ანგარიშები
პრესა ჩვენ შესახებ
ჩვენი ფერმერები
ბლოგი
ვიდეოგაკვეთილები
ირიგაცია
თხილს (Corilys Pontica) კაკლოვან კულტურებს შორის ერთ-ერთი საპატიო ადგილი უკავია. ძველ ბერძნებს თხილის რტო ოჯახური ბედნიერებისა და ბარაქის სიმბოლოდ მიაჩნდათ, რომაელები კი მას ჯანმრთელობასა და ძალასთან აიგივებდნენ. სასარგებლო საკვები და სამკურნალო თვისებებისა და ეკონომიური მნიშვნელობის გამო თხილის კულტურა ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა და დღესაც მსოფლიო ბაზრის ყურადღების ცენტრშია.

სავარაუდოდ თხილის სამშობლოდ საბერძნეთს მიიჩნევენ. ძველბერძენი ფილოსოფოსი პლინეი წერდა, რომ თხილი საბერძნეთში სირიიდან შეიტანეს. თუმცა თხილი იზრდებოდა მცირე აზიასა და კავკასიაშიც, საიდანაც იგი გავრცელდა ჯერ ევროპაში, ხოლო XVII-XVIII საუკუნეში შეტანილი იქნა ამერიკაშიც.

                                               

მეცნიერთა ნაწილი თვლის, რომ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე იდეალური პირობებია თხილის კულტურის გაშენებისათვის და სწორედ აქედან გავრცელდა თხილი მთელ მსოფლიოში. თხილის თურქული სახელი "findik" წარმოიშვა ბერძნული სიტყვისგან - "pontikos", რაც ნიშნავს: "შავი ზღვიდან".

საქართველოში თხილის კულტურას უხსოვარი დროიდან იცნობდნენ. ისტორიული წყაროებით დასტურდება, რომ ძვ. წ. VI საუკუნეში ქართველური ტომები აშენებდნენ თხილის გარეულ ფორმებს, რომელთა ბუნებრივი ჰიბრიდიზაციის და შერჩევის შედეგად წარმოიშვა გარემო პირობებს შეგუებული, მაღალმოსავლიანი ჯიშებისა და ფორმების სიმრავლე. დღეისათვის საქართველოში გავრცელებული რამდენიმე ათეული აბორიგენული ჯიშის სახელწოდებები - შველისყურა, ანაკლიური, გულშიშველა, ხაჭაპურა, ნემსა და მრავალი სხვა, მათ ადგილობრივ წარმოშობაზე მიგვითითებს.

ჩვენი წინაპრები კარგად იცნობდნენ თხილის საკვებ და სამკურნალო თვისებებსაც. მას წარმატებით იყენებდნენ არა მხოლოდ სხვადასხვა კერძების საკაზმად, არამედ შექმნეს უნიკალური ტრადიციული პროდუქტიც - "ჩურჩხელა", რომელიც გამორჩეულია თავისი კალორიულობითა და საუკეთესო გემოვნური თვისებებით. ამ ღირსებების გამო "ჩურჩხელა" ისტორიულად მეომართა ყოველდღიური კვების რაციონში შედიოდა და დღესაც იგი საქართველოში ერთ-ერთ პოპულარული ტკბილეულია.

საქართველოსთვის თხილს სერიოზული ეკონომიკური მნიშვნელობა ჰქონდა და მოსახლეობის შემოსავლის წყარო იყო. 1917 წლის რევოლუციამდე ჩვენი ქვეყნიდან დიდი რაოდენობით თხილი გადიოდა ევროპის ბაზრებზე, მაგრამ საბჭოთა პერიოდში თხილის ნათესები 8-10-ჯერ შემცირდა და შესაბამისად შემცირდა ექსპორტიც. სიტუაცია შეიცვალა მხოლოდ XX საუკუნის 90-იან წლებში, როცა დასავლეთ საქართველოში განახლდა თხილის პლანტაციების გაშენება და შეიქმნა გადამამუშავებელი საწარმოებიც. თუ თხილის გაშენება ამ ტემპით გაგრძელდა, სავარაოდოა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში თხილის დამზადება წელიწადში 30-35 ტონას მიაღწევს.

მნიშვნელობა და გამოყენება

თხილის კულტურა თავისი ეკონომიური მნიშვნელობით დიდ ინტერესს იწვევდა და დღესაც ყურადღების ცენტრშია, რასაც უპირველეს ყოვლისა განაპირობებს მისი ნაყოფის მრავალმხრივი გამოყენება. თხილის ნაყოფი და გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტები ფართოდაა ცნობილი; მათ კვებით ღირებულებას განსაზღვრავს ნედლეულში ცხიმის, ცილის, ბიოაქტიურ ნივთიერებათა შემცველობა. ეს ღირებულება კი იცვლება მცენარის ჯიშის, ადგილმდებარეობის, ნიადაგურ-კლიმატური პირობების გავლენით.

----------------
თხილი მდიდარია საკვები ნივთიერებებით და კალორიულობით 2-3-ჯერ აჭარბებს პურს, 8-ჯერ რძესა და შოკოლადს. იგი შეიცავს აგრეთვე ვიტამინებს: B1, B2, B6, C, E.

სასარგებლო ნივთიერებების შემცველობა 100 გ თხილში:
პროტეინები 12,6გ, ცხიმები - 62,6 გ,
ენერგეტიკული ღირებულება - 679 კკალ
ნახშირწყლები 13,7 გ
მინერალები 2,5 გ
ვიტამინი B1 0,33 მგ
ვიტამინი B2 0,12 მგ
ვიტამინი B6 0, 24 მგ
ვიტამინი E 31,4 მგ
რკინა 5,8 მგ
კალციუმი 160,0 მგ
თუთია 2,2 მგ
კალიუმი 655,3 მგ
ნატრიუმი 2,1 მგ
მაგნიუმი 161,2 მგ
ფოსფორი 354 მგ
კალორიულობით 400 გრ თხილი უზრუნველყოფს ზრდასრული ადამიანის დღეღამურ მოთხოვნილებას საკვებზე.
-------------------------------------

ნედლ და გადამუშავებულ თხილის გულს ფართოდ მოიხმარენ საკონდიტრო წარმოებაში. გახეხილი თხილის გული გამოიყენება მშრალი საუზმისათვის, აგრეთვე შოკოლადის კრემის წარმოებაში და სხვ. თხილისგან ხდიან ზეთს, რომელიც საკვებ, ტექნიკურ და პარფიუმერულ წარმოებაში გამოიყენება. მშრალი თხილის გულისაგან მზადდება ფქვილი, რომელიც ბავშვთა საკვები პროდუქტებისათვის გამოიყენება და ორი წლის განმავლობაში არ კარგავს კვებით ღირებულებას და ზეთოვან თვისებებს.

თხილს სამკურნალო თვისებებიც აქვს. ძველბერძნულ ხალხურ მედიცინაში თხილის ზეთით მკურნალობა ცნობილია ანემიის, ეპილეფსიის, თმის ცვენის, სხვადასხვა დაავადებების დროს, თხილის ნაყოფის საბურველის (ჩენჩოს) ნახარშს სვამენ მოჭარბებული სიმსუქნის დროს, ფოთლების ნახარში კი ასუფთავებს სისხლს და მიმართავენ ათეროსკლეროზის და კენჭოვანი დავადებების სამკურნალოდ. ამასთან თხილი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ადამიანის ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებებს გამოდევნიან დ ხელს უწყობენ იმუნური სისტემის გაძლიერებას. აშშ-ში, პორტლენდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, თხილის ექსტრაქტში აღმოაჩინეს ნივთიერება პაქლიტაკსელი, რომელიც შედის დღეისათვის ყველაზე ცნობილ ანტისიმსივნური პრეპარატის (TAXOL) შემადგენლობაში. დღემდე ამ ნივთიერების ერთადერთ ბუნებრივ წყაროდ ითვლებოდა ტისის მერქანი (ერთ-ერთი იშვიათი მცენარე, რომელიც გავრცელებულია წყნარი ოკეანის სანაპიროს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში). აღმოჩნდა, რომ თხილი ამ ნივთიერებას იგივე რაოდენით შეიცავს.

თხილის მერქანი მსუბუქია, ხასიათდება დიდი სიმტკიცით, რის გამოც გამოიყენება საოჯახო ინვენტარისა და ავეჯის მრეწველობაში.
თხილი საუკეთესო ანტიეროზიული და დეკორატიული მცენარეა, იგი ზედა ფენაში განვითარებული ძლიერი ფესვთა სისტემით ამაგრებს ნიადაგს და იცავს მას ჩამორეცხვისაგან.

ბოტანიკური დახასიათება

თხილი მიეკუთვნება წიფლისებრ-ყვავილოვანთა (Fagales) რაზმს, არყისებრთა (Betulaceac) ოჯახს, თხილის (Corylus) გვარს. თხილი უკანასკნელი გამოკვლევებით გამოყოფილია ცალკე დამოუკიდებელ თხილისებრთა (Corylaceae) ოჯახად. თხილის გვარის 12 სახეობიდან საქართველოში ექვსია გავრცელებული. 

თხილის კულტურის პირველი სრულყოფილი კლასიფიკაცია XVIII საუკუნეში ჩატარებული აქვს ფ. გეშკეს, რომელმაც 6 კლასში გაანაწილა 87 ჯიში.
თხილის ყველა კულტურული ჯიში წარმოშობილია ჩვეულებრივი (Corylus avellana L.), ლომბარდიული (Corylus maxima) და პონტოური (Corylus pontica) თხილებისაგან. მათგან ჩვეულებრივი თხილი ჯიშთა შორის მთავარი საწყისია.

I კლასი - ჩვეულებრივი თხილი (Corylus avellana L), იგი გავრცელებულია ბუჩქების,
ზოგჯერ კი ხემცენარის სახით, სიმაღლით 3-5 მეტრამდე; დატოტვილია ძირიდანვე, უხვად ივითარებს ფესვის ამონაყარს. ქერქი გლუვია, მუქი ან რუხ-მიხაკისფერი, ერთწლიანი ტოტები შებუსულია; ფოთლები ფორმის მიხედვით იცვლება მრგვალიდან მოგრძომდე.

მდედრობითი ყვავილის დინგი შეფერილია წითლად. ნაყოფის საბურველი - ჩენჩო ღია მწვანეა, ნაყოფზე გრძელია, მისი ტოლი ან მოკლე. ნაყოფი ფორმით მობრტყო-მომრგვალოა, კვერცხისებრი ან შებრუნებული კვერცხისებრი. ნაჭუჭი მუქი მიხაკისფერია, ანდა მიხაკისფერი. ნაყოფის გული კარგი გემოსია. გავრცელებულია როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს ტყეებში.

II კლასი - პონტოს თხილი (Corylus pontica), გავრცელებულია ბუჩქის სახით, სიმაღლით 4_5 მეტრამდე; ფოთლები მომრგვალოა ან ფართო ოვალური, ხავერდივით ბუსუსებიანი, ნაყოფის საბურველი მთლიანია, ზარისებრი, ზედა ნაწილში შევიწროებული. ნაყოფი მსხვილია, ორივე მხარეს ოდნავ შებრტყელებულია, ლამაზი ფორმისაა; ნაჭუჭი სქელია, მაგარი და გლუვი. გული ნაჭუჭს მთლიანად ვერ ავსებს, ამ სახის თხილი უმეტესად ნედლი სახით მოიხმარება.

პონტოს თხილის ველური სახეები გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში, აჭარაში, აფხაზეთში, ლაზეთში (პონტოში), აგრეთვე - მცირე აზიაში.

III კლასი - ლომბარდიული თხილი (Corylus maxima Mill), ბუჩქია, გავრცელებულია ბუჩქის სახით, ზოგჯერ ხე-მცენარე, სიმაღლით 3-7 მეტრამდე. ქერქი გლუვია, მუქი რუხი ან მონაცრისფრო; ერთწლიანი ტოტები შებუსულია; ფოთლები მომრგვალო ან ფართო ოვალურია.
ნაყოფი ერთეულია ან შეკრებილია ჯგუფებად 3-დან 6-მდე. ნაყოფის ჩენჩო მთლიანია და წაზრდილი მოგრძო მილად, ნაყოფის ტოლი ან უფრო ხშირად ნაყოფზე ერთნახევარჯერ გრძელია; ნაყოფი ძალიან ლამაზი ფორმისაა, მოგრძო კვერცხისებრი, ან მობრტყო-წაწვეტებული; ნაჭუჭი ღია ან მუქი მიხაკისფერია, გული ძალიან გემრიელია. ლომბარდიის თხილის სახეობიდან ცნობილია შემდეგი ჯიშები: ლომბარდიის თეთრი, ლომბარდიის წითელი, ბადემი (სინონიმები: ნუშისებრი, სვიატოგორის, თითა და მადამი).

IV კლასში ყველა ის ჯიშია გაერთიანებული, რომლებიც პირველ სამ კლასში შემავალი ჯიშებისაგან ჰიბრიდული გზით იქნა მიღებული; ისინი ატარებენ მშობლების ნიშან-თვისებებს ან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან მათგან.

V კლასი ამერიკაში გავრცელებული C.american ის შეჯვარებით C.cozutat -თან შედეგად მიღებული ჯიშებია; მათ ახასიათებს მილისმაგვარი ფორმის ჩენჩო, რომელიც 2-3-ჯერ გრძელია ნაყოფზე. ნაყოფი კი საშუალო ან პატარა ზომისაა, კვერცხისებური ან მომრგვალო ფორმისა, ნაჭუჭი მკვრივი და სქელია.

VI კლასი - ხისმაგვარი თხილი C.colurna. ჯიშები ხასიათდებიან ძლიერი ზრდით, ნაყოფის საბურველი სქელი, წებოვანი, გადაშლილი, დაკბილული, ნაყოფი წვრილი ან საშუალო სიდიდისაა, მომრგვალოა.

თხილის ბიოლოგიური თვისებები

თხილი ჯვარედინად დამამტვერავი მცენარეა. მისი ბიოლოგიური თვისებაა ადრე ყვავილობა, ერთსა და იმავე ბუჩქზე მდედრობითი და მამრობითი ყვავილების არაერთდროული წარმოქმნა და ყვავილობა. ზოგი ჯიში მამრობით ყვავილობას უფრო ადრე იწყებს, ვიდრე მდედრობითი,ზოგი კი პირიქით, არის ჯიშები, რომელთაც თანხვედრილი აქვთ ყვავილობა.
თხილს მჭადა უმეტესად კარგად გამოხატული აქვს ფოთლის გამოჩენამდე 18-25 დღით ადრე. იშვიათი შემთხვევა არაა, როდესაც ყვავილობა იწყება დეკემბერსა და იანვარში. ჩვეულებრივად კი თებერვალ-მარტში ყვავილობს.
თუ ყვავილობის პერიოდში ყოველდღე 12-150 ტემპერატურა ჭარბობს, ყვავილობა უფრო დაჩქარებით მიმდინარეობს. ასეთ პირობებში მამრობითი მჭადები ყვავილობას ამთავრებენ 12-15 დღეში. მდედრობთს კი - 29-36 დღეში.
მდედრობითი ბუტკოიანი და მამრობითი მჭადების ყვავილობა უმთავრეს ჯიშებში ერთსა და იმავე პერიოდს არ ემთხვევა. ზოგი ჯიში მდედრობით ყვავილობას უფრო ადრე იწყებს, ვიდრე მამრობითის, ზოგი კი პირიქით. არის შემთხვევა, როდესაც ორივე ერთდროულად იწყებს ყვავილობას, მაგრამ სხვადასხვა დროს ამთავრებენ. მდედრობითი და მამრობითი ყვავილების თანხვედრილი გაშლა ახასიათებს შემდეგ ჯიშებს: ცხენისძუძუს, შველისყურას, ხაჭაპურას, ნემსას და სხვ.

