგენა და ხალასი მოშენების გზით გამრავლება. არ უნდა დავუშვათ სულადობის შემდგომი შემცირება და ძვირფასი გენოფონდის განიავება.
საქართველოში გავრცელებული მსხვილფეხა პირუტყვის პირველი ექსპედიციური გამოკვლევა, ძირითადად, 1924-28 წწ. უკავშირდება. მაგრამ უფრო ფართომასშტაბიანი შესწავლა, რომლის დროსაც დამუშავებული იქნა 2460 სული მსხვილფეხა პირუტყვი, 1946 წელს მოხდა პროფ. ნ. გოცირიძის, ხელმძღვანელობით. ამ ექსპედიციის დროს აღინიშნა, რომ გასული 20 წლის მანძილზე ქართულმა ძროხამ ნაკლებად განიცადა უცხო გავლენა, ხოლო ის მცირე ცვლილებანი, რომლებიც ნანახი იქნა მეგრული წითელი ძროხის შესწავლის პროცესში, მკვლევარების აზრით ლაბილური გენეტიკური ფაქტორების შედეგია, ვინაიდან ეს ჯიში შედარებით ახალია და მისი მემკვიდრული ნიშან-თვისებები იმ დროისთვის ჯერ კიდევ არ იყო კონსოლიდირებული.
ქართული მთის ძროხის ხევსურული ჯილაგის შესწავლა პირველად პროფ. ი. ჯანდიერმა დაიწყო. მან ამ მიზნით 1927 წელს ხევსურეთიდან და მთიულეთიდან საცდელ მეურნეობაში 28 სული ფური ჩამოიყვანა, რომლებიც სამეურნეო ნიშნის მიხედვით არ შეურჩევია და მოაწყო პროდუქტიულობის, აგრეთვე საკვების ზუსტი აღრიცხვა. მთის მწირი კვების პირობებში გამოზრდილმა და კვების გაუმჯობესებულ პირობებში გადმოყვანილმა ფურებმა საშუალოდ 257 კგ მიაღწიეს, ანუ მწირი კვების პირობებთან შედარებით 25-35 პროცენტით მე-ტს. საცდელ სადგურში დაბადებული ფურების ცოცხალი მასა 1930 წელს 330-335 კგ შეა¬დ¬გენდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ მთის მწირი კვების პირობებში ფურების საშუალო ცოცხალი მასა 180-200 კგ-ია, გაუმჯობესებული კვების პირობებში გამოზრდილი ფურების ცოცხალი მასა გაიზარდა 145 კგ-ით, ანუ 76 %-ით. ხევსურული მთის ჯიშის ფურები გამოირჩევიან მაღალი რძის ღალიანობით (საშუალოდ 4,5%). აღსანიშნავია, რომ გაუმჯობესებულ მოვლა-შენახვის პირობებში ამ ჯიშის მაღალპროდუქტიულმა ფურმა 6| ლაქტაციაზე მოიწველა 4111 კგ რძე 4,9% ცხიმით. მისი ცოცხალი მასა იყო 280 კგ. მიღებულ რძეს თუ გადავიყვანთ საბაზისო ცხიმიანობაზე (3,6%), მაშინ მისი ფაქტიური წველადობა იქნე¬ბა 5600 კგ, რაც ნიშნავს იმას, რომ ხევსურული ჯიშის ფურები ყოველ 100 კგ ცოცხალ მასაზე მოწველილი რძის რაოდენობით, რომელიც დაახლოებით 2000 კგ შეადგენს, მსოფლიოში ყველა ჯიშზე მაღლა დგას. მაგალითად, 90-იან წლებში ერთ ფურზე საშუალო მონაწველის მიხედვით მსოფლიოში 6 ადგილზე იყო ისრაელი - 8531 კგ. იქ ძირითადი ჯიში ჰოლშტინოფრიზია, რომლის ფურების საშუალო მასა 600 კგ-ს შეადგენს და ყოველ 100 კგ ცოცხალ მასაზე იღებენ 1422 კგ რძეს. მოცემული პროდუქტიულობის პირობებში, ჰოლშტინოფრიზული ჯიშის ფურს ესაჭიროება 7,3 ტონა საკვები ერთეული, ხოლო ხევსურული ჯიშის ფურს - 3,6 ტონა. გარდა ამისა, ხევსურული ძროხა შესანიშნავად ითვი-სე¬ბს სუბალპურ და ალპურ საძოვრებს, რომლითაც საკმაოდ მდიდარია საქართველო. სამთო ტურიზმის განვითარების პირობებში მთის ჯიშის ძროხეულის ხევსურული ჯილაგი სერიოზულ ინტერესს იწვევს და მის აღდგენას, განვითარებას და გამოყენებას დიდი პერსპექტივა აქვს.
