ანგარიშები
პრესა ჩვენ შესახებ
ჩვენი ფერმერები
ბლოგი
ვიდეოგაკვეთილები
ირიგაცია
რა სიმპტომებით ვლინდება ბრუცელოზი პირუტყვსა და ადამიანში, როგორ ვებრძოლოთ დაავადებას, რა პოლიტიკას ირჩევს ხელისუფლება? ამ და სხვა კითხვებზე "ასოციაცია მომავლის ფერმერის" მთავარი ვეტერინარი და ბიოლოგიის დოქტორი მიხეილ ჭიჭაყუა გვესაუბრა. 
 
- რა სიმპტომებით ვლინდება ცხოველში ბრუცელოზი?

სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ბრუცელოზი მიმდინარეობს მწვავედ, ქრონიკულად და უმრავლეს შემთხვევაში, უსიმპტომოდ. გააჩნია მწვავე ფორმიდან ქრონიკულში გადასვლის მაღალი პოტენციალი. ხილული ნიშნები ყველა ცხოველისათვის ერთნაირი არ არის, მაგრამ ერთ-ერთი სიმპტომი, როგორიც არის აბორტი, დამახასიათებელია ცხოველთა უმრავლესობისათვის, უმთავრესად მაკეობის მე-5-8 თვეზე. აბორტის შემდეგ ხშირ შემთხვევებში შეინიშნება მომყოლის შეჩერება, ამასთან ერთად მასტიტები (განსაკუთრებით თხებში), მეტრიტები, ართრიტები, წველადობის შემცირება და ბერწად დარჩენა. ბუღებს უვითარდებათ ორხიტები (სათესლე ჯირკვლების დაზიანება).

- როგორ უნდა მოიქცეს გლეხი პირტუყვში ბრუცელოზის სიმპტომების შემჩნევისას?

ვინაიდან საქართველო ითვლება ბრუცელოზის დაავადების გავრცელების ზონად, არათუ მოსახლეობის მიერ შინაური ცხოველის ბრუცელოზის სიმპტომების შემჩნევისას, არამედ ნებისმიერ შემთხვევაში, სასურველია გლეხმა, ფერმერმა ჩაატაროს გეგმიური პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური გამოკვლევა ვეტერინარი ექიმის დახმარებით.

პროფილაქტიკის მიზნით ბრუცელოზზე გამოკვლევას ექვემდებარება კეთილსაიმედო სოფელში, რაიონში მოსახლეობის კუთვნილი ყველა სახეობის ამ დაავადების ამთვისებელი ცხოველი (საქონელი, ცხვარი, თხა, ღორი, ძაღლი) წელიწადში ერთხელ. დავიმახსოვროთ, ბრუცელოზით დაინფიცირებულ ცხოველთა დროული გამოვლინება რთულია, მაგრამ აუცილებელი.

- თუ სოფელში ბრუცელოზის შემთხვევა დაფიქსირდა, ეს ავტომატურად გულისხმობს, იმას, რომ პირუტყვი მთელ სოფელში გაწყედება?

რა თქმა უნდა, არა. თუ სოფელში ეს არის ერთეული შემთხვევა და 20-30 დღის ინტერვალით განმეორებით ორჯერადი გამოკვლევისას კიდევ გამოვლინდა დადებითად მორეაგირე პირუტყვი, მაშინ დასახლებული პუნქტი ჩაითვლება არაკეთილსაიმედოდ. ამ დაავადებით პირუტყვი არ იღუპება (გამონაკლისის გარდა), უბრალოდ არის ინფექციის აღმძვრელი წყარო, ადამიანისთვის საშიში დაავადების გამავრცელებელი.

- როგორ დაიცვას გლეხმა ჯანმრთელი პირუტყვი მეზობლის დაავადებული პირუტყვისგან?

მეზობლის დაავადებული პირუტყვისაგან მეზობელი გლეხი ჯანმრთელ საქონელს დაიცავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეზობელი მოახდენს საქონლის ლიკვიდაციას და ჯანმრთელი ცხოველის პატრონი, სრულ ვეტერინარულ-სანიტარულ ღონისძიებებს გაატარებს.

- შეიძლება თუ არა დაავადებული საქონლის რძის და რძისგან დამზადებული პროდუქტების მიღება?