მჭადების უხვი განვითარება, ადრე გაშლა და ხანგძლივი ყვავილობა ახასიათებს: ხაჭაპურას, ნემსას, განჯას და სხვებს, რომელთა გამოყენება შეიძლება როგორც დამამტვერიანებელი ჯიშებისა.

მამრობითი ყვავილების მჭადებს არ ივითარებენ, ან თუ ივითარებენ ძალიან მცირე რაოდენობით, შემდეგი ჯიშები: გულშიშველა, ჩხიკვისთავა, ლომბარდიის თეთრი და, ხშირად, ფუთქურამი, რომელთათვის აუცილებელია ჯვარედინად დამამტვერიანებელი.

გაშენება, ვეგეტაციის პერიოდი, დარგვის წესი

თხილის ბაღის გასაშენებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნაკვეთის სწორ შერჩევას. ნაკვეთის შერჩევისას ყურადღება უნდა გამახვილდეს ადგილის რელიეფზე, სიმაღლეზე (ზღვის დონიდან), მცენარეულ საფარზე, გრუნტის წყლების სიმაღლეზე, ნიადაგის ტიპსა და წინა პერიოდში ნაკვეთის დანიშნულებაზე.


თხილის ბაღის გაშენება რეკომენდებულია ისეთ ადგილებში, სადაც ჰაერის მინიმალური ტემპერატურა -23-250-C მდე არ ეცემა. ბაღი უნდა გაშენდეს დარაიონებული ჯიშებით, ნერგი დამზადდეს აპრობირებული სადედე ბუჩქებიდან. თხილი ყოველგვარ ნიადაგს ეგუება, გარდა მძიმე თიხნარი და დაჭაობებული ადგილებისა. ყველაზე კარგად ხარობს, როდესაც ნიადაგის მჟავიანობა 5,5-8 - მდე მერყეობს.
თხილის ზრდა-განვითარება დიდად არის დამოკიდებული გასაშენებელი ნაკვეთის წინასწარ მომზადებაზე. ბაღის გაშენებამდე 2-3 თვით ადრე ნიადაგი უნდა მოიხნას ღრმად - არა ნაკლებ 50-60 სმ სიღრმეზე და ჩატარდეს მასზე აგროტექნიკით გათვალისწინებული ღონისძიებები: სათოხნი კულტურების, მრავალწლიანი ბალახების, სიდერატების თესვა და ჩახვნა, ორგანული სასუქების შეტანა და სხვ.

მაღალი, ხარისხიანი და მყარი მოსავლის უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა დამამტვერიანებელი ჯიშების შერჩევა და განლაგება, რაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული პლანტაციის გაშენების დროს.

დამამტვერიანებელ ჯიშებს უნდა ახასიათებდეს:
- მამრობითი და მდედრობითი ყვავილობის პერიოდის, დიდი ხნით თანხვედრილობა;
- მამრობითი ყვავილების ყოველწლიურად დიდი რაოდენობით წარმოშობა და განვითარება;
- განაყოფიერებისთვის მაღალხარისხოვანი მტვრის მარცვლების დიდი რაოდენობით განვითარება;
- მტვრის მარცვლებისათვის განაყოფიერების ვარგისიანობის ხანგრძლივი დროით შენარჩუნება;
- დამამტვერიანებელი ჯიში უნდა იძლეოდეს უხვ მოსავალს;
- დასამტვერიანებელ ჯიშთან ერთად მოსავლის ერთდროული მომწიფება.

მამრობითი მჭადების უხვი განვითარება, ადრე გაშლა და ხანგრძლივი ყვავილობა ახასიათებს შემდეგ ჯიშებს: ხაჭაპურას, ნემსას, განჯას და ათა-ბაბას. აღნიშნული ჯიშები უნდა გამოვიყენოთ თხილის პლანტაციებში, როგორც დამამტვერიანებელი ჯიშები. პლანტაცია ისე უნდა გაშენდეს, რომ ნაკვეთზე დაირგოს 3-4 ჯიში, იმ ვარაუდით, რომ დასამტვერიანებელი და დამამტვერიანებელი ჯიშები 3-4 რიგის შემდეგ იცვლებოდნენ.
პლანტაციის გაშენებისთანავე უნდა შეივსოს ბაღის ჟურნალი სადაც აღირიცხება შემდეგი მაჩვენებლები:

- დარგვის წესი,
- ჯიშების სახელწოდება,
- მცენარეთა რაოდენობა ჯიშების მიხედვით,
- განლაგება და სხვა მაჩვენებლები.

თხილის ნაყოფის სიმწიფის ვადები განსხვავებულია და მერყეობს როგორც თვით ჯიშებს შორის, ისე ზონების მიხედვით. დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში ჯიშები - გულშიშველა, ფუთქურამი, ნემსა, ხაჭაპურა, ცხენისძუძუ იკრიფება ივლისის ბოლო რიცხვებიდან, ხოლო ჩხიკვისთავა, ბადემი-დედოფლისთითა, ვანის წითელი, შველისყურა ივლისის შუა რიცხვებიდან; იგივე ჯიშები აღმოსავლეთ საქართველოს მშრალ ზონაში 10-15 დღით ადრე იკრიფება.
თხილი შედარებით კარგ მოსავალს და უკეთესი ხარისხის ნაყოფს იძლევა დასავლეთ საქართველოს რაიონების სუბტროპიკულ ზონებში, ვიდრე აღმოსავლეთ საქართველოს შედარებით მშრალი და ცივი კლიმატის პირობებში. მცენარე ნაყოფს იძლევა 150 წლის განმავლობაში, მაგრამ საჭიროა ტოტების პერიოდული გაახალგაზრდავება.

თხილის ჯიშები ცხიმის შემცველობის მიხედვით იყოფა სამ ჯგუფად:

1. ნაყოფები ცხიმის მაღალი შემცველობით: ჯგუფისათვის საშუალო ცხიმიანობაა 69.5%. მაგ., განჯა, ვანის წითელი, აშრაფი, ჩხიკვისთავა, ცხენის ძუძუ, ჩერქეზული, ბანდიუსი, ლომბარდიის წითელი და სხვ.
2. ნაყოფები ცხიმის საშუალო შემცველობით: ჯგუფისათვის საშუალო ცხიმიანობაა 66.0%. მაგ., ხაჭაპურა, ფუთქურამი, კუდრიავჩიკი, დიდისფერული, ბოლივერის სასწაული, ლომბარდიის თეთრი, გულშიშველა და სხვ.
3. ნაყოფები ცხიმის დაბალი შემცველობით: საშუალო ცხიმიანობაა 62.0%. მაგ. ფურფულაკი, იზიუმშაქარი, გუბერსკი, შველისყურა და სხვა.

მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია.

თხილის კულტურის მოვლა-მოყვანა ნაკლებად შრომატევადია სხვა ხეხილოვან კულტურებთან შედარებით.

თხილს აქვს ძლიერი და ამავე დროს ნიადაგის ზედა ფენებში ჰორიზონტალურად განლაგებული ფესვები, რითაც ამაგრებს და ჩამორეცხვისაგან იცავს ნიადაგს, ეს კი სხვა კულტურბისათვის გამოუყენებელ ფერდობ ადგილებზე გაშენების შესაძლებლობას ქმნის.

დარგვის შემდეგ მცენარე უნდა გაისხლას. საწყის ტოტზე ტოვებენ 5_6 კვირტს, პირველ წელსვე წარმოიქმნება ფესვიდან ამონაყრები და ყალიბდება ბუჩქი. ამონაყრები წარმოიქმნება დიდი რაოდენობით, ამიტომ საჭიროა დავტოვოთ 10-12 უკეთესად განვითარებული ყლორტი.

თხილი ნორმალურად მსხმოიარობს 7-8 წლის ასაკამდე, შემდეგ საჭიროა ტოტების განახლება, 25-30 წლის ასაკში ბუჩქი უნდა გაახალგაზრდავდეს; მთლიანად აშორებენ მიწისზედა ნაწილს, ხოლო ახალი ამონაყრებიდან ტოვებენ 8-10 ცალს ახალი ბუჩქის ფორმირების მიზნით.

თხილზე ყვავილები ყოველთვის წარმოიქმნება გასული წლის ნაზარდებზე, ამიტომ ნაზარდების დამოკლებისას გასული წლის მსხმოიარე ტოტები უნდა დამოკლდეს 2_3 კვირტზე. ამასთან ერთად ვარჯის ცენტრი ტოტებით არ უნდა ჩახშირდეს.

თხილს კრეფენ საბურველიდან თესლის გამოსვლამდე.

აღებული მოსავალი თავსდება მშრალ შენობაში, სადაც მიმდინარეობს თხილის ფერმენტაცია. საბურველი (ჩენჩო) ნაჭუჭს მიხაკისფერად შეფერავს, ხოლო გულს სასიამოვნო გემოს აძლევს. მომწიფებული თხილი ადვილად შორდება საბურველს, რის შემდეგადაც თხილს 2-3 დღით ტოვებენ მზეზე, რის შემდეგაც ინახავენ მშრალ შენობაში ან საცავებში. ამგვარად შენახული თხილის ნაყოფი შორეულ ტრანსპორტირებას კარგად იტანს და სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება.

როგორ ამრავლებენ თხილის ჯიშებს?

თხილს ფესვის ყელიდან დიდი რაოდენობით ამონაყარები ამოსდის, რომლებითაც ძირითადად აშენებენ სამრეწველო პლანტაციებს, სპეციალური სანერგე მეურნეობები, რომლებიც დაფუძნებულია ვეგეტატიური გამრავლების თანამედროვე ტექნოლოგიებზე ამჟამად არ არსებობს. იშვიათად ამრავლებენ გადაწვენით და ბუჩქის დაყოფით. თესლით გამრავლებისას ხდება ძლიერი დათიშვა, ამიტომ გამრავლების ეს წესი გამოიყენება მხოლოდ სელექციური მიზნით ახალი ჯიშის მისაღებად.
საქართველოში თხილის ბიზნესს დიდი მომავალი აქვს. მსოფლიო ბაზარზე თხილის წარმოების სიმძლავრით ლიდერი თურქეთის რესპუბლიკაა, რომელიც მსოფლიოს მოთხოვნის 75%-ს აწარმოებს. ცოტა ხნის წინ კი ეს ციფრი 80-85%-ს შეადგენდა. თხილის წარმოება მნიშვნელოვნად იზრდება აზერბაიჯანსა და საქართველოში, სადაც ჯერჯერობით ამ ქვეყნების პოტენციალი არაა სრულად ათვისებული სანერგე სექტორის არასაიმედოობის გამო.

საძირეები, რომლებიც გამოიყენება თხილის ჯიშების მყნობით გასამრაველებლად

მყნობით გამრავლებისას საძირეებად გამოიყენება დათვის თხილი, ქართული თხილი და სხვ.

დ ა თ ვ ი ს    თ ხ ი ლ ი - ეს სახეობა გავრცელებულია შორეულ აღმოსავლეთში, მცირე აზიაში, კავკასიაში (დასავლეთ საქართველოში) და სხვა რაიონებში. იზრდება 20-30 მ-ის სიმაღლის. ნაყოფი პატარაა ჩვეულებრივ თხილთან შედარებით, მაგრამ ნაჭუჭი უფრო მაგარია. დამწიფებისას ადვილად ცვივა. საძირე კარგად იგუებს თხილის ჯიშებს. დამყნობილი მცენარეები გამოირჩევა ზომიერი ან სწრაფი ზრდით. მათი პროდუქტიული პერიოდი 40-50 წელს აჭარბებს.

ქ ა რ თ უ ლ ი    თ ხ ი ლ ი - ველურად ხარობს კავკასიაში, ყირიმში. ხეები დაახლოებით 2,5 მ სიმაღლეს აღწევენ. ნაყოფი მომრგვალო-შეჭყლეტილი ფორმისაა და ნაყოფედშია შეკრებილი.

თხილის კულტურისათვის ნიადაგის შერჩევა და განოყიერება
თხილის მაქსიმალური მოსავალი შეიძლება მივიღოთ ალუვიურ-მდელო და ნაყოფიერ ნიადაგებზე. ქვენიადაგიც საკვები ნივთიერებებით მდიდარი უნდა იყოს, კარგად ატარებდეს წყალსა და ჰაერს. თუ მცირე სიღრმეზე კირქვის ფენა გადის, ასეთი ნიადაგი თხილის გასაშენებლად უვარგისია. სხვა ტიპის ნიადაგებზე თხილი შეიძლება მოვიყვანოთ მხოლოდ კარგი ბუნებრივი ტენით და მორწყვით უზრუნველყოფის პირობებში.

თხილის პლანტაციაში ბუჩქებისათვის ნიადაგის განოყიერებისთვის შეიძლება გამოვიყენოთ ორგანული სასუქებიდან: ნაკელი, კომპოსტი (ტორფკომპოსტი), მწვანე სასუქი და სხვ.
თხილის პლანტაციაში სასუქები შეაქვთ შემდეგი რაოდენობით: ახალგაზრდა - 1-4 წლამდე ასაკის ბაღში ნაკელი ან მისი შემცვლელი სხვა ორგანული სასუქი ყოველწლიურად უნდა შევიტანოთ ერთ ბუჩქზე 10-15 კგ-ის რაოდენობით, 4-6 წლის ბაღში - ერთ ბუჩქზე 15-20 კგ-მდე, ხოლო სრულ მსხმოიარე ბაღში - 6-8 წლამდე 20-30 კგ-მდე.
ორგანული სასუქების შეტანა შეიძლება 2-3 წელიწადში ერთხელ, ასეთ შემთხვევაში შესატანი სასუქების ნორმა უნდა გაორკეცდეს.

თხილის ჯიშების შერჩევა ჩვენი ბაღისათვის

საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულია დაახლოებით 27 ჯიშის თხილი.

ჯიშების გავრცელება რესპუბლიკის ზონების მიხედვით შემდეგია:

გურიაში გავრცელებულია: გულშიშველა, შველისყურა, ჩხიკვისთავა, საივანებო, ბადემი_-დედოფლისთითა, ხაჭაპურა, ნემსა, ჩინჩა, ცხენის ძუძუ, ტრაპეზუნდი, ბერძნული თხილი.

სამეგრელოში: ფუთქურამი, ხოჯითხილი, შველისყურა, ბადემი-დედოფლისთითა, ტრაპეზუნდი, კუდრიავჩიკი, ჩერქეზული, აფხაზური წვრილი.

იმერეთში: ბადემი-დედოფლისთითა, ხაჭაპურა, ნემსა, ვანის წითელი, ტრაპეზუნდი, ბერძნული თხილი.

ქართლსა და კახეთში: კერასუნდის გრძელი, ათა-ბაბა, ბელაქნის, ხაჭაპურა, კუდრიავჩიკი, ფურფულაკი.