ამგვარად, ქართული მთის ჯიშის ფურებს ახასიათებს საკვების ძლიერ მაღალი ანაზღაურება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს რძის თვითღირებულებას. ეს ჯიშის ერთ-ერთ ძვირფას თვისებად უნდა იქნეს მიჩნეული.
ქართული მთის ჯიშის მოზვრებმა, რომლებიც დაბადებიდან ცუდ პირობებში იზრდებოდნენ, 18 თვის ასაკში სუბალპიურ საძოვარზე გაშვების შემდეგ საშუალოდ 560 გ დღეღამური წონამატი მისცეს (დამატებითი საკვების გარეშე), ხოლო შემდეგ, ჟენჟოთი ინტენსიურ სუქებაზე გადაყვანის შედეგად, მათი დღეღამური წონამატი კიდევ 100 გრ-ით გაიზარდა.
ხორცის წარმოების გადიდების მიზნით მიმართავენ ქართული მთის ჯიშის სამრეწველო შეჯვარებას სახორცე ჯიშებთან -  ჰალოვეურთან, აბერდინანგუსურთან და სხვებთან, რაც დადებით შედეგს იძლევა. ეს განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება სახორცე მე¬ცხო¬ველეობაში მიღებული ტექნოლოგიის გამოყენებისას. ამ შემთხვევაში ფურის ძლიერ დაბალი ცოცხალი მასის გამო მცირე იქნება მისი შენახვის ხარჯები, რომლებიც მთლიანად სახორცედ განკუთვნილ მის ხბოს დაეწერება და ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ხორცის თვითღირებულებას.
ახლანდელ პირობებში ამ ჯიშზე სანაშენე მუშაობა უნდა წარიმართოს ძირითადად ხალასი მოშენების გზით. მთავარი ყურადღება უნდა დაეთმოს მის შენარჩუნებას, შემდგომ სრულყოფას და რაციონალურ გამოყენებას.
კიდევ ერთი ჯიში, რომელიც გავრცელებულია საქართველოში - კავკასიური წაბლა. ეს ჯიში გამოყვანილია საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და დაღესტნის ადგილობრივი ძროხის შეჯვარებით უმთავრესად შვიცურ ჯიშთან. ბოლო პერიოდში შესაჯვარებლად იყენებდნენ კოსტრომულ, ლებედინურ და ალათაურ ჯიშებს (რომლებიც შვიცური ჯიშის მონაწილეობით იყვნენ გამოყვანილი).
საქართ¬ველოში შვიცური ჯიშის გამოყე¬ნე¬ბას დასაბამი მისცა 1863 წელს დასავლეთ ევროპიდან ჩამოსახლებულმა მემამულემ ა.კუჩენბახმა, რომელმაც მთავრობასთან შეთანხმებით დმანისის მახლობლად ზღვის დონიდან 1300-1600 მ სიმაღლეზე აირჩია მიწის ნა¬კვე¬თი შვეიცარული ტიპის ფერმის მოსაწყობად. მან შეიძინა მცირეკავკასიური და ქართული მთის ჯიშის ძროხები, შვეიცარიიდან ჩამოიყვანა შვიცური ჯიშის 13 დეკეული და 3 კურო. ეს იყო კულტურული ევროპული ჯიშის პირუტყვის პირველი შემოყვანა ამიერკავკასიაში.
შვიცური ჯიშის ხალასად მოშენებასთან ერთად კუჩენბახმა დაიწყო ადგილობრივ შეძენილი ფურების შეჯვარება ამ ჯიშის კუროებთან. მათ ბევრად უკეთესი პირობები ჰქონდათ შექმნილი, ვიდრე მეზობლების პირუტყვს, მაგრამ გარემოსთან შეუგუებლობის გამო, განსაკუთრებით ციმბირის წყლულის დაავადების და ჭირის ეპიზოოტიის შედეგად შვიცური ხალასჯიშიანი ცხოველები მთლიანად, ხოლო მათი ნაჯვარები ნაწილობრივ გაწყდა. ამის შემდეგ ა. კუჩენბახი ამ ჯიშს ხალასად აღარ ამრავლებდა, მაგრამ შეჯვარებას აგრძელებდა და ამისათვის შვიცური კუროები შემოჰყავდა. ამ გზით შეიქმნა 600 სულამდე ნაჯვარ ცხოველთა ნახირი. ფურების საშუალო წველადობა აღწევდა 1850 კგ-ს, ცოცხალი მასა 328-492 კგ-ს. ა. კუჩენბახმა თავისი მაგალითით ხელი შეუწყო ჯიშიანი პირუტყვის გავრცელებას. შთანთქმითი შეჯვარების გზით მიღებულ ცხოველთა I თაობას და უფრო მეტად II თაობას ადგილობრივ ჯიშთან შედარებით გაზრდილი ჰქონდა ცოცხალი მასა და წველადობა, მაგრამ შეუმცირდა რძის ცხიმიანობა, III თაობის შემდეგ კი წველადობამაც კლება დაიწყო, რადგან ნაჯვართა სისხლიერების% ზრდასთან ერთად მცირდებოდა ადგილობრივ მკაცრ პირობებთან ცხოველთა შეგუება და გამძლეობა. ამასთანავე, II და III თაობის ნაჯვართა შორის ვლინდებოდა ყველაზე მაღალპროდუქტიული ცალკეული ფურები, რომლებშიც  მშობლიური ჯიშების კარგი თვისებები ხელსაყრელად იყო შეხამებული.
