ანგარიშები
პრესა ჩვენ შესახებ
ჩვენი ფერმერები
ბლოგი
ვიდეოგაკვეთილები
ირიგაცია
 რა უნდა ვიცოდეთ კონგო-ყირიმის ჰემორაგიული ციებ-ცხელების შესახებ
 
კონგო-ყირიმის ჰემორაგიული ცხელება (კყჰც) არის ფართოდ გავრცელებული დაავადება, რომელსაც იწვევს ტკიპების მიერ გადაცემული Bunyaviridae-ს ოჯახის ვირუსი (Nairovirus). კყჰც ვირუსი იწვევს მძიმე ვირუსული ჰემორაგიული ცხელების აფეთქებებს 10-40% ლეტალობის კოეფიციენტით.

ვირუსი ადამიანებს გადაეცემათ ძირითადად ტკიპებისა და შინაური პირუტყვისაგან. ადამიანისაგან ადამიანზე გადაცემა შეიძლება ხდებოდეს დაინფიცირებულ ადამიანთა სისხლთან, გამონადენთან, ორგანოებთან ანდა ორგანიზმის სხვა სითხეებთან მჭიდრო კონტაქტის შედეგად.

კყჰც ენდემურია აფრიკაში, ბალკანეთში, ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში, ჩრდილოეთ განედის 50-ე პარალელის სამხრეთით განლაგებულ ქვეყნებში.

გამოვლენილია თურქეთსი, უკრაინაში და ჩვენთან საქართველოში.
რაიმე ვაქცინა ადამიანებისა თუ ცხოველებისათვის არ არსებობს.

კყჰც ვირუსის გადამტანთა რიცხვში შედის გარეულ და შინაურ ცხოველთა ფართო რიგი, როგორიცაა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვრები,თხები, კურდღლები და სხვები. ამის გარდა გადამტანები არიან 20-მდე სახეობის ტკიპები და განსაკუთრებით საძოვრის ტკიპა Hyaloma-ს გვარიდან. ინფექციის რეზერვუარია მცირე ხერხემლიანი ცხოველები (თაგვები). მათგან ტკიპას მეშვეობით ავადდება შინაური ცხოველი. ბევრი ფრინველი მედეგია ამ ინფექციის მიმართ.
ცხოველები ინფიცირდებიან დაინფიცირებული ტკიპების კბენის შედეგად, და ვირუსი რჩება მათ სისხლში დასნეულებიდან დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში, რაც ტკიპების შემდგომი კბენისას უზრუნველყოფს „ტკიპა-ცხოველი-ტკიპას" ციკლის გაგრძელებას. კყჰც ვირუსით შეიძლება დაინფიცირდეს რამდენიმე სახეობის ტკიპები, ძირითად გადამტანებს წარმოადგენენ Hyalomma-ს სახეობის ტკიპები.

ინფექციის გადაცემა

კყჰც ვირუსი ადამიანებს გადაეცემა ან ტკიპას კბენისას, ანდა ინფიცირებულ ცხოველთა სისხლთან და ქსოვილებთან კონტაქტისას მათი დაკვლის დროს ან უშუალოდ დაკვლის შემდეგ. დასენიანების შემთხვევათა დიდი ნაწილი ხდება სამრეწველო მეცხოველეობაში დაკავებულ ადამიანებში, როგორიცაა სასოფლო-სამეურნეო მუშები, სასაკლაოების მუშაკები და ვეტერინარები.

ადამიანისაგან ადამიანისათვის გადაცემა შეიძლება ხდებოდეს დაინფიცირებულ ადამიანთა სისხლთან, გამონადენთან, ორგანოებთან ანდა ორგანიზმის სხვა სითხეებთან მჭიდრო კონტაქტის შედეგად. შეიძლება აგრეთვე ხდებოდეს საავადმყოფოშიდა ინფექციის შედეგები სამედიცინო აღჭურვილობის არაჯეროვანი სტერილიზაციის, ნემსების განმეორებით გამოყენებისა და სამედიცინო დანიშნულების მასალების დასენიანების შედეგად.
ნიშნები და სიმპტომები
საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ვირუსით დასენიანების გზაზე. ტკიპას კბენის შედეგად დასენიანების შემდეგ საინკუბაციო პერიოდი ჩვეულებრივ გრძელდება ერთ-სამ დღეს (მაქსიმალური ხანგრძლივობა - 9 დღე). საინკუბაციო პერიოდი დაინფიცირებულ სისხლთან ან ქსოვილებთან კონტაქტის შემდეგ ჩვეულებრივ გრძელდება ხუთ-ექვს დღეს, დოკუმენტურად დაფიქსირებული მაქსიმალური პერიოდი - 13 დღე.