გარდა ადგილობრივი ჯიშებისა, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტმა 1957-2000 წლებში შემოიტანა ორმოცდაათამდე პერსპექტიული ჯიში, რომელთაგან ზოგიერთმა (ათა-ბაბა, ბარსელონა და სხვ.) საქართველოს პირობებში კარგი შედეგები აჩვენა როგორც პროდუქტიულობის, ასევე ნაყოფის სასაქონლო ხარისხის თვალსაზრისით, პერსპექტივაში რეალურია ახალი მაღალმოსავლიანი ჯიშების დანერგვით თხილის მოსავლიანობის და ხარისხის გაუმჯობესება.

ქართული თხილის აბორიგენულ ჯიშებს რამდენიმე უპირატესობა აქვთ:
- ძლიერი ფესვთა სისტემა ხელს უწყობს მცენარეებს, რომ ყველა საჭირო საკვები ნივთიერება საკმაო რაოდენობით მოიძიონ ნიადაგში. ამიტომ ნიადაგის გასანოყიერებლად ფაქტობრივად ქიმიურ სასუქებს არ იყენებენ;
- თხილის ადგილობრივი ჯიშები მეტწილად მდგრადია დაავადებების მიმართ, ამიტომ საქართველოში პრაქტიკულად არ იყენებენ შხამქიმიკატებს. აქედან გამომდინარე, საქართველოში წარმოებულ თხილში იმაზე ბევრად მცირეა მავნე ნივთიერებების შემცველობა, ვიდრე ეს დაშვებულია საკმაოდ მკაცრი საერთაშორისო სტანდარტების მიერ;
- თხილი ხასიათდება უნარჩენო წარმოებით - გამოიყენება როგორც ნაყოფის გული, ისე ნაჭუჭი (საწვავად, კომპოსტად, საბურავების წარმოებაში), აგრეთვე მერქანი;
- საქართველოში გავრცელებული თხილი მაღალი სასაქონლო თვისებებითა და კონკურენტუნარიანობით ხასიათდება, იგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქციაა, რომლის რეალიზაციაც არ არის დამოკიდებული რუსეთის ბაზარზე, იგი ძირითადად ევროპაში იყიდება.
ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვანი ნიადაგური და კლიმატური პირობები, მთასა და ბარშიც თხილის კულტურის ფართოდ გავრცელებისა და მსოფლიო ბაზრისათვის მაღალი სასაქონლო ღირებულების კონკურენტუნარიანი პროდუქციის მიღების კარგ შესაძლებლობებს ქმნის. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მეტად ხელსაყრელი პირობებია კაკლოვანი კულტურების ეკოპროდუქციის მიღებისა, რაც უფრო გაზრდის როგორც ადგილობრივი, ისე მსოფლიო ბაზრის დაინტერესებას ამ პროდუქციით. ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე, ხალხური სელექციის შედეგად, საქართველოში ჩამოყალიბდა კაკლის, თხილისა და ნუშის უძვირფასესი ჯიშები და ფორმები, რომლებიც თავიანთი ბიოლოგიური და სამეურნეო ნიშან-თვისებებით მსოფლიოს აღიარებულ ჯიშებს არ ჩამოუვარდებიან.

გავეცნოთ რამდენიმე მათგანს:

ანაკლიური - ფუთქურამი - PPUTKURAMI

წარმოშობა

ადგილობრივი ჯიშია, მიღებულია ხალხური სელექციის შედეგად. ფართოდ გავრცელებულია ზუგდიდსა და გალის რაიონებში, სადაც "ანაკლიური თხილის" სახელწოდებითაა ცნობილი.

ბიოლოგიური თავისებურებანი და მოსავლიანობა

ბუჩქი ძლიერი ზრდისაა, პირამიდული ფორმის, სქელი, ხშირად დატოტვილი ვარჯით; ინვითარებს საკმაო რაოდენობით ამონაყრებს.
ყვავილობას იწყებს დეკემბრის ბოლოდან ან იანვრის შუა რიცხვებიდან და გრძელდება მარტის 10 რიცხვამდე. მამრობითი ყვავილები - მჭადა, ჩვეულებრივ, არ ვითარდება ან - მცირე რაოდენობითაა; საჭიროებს ჯვარედინ დამტვერიანებას.
მსხმოიარობა იწყება დარგვიდან მესამე წელს. მოსავალი იკრიფება 15-20 ივლისიდან. საკმაოდ უხვმოსავლიანი ჯიშია. ერთი ბუჩქიდან საშუალო მოსავალი 3.5 კგ-ია. ანაკლიური გარემო პირობებისადმი მეტად ამტან ჯიშადაა მიჩნეული და მავნებლების მიმართაც საკმაოდ გამძლეა.
ნაყოფი, შველისყურასთან შედარებით, მსხვილია, მრგვალი, ოდნავ შებრტყელებული, ყავისფერი. ნაჭუჭი მუდამ სავსეა გულით. ერთ კგ-ში 280-360 ცალი ნაყოფია. ნაყოფის ზომაა 21X21X19 მმ. მრგვალი, ოდნავ მობრტყელო ფორმისაა, ფერით ყავისფერია, წვერთან შებუსულია. ჩენჩო ადვილად სცილდება ნაყოფს. ნაჭუჭის სისქე 0.15-სმ-ია, რის გამოც საშუალოზე მეტი სიმაგრისაა. გული გამოირჩევა კარგი გემოთი და მაღალი ცხიმიანობით - 68.2%. გულის გამოსავლიანობა 37%-დან 42%-მდე მერყეობს. დადებითი თვისებები: მძიმე და ხალასი, საღი ნაყოფი.

გავრცელება

ძირითადი სამრეწველო ჯიშია სამეგრელოსა და აფხაზეთის რაიონებისათვის.

ათა- ბაბა (სინონიმი ნიდჟ-ფუნდუკ) - A T A -B A B A
წარმოშობა

აზარბაიჯანული ადგილობრივი ჯიშია, შერჩეულია ზაქათალის კაკლოვანი კულტურების საყრდენი პუნქტის მიერ. მიღებულია აზარაიჯანში ხალხური სელექციის შედეგად. საქართველოში ლაგოდეხის რაიონიდან გავრცელდა.

ბიოლოგიური თავისებურებანი და მოსავლიანობა

ბუჩქი ძლიერი ზრდისაა. საშუალო სიმაღლე 4,0-4,5 მ. ინვითარებს საშუალო რაოდენობით ამონაყრებს.
ადრეულად ყვავილობს, დეკემბრის მეორე ნახევრიდან თებერვლის მეორე ნახევრამდე, რაც გრძელდება 45-55 დღე. ნაყოფედში 3-4 ნაყოფია. მდედრობითი და მამრობითი ყვავილების თანხვედრა საკმაოდ ხანგრძლივია 30-35 დღე.
მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მესამე წელს, უხვმოსავლიანი ჯიშია. მოსავალი იკრიფება 15-25 აგვისტოდან. ერთ ბუჩქზე სრულმსხმოიარობის ასაკში საშუალო მოსავალი 3,5-4,5 კგ-ია შეადგენს. გარემო პირობებისადმი ძლიერ მომთხოვნი არ არის. ნაკლებად ზიანდება მავნებელ-დაავადებების მიერ.
ჩენჩო ნაყოფზე ერთნახევარჯერ-ორჯერ გრძელია, მთლიანი, ნაყოფს მთლიანად ეკვრის, კიდე დანაკვთულია, მომწიფებისას ნაყოფს ადვილად სცილდება. ნაყოფი გლუვია, ლამაზი, ღია ყავისფერი, დაჰყვება მუქი ზოლები, მომრგვალო, მაღალწვერიანი ფორმისაა, ფუძე გამოწეულია, ხშირად დაკუთხული, ნაყოფის სიდიდეა 20X19X18-მმ. ერთი ნაყოფის საშუალო წონაა 2,3 გრ. ერთ კგ-ში 420 ცალია. ნაჭუჭი გლუვია, 1/3 ნაწილი შებუსულია, საშუალო სიმაგრისაა, სისქით 0,12_0,13 სმ, კარგი გემოსი, შეიცავს 65,5%- ზეთს.

გავრცელება

ძვირფასი სამრეწველო ჯიშია, მიზანშეწონილია მისი გაშენება როგორც დასავლეთ საქართველოს ნოტიო და მშრალი მეხილეობის ზონაში, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს შედარებით მშრალი კლიმატის პირობებში.

ბარსელონა - B A R S E L O N A

წარმოშობა

ამერიკული წარმოშობის ჯიშია. 1885 წელს აღმოაჩინეს ორეგონის შტატში (აშშ). შტატის ძირითადი სამრეწველო ჯიშია. საქართველოში ინტროდუცირებულია 2002 წლიდან.

ბიოლოგიური თავისებურებანი და მოსავლიანობა

ბუჩქი ძლიერი ზრდისაა. ახასიათებს ოვალური ფორმის ხშირი ვარჯი, ფესვის ამონაყარს ინვითარებს საშუალო რაოდენობით.
ყვავილობის პერიოდი საშუალოა, მდედრობითი ყვავილი იშლება იანვრის შუა რიცხვებიდან მარტის დასაწყისამდე, მამრობითი ყვავილი კი დეკემბრის შუა რიცხვებიდან იანვრის ბოლომდე. სიმწიფის პერიოდი აგვისტოს ბოლოს დგება.
მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მესამე-მეოთხე წელს. უხვმოსავლიანი ჯიშია. ერთ ბუჩქზე სრულმსხმოიარობის ასაკში საშუალო მოსავალი 6-7 კგ-ს შეადგენს. ნაკლებად ზიანდება მავნებელ-დაავადებების მიერ.
ნაყოფი მსხვილი, მრგვალი ფორმისაა, ოდნავ გამოკვეთილი წვერით, ფუძე გამოწეულია. ერთი ნაყოფის საშუალო წონაა 3,2-3,4 გრ. ნაჭუჭი საშუალო სიმაგრისაა, ადვილად მტვრევადია. ჩენჩო საშუალო სიგრძისაა, დანაკვთული. გული სრულად ავსებს ნაჭუჭის ღრუს. ჩენჩოდან ადვილად ვარდება. გულის გამოსავლიანობა 48-52%-ია.

გავრცელება

პერსპექტიული ჯიშია როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოსთვის.

გულშიშველა - GULSHISHVELA

წარმოშობა

ადგილობრივი ჯიშია, მიღებულია ხალხური სელექციის შედეგად.

ბიოლოგიური თავისებურებანი და მოსავლიანობა

ბუჩქი ძლიერი ზრდისაა, მრგვალი გაშლილი ფორმის, ფესვის ამონაყრები უხვად უნვითარდება. ბუჩქს ახასიათებს მაღალი, ხშირი დატოტვა, საშუალო სიმაღლეა 3.5-4 მ.
ყვავილობის პერიოდის მიხედვით საშუალოს მიეკუთვნება. ჯიში მოითხოვს ჯვარედინ დამტვერიანებას.
მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მესამე წელს. უხვმოსავლიანია. თითოეული ბუჩქი საშუალოდ იძლევა 3.5-4 კგ მოსავალს. საადრეო ჯიშია, მოსავალი იკრიფება 15-20 აგვისტოდან. გულშიშველა გურიაში ფართოდაა გავრცელებული (ძირითადად ოზურგეთში). გამოირჩევა მავნებლებისადმი გამძლეობით და კარგად ეგუება გურიის კლიმატს.
ჩენჩო ნაყოფზე მოკლეა ან თანატოლი, ცალ მხარეზე უფრო მეტად გადახსნილია, ამიტომ ნაყოფის დიდი ნაწილი დაუფარავია; ამიტომაც ჰქვია გულშიშველა. ნაყოფი მრგვალი ფორმისაა, გამოწეული წვერით და ბრტყელი ფუძით, საშუალო სიმსხოსია, ზომით 20X19X18 მმ, შებუსულია ძლიერად. ნაჭუჭის სისქე 0.1 სმ_ს უდრის. კგ-ში 320-338 ცალი ნაყოფია. გულის გამოსავლიანობა 48%-ია. ცხიმიანობა 66.5%, ნაყოფის გემო კარგია.

გავრცელება

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამრეწველო ჯიშია. სამეურნეო მაჩვენებლის გამო 1965 წლიდან დარაიონებულია როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში.

განჯა (სინონიმი: კუტკაშენ-ნიდჟი 69, იგივე კტნ 69) - GANDJA

წარმოშობა

აზერბაიჯანის საცდელი სადგურის მიერ შერჩეული ადგილობრივი ჯიშია, მიღებულია ხალხური სელექციის შედეგად. საქართველოში შემოტანილია 1957 წლიდან.

ბიოლოგიური თავისებურებანი და მოსავლიანობა

ბუჩქი ძლიერი ზრდისაა, სწორად მზარდი. ვარჯი ხშირია, მომრგვალო ფორმის, სიმაღლე 3.5_5 მ-მდე. დიდი რაოდენობით უნვითარდება ფესვის ამონაყარი.
ყვავილობს იანვრის მეორე ნახევრიდან თებერვლის მეორე ნახევრამდე. მამრობითი ყვავილი ბევრია, საუკეთესო დამამტვერიანებლი ჯიშია თხილის სამრეწველო ბაღებისათვის. მათ ნაყოფედში 3-4 ნაყოფია.
მსხმოიარობას იწყებს მესამე წელს. უხვმოსავლიანია. ერთი ბუჩქიდან საშუალოდ ღებულობენ 4.5_5 კგ. შედარებით გვალვაგამძლეა და ნაკლებად ზიანდება მავნებელ-დაავადებების მიერ.
ნაYოფი საშუალო სიდიდისაა, ზომით 18X21X19 მმ, წაგრძელებული ჩენჩო ნაყოფზე თითქმის ერთნახევარჯერ გრძელია, მთლიანია, ნაყოფს მთლიანად ეკვრის, მაგრამ მომწიფებისას ადვილად სცილდება. ნაყოფი საშუალო სიდიდისაა 2,6_3,0 გრამი. ღია მიხაკის ან ყავისფერი; ნაჭუჭი გლუვია, თხელი, ადვილად მტვრევადი. გული ნაჭუჭს ავსებს. ერთ კგ-ში საშუალოდ 260-375 ცალია. გულის გამოსავალი 52%_ია, ცხიმის შემცველობა 67.9%, ნაყოფის გემო კარგია.

გავრცელება

ჯიში დარაიონებულია 1966 წლიდან როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.

დედოფლის თითი (სინონიმი - აკაკი წერეთლის თხილი,) - DEDOPHLIS TITI

წარმოშობა

ლიტერატურული წყაროებით ჯიში დიდიხანია შემოტანილია თურქეთიდან. გავრცელებულია აჭარაში, აფხაზეთში, გურიასა და სამეგრელოში.