ახალი ჯიშის გამოყვანისათვის ცხოველთა შერჩევისა და გადარჩევის სქემით გათვალისწინებული იყო ჯერ შვიცურ ჯიშთან ადგილობრივი პირუტყვის შთანთქმითი შეჯვარება II და III თაობის ნაჯვართა მისაღებად, შემდეგ ამ ნაჯვართა შორის არჩეულ, სასურველ ტიპს ყველაზე მეტად მიახლოვებულ ცხოველთა საახალჯიშო შეჯვარება, ბოლოს კი ამ ტიპის თვისებათა განმტკიცება და მისი გამრავლება თავისში%.
მსგავსი მუშაობა დაწყებული იყო, აგრეთვე, სომხეთში, აზერბაიჯანში და დაღესტანში. გაიზარდა სულადობა და მისი შემდგომი სრულყოფის შესაძლებლობა.
ძროხის საკუთარი კულტურული ჯიში საქართველოს და მის მოსაზღვრე რესპუბლიკებს ადრე არ ჰყოლიათ. სპეციფიკურ პირობებს შეგუებული და საკმაოდ მაღალპროდუქტიული კავკასიური წაბლა ჯიშის გამოყვანას მნიშვნელობა ჰქონდა მეძროხეობის ინტენსიფიკაციისა და პროდუქტიულობის გადიდებისათვის. ახალი ჯიში სწრაფად მომრავლდა და მალე საქართ¬ველოში წამყვანი ადგილი მოიპოვა. ამ ჯიშის ცხოველებისათვის დამახასიათებელია სხვადასხვა ინტენსივობის წაბლა ფერი. 1968 წელს გამოიცა კავკასიური წაბლა ჯიშის სახელმწიფო სანაშენე წიგნის I ტომი, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ - II ტომი.
ამჟამად კავკასიური წაბლა ჯიშის სრულყოფას ყველაზე მეტად აბრკოლებს პირუტყვის ცუდი მოვლა და კვება, რომელთა გაუმჯობესება აუცილებელია ჯიშის სანაშენე და პროდუქტიული თვისებების შესაბამისი დონით ამაღლებისათვის.
ბევრ ქვეყანაში ინტენსიური მეცხოველეობის განვითარებასთან ერთად იქმნება და მოქმედებს ნაციონალური პროგრამები, რომლებიც ითვალისწინებენ ადგილობრივი ჯიშების შენარჩუნებას და მათ გაუმჯობესებას. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის, რადგან ხელს უწყობს უფრო იაფი და მაღალი ხარისხის მეცხოველეობის პროდუქციის მიღებას. ამგვარი მუშაობა უნდა დაიწყოს საქართველოშიც. აუცილებელია ჯიშის გენოფონდის შენარჩუნების, როგორც სანაშენე საქმის შემადგენელი რგოლის, საორგანიზაციო, ეკონომიკური და უფლებრივი საფუძვლების შემუშავება. სახელმწიფო სამართლის მიერ გენოფონდის გენოფონდის შენარჩუნების საქმის დაცვა უმნიშვნელოვანესი სასიცოცხლო პრობლემაა, რომელიც გარემოს გლობალურ პრობლემასთან არის დაკავშირებული.
ჯიშის შექმნის პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მსოფლიო გენოფონდის გამოყენებას. ეს სარძეო მიმართულების ინტენსიფიკაციის ერთერთი გზა არის. ადგილობრივი საუკეთესო ჯიშები კი უნდა მოვაშენოთ ხალასჯიშიანი მეთოდით. ადგილობრივი ჯიშების გაქრობა გამოიწვევს მშობლიური გენოფონდის განადგურებას ძვირფასი გენთა კომპლექსების დაკარგვის გამო, რომლებიც განაპირობებენ ცხოველთა მაღალ რეზისტენტობას სხვადასხვა დაავადებების მიმართ, ექსტრემალური კლიმატისა და პირობებისადმი მდგრადობას და სხვ. ადგილობრივი ჯიშების გენოფონდის შენარჩუნებისათვის გათვალისწინებული უნდა იყოს სპეციალური მეურნეობები-რეპროდუქტორების შექმნა. ასეთ ფერმებში გენოფონდის ფორმირება უნდა ჩამოყალიბდეს ხალასჯიშიანი ცხოველებს შორის გადარჩევის საფუძველზე, რომელთა მონაცემები აკმაყოფილებენ ექსტერიერისა და ჯიშის სტანდარტებს. უპირატესობა ეძლევათ ორიგინალური იმუნოგენეტიკური მაჩვენებლებისა და სხვა ინტერიერული ტესტების მქონე ცხოველებს.