სიმპტომები თავს იჩენს მოულოდნელად, მაღალი ტემპერატურით, მიალგიით (კუნთების ტკივილი), თავბრუსხვევით, კისრის ტკივილითა და რიგიდულობით, ზურგის ან წელის ტკივილით, თავის ტკივილით, თვალების ანთებითა და ფოტოფობიით (სინათლის შიშით). შეიძლება აღინიშნებოდეს გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, მუცლისა და ყელის ტკივილი, რასაც მოსდევს გუნება-განწყობის მკვეთრი ცვლილებები და აღრეული ცნობიერება. ორი-ოთხი დღის შემდეგ აგზნება შეიძლება შეიცვალოს ძილიანობით, დეპრესიითა და დაღლილობით, ხოლო ტკივილი მუცლის არეში შეიძლება იყოს ლოკალიზებული მარჯვენა ზედა ნაწილში, განსაზღვრებადი ჰეპატომეგალიით (ღვიძლის გადიდება).

სხვა კლინიკური ნიშნები მოიცავს ტაქიკარდიას (გახშირებულ გულისცემას), ლიმფადენოპათიას (ლიმფური კვანძების გადიდებას) და პეტექიურ გამონაყარს (კანში სისხლჩაქცევებით გამოწვეულ გამონაყარს) ლორწოვან გარსებზე, მაგალითად პირსა და ყელში, აგრეთვე კანზე. პეტექიური გამონაყარი შეიძლება გადავიდეს უფრო მსხვილ გამონაყარში, რომელსაც ეწოდება ეგქიმოზები, და სხვა ჰემორაგიულ მოვლენებში. ჩვეულებრივ აღენიშნებათ ჰეპატიტის ნიშნები, და დაავადების მეხუთე დღის შემდეგ მძიმედ ავადმყოფებს შეიძლება დაეწყოთ თირკმლების ფუნქციების სწრაფი მოშლა და ღვიძლის ან ფილტვების უეცარი უკმარისობა. გამოჯანმრთელების პერიოდი გრძელდება 1 თვიდან 1-2 წლამდე.

კყჰც-საგან სიკვდილიანობის კოეფიციენტი შეადგენს დაახლოებით 30%-ს, ამასთან სიკვდილი დგება დაავადების მეორე კვირას. გამოჯანმრთელების გზაზე დამდგარ პაციენტებს მომჯობინება ეწყებათ ჩვეულებრივ დაავადების დაწყებიდან მეცხრე ან მეათე დღეს.
დაავადების პროფილაქტიკა და მასთან ბრძოლა

ადამიანებსა და ტკიპებში კყჰც-ის ინფექციის პროფილაქტიკის ჩატარება და მასთან ბრძოლა რთულია, ვინაიდან ციკლი „ტკიპა-ცხოველი-ტკიპა" ჩვეულებრივ მიმდინარეობს შეუმჩნევლად და ინფექცია შინაურ ცხოველებში ჩაივლის თვალსაჩინო ნიშნების გარეშე. გარდა ამისა, დაავადების გადამტანი ტკიპები არიან მრავალრიცხოვანები და ფართოდ გავრცელებულები, ამიტომ ერთადერთ პრაქტიკულ ვარიანტს მეცხოველეობის წარმოების სათანადოდ მართული საწარმოებისათვის წარმოადგენს ტკიპებთან ბრძოლა აკარიციდების (ტკიპების მოსასპობად განკუთვნილი ქიმიური ნივთიერებების) მეშვეობით.ასევე მინდვრებში სადერატიზაციო და სადეზინსექციო სამუშაოების დროულად ჩატარება. სასაკლაოებზე, სადაც დაავადება დაფიქსირდა და მის ახლო რეგიონებში, საჭიროა მიღებულ იქნეს ზომები, რომ დაკვლამდე 14 დღის განმავლობაში ცხოველები მოთავსდნენ ტკიპებისგან თავისუფალ საკარანტინო პუნქტებში. ეს ღონისძიება ხელს უწყობს იმ რისკის შემცირებას, რომ თუ დაკვლის დროს ცხოველი იქნება ინფიცირებული, დროულად ავიცილებთ ცხოველებთან კონტაქტების მქონე ადამიანთა დასენიანებას. ვაქცინა ცხოველებში გამოსაყენებლად არ არსებობს.