ბიოლოგიური თავისებურებანი და მოსავლიანობა

ზომიერი ზრდის ბუჩქია, სწორად მზარდი. შტამბი მორუხოა, უფრო თეთრი ფერისკენ იხრება. ამონაყრები ძალზე ცოტა აქვს, ყველა ჯიშზე უფრო მცირე, და, ძალზე ახლოსაა შტამბთან, როცა დედა მცენარე სცილდება, ამონაყარი ზიანდება. ალბათ ამით უნდა აიხსნას ჯიშის ნაკლები გავრცელება.
ყვავილობას იწყებს ადრე, იანვრის პირველი რიცხვებიდან და გრძელდება 50-65 დღე. მდედრობითი და მამრობითი ყვავილების თანხვედრილი პერიოდი 15-20 დღეა.
მსხმოიარობას იწყებს დარგვიდან მესამე წელს. შედარებით საადრეო ჯიშია. იკრიფება ივლისის მეორე ნახევარში. საშუალო მოსავალი ერთი ბუჩქიდან 7-9 კგ-ია.
ჩენჩო თითქმის ერთნახევარჯერ მეტია ნაყოფზე, მთლიანი მილისებრი, მჭიდროდ ეკვრის ნაყოფს. ნაყოფი ლამაზია, საშუალო სიდიდის - 25X18X15 მმ. თითქმის ცილინდრული ფორმის, რამდენადმე ბოლოსკენ ვიწროვდება, გვერდებით ოდნავ შებრტყელებული, ღია მონაცრისფროა; ფუძე მომრგვალოა, ოდნავ გამოზნექილი, ნაჭუჭი საკმაოდ თხელია 0,05-0,07 სმ. გული ყოველთვის არ ავსებს ნაჭუჭს, გული დაფარულია მოვარდისფრო-მოყვითალო გარსით; გულის გამოსავლიანობა 55-57%-ია, შეიცავს 68,0% ცხიმს. აქვს ძალიან კარგი, განსხვავებული გემო. ძალიან წააგავს ნუშის ნაყოფის გემოს.

გავრცელება

საუკეთესო, ძვირფასი სასუფრე ჯიშის თხილია, ნაყოფის განსაკუთრებული მაღალი ხარისხისა და იშვიათი გარეგნული შეხედულების გამო მიზანშეწონილია მისი ფართოდ გაშენება როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.

ვანის თეთრი - V ANIS TETRI -

წარმოშობა

ადგილობრივი ჯიშია. შეირჩა და გამოიყო ვანის რაიონის სოფ. ზედა ვანში.

ბიოლოგიური თავისებურებანი და მოსავლიანობა

ბუჩქი ძლიერი ზრდისაა 4,5 მეტრამდე. მკვრივი ვარჯით; ძირითად შტამბზე მოიისფრო ლაქები აქვს; მცირე რაოდენობით ივითარებს ფესვის ამონაყარს.
ყვავილობს იანვრის პირველი ნახევრიდან, მარტის პირველ ნახევრამდე. მდედრობითი და მამრობითი ყვავილების დამტვერიანების პერიოდი თანხვედრილია.
მსხმოიარობა იწყება დარგვიდან მესამე წელს. საადრეო ჯიშია, სიმწიფის პერიოდია ივლისის ბოლოს ან აგვისტოს პირველი ნახევრიდან. ერთი ბუჩქიდან საშუალოდ მიიღება 5,5-6,0 კგ. გარემო პირობებს დიდ მოთხოვნილებას არ უყენებს, მავნებელ-დაავადებებისგან ნაკლებად ზიანდება.
ჩენჩო ცოტათი გრძელია ნაყოფზე, მჭიდროდ ეკვრის ნაყოფს, მომწიფებისას კი ადვილად სცილდება; ნაყოფი საშუალო ზომისაა - 19X17X15 მმ; ნაყოფის გული თეთრი ფერისაა, საუკეთესო გემოსი, ნაჭუჭს გული ყოველთვის ავსებს. ნაყოფის საშუალო წონაა 2,1-2,2 გრ. გულის გამოსავლიანობა 52,0%-ია, შეიცავს 71,9% ცხიმს.

გავრცელება

მისი გაშენება სამრეწველო მნიშვნელობით პერსპექტიულია იმერეთის რაიონებისათვის.

ვანის წითელი - VANIS TSITELI

წარმოშობა

ადგილობრივი ჯიშია. შეირჩა და გამოვლინდა ვანის რაიონში.

ბიოლოგიური თავისებურებანი და მოსავლიანობა

ბუჩქი საშუალო ზრდისაა, სიმაღლით 4,2 მ. ხშირი დატოტიანებით, საშუალო რაოდენობის ფესვის ამონაყრებით; ფოთლები საშუალო სიდიდის, მომრგვალო-ოვალური ფორმისაა, ფოთლის ფირფიტა ძლიერ შებუსულია, მოწითალო ფერისაა.
ყვავილობას იწყებს იანვრის შუა რიცხვებიდან, მარტის 10 რიცხვამდე. მამრობითი და მდედრობითი ყვავილების დამტვერიანების პერიოდი თანხვედრილია, გრძელდება 10-15 დღე.
მსხმოიარობა იწყება დარგვიდან მესამე წელს. საადრეო ჯიშია, ნაყოფი იკრიფება ივლისის ბოლოდან აგვისტოს პირველ ნახევრამდე. ბუჩქის საშუალო მოსავალი 6,0 კგ.
ჩენჩო აჭარბებს ნაყოფის სიგრძეს, ნაპირები ღრმად დანაკვთულია, მჭიდროდ ეკვრის და მომწიფებულ ნაყოფს ადვილად სცილდება. ნაყოფი საშუალო ზომისაა, მრგვალი ფორმის, წვერო ამოწეულია და შებუსული, ფუძე ბრტყელია, ოდნავ გამოწეული. ნაყოფის სიდიდე - 18X15X13 მმ. ნაყოფის საშუალო წონაა 2,0-2,5 გრ. ნაჭუჭის სისქე საშუალოზე თხელია 0,09-0,12 სმ. ნაჭუჭს გული მუდამ ავსებს. გულის გამოსავლიანობა 54,5%-ია. ნაყოფი ხასიათდება ცხიმის მაღალი შემცვლობით - 72,5%-ი.

გავრცელება
ძვირფასი სამრეწველო პერსპექტიული ჯიშია მაღალი ხარისხის სუფრის ხილის მისაღებად. მისი გაშენება სამრეწველი მნიშვნელობით მიზანშეწონილია იმერეთისა და გურიის რეგიონებისათვის.

იმერეთი #21 - IMERETI #21
წარმოშობა

შერჩეულია ზემო იმერეთში თხილის ადგილობრივი გენოფონდიდან.
ბიოლოგიური თავისებურებანი და მოსავლიანობა
ბუჩქი ძლიერი ზრდისაა, კომპაქტური, პირამიდული ფორმის ვარჯით. მცირე რაოდენობით ფესვის ამონაყარი უნვითარდება.
ყვავილობის პერიოდი დეკემბრის მეორე ნახევრიდან თებერვლის ბოლომდე გრძელდება. თანაყვავილებში 3-4 ნაყოფია.
მსხმოიარობა იწყება დარგვიდან მესამე წელს. მაღალმოსავლიანი ჯიშია, საშუალოდ 6_7 კგ ერთი ბუჩქიდან. სიმწიფის პერიოდი - ივლისის ბოლოს, აგვისტოს პირველი რიცხვები. გამძლეა მავნებელ-დაავადებებისადმი და გარემო არახელსაყრელი პირობების მიმართ.
ნაყიფი მსხვილი, მრგვალი ფორმის, სიდიდე 23X22X19 მმ. მომწიფებისას ნაყოფი საბურველიდან ადვილად ვარდება. ნაჭუჭი საშუალო სიმაგრისა. გულის გამოსავლიანობა 53-55%-ია, ცხიმის შემცველობა 59-63%.

გავრცელება

მისი გაშენება პერსპექტიულია იმერეთისა და კახეთის რაიონებისათვის.

ი მ ე რ ე თ ი #27 - IMERETI #27 -
წარმოშობ

შერჩეულია ზემო იმერეთში თხილის ადგილობრივი გენოფონდიდან.

ბიოლოგიური თავისებურებანი და მოსავლიანობა

ბუჩქი საშუალო ზრდისაა, გადაშლილი, სფერული ფორმის ვარჯით. ფესვის ამონაყრები მცირე რაოდენობით უნვითარდება.
ყვავილობის პერიოდი იწყება დეკემბრის ბოლოდან და გრძელდება მარტის პირველ ნახევრამდე. თანაყვავილედში 3-4 ნაყოფია.
მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მესამე წელს. უხვმოსავლიანია, საშუალო მოსავალი ბუჩქიდან 5-6 კგ-ია. სიმწიფის ვადა აგვისტოს პირველ რიცხვებში. გამძლეა მავნებელ-დაავადებების მიმართ.
ნაყოფი მრგვალია, სიდიდე - 21X20X19 მმ. ნაჭუჭი თხელია და იოლად იმტვრევა, ჩენჩოდან ადვილად ვარდება. ნაჭუჭი გულით კარგადაა ამოვსებულია. გულის გამოსავლიანობაა 54-57%, ცხიმის შემცველობა - 55-57%.

გავრცელება

გაშენებულია იმერეთის რაიონებში, პერსპექტულია რაჭის რაიონებისთვის.

კუდრიავჩიკი-უჩათხილი (სინონიმი - კერასუნდის წვრილი, ტამბული.) KUDRYAVCHIK - UCHA TXILI

წარმოშობა

თურქეთში ადგილობრივი სელექციით მიღებული ჯიშია. თურქეთში ცნობილია ტამბულის სახელწოდებით

ბიოლოგიური თავისებურებანი და მოსავლიანობა

ბუჩქი საშუალო ზრდისაა, ხშირი დატოტვით, გადაშლილი ფორმის ვარჯით, ახასიათებს ბევრი ამონაყარი.
საადრეო ჯიშია, მდედრობითი ყვავილი ყვავილობს დეკემბრის ბოლოდან და გრძელდება თებერვლის მეორე ნახევრამდე. მამრობითის ყვავილობა იწყება იანვრის დასაწყისიდან და გრძელდება თვის ბოლომდე. დამტვერიანების თანხვედრილი პერიოდია 18-20 დღე. უხვმოსავლიანი ჯიშია.
მსხმოიარობს დარგვიდან მესამე წელს. უხვმოსავლ;იანი ჯიშია. ერთ ბუჩქზე საშუალო მოსავალი 5-7 კგ-ია. ნაყოფი მწიფდება ივლისის მეორე ნახევრამდე. შედარებით გამძლეა მავნებელ-დაავადებების მიმართ.
ნაყოფი ოვალური, ბორცვიანი ფუძით და ბლაგვი წვერით, სიდიდე 18X17X16 მმ. ჩენჩო თითქმის ერთნახევარ-ორნახევარჯერ მეტია ნაყოფზე. კიდეები დაკბილულია და მომწიფებისას ჭკნება და ხუჭუჭდება, ნაყოფები უმეტესად შეკრებილია 2 ან 3 ერთად, იშვიათად 4 ან 5 ცალი. გული მომრგვალოა, ნაჭუჭი თხელია, ადვილად მტვრევადი, ღია მიხაკისფერი გარსით. ერთ კილოგრამში საშუალოდ 400-430 ცალი თხილის ნაყოფია. გული ნაჭუჭს მუდამ ავსებს. გულის გამოსავლიანობაა 47.2%, ხოლო ცხიმიანობა 70.2%-ია.

გავრცელება

მიზანშეწონილია სამრეწველო ბაღების გასაშენებლად სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში.

კ ტ ნ - 30 - K T N - 30 -

წარმოშობა

ხალხური სელექციის ჯიშია. აღმოჩენილი და შერჩეულია მზა სახით ზაქათალის (აზერბაიჯანი) რაიონში. საქართველოში შემოტანილია 1961 წლიდან.

ბიოლოგიური თავისებურებანი და მოსავლიანობა

ბუჩქი ძლიერი ზრდისაა, საშუალო დატოტვით, სიმაღლით 4,5-5,0 მ. დიამეტრი 5,0-5,5 მ. შტამბის კანი მორუხო ნაცრისფერია, ფესვის ამონაყრის უნარი საშუალოა;
მდედრობითი ყვავილების ყვავილობა გრძელდება დეკემბრის ბოლოდან თებერვლის ბოლომდე, მამრობითი მჭადა ყვავილებისა კი იანვრიდან თებერვლის ბოლომდე. დამტვერიანების პერიოდი თანხვედრილია.
მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მესამე-მეოთხე წელს. საშუალო საგვიანო ჯიშია, ნაყოფი იკრიფება ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში. უხვმოსავლიანი, ერთი ბუჩქის საშუალო მოსავალი 5-7 კგ-ს შეადგენს. გარემო პირობებისადმი და მავნებელ-დაავადებების მიმართ გამძლეა.
ჩენჩო მთლიანი ნაყოფის სიგრძეს 1,5_2,0-ჯერ აღემატება. თანაყვავილედში 3-4-ი ნაყოფია. ნაყოფი საშუალო ზომისაა = 18X20X17 მმ, მრგვალი, გვერდებზე ოდნავ შებრტყელებულია და ღარები ჩაუდის, ფუძე ფართო ოთხკუთხედის მსგავსია, ნაჭუჭი ყავისფერია, წვრილი ზოლებით. გული ნაჭუჭს მუდამ ავსებს. გულის გამოსავლიანობა 47,0%-ია, ცხიმის საშუალო შემცველობა 66,5%.

გავრცელება

გასაშენებლად პერსპექტიული ჯიშია, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოს შედარებით მშრალი კლიმატური პირობებისათვის.

კხ - 29 (სინონიმი იზიუმ შაქარი) K X -29

წარმოშობა

ჯიში შეირჩა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ზაქათალის რაიონში, მიღებულია ხალხური სელექციის შედეგად კახის რაიონის სოფ. კატეხში. საქართველოში შემოტანილია 1957 წლიდან.

ბიოლოგიური თავისებურებანი და მოსავლიანობა

ბუჩქი ძლიერი ზრდისაა, შორს გაშლილი ტოტებით, სიმაღლით 3,5-4,0 მ. ფესვის ამონაყრის უნარი საშუალოა; ფოთოლი დიდი ზომისაა, სქელი, ფართო ოვალური, ორმაგად დაკბილული, ორივე მხარე შესამჩნევად შებუსულია.
ყვავილობა მდედრობით და მამრობით ყვავილებს შორის თანხვედრილია, საშუალოდ 35-39 დღე, ყვავილობა ხანგრძლივია.
მსხმოიარობას იწყებს დარგვიდან მესამე-მეოთხე წელს, საგვიანო ჯიშია, ნაყოფი მწიფდება აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში. საშუალო მოსავლიანი ჯიშია, ერთ ბუჩქზე საშუალო მოსავალი 2,5_3,5 კგ-ია. ნაყოფის წონა საშუალოდ 2,0 გრ-ია. კგ-ში 492-მდე ცალია.
ნაყოფი მოგრძო-შებრტყელებული, ფუძეში ამოწეული; ნაყოფის სიდიდე 20X18X16 მმ. ჩენჩო ნაყოფზე ცოტათი გრძელია, მთლიანად არ ფარავს, დაბოლოებაზე წვრილია და დანაკვთული, ცალ გვერდზე თითქმის ფუძეზე მეტად გაყოფილია; ნაყოფის სიდიდე -20X18X16 მმ; მოგრძო შებრტყელებული ფორმისაა. ნაჭუჭი საშუალოზე მეტი სისქისაა. გულის გამისავლიანობა 46%-ია; ხოლო ცხიმის შემცველობა 65,8%.

გავრცელება


ნაკლებად არის გავრცელებული, გვხვდება საკოლექციო ნაკვეთებში.