საგენოფონდო მეურნეობების ქსელი უნდა მოიცავდეს ქვეყნის ყველა ზონას. საგენოფონდო სულადობის გამრავლების საფუძველია – ხალასჯიშიანი მოშენება. აუტბრედული ჯგუფობრივი წყვილების შერჩევის ტიპით და ხაზების როტაციით. ჯოგში უნდა იყოს 3-დან 5-მდე სხვადასხვა გენეალოგიური ხაზები 2-2 კურო-მწარმოებლებით თითოში. ინბრიდინგი ასეთ შეკრულ პოპულაციებში მეტად არ არის სასურველი.
ცნობილია, რომ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ცხოველების ძვირფასი ენდემური ჯიშების გენოფონდს სრული განადგურება ემუქრება. ამ გარემოებას განსაკეთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საქართველოს პირობებში, სადაც სანაშენე საქმიანობა ფაქტიურად თავიდან უნდა დაიწყოს. იყო მცდელობა აბორიგენული ჯიშების გენოფონდის შენარჩუნებისა და მისი შემდგომი გამოყენება-განვითარება, მაგრამ ეს ღონისძიებები სრულყოფილად ბოლომდე ვერ ჩატარდა სხვადასხვა მიზეზების გამო. დღევანდელი პირობებიდან გამომდინარე სანაშენე საქმიანობა ჩვენთან მოითხოვს სასელექციო მუშაბის აღდგენას.
საერთო კრიზისმა პოსტსაბჭოურ რესპუბლიკებში უარყოფითი გავლენა მოახდინა ადამიანის მოღვაწეობის ყველა სფეროზე – ეკონომიკური თუ პოლიტიკური, განსაკუთრებით კი ეს შეეხო მეცნიერების სხვადასხვა მიმართულებებს, მათ შორის მეცხოველეობას. ამ ურთულეს პირობებში საქართველოში შეძლებისდაგვარად მიმდინარეობს მუშაობა აბორიგენული ძროხის ჯიშების გენოფონდის შენარჩუნებაზე და მის შემდგომ განვითარებაზე.
საქართველოში პირუტყვის სულადობა 2000 წლიდან 2005 წლის ჩათვლით მატულობდა, მაგალითად, მსხვილფეხა პირუტყვის სულადობა გაიზარდა 83000, ანუ 7%-ით, მ.შ. ფურის და ფურკამეჩის – 93000, ანუ 14,4%-ით, ღორის – 11900, (2,7%-ით), ცხვრისა და თხის – 187700, ანუ 29,9%-ით; სამაგიეროდ ერთ წელიწადში (2006 წელს 2005 წელთან შედარებით) მსხვილფეხა პირუტყვის სულადობა შემცირდა 96800-ით,  (7,7%-ით) (ცხრილი 1). აგრეთვე შემცირდა ფურისა და ფურკამეჩის სულადობა – თითქმის 8%-ით (58600 სულით), ღორის 24,6%-ით (112200 სულით), ცხვრის – 3,2%-ით (26100 სულით). სულადობის დინამიკის მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ სელექციის პროცესი საქართველოში ჩაშლილია.

მეცხოველეობის განვითარების ძირითადი ამოცანა მდგომარეობს  მოსახლეობის  მეცხოველეობის პროდუქტებით მდგრადი მომარაგების უზრუნველყოფაში. მოსახლეობისათვის ძირითადი მეცხოველეობის პროდუქტების მოხმარების საორიენტაციო საშუალო ნორმები ერთ კაცზე წელიწადში შემდეგია: ხორცი – 80 კგ, რძე – 380 კგ, კვერცხი – 280 ცალი, თევზი - 20 კგ. განვითარებული ქვეყნები (აშშ, ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი, კანადა და სხვ.) წელიწადში იყენებენ 80-დან 125 კგ-მდე ხორცს.  
საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში (2006 წლის მონაცემებით) იწარმოებოდა 23 კგ ხორცი და 163 კგ რძე.