არა, არ შეიძლება. დაინფიცირებული რძის, სხვა პროდუქტების გამოყენებისას, არსებობს ავადმყოფობის გავრცელების დიდი რისკი. ამიტომ, თუ ვიცით, რომ საქონელი არის ბრუცელოზით დაავადებული, ის ექვემდებარება ლიკვიდაციას, ხოლო თუ არ ვიცით, არის თუ არა, ამ შემთხვევაში, რძე და რძის პროდუქტები უნდა მივიღოთ მხოლოდ პასტერიზებული.

- როგორ დაიცვას თავი ფერმერმა, რომ დაავადებულ პირუტყვთან ურთიერთობისას თავადაც არ დაავადდეს?

ავადმყოფი ცხოველი მიკრობს გამოყოფს მოგდებულ ნაყოფთან, სანაყოფე გარსებთან, სანაყოფე სითხეებთან, შარდთან, რძესთან და სხვა გამონაყოფებთან ერთად. მათი მეშვეობით ინფიცირდება საკვები, წყალი, სადგომი, მოვლის საგნები და სხვა, ამიტომ ადამიანები დაავადებული საქონლის მოშორებამდე და შემდეგაც იცავენ ვეტ-სანიტარული წესებით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. კერძოდ, ცხოველთა ბრუცელოზზე არაკეთილსაიმედო კერაში ვიდრე არ მიიღწევა დაავადებულთა გამოვლინების შეწყვეტა და არ მოხდება გარემოს სანაცია (გაჯანსაღება), ბრუცელების მოსპობა, საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე, რათა არ დაავადდეს ადამიანი. ამის მისაღწევად აუცილებელია პირუტყვის მოვლის დროს ცხოველთა სადგომებში საქმიანობისას პირადი ჰიგიენის წესების მკაცრად დაცვა. დაუშვებელია ასეთ ადგილებში საკვების მიღება, სიგარეტის მოწევა. უმნიშვნელოვანესია ხელების სისუფთავე. უნდა ვიმუშავოთ სპეციალურად გამოყოფილი ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით. ასე ჩაცმული კი არ უნდა შევიდეთ საცხოვრებელ ადგილას. განსაკუთრებული სიფრთხილე გვჭირდება ბავშვებთან კონტაქტის დროს. ყველა ეს წესი დაცული უნდა იყოს მშობიარობის დროს დახმარებისას. მით უმეტეს, თუ იყო გართულებული მშობიარობა, აბორტი მომყოლის შეჩერებით.

- ადგილი, სადაც დაავადებული პირუტყვის სისხლი მოხვდება, თუ სათანადოდ არ დამუშავდება დაავადების კერად ითვლება ? შესაძლებელია თუ არა, რომ ასეთი ადგილიდან დაავადება ადამიანზეც გადავიდეს?

ნებისმიერი ადგილი, სადაც დაავადებული ცხოველი იმყოფებოდა ანდა დაიკლა სათანადო სანაციის გარეშე, ითვლება დაავადების კერად გარკვეული დროის მანძილზე, გააჩნია გარემო პირობებს.

- ადამიანში ბრუცელოზი რა სიმპტომებით ვლინდება?

ბრუცელოზის კლინიკური გამოვლინების სურათი ადამიანებში შეიძლება იცვლებოდეს გარკვეული პერიოდების შემდეგ. მონაცვლეობითი ცხელების გამოვლინება, რაც ერთ-ერთი დამახასიათებელი პათოლოგიური სიმპტომი იყო ამ ინფექციისათვის, უკვე იშვიათად გვხვდება. შეიცვალა აგრეთვე დაავადების მწვავე და ქვეწვავე მიმდინარეობის გამოვლინებაც, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ზოგადად ბრუცელოზს ახასიათებს ცხელება, ტემპერატურა აღწევს 40-41 გრადუსს, შეიძლება ეს გაგრძელდეს 7-10 დღე. აღინიშნება ადინამია, უძილობა, გაღიზიანებადობა, ბოდვა, ტაქიკარდია, ხუთვა, აირების დაგროვება ნაწლავებში, ძლიერი ოფლიანობა და ფაღარათიც კი (მწვავე ფორმა). ბრუცელოზს ახასიათებს ცალკეული კუნთების დ სახსრების ტკივილი (ქვემწვავე ფორმა), ნევროზები.