ლომბარდიის თეთრი - AVELINE BLANCHE

წარმოშობა

ჯიში წარმოშობილია იტალიაში. საქართველოში პირველად შემოტანილია 1960 წელს.

ბიოლოგიური თავისებურებანი და მოსავლიანობა

ბუჩქი სუსტი ზრდისაა; ვარჯი მომრგვალოა, გადაშლილი ფორმის; მცირე რაოდენობით ინვითარებს ფესვის ამონაყარს. საშუალო სიმაღლეა 2,5-3,0 მ.
ყვავილობის პერიოდი დეკემბრის პირველი ნახევრიდან, თებერვლის ბოლომდე. თანაყვავილედში 4_5 ნაყოფია. ნაყოფები შეკრებილია ჯგუფებად 3-8 ერთად, ზოგიერთი ჯიშისათვის კარგი დამამტვერიანებელია.
მსხმოიარობას იწყებს დარგვიდან მესამე-მეოთხე წელს. სიმწიფის ვადა ივლისის მეორე ნახევარია. უხვმოსავლიანი ჯიშია. ერთი ბუჩქის საშუალო მოსავალია 3,9-4,5 კგ. ნაკლებად ზიანდება მავნებელ-დაავადებების მიერ.
ჩენჩო მთლიანია, მილისებრი, ნაყოფზე გრძელი, მჭიდროდა აქვს შემოხვეული თხილს და წვეროსაკენ ვიწროვდება. ნაყოფი საშუალო სიმსხოსია, ოვალურ-მოგრძოა; თხილის ძირი დიდია, ამობურცული, მოთეთრო-მორუხო ფერის. ნაჭუჭი თხელია და ადვილად მტვრევადი, გული სასიამოვნო გემოსია, მთლიანად ავსებს ნაჭუჭს, ნაყოფი საშუალო ზომისაა - 26X16X14 მმ. ოვალური ფორმის, გვერდებზე ოდნავ შებრტყელებული, გამოწეული ფუძით. ჩენჩოდან ადვილად ვარდება. გულის გამოსავლიანობა 50%-ია, ცხიმის შემცველობა - 68.2%.

გავრცელება

სამრეწველო ჯიშია საქართველოს მეხილეობის ყველა ძირითადი რაიონისათვის.

ლომბარდიის წითელი - A VELINE ROUGE

წარმოშობა

იტალიის ერთ-ერთი უძველესი ჯიშია. საქართველოში გვხვდება 1960 წლიდან.

ბიოლოგიური თავისებურებანი და მოსავლიანობა

ბუჩქი საშუალო ზრდისაა, ახასიათებს მომრგვალო გადაშლილი ფორმის და ხშირი დატოტვის ვარჯი, 3,5-4,0 მ-ის სიმაღლის, დიამეტრი 4,5-5,0 მ. ფესვის ამონაყარი ძალიან ცოტა ან სრულებით არ აქვს. ფოთოლი საშუალო ზომისაა, კიდე ორმაგად დაკბილული, მუქი მწვანე ფერისაა, ნაცრისფერად შებუსულია.
ყვავილობის პერიოდი დეკემბრის პირველი ნახევრიდან თებერვლის ბოლომდე. თანაყვავილედში ინვითარებს 4-5 ცალ ნაყოფს.
მსხმოიარობას იწყებს დარგვიდა მესამე წელს. მოსავლიანი ჯიშია, საშუალო მოსავალი ერთ ბუჩქზე შეადგენს 3-5 კგ-ს. ნაკლებად ზიანდება მავნებლებისაგან.
ჩენჩო მთლიანია, ნაყოფზე 1,5-2 -ჯერ გრძელი, ნაყოფს მჭიდროდ ეკვრის, მომწიფებისას სკდება და ნაყოფს ადვილად სცილდება. ნაყოფი საშუალო ზომისაა - 27X16X15 მმ. ოვალურ-პირამიდული ფორმის, ორ მხრივ ოდნავ შებრტყელებულია და ოდნავ ღარი ჩაუდის, ფუძე ამოწეული აქვს; ნაჭუჭი მუქი ყავისფერია, თხელი 3/4 მმ სისქის, ადვილად მტვრევადია. ნაჭუჭი სავსეა გულით. გულის გამოსავლიანობა 49-50%-ია; ცხიმის შემცველობა - 66-67%.

გავრცელება

პერსპექტიულია საქართველოს მეხილეობის ყველა ძირითადი რაიონებისათვის.

ნემსა - NEMSA

წარმოშობა

ადგილობრივი ჯიშია, მიღებულია ხალხური სელექციის შედეგად. უმთავრესად გავრცელებულია გურიის რეგიონში.

ბიოლოგიური თავისებურებანი და მოსავლიანობა

ბუჩქი ძლიერი ზრდისაა, ახასიათებს პირამიდული ფორმის ვარჯი. საშუალო რაოდენობით უნვითარდება ფესვის ამონაყარი.
მამრობითი ყვავილები -მჭადები ყვავილობენ ხანგრძლივ პერიოდს: დეკემბრის შუა რიცხვებიდან მარტის 15-20 რიცხვამდე, ხოლო მდედრობითი ყვავილები იანვრის პირველი დეკადიდან თებერვლის შუა რიცხვებამდე. მდედრობითი და მამრობითი ყვავილების დამტვერიანების თანხვედრილი პერიოდი 15_20 დღეს აღემატება. ჯიში კარგი დამამტვერიანებელია.
მსხმოიარობა იწყება დარგვიდან მესამე წელს. ნაყოფი მწიფდება და იკრიფება 10-15 აგვისტოდან. უხვმოსავლიანი ჯიშია. ერთი ბუჩქის საშუალო მოსავალი 5-7 კგ-ია შეადგენს. შედარებით გამძლეა მავნებელ-დაავადებების მიმართ. გარემო პირობებს დიდ მოთხოვნილებას არ უყენებს.
ჩენჩო მთლიანია, მომწიფებისას ნაყოფს კარგად სცილდება. ერთ ნაყოფედში 3-4 ცალი ნაყოფია. ნაყოფი მოგრძო, კონუსური ფორმისაა, თავისაკენ თანდათან ვიწროვდება, ოდნავ გამოწეული "ნემსა" წვერით და ბრტყელი ფუძით, ზომით 24X18X14 მმ-ია, მოყვითალო ყავისფერი, ნაჭუჭი თხელია, საშუალოდ 0,06-0,08 სმ, ადვილად მტვრევადი, ერთი ნაყოფი 2,2-2,3 გრ-ს იწონის. გულის გამოსავლიანობაა 56%; ცხიმის შემცველობა 60-65%-ია.

გავრცელება

ძვირფასი სამრეწველო პერსპექტიული ჯიშია როგორც დასავლეთი, ისე აღმოსავლეთი საქართველოსათვის.

ნოტინგემი - NOTINGEM

წარმოშობა

ძველი ინგლისური ჯიშია. საქართველოში ცნობილია 1960 წლიდან.

ბიოლოგიური თავისებურებანი და მოსავლიანობა

ბუჩქი ძლიერი ზრდისაა, სწორად მზარდი, ოვალური ფორმის, საშუალო დატოტვით, უნვითარდება მცირე რაოდენობით ფესვის ამონაყარი.
გვიან მოყვავილე ჯიშია. მდედრობითი ყვავილი ყვავილობს თებერვლის ბოლოდან მარტის შუა რიცხვებამდე, ხოლო მამრობითი ყვავილები - დეკემბრის შუა რიცხვებიდან თებერვლის დასაწყისამდე. ე.ი. მდედრობითი და მამრობითი ყვავილების ყვავილობა ერთმანეთს არ ემთხვევა და საჭიროებს ჯვარედინ დამტვერვას.
მსხმოიარობას იწყებს დარგვიდან მესამე წელს. კარგი მოსავლიანი საადრეო ჯიშია. ნაყოფი იკრიფება ივლისის ბოლოს აგვისტოს დასაწყისში. საშუალო მოსავალი 1 ბუჩქზე 3,5-5 კგ-ია.
ჩენჩო ბევრად აღემატება ნაყოფის სიგრძეს. ერთ ნაყოფედში 4-5 და მეტი ნაყოფია. ნაყოფი მოგრძო ფორმისაა, ფუძისკენ ვიწროვდება, ცალ მხარეზე ოდნავ შებრტყელებული, ფუძე კარგადაა გამოწეული. ნაყოფის საშუალო სიდიდე 25X15X12 მმ. ნაჭუჭი თხელია, ღია ყავისფერი, პრიალა ზედაპირით, გული მჭიდროა, ნაჭუჭს ყოველთვის ავსებს. ნაყოფის საშუალო წონა 1,4-გრ-ია, ერთ კილოგრამში 340-360 ნაყოფია. გულის გამოსავლიანობა 49,2%-ია; კარგი გემო აქვს. გულის გამოსავლიანობაა 49%, ცხიმის შემცველობა 69,5_70%-ია.

გავრცელება
დარაიონებული ჯიშია როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.
მიზანშეწონილია მისი გაშენება ფართო მასივებში და საკარმიდამო ნაკვეთებზე.

ტონდა ჯენტილე დელე ლანგე (სინონიმი: ტონდა ჯენტილე დელ პიემონტი) TONDA GENTILE DELLE LANGHE

წარმოშობა

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იტალიური სამრეწველო ჯიშია. საქართველოში შემოტანილია 2004 წლიდან.

ბიოლოგიური თავისებურებანი და მოსავლიანობა

ბუჩქი ძლიერი ზრდისაა, ახასიათებს მომრგვალო ფორმის ვარჯი, საშუალო რაოდენობის ფესვის ამონაყარი.
მდედრობითი ყვავილი ყვავილობს იანვრის დასაწყისიდან თებერვლის ბოლომდე, მამრობითი კი - დეკემბრის პირველი ნახევრიდან იანვრის შუა რიცხვებამდე. საუკეთესო დამამტვერიანებელია "ტონდა ჯიფონი".
მსხმოიარობას იწყებს დარგვიდან მესამე-მეოთხე წელს. მაღალმოსავლიანი ჯიშია. ერთ ბუჩქზე მოსავალი სრული მსხმოიარობის დროს 6-8 კგ-ია. საშუალო პერიოდის სიმწიფისაა. იკრიფება აგვისტოს შუა რიცხვებიდან.
ნაყოფი საშუალო ზომისაა - დაახლოებით 2,38 გრ, მომრგვალო ფორმის, გვერდებიდან ოდნავ შებრტყელებული, თხელნაჭუჭიანი. ნაჭუჭი ყავისფერია, გული მოყავისფრო-მოყვითალო, კარგი გემო აქვს. ნაჭუჭს მთლიანად ავსებს. გულის გამოსავლიანობა დაახლოებით 45-48%-ია. ნაყოფი ადვილად სცილდება ჩენჩოს.

გავრცელება

მოიპოვება საკოლექციო ნაკვეთებზე. პერსპექტიული ჯიშია როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს პირობებისთვის.

შველისყურა - SHVELISKURA
წარმოშობა

ადგილობრივი ჯიშია, მიღებულია ხალხური სელექციის შედეგად. გავრცელებულია უმთავრესად გურიაში, აგრეთვე ზუგდიდის რაიონში - "სკვერის" (მეგრულად "შველი") სახელწოდებით.

ბიოლოგიური თავისებურებანი და მოსავლიანობა

ბუჩქი ძლიერი ზრდისაა, პირამიდული ფორმის, ხშირი დატოტვით, ინვითარებს საკმაო რაოდენობის ამონაყრებს.
ადრეულად ყვავილობს, დეკემბრის მეორე ნახევრიდან, რაც გრძელდება 50-65 დღეს. მდედრობითი და მამრობითი ყვავილების ყვავილობა დაახლოებით 20-25 დღეს გრძელდება. თანაყვავილედში 3-4 ნაყოფია.
მსხმოიარობას იწყებს დარგვიდან მესამე წელს. მოსავალი იკრიფება ივლისის ბოლოს - აგვისტოს მეორე ნახევარში.. ერთი ბუჩქიდან საშუალო მოსავალი 3.5-4 კგ-ია. ნაჭუჭი მუდამ სავსეა გულით. გარემო პირობების მიმართ დიდად მგრძნობიარე არაა. მავნებლების მიმართ საკმაოდ გამძლეა, ამიტომ საღი ნაყოფით ხასიათდება.
ჩენჩო სიგრძით ცოტათი ჩამორჩება ნაყოფს, რომელიც მომწიფებისას ადვილად სცილდება. ნაყოფი მოგრძო ფორმისაა, ყავისფრად შეფერილი, ძალიან სუსტად შებუსული, ხასიათდება ზოლიანობით. ნაყოფის ზომაა 24X18X14 მმ. ნაჭუჭის სისქე 0.9-1,0 მმ-ს არ სცილდება, ადვილად მტვრევადია, რის გამოც შველისყურა თხელნაჭუჭა ჯიშს განეკუთვნება. ცხიმიანობა 63.2%-ია, ხოლო გამოსავლიანობა 36%-დან 40%-მდე მერყეობს.

გავრცელება

დარაიონებული სამრეწველო ჯიშია იმერეთის, გურიის და კახეთის რეგიონებისთვის.

ჩხიკვისთავა - CHKHIKVISTAVA
წარმოშობა

ადგილობრივი ჯიშია, მიღებულია ხალხური სელექციის შედეგად.

ბიოლოგიური თავისებურებანი და მოსავლიანობა

ბუჩქი საშუალო ზრდისაა, გამოირჩევა დატოტვილი და გადაშლილი ვარჯით. ახასიათებს დიდი რაოდენობის ფესვის ამონაყარი. სიმაღლე 2,5-3,0 მეტრს არ აღემატება. ვარჯის გარშემოწერილობა 4-4,5 მ, ხშირი დატოტვილი, გადაშლილი ფორმის.
საადრეო მოყვავილე ჯიშია, მდედრობითი ყვავილები იანვრის 5-10-დან ყვავილობს 40-45 დღე, მამრობითი ყვავილები მცირე რაოდენობითაა ან უფრო ხშირად სრულებით არა აქვს. აუცილებლად საჭიროებს ჯვარედინ დამამტვერიანებელს.
მსხმოიარობას იწყებს მესამე წელს. სიმწიფის ვადა ივლისის მეორე ნახევარში დგება. კარგი მოსავლიანი ჯიშია. ერთი ბუჩქის მოსავალი საშუალოდ 4,5 კგ-ია. შედარებით მგრძნობიარეა კლიმატური პირობებისა და მავნებელ-დაავადებების მიმართ.
ჩენჩო აღემატება ნაყოფის სიგრძეს და ძნელად სცილდება, მომრგვალო-მოგრძო ფორმისაა, ოდნავ შებრტყელებული გვერდებით, გამოწეული წვერით. თხელნაჭუჭაა. მუდამ სავსეა გულით. ნაყოფი წვრილია 16X14X13 მმ. ერთი ცალი საშუალო წონაა 1,3-1,5 გრ. ერთ კილოგრამში 820-870 ცალია. გულის გამოსავალი 56%-ია. ცხიმის შემცველობა შეადგენს 69-71%-ს.

გავრცელება

გავრცელებულია გურიაში. პერსპექტიულია როგორც დამამტვერიანებელი ჯიში სამრეწველო ბაღებისათვის.

