ანგარიშები
პრესა ჩვენ შესახებ
ჩვენი ფერმერები
ბლოგი
ვიდეოგაკვეთილები
ირიგაცია
მეფუტკრეობა - დაავადებები და მკურნალობა
 
ჩვენი ქვეყნის მატერიალური კულტურის ცოცხალ ძეგლთა შორის ქართულ ფუტკარს თვალსაჩინო ადგილი უკავია. მსოფლიოში სახელგანთქმული ქართული ფუტკარი სხვა ჯიშებთან შედარებით გამოირჩევა მნიშვნელოვანი უპირატესობით: ხორთუმის სიგრძითა და თვინიერებით მას ბადალი არა ჰყავს მსოფლიოში, აქვს ნექტარის ძიების დიდი უნარი, ახასიათებს ზომიერი ნაყრიანობა, ბუდის აქტიური დაცვა, საზამთრე საკვების ეკონომიური ხარჯვა. იგი ეფექტურად იყენებს სუსტ და საშუალო ღალიანობას, რითაც ზრდის მეფუტკრის შრომის შედეგს. ამ თვისებების გამო მან მოიპოვა დამსახურებული აღიარება და გავრცელება მთელ მსოფლიოში, რის გამოც სხვადასხვა წლებში (მებაღეობის საერთაშორისო გამოფენა, ერფურტი-გერმანია 1961; აპიმონდიის XX საიუბილეო კონგრესი, ბუქარესტი-რუმინეთი 1965; აპიმონდიის XXIII კონგრესი, მოსკოვი-სსრკ 1971) სამჯერ იქნა დაჯილდოებული ოქროს დიდი მედლით.
საქართველოში მეფუტკრეობის დარგის პრიორიტეტს წარმოადგენდა და წარმოადგენს მსოფლიოში აღიარებული ქართული ფუტკრის ხალასად შენარჩუნება, განსაკუთრებით მისი ცალკეული პოპულაციების გავრცელების ძირითად კერებში, მისი დაცვა და შემდგომი სრულყოფა ინდივიდუალური სელექციის წარმოების გზით, მაღალპროდუქტიული ხაზების მიღება, საუკეთესო დედა ფუტკრების გამოყვანა და გავრცელება, რომელთა პროდუქტიულობა მკვეთრად უნდა აღემატებოდეს დღემდე არსებულს.
 
საქართველოში გავრცელებული ფუტკრის დაავადებები 
 
მეფუტკრეობის დარგის განვითარება წარმოუდგენელია ფუტკრის დაავადებების ცოდნის გარეშე. ფუტკრის ოჯახების დიდი კონცენტრაცია, მთა-ბარობა, ნაყრების გაცვლა - გატანა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ფუტკრების იზოლირების სირთულე გარემოსთან და სხვა მრავალი ფაქტორი ხელს უწყობს ფუტკრის დაავადებების ფართო გავრცელებას, ეს კი დიდ ზიანს აყენებს მეფუტკრეობას, რაც გამოიხატება ფუტკრის ოჯახების პროდუქტიულობის შემცირებითა და მათი განადგურებით.
საქართველოში ფუტკრის გავრცელებული დაავადებებიდან დღესდღეობით აქტუალურია ინვაზიურიდან - ვაროატოზი, შედარებით ნაკლებად აკარაპიდოზი, ინფექციურიდან ამერიკული და ევროპული სიდამპლეები, აგრეთვე ნოზემატოზი.
ფუტკრის დაავადებათა კლასიფიკაცია დაყოფილია ეთიოლოგიის მიხედვით. ეთიოლოგიის ანუ გამომწვევი მიზეზის მიხედვით დაავადებები იყოფა გადამდებ და არაგადამდებ დაავადებებად.
გადამდები დაავადებები თავის მხრივ იყოფა ინფექციურ და ინვაზიურ დაავადებებად.
ინფექციური დაავადებების გამომწვევები არიან მცენარეული წარმოშობის მიკროორგანიზმები: ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები, ინვაზიური დაავედებებისა კი ცხოველური წარმოშობის მიკრო და მაკრო ორგანიზმები.
არაგადამდები ჯგუფის დაავადებები გამოწვეულია ფუტკრის არასწორი მოვლა-შენახვისა და არასრულფასოვანი საკვებით კვების შემთხვევაში.
 