ბრუცელოზიანი დედების შვილებს შეიძლება გამოყვეთ თანდაყოლილი სიმახინჯეები და ნერვიულ-ფსიქოლოგიური აშლილობები. ზიანდება ელენთა, ღვიძლი, საშვილოსნო, სარძევე და სათესლე ჯირკვლები (ქრონიკული ფორმა). ეს ფორმა შეიძლება მიმდინარეობდეს მცირედი გამოვლინებებით 1-2 წელიც კი.

 

- როგორ მოვიქცეთ, რომ დავიცვათ ცხოველები ამ დაავადებისგან და შესაბამისად ჩვენც დაცულები ვიყოთ?
ძალიან რთულია იმ დაავადებებთან ბრძოლა, რომლებიც მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას სახელმწიფო დონეზე.
150 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ბრუცელოზი ცნობილი გახდა ადამიანისათვის, როგორც ერთ-ერთი დამოუკიდებელი დაავადება ინფექციურ პათოლოგიაში. შემუშავებულია რეკომენდაციები დაავადების პროფილაქტიკისა და ლიკვიდაციის შესახებ. მიღწეულია გარკვეული წარმატებები. დღეს ბევრი ქვეყანა პირობითად თავისუფალია ამ დაავადებისაგან.

დაავადების ლიკვიდაციისათვის აუცილებელია სისტემატიური, მიზანმიმართული და ქმედითი ღონისძიებების გატარება.

პირველ რიგში, ცხოველთა სრულმაშტაბიანი და სრულყოფილი გამოკვლევები, ცხოველთა ადგილმონაცვლეობა უნდა ხდებოდეს ვეტერინარული კონტროლით (ყიდვა-გაყიდვა და სხვა გარიგებები).

მოკლედ, ღონისძიებების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, გეტყვით, რომ დაავადების საწინააღმდეგო ღონისძიებებში ერთ-ერთი აუცილებელი და ვფიქრობ, წარმატებული ფაქტორი იქნება ცხოველთა ვაქცინაცია (იმუნოპროფილაქტიკა), რომელიც ხორციელდება 4-დან 8 თვის მოზარდში და იმუნიტეტი გრძელდება 6 წელი. მსოფლიო პრაქტიკაში ამ მხრივ კარგი შედეგი აჩვენა შტამ-19-მა და рб-51-მა. ჩვენ რამოდენიმე ფერმაში, წლების უკან, ჩავატარეთ ცდა ვაქცინა „ბრუვაქსით" და 6 წლის შემდეგ მივიღეთ მაღალი შედეგი, ოღონდ დიდი შრომის შედეგად. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ დაავადების საწინააღმდეგოდ სახელმწიფოს აქვს საკუთარი სტრატეგია და აპირებს ღონისძიებების გატარებას, ალბათ უფრო გამოიყენებენ ვაქცინას შტამი рб-51.

-როგორ ფიქრობთ, როგორი უნდა იყოს ბრუცელოზის საწინააღმდეგო ბრძოლის სტრატეგია, ზოგადად მაინც ? 
 
ბრუცელოზის დროს სახეზე გვაქვს სამრგოლიანი ეპიზოოტური ჯაჭვი: დაავადების აღმძვრელი, გადაცემის მექანიზმი (ზოგადად გარემო არე) და ამთვისებელი ცხოველი. როდესაც ამ ჯაჭვს გამოეცლება ერთ-ერთი რგოლი, მაშინ მოისპობა ბრუცელოზი. პირველ რიგში, თუ გვინდა ბრუცელოზის მოსპობა ადამიანებსა და ცხოველებში, უნდა მოხდეს გარემო არეს სანაცია - მოისპოს გარემოში ბრუცელოზი. ეს კი ძალიან რთულია. ამიტომ, საჭიროა, რიგი კომპლექსური ღონისძიებების გატარება, რომლის ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს. ამ ღონისძიებებში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს ცხოველთა (მოზარდი 4-8 თვე) ბრუცელოზის საწინააღმდეგო იმუნოპროფილაქტიკას, რომლის განხორციელების დროს, რა თქმა უნდა, იგულისხმება გამოვლენილ დაავადებულ ცხოველთა ლიკვიდაცია. ახალი ჯიშების შემოყვანა თუ ადგილობრივის გაუმჯობესება შემდეგი საქმეა, რომლებიც შეიძლება ეტაპობრივად განხორციელდეს. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ შემოსაყვან ჯიშებზე სერიოზული დაფიქრებაა საჭირო, რომელიც მოითხოვს მაღალი დონის კონსულტაციებს და ბევრ შიდა და გარე ფაქტორის გათვალისწინებას არჩეულ ჯიშთან დაკავშირებით. აქვე დავამატებ, ქვეყნისათვის ყველაზე უფრო მომგებიანი არის ცხოველთა ადგილობრივი ენდემური ჯიშის გაუმჯობესება, რომლის მაგალითები გვაქვს ჩვენი თუ სხვა ქვეყნების ისტორიაში. 
 