ცხენის ძუძუ (სინონიმი - ცხენისკბილა) - TSKHENISDZUDZU

წარმოშობა

ადგილობრივი ჯიშია, მიღებულია ხალხური სელექციის შედეგად, ჯიში გავრცელებულია ძირითადად ოზურგეთის რაიონში.

ბიოლოგიური თავისებურებანი და მოსავლიანობა

ბუჩქი ძლიერი ზრდისაა, გადაშლილი ტოტებით, ფესვის ამონაყრები მცირე რაოდენობითაა.
ყვავილობას იწყებს დეკემბრის ბოლოდან და გრძელდება 45-56 დღე. მდედრობითი და მამრობითი ყვავილების დამტვერიანების თანხვედრილი პერიოდი საშუალოდ 20-35 დღეა.
მსხმოიარობს დარგვიდან მესამე წელს. სიმწიფეში შედის ივლისის შუა ნახევრიდან. მოსავლიანი ჯიშია, საშუალო მოსავალი ბუჩქიდან 4.3 კგ-ია.
ჩენჩო ნაყოფის ტოლია ან უფრო მოკლე; მომწიფებისას ნაყოფი ადვილად სცილდება; ნაყოფი მოგრძო ფორმისაა, ოდნავ მობრტყელო, გამოწეული წვეროთი, მოწითალო-ყავისფერია. ნაყოფი საშუალო სიდიდისაა -22X15X11 მმ. ერთ კილოგრამში 370-410 ცალი ნაყოფია. ერთ ნაყოფედში 3-5 ნაყოფია. გული ნაჭუჭს ავსებს, გულის გამოსავალია 53%, ცხიმიანობა - 69%,.

გავრცელება
გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში.
მიზანშეწონილია სამრეწველო მნიშვნელობით გაშენება შედარებით ნოტიო კლიმატურ პირობებში.

ხ ა რ ი ს თ ვ ა ლ ა - KHARISTVALA

წარმოშობა

ხალხური სელექციის შედაგად მიღებული ადგილობრივი ჯიშია.

ბიოლოგიური თავისებურებანი და მოსავლიანობა

ბუჩქი საშუალო ზრდისაა. ახასიათებს სფერული ფორმის ვარჯი. ხასიათდება ფესვის მცირედი ამონაყარით.
ყვავილობის პერიოდი თებერვლის მეორე ნახევრიდან მარტის ბოლომდეა. თანაყვავილედში ვითარდება 3-4 ნაყოფი.
მსხმოიარობა იწყება დარგვიდან მესამე წელს, უხვმოსავლიანი ჯიშია. ერთ ბუჩქზე საშუალო მოსავალი 5-7 კგ-ია. ნაკლებად ზიანდება მავნებელ-დაავადებების მიერ.
ნაყოფი მრგვალია, ოდნავ შებრტყელებული; ფუძე დიდია და შეწეულია ორივე მხარეს. ნაჭუჭი სქელია. გული კარგად ავსებს ნაჭუჭის ღრუს. ნაყოფის სიდიდეა 23X24X22 მმ. ჩენჩო აღემატება ნაყოფის სიგრძეს. თხილი საბურველიდან ადვილად ვარდება. გულის გამოსავლიანობა 42-43%-ია. ცხიმის შემცველობა 66-67%-ია.

გავრცელება

გავრცელება რეკომენდებულია აღმოსავლეთ საქართველოს შედარებით მშრალი კლიმატური პირობებისათვის.


ხაჭაპურა - KHACHAPURA
წარმოშობა

ადგილობრივი ჯიშია, მიღებულია ხალხური სელექციის შედეგად.

ბიოლოგიური თავისებურებანი და მოსავლიანობა

ბუჩქი ძლიერი ზრდისაა, ოვალურ-გადაშლილი ვარჯის ფორმით; ბუჩქის საშუალო სიმაღლეა 2.5-3.5 მ. ფესვის ამონაყარს უხვად ინვითარებს.
საადრეო ჯიშია, მდედრობითი ყვავილი ყვავილობს დეკემბრის შუა რიცხვებიდან მარტის პირველ ნახევრამდე, ხოლო მამრობითი - დეკემბრის დასაწყისიდან იანვრის ბოლომდე. უხვად უვითარდება მჭადა - მამრობით ყვავილები. ყვავილობს ხანგძლივად, მის გამოყენება შეიძლება დამამტვერიანებელ ჯიშადაც.
მსხმოიარობას იწყებს დარგვიდან მესამე წელს. საშუალო მოსავლიანი ჯიშია, თითოეული ბუჩქიდან 2.5-3 კგ. საშუალო საადრეო ჯიშია. მოსავალი იკრიფება ივლისის მეორე ნახევრიდან. ნაკლებად ზიანდება მავნებელ-დავადებებისაგან.
ჩენჩო მთლიანია, ნაყოფზე თითქმის ორჯერ გრძელია, მომწიფებისას ნაყოფს ადვილად სცილდება. ერთ ნაყოფედში შეჯგუფებულია სამი ცალი ნაყოფი, არის ოთხიც. საბურველი ძლიერ შებუსულია, ნაყოფი მსხვილია,19X22X19 მმ, ბრტყელი ფორმის; ნაჭუჭი მუქი ყავისფერია, თხელნაჭუჭა. ერთ კგ-ში 348 ცალი ნაყოფია, გული ნაჭუჭს მუდამ არ ავსებს. გულის გამოსავლიანობა 46.7%-ია. ცხიმიანობა -65-66%, ნაყოფი კარგი გემოსია.

გავრცელება

როგორც სამრეწველო მნიშვნელობის და საუკეთესო დამამტვერიანებელი ჯიში დარაიონებულია გურიის, აჭარის, იმერეთის და კახეთის რაიონებში.

რა მანძილი დავიცვათ თხილის დარგვისას?

თხილის კულტურა უნდა Gგაშენდეს ვაკე ან 5-70 დაქანების ნაკვეთებზე, თუ ნაკვეთი გამოყოფილია ფერდობზე, რომლის დაქანება 7-150-ია, უნდა მოეწყოს ტერასა (ჩატარდეს ნაკვეთის დატერასება) ამ შემთხვევაში ნერგი ირგვება ტერასის შუა ადგილზე. ნიადაგის ნაყოფიერების და ჯიშების ზრდის სიძლიერის მიხედვით რეკომენდებულია შემდეგი კვების არეები: 5X3 მ, 4X3 მ, 4X2,5 მ, 7X2 მ, 6X2 მ. მცენარეთა დგომის სიხშირით. თხილის ბუჩქური სისტემით გაშენებულ ბაღებში მცენარეთა დგომის საუკეთესო სიხშირედ უნდა ჩაითვალოს: აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს პირობებისთვის 6X5 მ, ბუჩქზე 4-5 მთავარი ტოტის დატოვებით. 150-ზე მეტი დაქანების მქონე ფერდობებზე ნერგები ირგვება ცალკეულ ორმოებში 5X5 ან 5X4 მეტრზე ჭადრაკულად.


როგორ მოვამზადოთ თხილის დასარგავად გამოყოფილი ნაკვეთი?

თხილის ბაღების გასაშენებლად გამოყოფილი ნაკვეთი უნდა გასუფთავდეს ქვებისაგან, ბუჩქებისაგან. ამის შემდეგ ტარდება ნაკვეთის მოსწორება და პლანტაჟი 60-70 სმ სიღრმეზე. თუ ნაკვეთი ნატყევარია, პირველ ორ წელიწადს უნდა ჩატარდეს ერთწლიანი სიდერატების თესვა-ჩახვნა, მესამე წელს კი შესაძლებელია თხილის ბაღების გაშენება. ნიადაგის ღრმად დამუშავების წინ უნდა შევიტანოთ (მობნევით) ნაკელი, 30-40 ტ/ჰა-ზე. თხილის ბაღის გასაშენებლად ნიადაგის მომზადება იწყება აგვისტოს ბოლოს (პლანტაჟი, ჯვარედინი გადახვნა, დადისკვა, დაფარცხვა, დაგეგმვა) და მთავრდება ნოემბრის მეორე ნახევარში. თხილის ბაღები დაცული რომ იყოს ქარების უარყოფითი ზემოქმედებისაგან, სასურველია, ბაღების გაშენებამდე ორი წლით ადრე მოეწყოს ქარსაფარი ზოლი.

დარგვის ტექნოლოგია და ვადები

პლანტაჟური ხვნის შემდეგ თხილის დასარგავად გამოყოფილ ნაკვეთს გადახნავენ, მოასწორებენ, ყოფენ უბნებად და დაგეგმავენ. ამოიღებენ 30X30X30 სმ-ის ორმოებს, შეაქვთ ორმოში 8-10კგ. Oორგანული სასუქი. თხილის სარგავ მასალას უნდა ჰქონდეს კარგად განვითარებული ფესვთა სისტემა. დარგვის დროს ფესვების გამოშრობის თავიდან ასაცილებლად ნერგები მიმარხვის ადგილიდან ორმოებამდე მიტანისას კასრში ან რაიმე სხვა ჭურჭელში უნდა ჩავალაგოთ, რომელშიც ჩასხმული იქნება წინასწარ მომზადებული ფხვიერი მიწის, ნაკელისა და წყლის ნაზავი ხსნარი. დარგვის წინ, ბუჩქისებური ტიპის ბაღის გაშენებისას, სტანდარტული ნერგი უნდა გადაიჭრას 8-10 სმ-ის სიმაღლეზე და ორმოში დაირგას ორი ნერგი. მეტი რაოდენობით დარგვა იწვევს ბაღის ჩახშირებას და ამავე დროს ეკონომიური თვალსაზრისითაც გაუმართლებელია. დარგვის წინ გულდასმით ვათვალიერებთ ნერგების ფესვთა სისტემას და საღ ადგილამდე შევაჭრით დაზიანებულ ფესვებს. ფესვთა სისტემის ძლიერი სხვლა მავნებელია. ნერგის ფესვთა სისტემა ორმოში უნდა მოვათავსოთ იმ ვარაუდით, რომ მიწის ჩაყრის შემდეგ ნერგი 3-4 სმ-ით ღრმად ჩაჯდეს მიწაში, ვიდრე სანერგეში იყო, და ფესვის ყელი მოხვდეს ნიადაგის ზედაპირის დონეზე. ორმოში ნერგის ზუსტ ადგილმდებარეობას განვსაზღვრავთ სარგავი ჯოხის დახმარებით ან თვალდათვალ. დარგვისას ნერგს მიწა მსუბუქად უნდა მოვატკეპნოთ.

თხილი არ საჭიროებს განსაკუთრებულ ნიადაგურ პირობებს. შეიძლება კარგად იხაროს და მოისხას ნაყოფი დაკორდებულ ნიადაგზე, მაგრამ დადებითად რეაგირებს ნიადაგის დამუშავებაზე. თხილის პლანტაციის ნაკვეთი ძირითადად შემოდგომაზე მოიხვნება. ნიადაგის ზედაპირი სუფთად რომ შევინარჩუნოთ რათა არ დასარევლიანდეს, სავეგეტაციო პერიოდის მანძილზე 5_6-ჯერ უნდა გავაფხვიეროთ. ნიადაგის დამუშავების სიღრმე დამოკიდებულია თვით ნიადაგის ფენის სისქეზე, ფიზიკურ შემადგენლობაზე, ფესვების განლაგების სიღრმეზე. მძიმე და ღრმა ნიადაგებზე დამუშავების სიღრმე შეიძლება იყოს 15-20 სმ-მდე, ხოლო ღარიბ და მსუბუქ ნიადაგებზე 10-12 სმ. თხილის ბუჩქის ირგვლივ დამუშავებული ფართობის დიამეტრი დარგვიდან მსხმოიარობის დაწყებამდე თანდათან იზრდება. მაგ: ერთი წლის ბუჩქის ირგვლივ ნიადაგი მუშავდება 1 მეტრის დიამეტრზე, ორწლიანი ბუჩქის ირგვლივ 1,75 სმ-ზე, ხოლო 4-წლიან და მეტი ხნოვანების ბუჩქის ირგვლივ 2-3 მ-ის დიამეტრში ვარჯის პროექციის მთლიან ფართზე.
ახალგაზრდა პლანტაციაში რიგთაშორისები შეიძლება გამოვიყენოთ სათოხნი კულტურებისთვის ან სიდერატების დასათესად. აღმოსავლეთ საქართველოს ზონებში, თხილის პლანტაციებში, რომლებიც ირწყვება, რიგთაშორისებში შეიძლება დაირგოს ან დაითესოს: სათოხნი კულტურებიდან: კომბოსტო, სოია, ლობიო. სიდერატებიდან: ბარდა, ცერცველა, ცულისპირა, შვრია-ცერცველას ნარევი და სხვ. აღმოსავლეთ საქართველოში სიდერატები ითესება გაზაფხულზე (მარტი) ან შემოდგომით და ჩაიხვნება ყვავილობის პერიოდში. დასავლეთ საქართველოში კი (სოიას გარდა) სიდერატები ითესება შემოდგომით (სექტემბერი) და ჩაიხვნება გაზაფხულზე (მარტი). სოია კი ითესება ადრე გაზაფხულზე.
რიგთაშორისები სათოხნი ან სხვა კულტურებისათვის ისე უნდა გამოვიყენოთ, რომ მათმა მოვლა-მოყვანამ ხელი არ შეუშალოს ძირითადი კულტურის (თხილი) ნორმალურ ზრდა-განვითარებას.
თხილის პლანტაციაში დაუშვებელია თამბაქოს, სიმინდისა და ხორბლის თესვა, აღნიშნული კულტურები ართულებენ ძირითადი (თხილი) კულტურის მოვლას, აღარიბებენ ნიადაგს, აფერხებენ თხილის ბუჩქის ნორმალურ ზრდა-განვითარებას ხარისხიანი და მაღალი მოსავლის მისაღებად.

როგორც ყველა ხეხილოვანი კულტურება, თხილის პლანტაციაც შეიძლება გაშენდეს გაზაფხულზე ან შემოდგომით. უპირატესობა ენიჭება შემოდგომაზე გაშენებულ ბაღს. შემოდგომით ნერგი ნოემბრიდან დეკემბრის შუა რიცხვებამდე ირგვება. შემოდგომით დარგვისას ღრმად მოხნულ (პლანტაჟირებულ) ნიადაგებზე ორმოები დარგვამდე ერთი-ორი თვით ადრე უნდა ამოვიღოთ, ხოლო გაზაფხულზე დარგვამდე - 1-2 დღით ადრე. ღრმად დამუშავებულ ნიადაგებზე ორმოები უნდა ამოითხაროს 40-50 სმ-ის სიღრმეზე, ხოლო დატერასებულ ფერდობებზე და ზოგ სხვა შემთხვევაში სიღრმე 60-70 სმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. თხილს მოკლე მოსვენების პერიოდი აქვს, ამიტომ გაზაფხულზე დარგვისას მცენარეთა უმეტესობა ვერ ხარობს. თხილის ბაღის გაშენების საუკეთესო აგროვადაა 15 ნოემბრიდან 15 იანვრამდე. ბაღი შენდება 2-3 ჯიშით დამამტვერიანებელის გათვალისწინებით.

როგორ რეაგირებს თხილი მორწყვაზე?