 

 ინფექციის ძირითადი წყაროა დაავადებული ფ/ო, რომელიც აღმძვრელს გამოყოფს: სასუნთქი სისტემიდან

საჭმლის მომნელებელი სისტემიდან
გამრავლების ორგანოებიდან.

ჯანმრთელ საფუტკრეში აღმძვრელი შეიძლება მოხვდეს:

უცხო ნაყართან ერთად
მამალი ფუტკრებიდან 
სხვა საფუტკრის ფუტკრებთან კონტაქტით
მეფუტკრეობის ინვენტარით
მეფუტკრის ინფექციის აღმძვრელით დაბინძურებული ხელებით
მწერებით, ხოჭოებით ჭიანჭველებით და სხვა.

სწორედ ამიტომ, აუცილებელია პროფილაქტიკურ-ჰიგიენური ღონისძიებების დაცვა და ჯანმრთელი ფ/ოჯახების ყოლა საფუტკრეში!

ვაროატოზი - მძიმედ მიმდინარე ინვაზიური დაავადებაა, რომელიც აზიანებს სამამლე და სამუშე ბარტყს, ჭუპრს და ზრდასრულ ფუტკარს. დედა ფუტკრის ბიოლოგიური განვითარების ხანმოკლე ციკლის გამო ტკიპები სადედეში ვერ ვითარდებიან და ვერ აზიანებენ. გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, შეტანილია საერთაშორისო ეპიზოოტიური ბიუროს ბ სიაში (საკარანტინო დაავადება).
დაავადების აღმძვრელი არის ტკიპი ვაროა დესტრუცტორ, კარგად ჩანს შეუიარაღებელი თვალით, მისი სხეული ოვალური, მოყავისფრო და ბრტყელია. მოძრაობს ოთხი წყვილი კარგად განვითარებული ფეხის საშუალებით. აქვს საჩხვლეტი საწუწნი პირის აპარატი. ერთ ფუტკარზე შეიძლება რამოდენიმე ტკიპი შეგვხვდეს. უსაკვებოდ ტკიპები ხუთ დღემდე ცოცხლობენ.
დაავადების წყაროა დაინვაზირებული ფუტკრის ოჯახები. ტკიპს ავრცელებენ: მოხეტიალე ფუტკრები, მამლები, ოჯახის გაძლიერების მიზნით დაავადებული ბარტყიანი ჩარჩოს ჩამატება, ნაყრები და სხვა. დაავადებული ფუტკრის ოჯახები სუსტდება, შთამომავლობა ნაკლებად სიცოცხლისუნარიანია, მცირდება ფუტკრის იმუნიტეტი სხვადასხვა დაავადებების მიმართ. ტკიპი ადვილად ეგუება ფუტკრისათვის პათოგენურ მიკრობებს, ვირუსებს და ხანგძლივად გამოყენებულ სამკურნალო-პროფილაქტიკურ საშუალებებს, ამიტომ მასთან ბრძოლა მსოფლიო პრობლემად რჩება. მსოფლიოში მოწინავე სპეციალისტები მუშაობენ ტკიპის ორგანიზმში არსებული მიკროფლორის შესწავლაზე, რათა შეძლონ უშუალოდ ტკიპის დაავადება და მისი ამ გზით განადგურება. 
ტკიპები იკვებებიან ბარტყის და ფუტკრის ჰემოლიმფით, რის შედეგად იბადებიან უსიცოცხლო, მახინჯი, უფრთო ფუტკრები, ტკიპებისაგან შეწუხებული ფუტკარი მოუსვენრობს. გუნდს ვერ ჰკრავს და გაღიზიანებისაგან ზოგჯერ ემართება ფაღარათიც.
 