- რამდენი წელი სჭირდება ბრუცელოზის მთლიანად აღმოფხვრას საქართველოში ? ამბობენ, რომ ჩვენთან ავადობის მაჩვენებელი 20%-ზე მეტია.
 
ქვეყნისთვის ცხოველთა საერთო რაოდენობის 10-15% -ით დაავადება ავადობის მაღალ მაჩვენებლად ითვლება. ოფიციალური მონაცემებით საერთო რაოდენობა 4%-დან 29%-მდე მერყეობს, გააჩნია რეგიონებს, მუნიციპალიტეტებს. მთავარია იყოს მონდომება სახელმწიფოს მხრიდან და ამ საკითხში მოსახლეობს მისი პარტნიორი გახდეს. პროცესის ბოლომდე მოგვარებას ან სიტუაციის მინიმიზაციას, ვფიქრობ (სხვა ქვეყნების გათვალისწინებით) 10-15 წელი დასჭირდება. მოქმედება უნდა დავიწყოთ და შედეგი შევინარჩუნოთ. ყველა ღონისძიება, რა თქმა უნდა, ფინანსურად დასათვლელია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. სახელმწიფოს აქვს ამის შესახებ სტრატეგია, რომელსაც მხარს უჭერს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) პროექტით „საქართველოს ბრუცელოზის კონტროლის მხარდაჭერა".
 
ბრუცელოზით დაინვაზირებულ ცხოველთა დროული გამოვლინება რთულია, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. თუ ზოგი ცხოველი დაინფიცირებიდან უკვე მე-10 მე -15 დღეზე იძლევა დადებით რეაქციას სეროლოგიური ტესტებით, რიგი ცხოველების ორგანიზმში ანტისხეულების დიაგნოსტირება აღმძვრელის მოხვედრიდან რამოდენიმე თვის შემდეგ ხდება შესაძლებელი. ამიტომ, როცა გარკვეულ ადგილებში (სოფელი, მეურნეობა, მოსახლე, ფერმა) ცხოველთა გამოკვლევისას ხდება ბრუცელოზის მატარებელთა გამოვლინება, მოცემული ადგილი ითვლება ბრუცელოზზე არაკეთილსაიმედოდ, ამ შემთხვევაში, საჭიროა ყველა ჯანმრთელი ცხოველი გამოვიკვლიოთ ყოველთვიურად, უკიდურეს შემთხვევაში, 3 თვეში ერთხელ მაინც. ვინაიდან ისინი მიეკუთვნებიან პირობითად ჯანმრთელ კატეგორიას. ამით დროულად გავიგებთ დაავადების გაჩენას და ლიკვიდაციას გავუკეთებთ ავადმყოფებს, ეს შეზღუდავს დაავადების შემდგომ გავრცელებას და ხელს შეუწყობს ცხოველთა სულადობის გაჯანსაღებას, ხოლო სადაც ინფექცია მიმდინარეობს მწვავედ და ავადმყოფობის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა და არ არის საშუალება, რომ გავატაროთ რადიკალური მეთოდები, მაშინ ღონისძიებათა კომპლექსში უნდა ჩაერთოს ვაქცინაციის პროფილაქტიკა, რომელიც ვფიქრობ, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად. ვაქცინაციას დაექვემდებარება მხოლოდ მოზარდი (4-8 თვე), საიდანაც ჩამოყალიბდება ჯანმრთელი ჯგუფი (ჯოგი), 6 წლიანი იმუნიტეტით ხოლო ძროხებში გაგრძელდება სისტემური გამოკვლევა. არის მე-2 უკიდურესი ვარიანტიც, რომელიც ეხება სპეც-პროფილაქტიკას - ეს არის მთლიანი სულადობის ვაქცინაცია და რევაქცინაცია. ეს კი ნიშნავს, რომ რამოდენიმე წელიწადში ჯანმრთელი პირუტყვი გვეყოლება. თუმცა, აქაც, სახელმწიფო ირჩევს, რომელი ვაქცინით უნდა მოახდინოს პროფილაქტიკა (აცრა ეხება როგორც მრპ-ს, ისე წრპ-ს).
 