თხილი ტენისმოყვარული მცენარეა, ამიტომ იგი უნდა დაირგოს მდინარეებისა და ხევების პირას. როგორც შემოდგომით, ასევე გაზაფხულზე დარგულ ნერგებს, რა ნალექიც არ უნდა იყოს, დარგვისთანავე ესაჭიროება მორწყვა, ახლად დარგული ნერგის ახლოს მიწისაგან ფოსოს (ჯამი) აკეთებენ, რომელშიც ისხმება წყალი ჯამის გავსებამდე. ისეთ რაიონებში, სადაც ნალექების რაოდენობა სავეგეტაციო წლის განმავლობაში 800-900 მმ-ზე ნაკლებია და არათანაბრადაა განაწილებული (ზაფხული მცირენალექიანია), თხილის ბუჩქის ნორმალური ზრდა-განვითარების უზრუნველსაყოფად და უხვი, ხარისხიანი მოსავლის მისაღებად, სავეგეტაციო პერიოდში და ფოთოლცვენის შემდეგ 5-6 ჯერ უნდა მოვრწყათ. ტენიანობის შენარჩუნების მიზნით მორწყვის შემდეგ საჭიროა ნიადაგის ზედაპირის გაფხვიერება და ჯამების დამულჩვა.

ახალშენი თხილის ფორმირება და გასხვლა

თხილის ბაღებში ნარგაობის ფორმირების ძირითადი წესი არის ბუჩქისებრი ფორმა 4-6 დედა ტოტით. საქართველოს თხილის პლანტაციებში საკმაოდ დაბალია აგროტექნიკის დონე - ნიადაგი ძირითადად დაკორდებულია ბუნებრივი ბალახოვანი საფარველით, მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებიც არასისტემური და ფრაგმენტული ხასიათისაა. ამ ფაქტორების გამო დაბალია თხილის ბაღების პროდუქტიულობა და სასაქონლი ხარისხი.

უმჯობესია თხილი გავაშენოთ ბუჩქისებურად. ირგვება ერთი ან ორი წლის ფესვგამდგარი მცენარე. უშუალოდ დარგვისთანავე მას ვამოკლებთ ნიადაგის ზედაპირიდან 25-30 სმ-ის სიმაღლეზე. სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში ამგვარად გასხლული მცენარე ამოიყრის რამდენიმე ყლორტს. თუ ყლორტი ძალზე ბევრია, ზოგიერთ მათგანს მოვაცილებთ. ყლორტებს არ ამოკლებენ.

თხილი მსხმოიარობს ერთწლიანი ნაზარდით, ამიტომ ისე უნდა გავსხლათ, რომ ყოველწლიურად ახალი ძლიერი ნაზარდი მივიღოთ და ამრიგად ვარეგულიროთ მსხმოიარობაც. ადრეულ პერიოდში გასხვლის შედეგად ვქმნით ბუჩქის ჩონჩხს, რომელიც ლარნაკს უნდა წააგავდეს. ბუჩქის შიდა ნაწილები მეტისმეტად არ უნდა გავახშიროთ. დარგვის მესამე წელს თხილის ბუჩქი მსხმოიარობს. შემდგომი სხვლით ბუჩქის შიდა ნაწილებს გავამეჩხერებთ და ხმელ, გადატეხილ ტოტებს მოვაცილებთ.
თხილის ზოგიერთი ჯიში უხვად ქმნის ფესვის ამონაყარს, რაც ბუჩქს ფიტავს და მოსავლიანობას ამცირებს. ასეთ შემთხვევაში ფესვის ამონაყრის ნაწილი უნდა მოვაცილოთ ადრეულ ასაკში, როდესაც ამონაყარი ნიადაგის ზედაპირიდან 5-8 სმ ამოსული. ნიადაგის ზედაპირზე მათი მოჭრა ფესვის ამონაყარს არ შეამცირებს. პირიქით, უკუპროცესიც შეიმჩნევა, ვინაიდან ამონაყრის გასხვლა იწვევს მის განტოტვას. ამიტომ ამონაყრის ეფექტიანი მოცილებისათვის საჭიროა ყოველი ყლორტის ირგვლივ მოვთხაროთ მიწა და იგი სეკატორით ძირში მოვჭრათ. ამონაყარი ადრე გახაფხულზე ისხვლება.
4-5 წლის განმავლობაში მსხმოიარობის შემდეგ თხილის ტოტები ბერდება და წყვეტს ზრდას. ზამთრის სხვლის დროს ასეთი ტოტები უნდა მოვაცალოთ და შევცვალოთ ახალგაზრდა, საღი ტოტებით. ამრიგად, ყოველწლიურად ბუჩქს გამაახალგაზრდავებლად გავსხლავთ.
ასეთი სხვლა შეიძლება განვაგრძოთ მანამ, სანამ ბუჩქები საკმაო რაოდენობის ძლიერი ამონაყარს გამოიტანდნენ.

როგორ გავაახალგაზრდაოთ ასაკოვანი თხილის ბუჩქები გასხვლით?

თხილის ბუჩქებს გასაახალგაზრდავებლად ვსხლავთ მაშინ, როდესაც მნიშვნელოვნად დასუსტდება ნაზარდი და ამონაყრის ყლორტები. მოსავლიანობა 23_25 წლის ასაკიდან კლებულობს; ამიტომ მოსავლიანობის აღდგენის მიზნით საჭიროა მცენარის გაახალგაზრდავება. პლანტაციის გაახალგაზრდავება შეიძლება ჩატარდეს მთლიანად, ნაწილობრივ ან თანდათანობით. პლანტაციის ერთდროულად მთლიანი გაახალგაზრდავებისას ყველა ბუჩქზე მობერებული დედა ტოტი უნდა გადაიჭრას ან გადაიხერხოს ნიადაგის ზედაპირთან ახლოს. პლანტაციის მთლიანად გაახალგაზრდავებისას ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ: რომ წლების განმავლობაში მოსავალი ძლიერ რომ არ შემცირდეს, არ შეიძლება ყველა მობერებული ბუჩქის ერთდროულად გაახალგაზრდავება. ერთი სავეგეტაციო წლის განმავლობაში შეიძლება პლანტაციაში არსებული ბუჩქების დაახლოებით 10-15%-ის გაახალგაზრდავება. ნაწილობრივ, ანუ თანდათანობითი გაახალგაზრდავების დროს თხილის ბუჩქს ყოველწლიურად უნდა შეეჭრას დაბერებული დედა ტოტების ერთი მესამედი. თხილის ბუჩქის როგორც მთლიანი, ასევე ნაწილობრივი გაახალგაზრდავება ტარდება ოქტომბერ-ნოემბერში. ბუჩქის ძველი მობერებული ღეროები იჭრება ძირში 5-8 სმ-ის სიმაღლეზე მიწის ზედაპირიდან. ამის შემდეგ მივიღებთ ახალ ამონაყრებს, მათგან 10-12 ძლიერ ნაზარდს ვტოვებთ დედა ტოტებად, დანარჩენს ვაცლით.

რომელი მავნებელ-დაავადებები აზიანებენ ყველაზე მეტად თხილს?

თხილის ბაღებს სხვადასხვა მავნებელ-დაავადებები აზიანებენ: ბუგრები, ჭიები, მატლები, ტკიპები, ნაცარი, სიდამპლე, ობი და სხვ. აღნიშნული მავნებელ-დაავადებების მართვა მოიცავს მათი პოპულაციების მონიტორინგს, რათა ეფექტურად განისაზღვროს მათთან ბრძოლის ღონისძიებების ჩატარების დრო. მონიტორინგი ხორციელდება უშუალოდ მცენარეზე დაკვირვებით.

თხილის ბუგრი - Myzocalis corila.

ბუგრები წუწნიან მცენარის შაქროვან წვენებს, რაც იწვევს ენერგიის გამოფიტვას და საკვები მარაგის შემცირებას. ბუგრების ძლიერ შემოტევასთან დაკავშირებულ მეორად პრობლემას წარმოადგენს. სიშავის გამომწვევი სოკოები. ეს ობი სოკოა; იგი იზრდება ცვარტკბილზე, რომელიც ფოთლის ზედაპირზე რჩება ბუგრების კვების შედეგად. ობი ამცირებს ფოთლის ფოტოსინთეზის პოტენციალს. ამასთან, სასიამოვნოა არაა მუშაობა ბაღში, სადაც ფოთლები დაფარულია წებოვანი ცვარტკბილით. თხილის ბუგრი იზამთრებს კვერცხის სახით მცენარის შტამბზე ან ტოტებზე. კვერცხები გამოჩეკას იწყებენ მარტის დასაწყისში, რომელიც გრძელდება 3_4 კვირის განმავლობაში. ახალგაზრდა ბუგრი ოთხჯერ იცვლის კანს და ზრდას ამთავრებს. ამის შემდეგ სქესობრივი გამრავლების გარეშე ახალგაზრდა ბუგრებს წარმოქმნის. ზაფხულის განმავლობაში ბუგრების 10 თაობა მაინც წარმოიშობა. პოპულაციები ბუნებრივად მცირდებიან ზაფხულის პაპანაქებაში. ზაფხულის მიწურულს წარმოიშობა ფრთიანი ფორმები, რომლებიც დებენ უკვე სქესობრივად განაყოფიერებულ კვერცხებს, რაზედაც შემდეგ იზამთრებენ.
თხილის ბუგრის პარაზიტია ტრიოხუს პალიადის, მათ არსებობას ჩვეულებრივ თან სდევს თხილის ბუგრების რაოდენობის შემცირება. ბუგრების წინააღმდეგ ეფექტურია ბიო-პრეპარატ "სპინტორის", აგრეთვე მცენარეული ნაყენების (კაკლის ფოთლების, გვირილის და სხვა) გამოყენება.

თხილის ცხვირგრძელა - CURCULIO nukum.

თხილის მავნებლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და საშიში მავნებელია - იგი მოსავლის 60-70%-ს ანადგურებს. გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს თხილის მწარმოებელ ყველა რაიონში (მაღალმთიან პირობებში თავს კარგად გრძნობს).
გაზაფხულზე, როდესაც ჰაერი 14_150ჩ -მდე თბება, ხოჭოები მეზამთრეობიდან გამოდიან, თხილის ბუჩქზე გროვდებიან და დამატებით კვებას იწყებენ. მავნებელი, როგორც მატლის, ისე ხოჭოს სტადიაში, აზიანებს მცენარის ფოთლებს, კვირტებს, ნასკვებს. დედალი გაღრღნის თხილის მწვანე, ჯერ კიდევ რბილი ნაყოფის ნაჭუჭს და შიგ დებს თითო კვერცხს. კვერცხიდან გამოჩეკილი მატლი იკვებება თხილის გულით და მთლიანად გამოჭამს მას. დაზიანებული ნაყოფები ცვივა, მატლი გამოსაზამთრებლად ჩადის ნიადაგში 10-30სმ.-ის სიღრმეზე. იგი იოლად აზიანებს თხელნაჭუჭა ჯიშებს, როგორიცაა ცხენის ძუძუ, ხაჭაპურა, ნემსა, დედოფლის თითი, გულშიშველა.
მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებია: ჩამოცვენილი ნაყოფის სისტემტური შეგროვება და დაწვა.
ყურადღება უნდა მიექცეს იმ პირობებს, რომელიც თქვენი ბაღის გარშემოა. თუ ბაღთან ახლოს მიტოვებული ან მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ადგილია, რეგულარულად და გულდასმით უნდა შემოწმდეს ბაღის ის ნაწილი რომელიც დაზიანებულ კერასთან ახლოა. ზოგჯერ განაყოფიერებული მწერი შემოფრინდება დაუზიანებელ ბაღში და დებს კვერცხებს. ამიტომ ამ ვითარებას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება.

ამერიკული თეთრი პეპელა - Hypantria cunea

საკარანტინო მავნებელია, გავრცელებულია ძირითადად დასავლეთ საქართველოში და 300-ზე მეტი სახეობის მცენარეს აზიანებს. განსაკუთრებით ზიანდება თუთა და თხილი. მატლები ფოთლებს თხელი აბლაბუდისებრ ქსელში ახვევენ. თავდაპირველად მატლები ერთად ცხოვრობენ, შემდეგ კი იფანტებიან.იკვებებიან ისე ხარბად, რომ მხოლოდ ფოთლის ძარღვებს ტოვებენ. ეს მეტად საშიში მავნებელია. მის წინააღმდეგ საკარანტინო ღონისძიებების ზედმიწევნით დაცვაა საჭირო.
მექანიკური მეთოდით საჭიროა ბუდეების შეგროვება და განადგურება. ბიო-პრეპარატებიდან ეფექტურია კუპროქსატის, სპინტორის გამოყენება.

მეგალე ტკიპა - ERIOPHYS TRISTRIATUS

ტკიპა ძირითადად ფოთოლს აზიანებს. ფოთოლს ქვედა მხარეზე უჩნდება მუქი-მოყავსფრო ჩაღრმავებული გალები - აღინიშნება ფიფქისებრი წარმონაქმნები. გალების დიამეტრი 4 მმ-ს აღწევს. დაზიანებული ფოთოლი სრულფასოვნად ვეღარ ახდენს ნივთიერებათა ცვლას, შეფერხებით მიმდინარეობს სამარაგო ნივთიერებების დაგროვება, რაც მცენარის ზამთარგამძლეობას ძლიერ ამცირებს, ახალგაზრდა მცენარეები კი ზრდაში ჩამორჩებიან. დაზიანების ხარისხს მნიშვნელოვანწილად განაპირობებს თბილი კლიმატი და ტენიანი გარემო.
ბრძოლის ღონისძიებები: შემოდგომა_ზამთარში დაზიანებული ტოტების შეჭრა და დაწვა. კარგ შედეგს იძლევა აგრეთვე ფოთოლზე ახლად გამოჩენილი გალების მოცილება და განადგურება.

თხილის შავი ხარაბუზა - OBEREA LINEARIS

მავნებელი გავრცელებულია ყველგან, სადაც კი თხილის კულტურა გვხვდება. მავნებელი ზამთარს მატლის ფაზაში ატარებს თხილის ტოტებსა და ერთწლიან ნაზარდებზე. გაზაფხულზე დაიჭუპრებს, მაის-ივნისში ზრდასრული ხარაბუზები გამოფრინდებიან. ზრდასრული მდედრი ხოჭოები ღრღნიან თხილის ტოტების კანს და იქ ათავსებენ კვერცხებს. გამოჩეკილი მატლები ყლორტების გულით იკვებებიან. შიგ აკეთებენ ხვრელებს, მეორე წელს ორ- და სამწლიან ტოტებზე გადადიან და იქ იკვებებიან. მატლები იქვე რჩებიან გამოსაზამთრებლად. მატლს აქვს ორწლიანი გენერაცია. მატლებით დაზიანებული ტოტები ადვილად ზიანდება ქარით და საბოლოოდ ხმება.
ბრძოლის ღონისძიებებია: ყველა დაზიანებული ტოტის შეჭრა დაზიანების ადგილიდან 10-15 სმ-ის ქვემოთ და დაწვა. ღონისძიება ტარდება ადრე გაზაფხულზე.

