ანგარიშები
პრესა ჩვენ შესახებ
ჩვენი ფერმერები
ბლოგი
ვიდეოგაკვეთილები
ირიგაცია
როგორ ვლინდება ცხოველში ღორის აფრიკული ცხელება, რა სიმპტომებით ხასიათდება ის და როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ღორი ცხელებისგან დაავადდა და საერთოდ, ღირს თუ არა დღეს ღორის მოშენება. ამ და სხვა კითხვებზე გვპასუხობს "ასოციაცია მომავლის ფერმერის" მთავარი ვეტერინარი- კონსულტანტი, ბიოლოგიის დოქტორი მიხეილ ჭიჭაყუა. ის ასევე, ინტერვიუს ბოლო ნაწილში პრაქტიკულ რჩევებს აძლევს მეღორე ფერმერებს. 
 
                                                
 
- რა სიმპტომებით ხასიათდება აფრიკული ცხელება?
 
მხოლოდ სიმპტომებით ამის დადგენა არ ხდება, რადგან ღორის სხვა ინფექციურ დაავადებებსაც ახასიათებს იგივე ნიშნები, მცირე ინფორმაციით ძნელია განისაზღვროს, თუ დაავადების რა სახესთან გვაქვს საქმე, ვარაუდი შეიძლება გამოთქვა მას შემდეგ, როცა მინიმუმ გაირკვევა, ღორები არიან თუ არა აცრილები კლასიკურ ჭირზე, პასტერელოზზე, წითელ ქარსა და ცრუ ცოფზე (აუესკის დაავადება).
 
მას შემდეგ, რაც ვეტერინარულ-სანიტარული წესების დაცვით ჩატარებული იქნება ზემოთ ნახსენები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრები, დავაკვირდეთ ცხოველის მდგომარეობას, ღორში დასაწყისში იცის ტემპერატურის მოულოდნელი აწევა 40,5-42 გრადუსამდე და მეტიც, პულსი აჩქარებულია 24-48 საათში, ტემპერატურა ქვევით ჩამოდის, სუნთქვა ზედაპირულია, ირღვევა მოძრაობის კოორდინაცია, ვითარდება ნერწყვდენა, ტემპერატურის აწევიდან 48-72 საათში ცხოველი კვდება. (ზემწვავე ფორმა). 
 
მწვავე ფორმის დროს კლინიკური ნიშნები შემდეგნაირად არის გამოხატული: სხეულის ტემპერატურა მომატებულია, 40,5 გრადუსზე მეტია. სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე ტემპერატურა ეცემა 35 გრადუსამდე, ღორს ეწყება მოუსვენრობა, კონიუნქტივიტი, კანის ჰიპერემია, თუმცა, მადას ინარჩუნებს. ეწყება წყურვილი. ავადმყოფ ღორს სიარულის თავი არ აქვს და წევს, სიარულის დროს ბარბაცებს, უკანკალებს კუნთები, შეიძლება ქონდეს ცხვირიდან სისხლისდენაც, სუნთქვა წყვეტილია, აქვს ხველა. გულმკერდის პალპაციისას გამოიხატება მტკივნეული რეაქცია. მაკე ნეზვებში ადგილი აქვს აბორტირებას, კანი აქვს ციანოზური. ყელის, გულმკერდის, მუცლის და კიდურების შიგნითა ზედაპირზე დაავადების ბოლოს ვნახულობთ მრავლობით წერტილოვან სისხლჩაქცევებს. ადგილი აქვს საჭმლის მომნელებელი სისტემის აშლილობას, შეიძლება განვითარდეს პირღებინება სისხლიანი ამონაღებით, ასევე ადგილი აქვს მენინგო-ენცეფალიტის ნიშნებს, რომელიც მიმდინარეობს კრუნჩხვებით, კიდურების პარეზებით და დამბლით - დაავადება 4-7 დღეში სიკვდილით მთავრდება (მწვავე ფორმა). 
დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს ქრონიკული ფორმით. აქვს იგივე ნიშნები, შედარებით სუსტად გამოხატული, ავადმყოფობა გრძელდება ორი კვირა, ზოგჯერ მეტიც და უმრავლეს შემთხვევაში, სიკვდილით მთავრდება. გადარჩენილი ღორი (თუ ასეთი არის) რჩება ვირუსის მატარებლად. ავადმყოფ ცხოველს აღენიშნება პნევმონია, მადა შენარჩუნებულია, არის გამხდარი, სხეულის სხვადასხვა ადგილებში უვითარდება კანის ნეკროზი. დაავადება შეიძლება რამდენიმე თვე გაგრძელდეს. პათანატომიური კვეთისას, თითქმის ყველა ლიმფური კვანძები და პარენქიმური ორგანოები გადიდებულია, განსაკუთრებით ელენთა. ღორის ნებისმიერი ინფექციური დაავადების დროს ფერმერებმა უნდა მიმართონ ვეტერინარ ექიმს. 
 