2. ძირითადი სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოება მოსახლეობის 1 სულზე (კგ)
 
სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ჩანს, რომ ბოლო 10 წლის მანძილზე ფურების ისედაც ძალზე დაბალი საშუალო პროდუქტიულობა სულ უფრო კლებულობს. მაგალითად, რძის საშუალო პროდუქტიულობა (1110 კგ) 1990 წელთან შედარებით 175 კგ-ით შემცირდა, (გახდა 935 კგ) ანუ 15,7%-ით. ამავე დროს რძის წარმოება ამ წლების მანძილზე იზრდებოდა და მაქსიმალური მაჩვენებელი იყო 2005 წელს 787,7 ათ. ტონა, რაც 1990 წელთან შედარებით 128,3 ათ. ტონით მეტია, ანუ 19,5%-ით გაიზარდა. მაგრამ ეს ზრდა ხდებოდა სულადობის გაზრდის და არა ფურების პროდუქტიულობის გაზრდის  ხარჯზე.
ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ფაქტიურად სელექციის პროცესი სტიქიურ ხასიათს ატარებს. გარდა ამისა, 1998 წლის შემდეგ არ არის დარეგისტრირებული სულადობა ჯიშების მიხედვით -  კავკასიური წაბლა, ქართული მთის და მეგრული წითელი. ამ წლის მონაცემების მიხედვით საქართველოში მსხვილფეხა პირუტყვის სულადობა შეადგენდა 1027 ათას, მ.შ. კავკასიური წაბლა 14 500 სული, ანუ 14,2%, მეგრული წითელი 4 500, ანუ 0,45%, ქართული მთის ჯიში კი  151 100, ანუ 14,7%, სხვა ჯიშიერი და ნაჯვარი 726 500, ანუ 70,7%. ბოლო მონაცემებით, 2006 წელს მსხვილფეხა პირუტყვის სულადობა შეადგენს 1 163 600, ანუ სულადობა გაიზარდა 136 600-ით, 13,3%-ით. უნდა ვივარაუდოთ, რომ ანალოგიურად გაიზრდებოდა ჯიშების ხვედრითი წილი.
დაისახა პერსპექტივები – პროდუქტიულობის გადიდებაზე და რეზისტენტობის ამაღლებაზე სხვადასხვა დაავადებებისადმი. აუცილებელია შენარჩუნდეს ადგილობრივი ძროხის ჯიშების ძვირფასი ნიშანთვისებები, შემუშავდეს არსებული ჯიშობრივი რესურსების გამოყენების საერთო სისტემა მათი შემდგომი განვითარებისათვის. პრაქტიკულად გენეტიკური რესურსების მდგომარეობა დამოკიდებულია ადგილობრივი გაუმჯობესებული და აბორიგენული ჯიშების შენარჩუნებაზე. საქმე ის არის, რომ ადგილობრივ ჯიშებს ახასიათებს უნიკალური შემგუებლობის უნარი გარემოს პირობებთან, საკვების მაღალი ანაზღაურება, ეფექტური და რაციონალური გამოყენება ბუნებრივი საძოვრებისა, და ორგანიზმის მაღალი რეზისტენტულობა ზოგიერთი დაავადებებისადმი. მაგალითად, მეგრული წითელი გიშის ძროხები მთელი წლის განმავლობაში ისეთ დაჭაობებულ საძოვრებს იყენებენ, სადაც ვერც ერთი სხვა კულტურული ჯიშის პირუტყვი ვერც გაივლის. დღევანდელ დღეს  ადგილობრივი ჯიშების საკმაოდ დაბალი პროდუქტიულობა აიხსნმება სანაშენე მეურნეობებისა და სასელექციო მუშაობის აბსოლუტური არარსებობით, მდგრადი საკვები ბაზის არქონით. სათანადო და გაუმჯობესებულ პირობებში ადგილობრივი ჯიშების ფურებს გააჩნიათ პოტენციალი რამოდენიმე ჯერ გაზარდონ რძის პროდუქტიულობა რძის ცხიმიანობის შეუცვლელად, თანაც არ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ამ უკანასკნელთა სანაშენე გამოყენების ეფექტურობის გაზრდას ძვირფასი შიდაჯიშობრივი გენოფონდის საფუძველზე. მეორე გენეტიკური რეზერვია – მაღალპროდუქტიული ჯიშების შემოყვანა სხვადასხვა ქვეყნებიდან. შერჩევის მეთოდის პრობლემა დღემდე რჩება ყველაზე რთულ და ნაკლებად გამოკვლეულ საკითხად. ხალასჯიშობრივ მოშენებისასაც კი შთამომავლობაში ხდება გენეტიკური პოტენციალის არაერთგვაროვანი რეალიზაცია, იმიტომ რომ წარმოიშვება მშობლების გენოტიპების ურთიერთქმედება, რომელიც პოლიგენურ ხასიათს ატარებს. გარდა ამისა, გარემოს პირობები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ნიშანთვისებების ფორმირებაზე. მიზანშეწონილია შიდახაზობრივი შერჩევის გამოყენების გაფართოება და მისი სისტემატური გამოკვლევა, რათა სწრაფად წარიმართოს სანაშენე საქმიანობა.