აკაციის ცრუფარიანა - PARTHENOLECANIUM CORNI

ცრუფარიანა აზიანებს მრავალ მცენარეს, როგორც ხე-ბუჩქოვან, ისე ბალახოვანსაც, გვხვედება თხილზეც. მასობრივი გამრავლებისა და ხეზე გავრცელებისას აღინიშნება მცენარის ზრდა-განვითარების შეფერხება, ტოტების ხმობა.
თხილის ერთ-ერთი ძირითადი მავნებელია, სახლდებიან ტოტებზე ჯგუფებად ან ერთეულის სახით. იზამთრებს ტოტებზე, მატლები გაზაფხულზე დებენ კვერცხებს. ზაფხულში გამოდიან მატლები, რომლებიც იწყებენ ფოთლების წუწნას, შემოდგომით გადადიან ტოტებზე და იზამთრებენ. ცრუფარიანას ცხოველმოქმედების შედეგად აღინიშნება ტკბილი გამონაყოფი ფოთლებსა და ტოტებზე, რაზეც სახლდებიან სიშავის გამომწვევი სოკოები კაპნოდიუმის გვარიდან, რომლებიც ფოთლის საასიმილაციო ფართობს ამცირებენ, შედეგად ფერხდება ფოტოსინთეზის პროცესი, დაზიანებული მცენარე სუსტდება და მცირე მოსავალს იძლევა.

ბრძოლის ღონისძიება: მსუბუქად დაზიანებული ტოტების ჩამოფხეკა, ძლიერ დაზიანებული ტოტების შეჭრა და დაწვა.

კვირტის ტკიპა - Eriophyes sp.

თხილის კულტურის ერთ-ერთი უმთავრესი მავნებელია, გავრცელებულია როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში; აზიანებს როგორც საყვავილე, ისე საფოთლე კვირტებს, ახალგაშლილ ფოთლებს. დაზიანებული კვირტები დეფორმირდება, წითლდება და ცვივა ან ზედვე ჭკნება. განსაკუთრებით აზიანებს ჯიშებს: ანაკლიურს, ხაჭაპურას, გულშიშველას და ნემსას. ზამთრობს ზრდა დასრულებულ ფაზაში სანაყოფე და საფოთლე კვირტებში _ უმთავრესად სანაყოფე კვირტებში. ტკიპა კვერცხის დებას იწყებს ყვავილობისას კვირტებში, მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში, განიცდის მიგრაციას, ტოვებს გამხმარ კვირტებს და გადადის ფოთლებზე, სახლდება მთავარი ძარღვის გასწვრივ, ფოთოლცვენის დამთავრებამდე კვლავ გადადის კვირტებში.

ბრძოლის ღონისძიება: დაზიანებული კვირტების შეგროვება და დაწვა.

თხილის კულტურაზე შეიძლება შეგვხვდეს ფარიანების და ცრუფარიანების სხვა სახეობებიც. ატმის ცრუფარიანა,იაპონური ბალიშა ცრუფარიანა, მძიმისებური ფარიანა და სხვ. ცალკეულ წლებში თხილის სერიოზული მავნებელია, აგრეთვე, ვაშლის და კაკლის ნაყოფჭამიები. ადრე გაზაფხულზე თხილის ბუჩქის ახალგაზრდა ყლორტები, ფოთლები შეიძლება დააზიანონ ბუგრებმა და ფსილებმა, მაგრამ მათს გავრცელებას და მავნეობას მაინც ეპიზოდური ხასიათი აქვს.


თხილის ნაცარი - FILLACTINIA SUFULTA

ფართოდ ვრცელდება დასავლეთ საქართველოს ტენინ-სუბტროპიკულ რაიონებში. ნაცრით ავადდება თხილის როგორც კულტურული, ისე ველური ჯიშების ფოთლები, ყლორტები და ზოგჯერ ნაყოფიც. დაავადებული ფოთლის ქვედა მხარეზე პირველად ჩნდება მოყვითალო, შემდეგ მოშაო სხეულები, ფოთოლი ქვედა მხრიდან იფარება ნაცრისფერი ფიფქით, შემდეგ ზედა მხრიდანაც. ფოთოლი ყვითლდება და შემდეგ ცვივა. დაავადებული ყლორტის მუხლთშორისი შემოკლებულია და მისი წვეროები ხმება. ნაცრით დაავადებულ ნაყოფს ქეჩისმაგვარი ფიფქი ფარავს. ავადმყოფობის გავრცელებას ხელს უწყობს ხშირი წვიმები, როდესაც წვიმიანი და უნალექო დღეები ხშირად ცვლიან ერთმანეთს. სოკო ზამთრობს ჩამოცვენილ ფოთლებში. დაავადების გამოჩენა იწყება გაზაფხულზე.
ბრძოლის ღონისძიება: მცენარეს უნდა მოსცილდეს ძლიერ დაავადებული ყლორტები რომლებიც ინფექციის წყაროს წარმოადგენს, ჩამოცვენილი ფოთლების შეგროვება და დაწვა. ასევე კარგ შედეგს იძლევა გოგირდის პრეპარატების (თიოვიტ-ჯეტის ან კუმულუსის 0,5%) შესხურება.

ფომოფსისი - Phomopsis spiwvevs

მცენარის წვეროს დაავადებას თუ მექანიკური დაზიანებაც დაერთო, მაშინ ამ ადგილას კიბოსებრი წარმონაქმნი ვითარდება. ტოტების ხმობა წვერიდან იწყება. ჯერ ჩნდება ერთეული მონაცრისფერო ლაქები, რომლებიც თანდათან იზრდება და ტოტის წვერს მთლიანად ფარავს. დაავადებული ტოტების ფოთლები თანდათან ყვითლდება, ხმება და ცვივა. დაავადების ხელშემწყობი პირობებია სეტყვა, ჭარბი ტენიანობა, მექანიკური დაზიანებული ადგილები.
დაავადების წინააღმდეგ კარგ შედეგს იძლევა სპილენძის რომელიმე პრეპარატი - 2%-იანი ბორდოული სითხე სითხე, 0,4% კუპროქსატი ან სხვა ტიპის ფუნგიციდი.

ფოთლის ლაქიანობა- ALTERNARIA (სოკო) - XANTHOMONAS (ბაქტერია)

ფოთლის ლაქიანობა შეიძლება გამოიწვიოს აღნიშნულმა სოკომ ან ბაქტერიამ. ამ დროს ავადდება ფოთლები, ყლორტები და ახალგაზრდა ნაყოფიც. ფოთლის ფირფიტაზე ჯერ ვითარდება წვრილი, უფერული ლაქები, რომლებიც თანდათან იზრდება და შავდება. ძარღვების დაავადებისას ფოთლის ფირფიტა ყვითლდება და ცვივა. თუ ფოთლები არ ჩამოცვივდა, მაშინ ფოთლის ფირფიტაზე შავი ლაქები იშლება და ფოთლები დაფაცხავებული რჩება. ფოთლები ერთდროულად დეფორმაციასაც განიცდის. ყლორტებზეც და ტოტებზეც ლაქები ვითარდება ჩაღრმავებული, დასაწყისში მკრთალი და ოდნავ ლორწოვანი ზედაპირით. საბოლოოდ ინფექცია ნაყოფის ნაჭუჭსაც აღწევს და მის გულში იჭრება, რის შემდეგაც ნაყოფი ჭკნება, შავდება და ცვივა. ავადმყოფობის ხელშემწყობ პირობებად ითვლება ხშირი ნალექები. მეტადრე გაზაფხულზე, როდესაც კვირტები იშლება.
ბრძოლის ღონისძიებები: აგროტექნიკური ღონისძიებების სრულად ჩატარება. ადრე გაზაფხულზე, კვირტების გაშლამდე ე.წ. "ცისფერი წამლობა", აუცილებელია ჩატარდეს 3%-იანი ბორდოული სითხით.

ხავსები და ლიქენები -

დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით სამეგრელოსა და გურიაში, თხილის ბუჩქის მთავარ ღეროსა და ტოტებზე ვითარდება ხავსები და ლიქენები, რომლებიც აზიანებენ მცენარეს და იწვევენ ნაადრევ ხმობას, საგრძნობლად მცირდება მოსავალი. ბრძოლის ღონისძიება: შემოდგომით ფოთოლცვენის შემდეგ ყველა დაავადებული ღერო, შტამბი ხავსისა და ლიქანებისაგან უნდა გაიწმინდოს სპეციალური საფხეკით.

როგორ დავიცვათ თხილი მავნებელ-დაავადებებისაგან?

შემოდგომაზე, ფოთოლცვენის შემდეგ უნდა შევაგროვოთ და გავანადგუროთ ჩამოცვენილი ფოთლები, შემდეგ შემოვუბაროთ ნიადაგი თხილის ბუჩქს. ამრიგად მოვსპობთ სოკოს სპორებს, რომელიც ჩამოცვენილ ფოთლებზე ზამთრობს, და თხილის ცხვირგრძელას მატლებს, რომლებიც ზამთრობით ნიადაგს აფარებენ თავს.
ზამთარში უნდა მოვჭრათ და დავწვათ თხილის შავი ხარაბუზას მიერ დაზიანებული ყველა ტოტი.
თხილის ცხვირგრძელას რიცხოვნობის შესამცირებლად ზაფხულში რამდენჯერმე უნდა ჩამოვკრიფოთ დაჭიანებული თხილი.
ფოთლების გაშლისას ნაცართან საბრძოლველად მცენარეს შევასხუროთ 0,5% გოგირდ-ის რომელიმე პრეპარატი.
ფერმერებო! მოერიდეთ მინერალური სასუქების ცალმხრივად და არასწორად გამოყენებას. ზედმიწევნით ზუსტად ჩაატარეთ აგოტექნიკური სამუშაოები. გაუფრთხილდით მიწას და გონივრულად გამოიყენეთ იგი.

როდის და როგორ მოვკრიფოთ თხილი?

თხილის ჯიშები, კლიმატური პირობებისა და ადგილმდებარეობის მიხედვით, სხვადასხვა დროს იწყებენ სიმწიფეს; ნაყოფის შემოსვლა გრძელდება 30_40 დღემდე, ამიტომ მოსავლის აღება უნდა წარმოებდეს შერჩევით რამდენიმე ვადაში. თხილის ტექნიკურად მომწიფების ნიშნად ითვლება: საბურველის გამუქება, ამ დროისათვის გამუქებულია, აგრეთვე, თხილის ნაჭუჭი, განსაკუთრებით ფუძესთან და ადვილად სცილდება საბურველს. თხილს ვკრეფთ მაშინ, როდესაც თხილის ბუჩქის სუსტი დარხევის დროს ნორმალური განვითარების ნაყოფი ცვივა საბურველიდან, ან საბურველიანად. (სრულმსხმოიარე ხიდან იკრიფება დაახლოებით 4_5 კგ). საბურველს შემოაცლიან და გააშრობენ.
თუ თხილის ბაღები გაბალახებულია, კრეფის დაწყების წინ უნდა გაითიბოს. ნათიბი და სხვა ნარჩენები, რაც ხელს უშლის მოსავლის უდანაკარგოდ აღებას, გატანილი იქნას პლანტაციის გარეთ. განსაკუთრებული ყურადღებით უნდა გასუფთავდეს ნიადაგის ზედაპირი ბუჩქის გარშემო.
იმ ჯიშების შემთხვევაში, რომელთა ნაყოფი ერთდროული არ მწიფდება და სიმწიფეში შესვლის დროს ძალიან ადვილად სცილდება ჩენჩოს, ბუჩქი უნდა შეირხეს, რომლის დროსაც მომწიფებული თხილი სცვივა ძირს უჩენჩოდ. პროცესს გავიმეორებთ საჭიროების მიხედვით.
ისეთი ჯიშები, რომელთა ნაყოფი სიმწიფეში ჩენჩოს ადვილად არ სცილდება, ჩენჩოიანად იკრიფება; სამი დღე გროვებად ათავსებენ გადახურულ შენობაში, ხშირად ურევენ რომ არ ჩახურდეს ან ჩაშავდეს. ამ დროს თხილი გადის ფერმენტაციას. ჩენჩო რბილდება, ადვილად სცილდება ნაყოფს, რომელიც ასრულებს სიმწიფეს და ღებულობს მისთვის დამახასიათებელ გემოს, ნაჭუჭი - საბოლოო დამახასიათებელ შეფერვას და სილამაზეს. შემდეგ თხილი გადააქვთ საცავში, სადაც ნიავი უვლის, ყრიან თხელ ფენებად, ნიჩბით ურევენ. 10_12 დღის შემდეგ, საბოლოოდ არჩევენ და ასუფთავებენ ჩენჩოსაგან. გარჩეული მშრალი ნაყოფის სინოტივე არ უნდა აღემატებოდეს 14%-ს.
საქართველოში, ყოველწლიურად მატულობს მოთხოვნილება თხილის (კულტურის) წარმოების გაზრდაზე. დასავლეთ საქართველოში, ჩაის ძველი, ამორტიზებული პლანტაციებზე მოსახლეობამ მასობრივად დაიწყო თხილის (კულტურის) გაშენება. ეს დარგი ძირითადად კერძო სექტორის ხელშია. მისი წარმოება დროთა განმავლობაში იზრდება. ფერმერები ამ სფეროში თანხების დაბანდებას ესწრაფვიან, რადგან თხილის ფასი როგორც ადგილობრივ, ასევე მსოფლიო ბაზარზე სულ უფრო იზრდება.
მოყვანილი თხილის პროდუქციის მხოლოდ ნაწილი რეალიზდება ადგილობრივ ბაზარზე. ძირითადი რაოდენობის (თითქმის 90%-ი) გადამუშავდება თხილის ქარხნებში (გულის გამოღება, საჭიროების შემთხვევაში ბლანშირება ან დახალვა). ამ საწარმოებს შემდეგ თხილი გააქვთ ევროპასა და დსთ-ის ქვეყნებში.
უკანასკნელ წლების განმავლობაში, დასავლეთსაქართველოში ფუნქციონირება დაიწყო რამდენიმე რეგისტრირებულმა კერძო თხილის ქარხანამ. აღნიშნულ სექტორში დაკავებული ბიზნესმენები და სპეციალისტები დაკვირვებების საფუძველზე აღნიშნავენ, რომ მიუხედავად ბოლო წლებში საქართველოში მოწეული თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზრდისა, ხარისხი მაინც დაბალია: ქართველი ფერმერები ამ დარგში გამოუცდელნი არიან. თურქეთში თხილს მოკრეფის შემდეგ გარკვეული დროით თბილ ადგილზე აჩერებენ, რის გამოც ტენიანობა ბუნებრივად მცირდება, ამ პროცესის უგულვებელყოფით, ნედლეულის ხარისხი ქვეითდება.
დღეისათვის საქართველოში ფუნქციონირებს თხილის მსხვილი ექსპორტიორები. მათ საკუთარი პლანტაციებიც აქვთ, მოსახლეობისაგანაც ყიდულობენ, პროდუქციას გადაამუშავებენ, შეფუთავენ და შემდგომ ექსპორტირებას ეწევიან.
სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ტრანსპორტირებასთან შედარებით თხილის (ექსპორტირება) ტრანსპორტირება უფრო მარტივი და იოლი საქმეა. პროდუქცია მალფუჭადი არაა და მას არც განსაკუთრებული შესაფუთი საშუალებები და არც სამაცივრო სისტემები სჭირდება. ყოველივე აღნიშნულისა, ქვეყანაში მოყვანილი თხილის მოსავლის შესაბამისად საკმაოდ გაიზარდა საქართველოდან თხილის ექსპორტი.

 

 

 

 
Copyright © 2017 AGRO.ge | All Rights Reserved. TOP.GE     Created By: Pro-Service