აკარაპიდოზი - ტრაქეაში მობინადრე მიკროსკოპული ტკიპით (Acarapis woodi Rennie) გამოწვეული ფუტკრის ინვაზიური დაავადებაა, რომლითაც ავადდება როგორც მუშა, ასევე დედა და მამალი ფუტკრები. დაავადება გვხვდება ადრე გაზაფხულზე. ზამთარში გუნდი იშლება, დასაწყისში ფუტკარი გაღიზიანებულია, აღინიშნება ფაღარათი, კუჭის გასაწმენდად გამოსული ფუტკარი ვერ ფრენს, მოწყვეტით ეცემა ძირს, დამახასიათებელი კლინიკური ნიშანია ასიმეტრიულად გაფარჩხული ფრთები. სკაში ფუტკრები ერთმანეთს აინვაზირებენ თანდათანობით. ბუდის ნახევარი ფუტკრების დაავადებისათვის საჭიროა 3-5 წელი. დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს ფუტკრის ოჯახების უკონტროლო გადაზიდვა, სუსტი ოჯახების გაერთიანება, დაავადებული დედების ჩასმა, ფუტკრების ქურდობა და სხვა.
ორივე დაავადების შემთხვევაში დიაგნოზი ისმევა კლინიკური ნიშნების, ანამნეზისა და ლაბორატორიული გამოკვლევების საფუძველზე.
 
ნოზემატოზი ფუტკრის ინვაზიური გადამდები დაავადებაა, გამომწვევია მიკროსპორიდია Nozema apis da ceranae აღმძვრელი საკვებთან ერთად ხვდება ფუტკრის საჭმლის მომნელებელ სისტემაში, ლოკალიზდება ძირითადად შუა ნაწლავში და იწვევს ფაღარატს. კლინიკური ნიშნების გამოვლინება ხდება ზამთრის ბოლოს და ადრე გაზაფხულზე. დასაწყისში ფუტკარი აგზნებულია, ემარტება კუჭის აშლილობა. სკის შიგნითა კედლები, ფიჭები და ჩარჩოები დასვრილია ფეკალით. ჩარჩოების ამოღებისას ფუტკარი ფიჭაზე ვერ მაგრდება და ცვივა. სკის ძირზე აღინიშნება დიდი რაოდენობით დახოცილი ფუტკარი.
დაავადების განვითარებას ხელს უწყობს-მანანა ტაფლზე დაზამთრება, ხანგრძლივი ზამთარი და მაღალი ტენიანობა
ევროპული სიდამპლე ღია ბარტყის ინფექციური დაავადებაა. გამომწვევია Bact. პლუტონ ბარტყი მოყვითალოა, გახრწნილ მასას მჟავე სუნი აქვს, მასა წელვადი არ არის, ბარტყი ჭრელია, დაავადებას ხელს უწყობს ბუდის გაციება. ფუტკრის ოჯახი ავადდება გაზაფხულზე და ზაფხულში. დაავადების მიმდინარეობა ღალიანობის პერიოდში დროებით ქრება და ხელსაყრელი პირობების დადგომისთანავე ხელახლა ვითარდება.
ამერიკული სიდამპლე გადაბეჭდილი ბარტყის ინფექციური დაავადებაა, რომელიც გვხვდება ზაფხულში, იშვათად გაზაფხულზე. გამომწვევია Bact. Lavrae ბარტყი ჭრელია, სახურავები ჩაჩხვლეტილია, დამპალი ბარტყი მოყავისფრო, წელვადია და აქვს სადურგლო წებოს სუნი, გახრწნილი მასა მიკრულია უჯრედის კედელზე. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს ცხელი ამინდები. სიდამპლეების გამომწვევი მიკროორგანიზმები ბარტყის ორგანიზმში ხვდება საკვებთან ერთად.
დაავადებულ ოჯახში მკვეთრად მცირდება ახალგაზრდა ფუტკრის რაოდენობა, დახმარების გარეშე ოჯახი იღუპება.
 