ადგილობრივი ძროხის ჯიშების გენოფონდის შენარჩუნება ითვალისწინებს შემდეგი ღონისძიებების ჩატარებას: 1. ხალასჯიშობრივი მოშენების მეთოდის აღდგენა, შესაძლებელია გამოყენებული იქნას დამოუკიდებელი ზღვრების სელექციის მეთოდი, რომელიც ითვალისწინებს ყოველი სასელექციო ნიშან-თვისებების მინიმალურ ფენოტიპურ დადგენას ჯიშის სტანდარტთან შედარებით. ცხოველები, რომლებსაც ეს მაჩვენებელი უფრო დაბალ დონეზე აქვთ, გამოწუნებული უნდა იქნან შემდგომი მომშენებლობიდან; 2. იმ ფორმების და შერჩევის მეთოდების გამოვლენა-გამოყენება, რომლებიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ჯიშების გენოფონდის შენარჩუნებას და 3. ამასთან ერთად აუცილებელია სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფა ადგილობრივი ჯიშების გენოფონდის დასაცავად. ეს გარემოება ძალიან ბევრ რთულ საკითხს შეიცავს. გარდა იმისა, რომ აუცილებელია ზოოაღრიცხვის ჩატარება, უნდა შეიქმნას და დამტკიცდეს კანონი და ფერმერთა სტიმულირების შესაბამისი ფორმები, რათა ჩამოყალიბდეს ფერმერთა გაერთიანებები. ეს ითვალისწინებს სანაშენე საქმიანობის განკერძოებას, ძირითად კონტროლს სახელმწიფო დონეზე მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ.
პირველ ეტაპზე, აუცილებელია სანაშენე მეურნეობების შექმნა სახეობებისა და ჯიშების მიხედვით. კანონში სანაშენე მეცხოველეობის შესახებ უნდა განიმარტოს სანაშენე მეურნეობების, ჯიშთსაშენის და სამომშენებლოს სტატუსი, მისი მინიჭების მინიმალური მოთხოვნები და სხვა.
სანაშენე საქმნანობის განვითარება წარმოუდგენელია ხელოვნური დათესვლის სამსახურის აღდგენის გარეშე. მიზანშეწონილი იქნება ხელოვნური დათესვლის ცენტრების შექმნა – ჯერ კერძო მეურნეობებისა, შემდეგ ცენტრალური და სახელმწიფოთა. ეს ყველა საორგანიზაციო საკითხი კონტროლირებადი უნდა იყოს სახელმწიფო დონეზე, რაც განაპირობებს ახალ პერსპექტიულ სასელექციო პროგრამების შექმნას.
ჩვენი და უცხოური ქვეყნების გამოკვლევებით დადგენილია, რომ თეორიულად მეძროხეობაში გენეტიკური გაუმჯობესების ტემპი ხალასჯიშობრივი მოშენებისას აღწევს 1,5-2%, ანუ 45-60 კგ რძეს წელიწადში ერთ სულ ფურზე 3000 კგ საშუალო წველადობისას. საქართველოს პირობებში ადგილობრივი ჯიშების მაჩვენებელი ამ შემთხვევაში ძალიან დაბალია საშუალო წველადობის ისედაც ძალზედ დაბალ ფონზე – 17-22 კგ რძე წელიწადში 1100 კგ წველადობისას. სასელექციო მუშაობის მთავარი მიზანია – გენეტიკური თვისებების შენარჩუნება და გაუმჯობესება. სულადობის რაოდენობრივი გაზრდა საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ გამორჩეული სანაშენე თვისებების მქონე კურო-მწარმოებლები. ამ გარემოებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. პოპულაციაში არსებობს გენების განაცემის 4 გზა, ანუ სანაშენე ცხოველების 4 კატეგორია – მწარმოებლის დედ-მამა და ფურის დედ-მამა. ამ ყოველ კატეგორიასგენოტიპის განსხვავებული შეფასება აქვს. ერთი გამორჩეული მწარმოებლისაგან შეიძლება მივიღოთ ათობით და ათასობით შთამომავალი, ხოლო ერთი ფურისაგან – მხოლოდ რამოდენიმე. ამიტომაც ამ კატეგორიებს სხვადასხვა წვლილი შეაქვთ პოპულაციის გენეტიკურ გაუმჯობესებაში, სადაც კურო-მწარმოებლის მამებზე მოდის 40%, დედებზე – 35-40%, ხოლო ფურის მამებზე – 15-20%, დედებზე კი – 5-10%. ამიტომ უპირველესყოვლისა უნდა გაკეთდეს მიღებული ცხოველის საგვარეულო ნუსხის ანალიზი, შემუშავდეს შერჩევის მეთოდი ან სისტემა მისი შემდგომი გამოყენებისათვის.