საერთოდ, ეს დაავადება 4-5 წელიწადში ერთხელ ფეთქდება, თუ ერთი შემთხვევაც კი დაფიქსირდა. 
 
- როგორ მოიქცეს ფერმერი, თუ ცხოველს აფრიკული ცხელების სიმპტომები აქვს?
 
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ფერმერმა ცხოველის ნებისმიერი ინფექციური დაავადების დროს უნდა მიმართოს ვეტექიმს, მოახდინოს დაავადებებზე ეჭვმიტანილი ღორების იზოლაცია. დაავადებულები გაანადგუროს უსისხლო მეთოდით რაიონის ვეტერინარული სამსახურთან შეთანხმებითა და ზედამხედველობით. 
 
- რა უნდა გააკეთოს ფერმერებმა იმისთვის, რომ ღორი აფრიკული ცხოველებით არ დავადდეს?
 
ეს არის ღონისძიებების მთელის ნუსხა, რომელსაც უნდა ატარებდეს გლეხი თუ ფერმერი ადგილობრივი ვეტერინარული სამსახურის მითითებით, თუ რაიონი გამოცხადებულია დაავადების კერად. გასატარებელი ღონისძიებები უნდა შედიოდეს იმ საკარანტინო წესებში, რომელიც მითითებულია აღნიშნული დაავადების დროს, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ობიექტის კარანტინის პირობებში მუშაობა. 
 
- როგორ მოიქცნენ ფერმერები, რომელთა ღორებსაც ცხელება ჯერ არ შეხვედრიათ, თუმცა, სოფელში დაავადება გავრცელებულია? 
 
სოფლის მეურნებაში დასაქმებულ ხალხს, თითქმის ყოველდღე უნდა ვაწვდიდეთ სათანადო ინფორმაციას მედიის საშუალებით. რეგიონებში უნდა არსებობდეს ძლიერი ვეტერინალურ-სანიტარული სამსახური, რომლის მუშაობის შედეგი უნდა აისახოს მოსახლეობაში ღორის სულადობის გაზრდით. არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში 2008 წლამდე 600 ათასზე მეტი ღორი იყო და მაჩვენებელი დინამიკაში იზრდებოდა. დღეს ამ რაოდენობის 10 % -იც არ არის. არადა, ერთ-ერთი ცნობილი ვეტექიმი, პროფესორი ჯემალ ბაბაკიშვილი იტყოდა, აფრიკული ღორის ჭირი ისეთი დავადებაა, სანამ ბოლო ღორს არ გამოიყვანს საღორედან, არ გაჩერდებაო.
 
- სოფლებში, სადაც ღორები დახოცილა, ადგილობრივები ამბობდნენ, რომ ხშირად ლეში მდინარის ნაპირებზე ეგდო, რა შეიძლება გამოიწვიოს ამან? 
 
დაავადებული ღორის ლეშის ქუჩაში დაგდებაზე საუბარიც არ შეიძლება, რადგან ასეთმა ლეშმა შეიძლება დაავადოს არა მარტო სოფელი და რაიონი, არამედ მთელი რეგიონიც კი მითუმეტეს თუ ღორი აფრიკული ცხელებით დაიღუპა. აფრიკული ცხელების დროს რეგიონში ცხადდება მკაცრი კარანტინი, დაავადებული ღორები უნდა დაიწვას შესაბამისი წესით.
 
- სოფლებში ვეტერინარები ამბობენ, რომ ხშირად ფერმერმა არ იცის, როგორ გაუმკლავდეს პრობლემას, თქვენ სამსახურს თუ შეუძლია დაეხმაროს ასეთ დროს ფერმერებს და როგრ უნდა შეძლონ მათ თქვენთან დააკვშირება?
 
ჩვენი ცხელი ხაზის ნომრებია: 597141093, 597915367. ნებისმიერ დროს შეუძლია გლეხს, ფერმერს, დაგვიკავშირდეს და ჩვენ ყველანაირად შევეცდებით სხვადასხვა პრობლემების (მაგრამ, არა აფრიკული ჭირის) გადაჭრას ან მინიმუმ მიმართულების მიცემას მაინც. 
 
ვფიქრობ, ბოლო დროს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, როგორც მთელ საქართველოში, ასევე თქვენს რეგიონებშიც ვეტერინარმა ექიმებმა სათანადო სწავლება-ტრეინინგები გაიარეს და გადიან, ამიტომ საჭიროა ამ ვეტექიმების გამოყენება სახელმწიფოს მხრიდან. ისინი უნდა გადანაწილდნენ სხვადასხვა სოფლებში. თუნდაც 2-3 სოფელს ერთი ვეტექიმი მიამაგრონ. ვეტექიმები მინიმუმ ინფორმაციულ კონტაქტს მაინც უზრუნველყოფენ, ჩაატარებენ საქონლის სტატისტიკურ აღრიცხვას, დაადგენენ ცხოველის განადგურების სავარაუდო მიზეზს და სხვა. ანუ სახელმწიფოს ექნება რეალური ინფორმაციები სოფლების დონეზე. სწორედ ამ ინფორმაციებს უნდა დაეყრდნოს შემდგომ მეღორეობის, როგორც დარგის განვითარების პროგრამა. ცნობისთვის, საქართველო წელიწადში, თუ არ ვცდები, 40 000 ტონა ღორის ხორცს მოიხმარს, რაც მინიმუმ 200 მილიონი ლარია, ეს თანხა ყოველწლიურად ქვეყნიდან გაედინება. ჩვენ გავქს რეზერვი, რომ გვყავდეს 1 მლ-მდე ღორი და ეს დარგი შემოსავლიან მიმართულებად ვაქციოთ სოფლის მეურნეობაში. 
 