-სახელმწიფოსგან მიმდინარეობს თუ აწი დაიწყება ბრუცელოზთან ბრძოლის ღონისძიებები ? 
 
რა თქმა უნდა, ბრუცელოზის საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს როგორც თეორიულად (ვგულისხმობ სტრატეგიის შემუშავებას), ასევე პრაქტიკულად.
პირველი ეტაპი იყო ვეტექიმთა მომზადება; სწავლება (ტრენინგები). ხოლო მეორე ეტაპიც, როგორც ჩემთვის ცნობილია, დაწყებულია და ის ეხება ბრუცელოზის ტიპიზაციას. ანუ, თუ რა ტიპის აღმძვრელია გავრცელებული და ხდება თუ არა სხვადასხვა ტიპის აღმძვრელების მონაცვლეობა ცხოველებში. გარდა ამისა, განისაზღვრება დასახლებულ პუნქტებში ბრუცელოზის გამოვლინების სპორადული ფორმაა თუ ეპიდემიური ფორმა. აქვე გეტყვით, რომ ეს დაავადება რეგულირებადია და მის ლიკვიდაციას მეტწილად განსაზღვრავს სოციალურ-კულტურული და საყოფაცხოვრო პირობები; სამეურნეო- ბუნებრივი და ეკონომიკური ფაქტორები.
 
გამოკვლევების შემდეგ სპეციალისტებთან კონსულტაციით განიხილება დაავადების ლიკვიდაციის თუ შესუსტების სტრატეგია და ალბათ, აქ განისაზღვრება მისი ფინანსური მხარე, თუ ვინ დააფინანსებს ამ პროცესებს. 
 
-რა შეგიძლიათ გვითხრათ ხელშემშლელ ფაქტორებზე ? ასევე დადებითზე ? 
 
საერთოდ, ფინანსური რესურსების და ბრუცელოზის კონტროლის სტრატეგიის არარსებობამ შეაფერხა დაავადების აღმოფხვრის განხორციელების შესაძლებლობა. დადებითად შეიძლება ჩაითვალოს ცხოველთა იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის სათანადო სისტემის ჩამოყალიბების დაწყება, რომელიც საკმაოდ რთულია, მაგრამ ბოლომდე მიყვანა შეიძლება.
 
მოკლედ, საჭიროა ბრუცელოზის დაავადების პრევენციისა და კონტროლის დროული ამოქმედება. უნდა დამთავრდეს თეორიული ნაწილის „ღეჭვა", ასევე, გაუთავებელი ტრენინგები ერთსა და იმავე თემებზე. 2005-2009 წლებიდან მიმდინარეობს ბრუცელოზის საწინააღმდეგო ღონისძებების შესახებ საკითხების განხილვა. ამასთან, ყველა დაგეგმილი ღონისძიების პარალელურად, უნდა მიმდინარეობდეს მეცხოველეობაში ინვესტირების ჩადების შესაძლებლობების მოტივაციის შექმნა, რომელიც ნაწილობრივ უზრუნველყოფს ბრუცელოზის და სხვა მძიმე დაავადებების ეფექტურ მართვას.
 
ცხოველებსა და ადამიანებში ბრუცელოზის ეფექტური კონტროლი განაპირობებს საოჯახო კვების უფრო უსაფრთხო წყაროს. ამიტომ, ყველა ფერმერმა, სოფლის მოსახლემ, ვისაც პირუტყვი ყავს, აქტიურად უნდა მიიღოს მონაწილეობა დაავადების საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაში.

 

 

 
Copyright © 2017 AGRO.ge | All Rights Reserved. TOP.GE     Created By: Pro-Service