მერძეული მიმართულების მეძროხეობის სელექციაში საფუძვლად უდევს კურო-მწარმოებლების გამაუმჯობესებლების მიღების, შეფასების, გადარჩევის და ინტენსიური გამოყენების სისტემა. ერთერთ ძირითად შერჩევის მეთოდად ელიტარულ სანაშენე ცხოველების მიღებისას ითვლება მომშენებლობა ხაზების მიხედვით. ხაზი მრავლდება სანამ თაობიდან თაობემდე უმჯობესდება ცხოველთა პროდუქტიულობა.
პირველი ეტაპი ითვალისწინებს გვარის ფუძემდებლის გამოვლინებას მისი სანაშენე თვისებების ყოველმხრივი შეფასების საფუძველზე. გენეტიკური თვალსაზრისით ხაზენის გამოყვანისას ელიტარული მწარმოებლებისა და ფურების სისტემატური შერჩევა მოახდენს ხაზის გენოტიპში მაღალპროდუქტიული მონაცემების კონცენტრაციას, რაც საშუალებას იძლევა მათი ადიტიური გენების დაგროვებას.
უმეტეს შემთხვევაში გამოიყენება სხვადასხვაგვარი გასაუმჯობესებელი შერჩევის მეთოდი, როდესაც კურო-მწარმოებლის მთავარი სასელექციო ნიშანთვისებები აღემატება მასზე მიმაგრებულ ფურებისას. ამ შემთხვევაში თუ სანაშენე ჯოგში სასურველი სასელექციო თვისებები მაღალ დონეზეა და საჭიროა მათი განმტკიცება, გამოიყენება ერთგვაროვანი შერჩევის მეთოდი.
სანაშენე შერჩევა ითვალისწინებს ხაზობრივ და ოჯახების მიხედვით მოშენებას. მთავარი მიმართულება ამ შემთხვევაში იქნება უცხო ხაზების გამოყენება, რომლებშიც კარგად იქნება შერწყმული მაღალი პროდუქტიულობა ადგილობრივ პირობებისადმი შემგუებლობასთან და სხვადასხვა დაავადებისადმი რეზისტენტობასთან.
18-წლიანი გამოკვლევიბით და გამოცდილებით სკანდინავიის ქვეყნებში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ერთი კურო-მწარმოებლის შეფასების ღირებულება უტოლდება 95 ტ რძის ღირებულებას, ხოლო მოგება ერთი გამაუმჯობესებელი მწარმოებლის გამოყენებით საშუალოდ შეადგენს 3,5-5,5 ათას ტ რძეს.
მომშენებლობა ხაზების გამოყენებით უნდა განვითარდეს სანაშენე თვისებების ახალი შეფასების მეთოდებით. მნიშვნელოვანია მეცხოველეობაში იმუნოგენეტიკური გამოკვლევების დანერგვა, კერძოდ სისხლის ცილების და ერითროციტარული ანტიგენების პოლიმორფიზმი. ამ სისტემების მემკვიდრულობა საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ ცხოველთა ფილოგენეზი, დავადგინოთ ჯიშებს შორის შესაძლო ნათესაური კავშირები, უშეცდომოთ განვსაზღვროთ ცალკეული მათგანის წარმოშობა, აგრეთვე რიგ შემთხვევაში გამოვავლინოთ დადებითი კორელაციური კავშირები გენეტიკურ სისტემებსა და ცხოველთა რეზისტენტულობას შორის. გარემოს პირობები და ცხოველის ასაკი არანაირ გავლენას არ ახდენს სისხლის ჯგუფებსა და ცილების სისტემებზე და მათი დადგენა შედარებით მარტივად შეიძლებ. ამრიგად, მეცხოველეობის განვითარება საქართველოში მხოლოდ სახელმწიფოს მხარდაჭერით უნდა წარიმართოს. აუცილებელია აღდგეს და განმტკიცდეს კავშირი მეცნიერებასა და წარმოებას შორის, უნდა ჩამოყალიბდეს ინტერნეტის ქსელში ჩართული სანაშენე-საინფორმაციო ცენტრი, რომელიც დიდ დახმარებას გაუწევს ჩვენი მეცხოველეობის შემდგომ აღმავლობას.
გარდა ამისა, ფურების წველადობის გადიდება და რძის წარმოების ზრდა, როგორც წესი, ბევრ ქვეყანაში მიიღწევა არა მარტო მაღალპროდუქტიული ჯიშების მიზანმიმართული გამოყენებით, სანაშენე მუშაობის დონის გადიდებით, არამედ საკვები ბაზის, საკვების ხარისხის და ულუ¬ფების ყუათიანობის სრულფასოვნების მუდმივი გაუმჯობესებით. ფურების პროდუქტიულობაზე გავლენას ახდენს მრავალი მემკვიდრეობითი და არამემკვიდრეობითი ფაქტორი. დადგენილია, რომ ამ ფაქტორების ხვედრითი წილი სხვადასხვაგვარად მოქმედებს ფურ0ების რძის პროდუქტიულობაზე, კერძოდ, მემკვიდრეობითი ფაქტორი მხოლოდ 24 % შეადგენს, კვების და შენახვის პირობები – 59% და სხვა ტექნოლოგიური ფაქტორები – 17%. როგორც ჩანს, მთავარი ფაქტორი, რომელიც პროდუქტიულობას განაპირობებს, არის სრულფასოვანი დაბალანსირებული კვება.