და ბოლოს, არსებულ სიტუაციაში ფერმერებს ვურჩევთ თავი შეიკავონ 4-5-ზე მეტი დედა ღორის ყოლისგან, ვიდრე არ შეფასდება კონკრეტულ ადგილზე ცხელების გავრცელების ინტენსივობა. ჩაკეტილი სივრცის (ფერმის) შემთხვევაშიც რჩება დაავადების გავრცელების საშიშროება.
 
გირჩევთ და გაფრთხილებთ! არ შეინახოთ არანაირი ფორმით ღორის ხორცი, რომელიც მიღებულია ღორის აფრიკული ცხელების გავრცელების სავარაუდო ზონიდან, ფერმიდან, ვინაიდან თქვენ შესაბამისად, ინახავთ დაავადებასაც.
ვირუსი არის ძალიან მდგრადი: პროდუქტებში, წყალსა და გარემოში ინახება თვეების განმავლობაში. ყინვა და სიცხე მასზე არ მოქმედებს. ნადგურდება მხოლოდ მაღალ ტემპერატურაზე გაცხელებით.
 
ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც უნდა იცოდეს ფერმერმა:
 
1. არ დაუშვათ უცხო პირი ფერმის ტერიტორიაზე, ღორები იყოლიეთ ჩაკეტილ სივრცეში სხვა ცხოველთან კონტაქტის გარეშე.
2. არ კვებოთ ღორები ცხოველური წარმოშობის საკვებით და ე.წ. სასადილო ნარჩენებით. შეიძინეთ მხოლოდ სამრეწველო წარმოების საკვები. დანარჩენი გააცხელეთ 80 გრადუსამდე და მეტი.
3. ყოველ 10 დღეში დააამუშავეთ საღორე სისხლისმწოველ მწერებზე (ტკიპა, ტილი, ბუზი), ებრძოლეთ მღრღნელებს.
4. დაკვლის წინ მოახდინეთ დაკვლისწინა დათვალიერება, სასურველია დაკვლა ხდებოდეს სპეციალიზირებულ სასაკლაოზე. ვინაიდან ჩვენთან გავრცელებულია აფრიკული ცხელება, ხორცის ვეტერინარულ-სამედიცინო ექსპერტიზა უნდა ხდებოდეს სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის სპეციალისტების მიერ ინტენსიურად, ბაზრებზე განთავსებული ხორცის სექტორის პროდუქტის მაინც.
5. ადგილობრივი თუ შემოყვანილი ღორები უნდა იცრებოდეს კლასიკურ ჭირზე, წითელ ქარზე, აუესკზე, პასტერელოზზე.
6. დაკლული ცხოველის ნარჩენები არ გადავყაროთ, დავწვათ. 
7. არ დაამუშავოთ დაცემული ან დაავადებული დაკლული ღორის ხორცი, რადგან ის ხელს შეუწყობს დაავადების შემდგომ გავრცელებას.
 
სამწუხაროდ, დაავადება სულ უფრო ვრცელდება. ეს არის ვირუსული დაავადება, რომელიც სწრაფად და ადვილად აავადებს როგორც გარეულ, ისე შინაურ ღორს ნებისმიერ ასაკში. ლეტალობა არის 100%-იანი. დაავადება მკურნალობასა და ვაქცინაციას არ ექვემდებარება. დაავადება რომ შევაჩეროთ და მოვაქციოთ რაღაც მინიმალურ საკარანტინო ჩარჩოში (რაც აქამდეც უნდა გაკეთებულიყო), აუცილებელია დაავადების მონიტორინგი, სარეალიზაციოდ გატანილი გაყინული თუ ახალი ხორცის გამოკვლევა. ამ საქმეს დროული და გულისხმიერი დამოკიდებულება სჭირდება, თუ გვინდა, რომ ღორის მოშენების პერსპექტივა საერთოდ გვქონდეს, აღარაფერს ვამბობთ ადგილობრივი ენდემური ჯიშების შენარჩუნებაზე, რომლიც არსებობაც თითქმის საეჭვოა.

 

 
Copyright © 2017 AGRO.ge | All Rights Reserved. TOP.GE     Created By: Pro-Service