ასკოსფეროზი ანუ ჩაკირული ბარტყი, სოკოვან დაავადებას მიეკუთვნება, გამომწვევი - Ascosphaera apis. სოკო პათოგენურია 3-4 დღის ბარტყის მიმართ, ავადდება ღია და გადაბეჭდილი, სადედე, სამამლე, სამუშე ბარტყი. დაავადება გვხვდება აპრილიდან ოქტომბრამდე. ფუტკრები არ ავადდებიან ისინი მხოლოდ დაავადების აღმძვრელის გადამტანები არიან. ბარტყი ჩაიკირება და მოგვაგონებს მოთეთრო ცარცის ნატეხს, მუმიფიცირებული ჭუპრები მუქი ნაცრისფერი ან მოშავოა. ბარტყი იღუპება ჭუპრის სტადიაში, ჩაკირული ბარტყი აღინიშნება როგორც ფიჭაზე, ისე გადმოყრილი სკის ძირზე, მისაფრენზე და საფრენის წინა მოედანზე.
 
აღნიშნულ დაავადებებზე გამოცდილი, და სამკურნალოდ მოწოდებული პრეპარატები ძირითადად ფუნგიციდები, პესტიციდები, ანტიბიოტიკებია რისი მიცემაც მოითხოვს მეფუტკრისაგან ინსტრუქციით გათვალისწინებული დარიგების მკაცრ დაცვას. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს პროდუქტების დაბინძურება. გარდა ამისა ანტიბიოტიკების ხშირი და უკონტროლო გამოყენება იწვევს დაავადების აღმძვრელის მაღალრეზისტენტული შტამების წარმოქმნას, რაც ართულებს შემდგომში ამ დაავადების განკურნებას.
ამჟამად, დაავადებების სამკურნალოდ უპირატესობა ენიჭება ეკოლოგიურად სუფთა პრეპარატებს, რომლებიც მოკლებულია ყოველგვარ გვერდით მოვლენებს და მათი სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით გამოყენება ხელს უწყობს ფუტკრის იმუნური სისტემის გაძლიერებას, რითაც თავის მხრივ იზრდება ორგანიზმის გამძლეობა ინფექციური დაავადებების მიმართ.
მეფუტკრეობის განვითარების ჯგუფი "ფუტკარა," გთავაზობთ თანამედროვე ეკოლოგიურად სუფთა, ბულგარული წარმოების ფუტკრის ოჯახების სამკურნალო - პროფილაქტიკურ და სტიმულაციის საშუალებებს.
 
 
 
აუცილებელია მუდმივად ვფლობდეთ ინფორმაციას მსოფლიოში მეფუტკრეობის პრობლემების შესახებ, კერძოდ, ისეთი დაავადებების შესახებ როგორიც არის ინვაზიური ტროპილელაფსოზი და სკის მცირე ხოჭო. ეს დაავადებები დღესდღეობით საკმაოდ აქტუალურია მსოფლიოს ბევრ მოწინავე ქვეყნებში. ამ მიმართულებით აუცილებელია ჩატარდეს ტრენინგები რეგიონებში, რათა ადგილობრივი მეფუტკრეები ინფორმირებულნი იყვნენ.
 
ამ ყოველივეს განხორციელება გააუმჯობესებს საფუტკრეების ეკონომიკურ მდგომარეობას, ხოლო ბაზრისათვის ჭარბი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მიწოდებას. ფუტკრის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მიღება, მოგვცემს საშუალებას ქართული პროდუქციის გატანისას საერთაშორისო ბაზარზე.
 