ამრიგად, საქართველოში მეძროხეობის სანაშენე მუშაობის აღდგენა და შემდგომ განვითარება უნდა წარიმართოს მრავალ ქვეყანაში აპრობირებული რენტაბელური  თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. ჩვენს მიერ შემუშავებულია შემდეგი რეკომენდაციები:
1.    აბორიგენული ჯიშების გენოფონდის აღდგენის, დაცვისა და მისი გამოყენების შესახებ უნდა შემუშავდეს სპეციალური ნაციონალური პროგრამა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება საქართველოს ცალკეულ ზონებში ჯიშთსაშენების შექმნა, ადგილობრივი გენოფონდის საფუძველზე ხაზების გამოყვანის დაწყება, გამაუმჯობესებლების მიღების, შეფასების, გადარჩევის და ინტენსიური გამოყენების სისტემა.
2.    იმ ზონებში, სადაც ჩამოყალიბდება სანაშენე მიმართულების ფერმერული მეურნეობები, მდგრადი საკვები ბაზით უზრუნველყოფა.
ყოველივე ეს კონტროლირებადი უნდა იყოს სახელმწიფო დონეზე მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ.
მეძროხეობის პროდუქციის გადიდებისათვის რეკომენდებულია მაღალი რენტაბელობით გამორჩეული შემდეგი სანაშენე-სასელექციო მიმართულებების დანერგვა:
1. პირველი მიმართულების მეურნეობები უზრუნველყოფენ მეძროხეობის პროდუქციით ბაზრის მო¬თხოვ¬ნილებებს. ისინი აშენებენ მაღალპროდუქტიულ პირუტყვს, რომელიც ხასიათდება პროდუქციის მაღალი გამოსავლიანობით საკვების უმცირესი დანახარჯით;
 2. მეორე მიმართულების მეურნეობები აშენებენ და ამრავლებენ ხალასჯიშიან სანაშენე მოზარდს. ისინი სასაქონლო მეურნეობების ფურების სულადობას უზრუნველყოფენ სანაშენე ძვირფასი მწარმოებლებით;
3. მესამე ჯგუფს განეკუთვნებიან მეურნეობები, სადაც სელექციის, გენეტიკის, ბიოლოგიის მიღწევების გამოყენების და დიდი საწარმოო გამოცდილების საფუძველზე მთელ სასელექციო მუშაობას აწარმოებენ უმაღლეს დონეზე სელექციის ყოველი წვრილმანის გათვალისწინებით.
სარძეო პირუტყვის მაღალპროდუქტიული ჯოგების შესაქმნელად რეკომენდირებულია პარამეტრების მთელი რიგის გამოყენება-დანერგვა: დაბადებისას ხბოები უნდა იყვნენ ჯანმრთელნი ყოველგვარი გენეტიკური დეფექტების გარეშე. ისინი სწრაფად უნდა იზრდებოდნენ და მათ საჭიროებდნენ მინიმალური ვეტმომსახურებას;
დაბადებიდან I მოგებამდე მოზარდის გასავალი არაუმეტეს 5% უნდა იყოს. დეკეულების ზრდა უნდა მიმდინარეობდეს წვნიანი და უხეში საკვების მაქსიმალური გამოყენებით;
დეკეულები ზრდის მაღალი სიჩქარით უნდა გამოირჩეოდნენ და 14-15 თვის ასაკში განაყოფიერებისათვის საკმაოდ განვითარებულნი უნდა იყვნენ. 1 მოგების ასაკი 27 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. მოგებათაშორის პერიოდი ჯოგში უნდა შეადგენდეს 12-13 თვეს. განაყო¬ფიე¬რე¬ბი¬სა¬თვის მომზადებული დეკეულების რაოდენობა ყოველწლიურად უნდა შეადგენდეს მე¬წვე¬ლი ფურების 40%-ს, ამასთანავე ზესარემონტო მოზარდის რეალიზაცია ხდება სხვა ჯოგების გასაუმჯობესებლად;
სასურველია, რომ ფურები იმყოფებოდნენ ჯოგში VI ლაქტაციამდე.

 



 
 
 
Copyright © 2017 AGRO.ge | All Rights Reserved. TOP.GE     Created By: Pro-Service