ანგარიშები
პრესა ჩვენ შესახებ
ჩვენი ფერმერები
ბლოგი
ვიდეოგაკვეთილები
ირიგაცია
1. როგორ უნდა მიხვდეს გლეხი რომ პირტყვი თურქულითაა დაავადებული?
 
თურქული წვავედ მიმდინარე, ინფექციური, გადამდები დაავადებაა. თურქულის მიმართ ამთვისებელი ცხოველი ყველა ასაკში ადვილად სენიანდება. დაავადება მძიმედ მიმდინარეობს 2-3 თვის მოზარდებში.
ამთვისებელი ცხოველის ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი სისტემიდან ან კანის საფარველიდან მოხვედრილი ვირუსი  ფიქსირდება ეპითელურ ქსოვილებში და იწყებს გამრავლებას, ვირუსის გამრავლება იწვევს ორგანიზმში საპასუხო რეაქციებს, რომლებიც გამოიხატება: 
1. ცხოველის ორგანიზმში სეროზული ანთებითი პროცესით. 
2. წარმოიქმნება  პირველადი აფთი.
3. პირველი ლოკალიზაციის (აფთი) ადგილიდან ვირუსი შეიჭრება სისხლში, შემდეგ კი სხვა ორგანოებსა და ქსოვილებში. იწყება მწვავე ცხელებითი რეაქცია.
4. ვირუსი მრავლდება ეპიდერმისში – წარმოიქმნება მეორადი მრავლობითი აფთები პირის ღრუში, ჩლიქთა შორის ნაპრალში, ჩლიქის გვირგვინსა და ცურის კანზე.
5. ცხოველს უქვეითდება მადა, ნერწყვისდენა ძლიერდება, ცოხნა შეიძლება შეწყდეს, იწყება ცხელება – სხეულის ტემპერატურა 40,5 – 41,5 0ჩ – მდე აღწევს.
6. ზედა და ქვედა ტუჩებზე, ყბების უკბილო მიდამოში ლორწოვან გარსზე, ენაზე, ლოყების შიგნით ჩნდება აფთები.
7. დაავადებიდან 12-24 საათში აფთის კედელი სკდება, მათ ადგილზე, ახალი ეროზია წარმოიქმნება.
8. დაავადებული ცხოველი  იწყებს უხვ ნერწყვდენას.
9. პროცესი რთულდება მეორადი ინფექციით.
10. დაზიანებული კიდურების გვირგვინში, სირბილეში და ჩლიქთაშორისი ხვრელის არეში ჩნდება, მტკივნეული შესივება, ცხოველი კოჭლობს და წევს. 
11. შესიების ადგილებში წარმოიშობა აფთები, რომლებიც სკდება, მათში არსებული სითხე გარეთ გადმოიღვრება.
12. შეიძლება განვითარდეს ჩლიქის გვირგვინის ფლეგმონა, ღრმა ჩირქოვანი პოდოდერმატიტი, ჩირქოვანი ართრიტი, რქოვანი ბუნიკის მოვარდნა.
13. ზიანდება ცური, დვრილებზე წარმოიქმნება სხვადასხვა ზომის აფთები.
14. ანთებითი პროცესი აფთის გასკდომის შემდეგ ვრცელდება დვრილის ფუძისკენ და დვრილის რძის გამომტან მილში, რასაც მოყვება მასტიტი.
15. ლაქტაცია მკვეთრად მცირდება, ზოგჯერ სრულიად წყდება, აღდგენას ესაჭიროება თვე და მეტი ხანი.
16. ორ თვემდე ასაკის ხბოში თურქულის დროს აფთი არ წარმოიქმნება, დაავადება ვითარდება მწვავე გასტროენტერიტით, ზოგჯერ ბრონქოპნევმონიით.

2. რამდენად სწრაფად ვლინდება დაავადება და გამოვლენის შემდეგ მკურნალობა გვიანი ხომ არაა?
 
2. თურქულით ცხოველის დასნებოვნებისას 24 საათში აქვს ორგანიზმს რეაქცია, სისხლში მატულობს ბეტა და გამა გლობულინის რაოდენობა. მისი გამოვლენის სისწრაფე დამოკიდებულია ცხოველის მგრძნობელობასა და აღმძვრელის ვირულენტობაზე. ინკუბაციური პერიოდი 1-3 დღეა. მაგრამ შეიძლება 7 დღემდეც გაგრძელდეს, ზოგჯერ კი 14-21 დღე. გამოვლენის შემდეგ მკურნალობა გვიანი არ არის.
 