ფუტკრის პროდუქტებია:
(გამომუშავებული ფუტკრის ორგანიზმში)
 
ცვილი
რძე
შხამი

(შემოტანილი გარემოდან)

ყვავილის მტვერი 
თაფლი
დინდგელი
 
თაფლი არის ნახშირწყლოვანი საკვები, რომელსაც ფუტკარი აგროვებს მცენარეების სანექტრეებიდან აღებული ნექტარით.
თაფლი შედგება: 75-76% ნახშირწყლებისაგან (გლუკოზა, ფრუქტოზა, სახაროზა, მალტოზა, მალტოტრიოზა და სხვა), 18-20% წყლისაგან, 2-5% ამინომჟავებისაგან, ფერმენტებისაგან (ინვერტაზა, კატალაზა, დიასტაზა, ამილაზა და სხვა), მინერალური ნივთიერებებისაგან (მაგნიუმი, გოგირდი, ფოსფორი, რკინა, კალიუმი, კალციუმი და სხვა), ვიტამინებისაგან, დიდი რაოდენობით ეთერ-ზეთებისაგან, ფიტოციტებისაგან, რომლებიც წარმოადგენენ ბუნებრივ ანტიბიოტიკებს და ანტისეპტიკებს, ცხიმები წარმოდგენილია თავისუფალი და ნეიტრალური ცხიმოვანი მჟავების სახით.
• მისი კალორიულობა 100 გრ პროდუქტში 400 კკალორია ენერგიეს წარმოადგენს.
• შეიძლება იყოს მონოფლორული და პოლიფლორული, მანანა (მცენარეული და ცხოველური), შხამიანი თაფლი.
 
თავისი რთული და მრავალი სასარგებლო ნივთიერებების შემადგენლობის გამო
უცილებელია მისი შენახვის პირობების დაცვა! ! !
 
ყვავილის მტვერი (ფუტკრის ფეხგუნდა) არის მცენარის მამრობითი სქესის უჯრედები, ბუნებრივი კონცენტრატია, შეიცავს დიდი რაოდენობით ცილებს, ვიტამინებს, მინერალურ ნივთიერებებს, მიკროელემენტებს, ფერმენტებს (რისი წყალობითაც აღადგენს დნმ-ის დაზიანებულ ჯაჭვს-მუშაობს ღეროვანი უჯრედების დონეზე).
• ყვავილის მტვერი წარმოადგენს "ნედლეულს" ჭეოს დასამზადებლად. 
დინდგელი წებოვანი, მუქი, მომწვანო ან მოყვითალო ყავისფერია, აქვს მომწა¬რო გემო, დამახასიათებელი სპეციფიკური-თაფლის, ცვილის, ვანილის სუნი. წელიწადში ოჯახი აგროვებს 100-150 გრ. რაოდენობით. 
• შეიცავს: ეთერზეთებს, არომატულ მჟავებს, მიკროელემენტებს (მარგანეცი, ცინკი,ნატრიუმი, კალიუმი, ბორი, ნიკელი, თუთია, კობალტი და სხვა) ვიტამინებს. Aარის ძლიერი ბაქტერიოციდული ნივთიერება.
• ფუტკარი იყენებს ჭუჭრუტანების ამოსალესად. თუ სკაში დიდი მავნებელი შეიჭრება მას ჯერ დანესტრავს, მოკლავს და შემოაკრავს დინდგელის გარსს, რის შემდეგ ის აღარ გაიღრწნება.
• დიდი გამოყენება აქვს მედიცინაში: ფარმაკოლოგიაში, სტომატოლოგიაში.
 
ცვილი არის ფუტკრის საცვილე ჯირკვლების პროდუქტი, გამომუშავდება ძიძა ფუტკრებში. ცვილით აშენებს ფუტკარი ფიჭებს, სადაც ხდება ოჯახის განვითარება, საკვების დაგროვება, გამრავლება ე.ი წარმოადგენს ფუტკრის საარსებო გარემოს. თეთრი ფერისაა, თაობების ზრდასთან და გამოჩეკვასთან ერთად Fფიჭის უჯრედები შავდება, დიამეტრი მცირდება.
• ცვილი შეიცავს: რთულ ეთერებს, თავისუფალ ცხიმოვან მჟავებს, ნახშირწყლებს, წყალს, კაროტინოიდებს, აგრეთვე საღებავებს, არომატულ ნივთიერებებს, ცილებს.
• გამოიყენება: საეკლესიო რიტუალებში, კოსმეტიკაში, ტყავის წარმოებაში, ხილის შესანახად, მედიცინაში მალამოების დასამზადებლად და სხვა.
 