ადამიანთა დაინფიცირების რისკის შემცირება

რაკი ვაქცინა არ არსებობს, ადამიანებში ინფექციის რიცხვის შემცირების ერთადერთ გზას წარმოადგენს რისკ-ფაქტორების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა და ადამიანთა განათლება იმ ზომების მიღების თაობაზე, რომელთა მიღებაც მათ შეუძლიათ ვირუსთან კონტაქტების შესაზღუდავად.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციები მიმართული უნდა იყოს რამდენიმე ასპექტზე.
ტკიპასაგან ადამიანისათვის ვირუსის გადაცემის რისკის შემცირება:
• დამცავი ტანსაცმლის ჩაცმა (გრძელი სახელოები, გრძელი შარვალი);
• ღია ფერის ტანსაცმლის ჩაცმა, რაც საშუალებას იძლევა, ადვილად აღმოვაჩინოთ მასზე ტკიპები;
• ვიხმაროთ გამოსაყენებლად ნებადართული აკარიციდები (ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც განკუთვნილია ტკიპების მოსასპობად) ტანსაცმელზე;
• გამოვიყენოთ გამოსაყენებლად ნებადართული რეპელენტები კანისა და ტანსაცმლისათვის;
• რეგულარულად დავათვალიეროთ ტანსაცმელი და კანი ტკიპების აღმოსაჩენად; აღმოჩენის შემთხვევაში მოვიცილოთ უსაფრთხო მეთოდებით;
• ვეცადოთ არ დავუშვათ ცხოველების დაზიანება ტკიპების მიერ ანდა ჩავატაროთ ტკიპებთან ბრძოლა ცხოველების საბინადრო სათავსებში;
• მოვერიდოთ იმ რაიონებში ყოფნას, სადაც ბინადრობს დიდი რაოდენობის ტკიპები, და იმ სეზონებში, როდესაც ისინი ყველაზე აქტიურნი არიან.
• ცხოველებისაგან ადამიანისათვის ვირუსის გადაცემის რისკის შემცირება:
• გავიკეთოთ ხელთათმანები და ჩავიცვათ სხვა დამცავი ტანსაცმელი ცხოველებთან ან მათ ქსოვილებთან კონტაქტისას ენდემურ რაიონებში, განსაკუთრებით დაკვლისას, ნაკლავის დანაწევრებისას და წუნდებისას სასაკლაოებზე ან შინაურ პირობებში;
• ცხოველები შევაყოვნოთ კარანტინში მათ სასაკლაოზე წაყვანამდე ანდა ჩვეულებრივი წესით დავამუშავოთ ცხოველები პესტიციდებით დაკვლამდე ორი კვირით ადრე.
ცალკეულ საზოგადოებებში ადამიანისაგან ადამიანისათვის ინფექციის გადაცემის რისკის შემცირება:
• ცხოველებში, როგორც ყირიმ-კონგო ვირუსის პათოგენური აგენტის რეზერვუარებში კლინიკური გამოვლინება ფაქტიურად არ არის, ავადდება მხოლოდ ადამიანი.
• ვერიდოთ კყჰც-ით დაინფიცირებულ ადამიანებთან მჭიდრო ფიზიკურ კონტაქტს.
• გავიკეთოთ ხელთათმანები და ჩავიცხვათ დამცავი ტანსაცმელი ავადმყოფების მოვლისას.
• რეგულარულად დავიბანოთ ხელი ავადმყოფების მოვლის ან მათთან სტუმრობის შემდეგ.
• ძვირფასო კოლეგებო, დაავადების გავრცელების პროფილატქიკა დამოკიდებულია თქვენს მიერ სანიტარული პირობების დაცვაზე და ყველა იმ ჩამოთვლილი ვეტერინარული ღნისძიებების გატარებაზე, რომელიც აუცილებელია ცხოველთათვის და მათ სადგომებისათვის.

ხოლო ბუნებაში დამსვენებლებს ვურჩევთ:

1) ტყეში, ბაღში, აგარაკზე ჩაიცვან ტანსაცმელი გრძელი სახელოებით, შარვლები, თავზე დაიხურონ თავსაბურავი.
2) მაქსიმალურად გამოიყენონ ტკიპების და სხვა მწერების დამაფრთხობელი საშუალებები, მალამოები (რეპელენტი) 2-3 საათში ერთხელ.
3) მაქსიმალურად მოერიდონ ბუჩქებს, მაღალ ბალახს, რადგან იქ შეიძლება ბინადრობდნენ ტკიპები.
4) ტყიდან დაბრუნების შემდეგ დაითვალიერეთ თავი ან თხოვეთ სხვა ადამიანს (ყურადღება მიაქციეთ: თავის თმის მიდამოებს, ყურის არეს და სხვა).
5) დაათვალიერეთ თქვენი ცხოველები, რომლებმაც შეიძლება ტკიპა სახლში მოიტანონ.
6) ტკიპის ნაკბენის შემთხვევაში მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას.
7) მართალია დაავადება ხასიათდება სეზონურობით (გაზაფხული-ზაფხული), პიკი არის მაისი-აგვისტო, მაინც არ ვართ დაზღვეულები სხვა პერიოდებშიც, რადგან არ მიმდინარეობს საძოვრების, სადგომების, ცხოველთა დამუშავება რეგულარულად.
თქვენი უსაფრთხოება თქვენს ხელშია.

მიხეილ ჭიჭაყუა, "ასოციაცია მომავლის ფერმერის" მთავარი ვეტკონსულტანტი, ბიოლოგიის დოქტორი. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით 597915367

 
Copyright © 2017 AGRO.ge | All Rights Reserved. TOP.GE     Created By: Pro-Service