თურქულს ვმკურნალობთ შემდეგნაირად:
 
- დაავადებულ ცხოველს შევუქმნათ მშვიდი გარემო.
- ცხოველთა სადგომი განიავდეს.
- ქვეშსაფენი უნდა იყოს რბილი, რომ არ დაზიანდეს  ჩლიქთაშორისი ნაპრალი. 
- ცხოველმა უნდა მიიღოს წყალი ნებაზე (თავიდან რომ ავიცილოთ ორგანიზმის გაუწყლუება).
- დაავადებულ მცოხნავს, პირის ღრუ გამოვურეცხოთ იოდზეფის ხსნარით (ან სხვა დასაშვები სადეზინფექციო წყლით), დღეში 2-3ჯერ, 3-5 დღე, შემდეგი განზავებით: 10-20მლ-1ლ. ხსნარში (ნარევი გავხარჯოთ 40-60 წუთში). იოდზეფის ხსნარის  შემდეგ სასურველია პირის ღრუში გამოვავლოთ გადადუღებული თბილი რძე.
- კიდურების დაზიანების თავიდან ასაცილებლად ჩლიქები გავასუფთაოდ იოდზეფის ანტისეპტიკური ხსნარით (30მლ-1ლ წყალში) 2 დღეში ერთხელ, დაზიანების შემთხვევაში კი -განზავება 30-50მლ-1ლ. წყალში, დამუშავება დღეში 2-ჯერ 3-5 დღე.

II –ადი ბაქტერიული ინფექციის საწინააღმდეგოდ ვიყენებთ ანტიბიოტიკებს: 

მ.რ.პ თურქულის ავადმყოფობის კეთილთვისებიანი მიმდინარეობისას ავადმყოფობა გრძელდება 7-8 დღე,  გართულების შემთხვევაში კი 20 დღე და მეტხანს.
მ.რ.პ და წ.რ.პ –ს აცრა თურქულის საწინააღმდეგო ვაქცინით, თურქულის დაავადების ყველაზე კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა.
 
3. როგორც ვიცით თურქულზე აცრებს სახელმწიფო აფინანსებს, ანუ პროგრამით ხორციელდება ეს პროცესი, მაგრამ თუ აღნიშნული მომსახურება გივანდება, როგორ მოიქცეს ფერმერი: რა წამალი (სახელი კონკრეტულად და დოზა) გაუკეთოს პირუტყვს?
 
3. ვეტერინარულ აფთიაქებში უნდა იკითხოთ თურქულის საწინააღმდეგო ვაქცინა (აუცილებელია იყოს რეგისტრირებული საქართველოში და შენახვის პირობები დაცული) საერთოდ ჩვენთან არსებული ვაქცინებით გათვალისწინებულია შემდეგი დოზირება: მრპ – 2 მლ კანქვეშ, წრპ. 1 მლ –კანქვეშ.
ცხოველის ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს იმ სქემით, რასაც ითვალისწინებს ინსტრუქცია, კონკრეტულად მოზარდი (არსებული ვაქცინებით) იცრება 3 თვიდან, ყოველ 3 თვეში, ვიდრე არ შეუსრულდება წელიწადი და 8 თვე, შემდეგ კი 5-6 თვეში ერთხელ.
 
4. გარდა პრეპარატისა თუ არსებობს რაიმე შინაური და მიღებული მეთოდი პირტუყვის გამოსაჯანმრთელებლად?
 
კი არსებობს. პირის ღრუს და ჩლიქების დამუშავება შეიძლება მარილიანი და სოდიანი წყლით, ოღონდ, პირის ღრუს დამუშავების შემდეგ აუცილებელია საქონელს პირის ღრუში გამოვავლოთ ოთახის ტემპერატურის ანადუღარი რძე. 
 
5. როგორ მოვიქცეთ რომ დაავადება სხვა პირუტყვსაც არ გადაედოს?
 
პირველ რიგში, აცრილი უნდა იყოს ყველა ცხოველი. თორემ დაავადებისაგან დაცვა ძალიან ძნელია. ელემენტარულად ფრინველმა შეიძლება გადაიტანოს დაავადება 20 კმ-ზე და მეტ რადიუსში. აღარ ვამბობთ ავადმყოფი ცხოველის ჯანმრთელთან პირდაპირი კონტაქტით. ასევე, ვირუსით დასვრილი საკვებით, წყლით, ქვეშსაფენით, ნაკელით, ტრანსპორტით, მოვლის საგნებით და სხვა გარემოებებით.
საერთოდ თურქულის გაჩენის შემთხვევაში აუცილებელია დაავადების ლოკალიზაცია თურქულის კერაში და მის შემდგომი გავრცელების თავიდან აცილება. ამისთვის საჭიროა: 1) ადგილის დაკარანტინება. 2) ავადმყოფი ცხოველის იზოლაცია და მკურნალობა. 3) ყველა დანარჩენი თურქულის მიმართ ამთვისებელი ცხოველის პასიური და აქტიური იმუნიზაცია. 4) ყოველდღიური დეზინფექციის ჩატარება 2-3 დღის განმავლობაში იქ, სადაც იმყოფება ავადმყოფი ცხოველი და ამთვისებელი ცხოველი. 5) ნაკელის გაუვნებლობა (ბიოთერმულად).
 
6. დასაშვებია თუ არა დაავადებული პირუტყვის რძის პროდუქტების მიღება და რა ფორმით?
 
რძის მიღება დასაშვებია მხოლოდ ადუღებული ფორმით მაგრამ არ არის სასურველი (თურქული ადამიანსაც შეიძლება გადაედოს დაავადებული ცხოველის მოვლის დროს და უმი რძით).

მიხეილ ჭიჭაყუა, "ასოციაცია მომავლის ფერმერის” მთავარი ვეტკონსულტანტი, ბიოლოგიის დოქტორი

 
Copyright © 2017 AGRO.ge | All Rights Reserved. TOP.GE     Created By: Pro-Service