სადედე რძე (სამეფო ჟელე) არის ბარტყის გამოსაკვებად და დიდი მნიშვნელობა აქვს ფუტკრის ოჯახის წევრების სრულყოფილად ჩამოყალიბების საქმეში. 
• გამომუშავდება ძიძა ფუტკრის ზედაყბის და საყლაპავის ჯირკვლებში. 
გამჭირვალე, ჟელეს კონსისტენციის, მოთეთრო ღია კრემისფერია, მოტკბო და სპეციფიკური სუნით. 
• შეიცავს: გლუკოზას, ფრუქტოზას, საქაროზას, მალტოზას, ამინომჟავებს
(21), წყალს, თითქმის ყველა ვიტამინს. გააჩნია ბაქტერიოსტატული და ბაქტერიოციდული მოქმედება მიკროორგანიზმების მიმართ.
• გამოიყენება ფარმაკოლოგიაში ვიტამინების დასამზადებლად, თავისი
სრულყოფილების გამო მას სიცოცხლის ელექსირს უწოდებენ, აპითერაპიაში გამოიყენება ბევრი დაავადების დროს სამკურნალოდ და დასუსტებული ორგანიზმის მოსაძლიერებლად.
 
შხამი. მუშა ფუტკარი გამოიმუშავებს შხამის ჯირკვალში, რომლის დაბოლოებასაც წარმოადგენს ნესტარი. 
• ნესტარი მოთავსებულია დედა და მუშა ფუტკრის მუცლის ბოლოს. დედა გამოიყენებს კვერცხისდების და მეტოქესთან ბრძოლის დროს. მუშა ფუტკრისათვის ის მისი ოჯახის დაცვის საშუალებაა. 
• მას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილ გამაყუჩებელი თვისებები, ამცირებს სისხლის შედედების უნარს, აუმჯობესებს ძილს, კარგია ართრიტების, ნერვალგიების სამკურნალოდ.
 
გვახსოვდეს ! ! ! ფუტკრის პროდუქტები და განსაკუთრებით ფუტკრის შხამი არის ალერგიული ნივთიერება, ერთი ფუტკრის დანესტვრამაც კი შეიძლება ფატალური შედეგი გამოიღოს ზოგადი შოკური ალერგიული რეაქციის ფონზე.

შეიძლება დანესტვრის შედეგად იყოს ადგილობრივი ალერგიული რეაქცია, რომელიც გამოიხატება ნაკბენის შეშუპებით, ან ზოგადი ალერგიული რეაქცია რომელიც ვლინდება ჭინჭრის ციებით, ლორწოვნების შეშუპებით და შესიებით, აგრეთვე ტემპერატურის მომატებით.

ყველა მეფუტკრემ უნდა იქონიოს აფთიაქი ! ! ! სადაც ექნება ანტიგისტამინური პრეპარატები, (პრედნიზოლონი, დექსამეტაზოლი-ძლიერი ალერგიული რეაქციის დროს) სპირიტი, ბამბა, ნახშირი, სუპრასტინი, ტავეგილი და სხვა.

საფუტკრეში დამწყებ მეფუტკრეს ესაჭიროება შემდეგი ძირითადი საწარმოო საშუალებები და ინვენტარი, რათა აწარმოოს ფუტკრის პროდუქტები.
სკა, ფუტკარი, ფიჭა, ბუდისა და საკუჭნაოს ჩარჩოები, საბოლებელი, ასტამი, პირბადე, მეფუტკრის კომბინიზონი, საფუტკრის ინვენტარის შესანახი ყუთი, თაფლის გამოსაწური, ცვილის გადასადნობი და სხვა.

 

 

 

 
Copyright © 2017 AGRO.ge | All Rights Reserved. TOP.GE     Created By: Pro-Service